„ჰაერის დაბინძურების 40% ავტომობილებზე მოდის“ - კვირის პალიტრა

„ჰაერის დაბინძურების 40% ავტომობილებზე მოდის“

ალბათ, ყველამ შეამჩნია, რომ ჩვენი სივრცე ამ დღეებში უცნაური ნისლით დაიფარა, რაც არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც შეიმჩნეოდა. სპეციალისტების თქმით, ეს უდაბნოს მტვრის მორიგი შემოჭრაა, რომელიც ძლიერმა ქარებმა გადმოიტანა საქართველოში. უდაბნოს მტვერი ზოგჯერ მთელ დედამიწაზე ვრცელდება და იწვევს ჰაერის ბუნებრივ დაბინძურებას. თუმცა ეს არ არის მომაკვდინებელი პრობლემა ისეთ ქვეყნებში, რომელთაც ჰაერის დაბინძურებაზე მკაცრი რეგულაციები აქვთ დაწესებული და ასე ამსუბუქებენ ბუნებრივ მოვლენებსაც. ჩვენთან სხვაგვარადაა საქმე, კანონით დადგენილი დაბინძურების ნორმებიც ბევრად მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ჩვენი ქვეყნის სიდუხჭირეა, რომელსაც ჯერ კიდევ არა აქვს სახსრები ეკოლოგიურობისთვის საბრძოლველად. თუმცა სახსარი ერთია და კანონის დაცვა - მეორე, როდესაც ტრასებზე გაბოლილი ავტომანქანები დადიან და ამას არავინ აკონტროლებს, ეს უკვე სახელმწიფოებრივი გულგრილობაა. იგივე ითქმის საწარმოებზე, რომლებიც ათეული წლებია აბინძურებენ ჰაერს. ჰაერის დაბინძურების კვლევები ახალ და საშიშ ტენდენციებს ავლენენ, მათ შორის, ბავშვთა დაავადებებს. ჩვენი ჰაერის მონიტორინგის რუკაზე ყოველდღიურად ფიქსირდება, რომელი ქალაქების ჰაერია სიცოცხლისათვის სახიფათო ნორმით დაბინძურებული. ამ რუკების ხილვისას შესაძლოა დაგებადოს კითხვა, რა აზრი აქვს იმ სიტუაციაში ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლას, როდესაც მდგომარეობა ისევ მძიმეა. სწორედ ეს აიძულებს სახელმწიფოს გააკონტროლოს გამონაბოლქვები, აიძულოს მეწარმეები, მძღოლები, მოქალაქეები მუშაობისას ეკოლოგიური სტანდარტები დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი მკაცრად აამოქმედოს. ამ საკითხზე ორგანიზაცია "ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელს, გარემოს დაცვის ერთ-ერთ აქტიურ მებრძოლს გიორგი ჯაფარიძეს ვესაუბრეთ.

- ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერი ყველგან დაიბურა ნისლით, რასაც სპეციალისტები ჰაერში მყარი ნაწილაკების შემოჭრით ხსნიან. ნისლი აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოშიც გავრცელდა. ეს უდაბნოს მტვრის შემოჭრამ განაპირობა, რაც ბოლო წლებში ხშირად მეორდება და უფრო მეტად შეიმჩნევა დიდ ქალაქებში, სადაც ხილვადობა ისედაც დაბალია. ამჯერად კი მტვერი სოფლებშიც გავრცელდა. ეს მტვერი პერიოდულად მთელ დედამიწაზე ვრცელდება. ასე იყო ყოველთვის, მაგრამ ძალზე იშვიათად. ზოგჯერ წლებიც კი გვაშორებდა ასეთ მოვლენას, ახლა კი შეიძლება წელიწადში რამდენჯერმე განმეორდეს. ამას იწვევს კლიმატის ცვლილებები. საქართველოში ამ დღეებში ქარი არ ყოფილა, რამაც ნისლი დააყოვნა. ეს ბუნებრივი მოვლენა მიეკუთვნება ჰაერის დაბინძურების იმ რიგს, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს. ჩვენთვის მომაკვდინებელი ჰაერის ის დაბინძურებაა, რომელიც ადამიანის ბრალია - მას იწვევს გაუმართავი ავტომანქანები, საწარმოები... ამის აღკვეთა კანონით არის შესაძლებელი, ამიტომ კანონის შესრულება სახელმწიფოს მოქალაქეებმა უნდა აიძულონ.

- როგორც­ ვიცი, თქვენ მოახერხეთ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა. შედეგი არის?

- საქართველოში ამჟამად აღარ შემოდის ტყვიის შემცველი საწვავი, ამისთვის ჯარიმები რამდენჯერმე გაიზარდა. სხვათა შორის, არა მარტო უხარისხო საწვავის შემოტანაზე, გაყიდულ საწვავზეც კი. თუმცა ჰაერი კვლავ დაბინძურებულია. მძიმედ რომ გვაქვს საქმე, ეს ჩანს ჰაერის მაკონტროლებული სადგურების იმ რუკებზეც, რომლებიც ყოველწუთიერად კონტროლდება. ეს შედეგები ქვეყნდება ჰაერის დაბინძურების სადგურების მუშაობის შედეგად. მიხარია, რომ ასეთი სადგურების დადგმა არაერთ ქალაქში სწორედ ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევით მოხერხდა.

ბოლოდროინდელი კვლე­ვები­ ადასტურებს, რომ ჰაერში დაბინძურების­ მატ­ება­ ემთხვევა სიკვდილიანობის მატებას, განსაკუთრებით ხანდაზმულების, ბავშვებში კი სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელია, მათ შორის ასთმის. რით აიხსნება ასთმით დაავადებული ბავშვების რეკორდული რაოდენობა? ხომ ცხადია, რომ ამას "ძალიან ეხმარება" დაბინძურებული ჰაერი, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სასუნთქ სისტემაზე ძლიერად მოქმედებს.

- ჩვენთან ჰაერის დაბინძურების უმეტეს "შემოქმედებად" ავტომობილები და მათი მეპატრონეები გვევლინებიან, რასაც ქაოსური მშენებლობები და გზების დაუმთავრებელი, თვეობით გაგრძელებული შეკეთებაც ემატება.

- მშენებლობების გამო ჰაერის დაბინძურება უკვე სერიოზული პრობლემაა. მხოლოდ სამშენებლო ქვების, მაგალითად, ბორდიურების დამუშავებისას ჰაერში უამრავი მტვრის ნაწილაკი იფანტება, რომლებიც ფილტვებზე მოქმედებს. თვით იმ ადგილებშიც, რომლებსაც, ასე ვთქვათ, სუფთა ჰაერის მექად მივიჩნევთ, ჰაერში უამრავი შხამიანი ნაწილაკია. ერთხელ ჰაერის საკვლევი აპარატურა კინაღამ ხელიდან გამივარდა, როდესაც ვაკის პარკის ჰაერში სიმსივნის გამომწვევი ნაწილაკების ძალიან მაღალი დონე აღმოვაჩინე. არადა, ახლომახლო მოსახლეობა სწორედ იქ დადის სუფთა ჰაერისთვის.

რაც შეეხება ავტომობილებს,­ არის ხალხი, ტექდათვალიერებას ნათხოვარი ავტონაწილებით რომ გადის. შემდეგ ნაწილებს მეპატრონეებს უბრუნებენ და ისევ თავიანთი ხმარებიდან გამოსულ ავტონაწილებით სარგებლობენ. ამას ქვეყნის სიღატაკე უდევს საფუძვლად: ჰაერის დაბინძურების 40%-ზე მეტი ისევ ავტომობილებზე მოდის. ჩვენთან რეგისტრირებული ავტომობილების 45% 10 წელზე მეტი ხნისაა, 20-დან 30 წლამდე კი დაახლოებით 30% .

თუ ჩვენი საზოგადოების თვითშეგნება­ არ გააქტიურდა, პრობლემის მოგვარება­ კარგა ხნით გადაიწევს უკან, სავალალო შედეგებიც უფრო მეტი გვექნება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მუშაობა ჰაერის მონიტორინგის პირველი სამოქალაქო ქსელის ამოქმედებაზე, რათა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაში უფრო მეტი მოქალაქე ჩაერთოს. სახელმწიფოს მეტი აქტიურობა გვჭირდება. საჭიროა ჰაერის მონიტორინგის­ მეთვალყურეთა რაოდენობის გაზრდა. ამასთან, აუცილებელია მწვანე საფარის გაზრდა­, ბევრ ადგილზე კი ჩანაცვლება. ზოგიერთი­ მცენარე ათეული წლების განმავლობაში იმდენად ბინძურდება შხამიანი გამონაბოლქვით, რომ თავად ხდება ჰაერის დამბინძურებელი და სიცოცხლისთვის საშიში.

- მაგალითად, ეს შეიძლება ითქვას სანაპიროს ჭადრებზე.

- ამიტომაც საჭიროა კვლევები. ცოტა ხნის წინ პოლონელი მეცნიერები გვესტუმრნენ, რომელთაც ვთხოვეთ არაერთ მცენარეზე ჩაეტერებინათ კვლევა და შედეგების მიხედვით გვეცოდინება, რომელი მცენარეების ჩანაცვლება იქნება საჭირო.

- დღეს ბევრი საქმე არ არის ისე აუცილებლად გასაკეთებელი, როგორიც ჰაერის სუფთად შენარჩუნება.

- ამიტომაც ვაპირებთ მთელ საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაკონტროლებელი სადგურების განთავსებას, რომელთა ხილვის და შესაბამისად, მოვლენასთან ბრძოლის საშუალება ყველა მოქალაქეს ექნება.