„სფერო ჰოლდინგის“ საქმე: დიდი აფერა თუ...
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ "სფერო ჰოლდინგის" დირექტორი გივი (გიგა) წულეისკირი პატიმრობაში გაუშვა.
"ახალ წლამდე მომეცით ვადა, რომ პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, მერე დამაკავეთ - არცერთი თანხა არ გაგვიფლანგავს, არცერთი თეთრი არ მიგვითვისებია", - ასე ცდილობდა თავის დაღწევას პატიმრობიდან დაკავებული გივი წულეისკირი, რომელიც მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაშია ბრალდებული.
როგორც გივი წულეისკირმა აღნიშნა, “სფერო ჰოლდინგს" "სფერო ინვესტთან" არანაირი კავშირი არ აქვს, მათი გზები 2021 წელს გაიყო, ამის შემდგომ კი “სფერო ინვესტის” დირექტორი გახდა გიორგი მურუსიძე. "მე ვარ "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი. "სფერო ჰოლდინგი” არის შპს, ხოლო "სფერო ინვესტი" სააქციო საზოგადოება. "სფერო ინვესტის” სააქციო საზოგადოებად გადაკეთების შემდეგ მისი დირექტორი გახდა გიგა მურუსიძე და ამის შემდეგ “მხოლოდ პარტნიორები ვიყავით. დაზარალებულთა ქირის ფულს იხდიდა “"სფერო ინვესტი". ჯამში, "სფერო ინვესტში" 570 ადამიანს 27 მილიონი ლარი აქვს შემოტანილი. ამ თანხით კომპანიამ შექმნა 67 მილიონი ლარი, რომელიც მიმართული იყო მშენებლობაში. კორპუსები აშენებული გვაქვს გრიგოლეთსა და გონიოში. საკუთარ ანგარიშზე არაფერი გამაჩნია, მხოლოდ "სფერო ინვესტის"” უძრავი ქონებით ვსარგებლობდით მეც და გიორგი მურუსიძეც. რაც შეეხება გაქცევას, მე დაკითხულიც არ ვარ... ეს ადამიანები თანხას აინვესტირებდნენ "სფერო ინვესტში". 5-კაციანი ჯგუფი აზარალებს 500-ზე მეტ ადამიანს. მე არაერთხელ შევთავაზე შეხვედრა, მათ კი ფიზიკურად იძალადეს ჩემს ორ თანამშრომელზე. 67 მილიონი ლარის ღირებულების თანხა შექმნა "სფერო ინვესტმა"” ამ ადამიანების შემოტანილი თანხით. აქედან უმეტესობის ქირის ფული კომპანიამ გადაიხადა. სხვების კი იმიტომ ვერ გადაიხადა, რომ ბანკმა გაგვიუქმა ანგარიში. რამდენჯერმე მქონდა გამოძიებასთან მცდელობა, დამკითხეთ-მეთქი. დამაკავეს მაშინ, როცა კანცელარიაში ამ საკითხზე შესახვედრად მივდიოდი ბიზნესომბუდსმენთან. მივმართე ეროვნულ ბანკს, სახალხო დამცველს, რომ პრობლემა, რაც ბანკებმა შეგვიქმნეს, ანგარიში რომ გაგვიუქმეს, ამის მოგვარებაში დაგვხმარებოდნენ. შეხვედრას ვაპირებდი პრემიერ-მინისტრთან. ეჭვი მაქვს ხუთი ადამიანი მიზანმიმართულად შლის ამ პროცესს. ახალ წლამდე მომეცით ვადა, ამ პრობლემების მოგვარება მოვახერხო.... იტალიაში ოფისი გვაქვს, გიორგი მურუსიძე მიმალვაში არ არის, იქ იმყოფება, მიწა გვაქვს გასაყიდი. არცერთი თანხა არ გაგვიფლანგავს, არცერთი თეთრი არ მიგვითვისებია. ერთადერთი პირი ვარ, ვისაც მაქვს მოლაპარაკებები. ჩვენი დაკავებით ვერცერთი ადამიანი ვერ დაკმაყოფილდება და დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება", - სასამართლო პროცესზე განაცხადა გივი წულეისკირმა.
სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და "სფერო ჰოლდინგის"” დამფუძნებელ გივი წულეისკირს და „"სფერო ინვესტის"” დირექტორ გიორგი მურუსიძეს პატიმრობა შეუფარდა. გიორგი მურუსიძეს პატიმრობა დაუსწრებლად წაუყენეს.
რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანია "სფერო ჰოლდინგისგან" დაზარალებულები კომპანიის ოფისთან აქციებს მართავენ. ისინი უშედეგოდ ელოდებოდნენ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და მთავარ კითხვაზე პასუხს, როდის დაუბრუნებს კომპანია მათ კუთვნილ თანხებს? მას შემდეგ, რაც ყველა რესურსი ამოწურეს, დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართეს.
"გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობის თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, შპს "სფერო ჰოლდინგის" 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი "სფერო ინვესტი", რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ. გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, "სფერო ინვესტის" სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს "უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის", აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები, კერძოდ, უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს "სფერო ინვესტის" ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც "სფერო ინვესტი" მათთვის მესამე პირებისგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეებისთვის თანხები. მიუხედავად ამისა, "სფერო ინვესტმა" შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა... გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 244 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობით თანხა, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზარალის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს", - განაცხადა თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ.
ბრალდებულ პირებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"სფერო ინვესტი" სოციალურ ქსელში წლების განმავლობაში ათავსებდა სხვადასხვა სახის რეკლამას და მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ კომპანიაში მათი ფული დაცული იქნებოდა. ხშირად კომპანიას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უწევდნენ რეკლამას, რაც ნდობის მოპოვების დამატებითი ფაქტორი იყო. სამწუხაროდ, მოქალაქეები დღეს მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ბევრი თავშესაფრისა და ფულის გარეშე დარჩა. მაგალითად, ამ კომპანიის ოფისის წინ ათევდა ღამეს დაზარალებული ქეთინო კუბლაშვილი. მისი გასაჭირი გულთან ისევ დაზარალებულებმა მიიტანეს და მხარში ამოუდგნენ, შეაგროვეს ფული და ბინა უქირავეს.
დაზარალებულია ასევე არაერთი შშმ პირი, მათ შორის მძიმედ დაავადებული ბავშვების ოჯახები, ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ.
"სფერო ტვ"-ში იწვევდნენ ცნობილ პირებს და ყველანაირად გვიქმნიდნენ ილუზიას, თითქოს სანდო კომპანია იყო..."
დაზარალებულთა ამბები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მათ შორის არის აკაკი ლუკავაც:
- 2024 წლის 6 მარტს "სფერო ინვესტში" 20.000 დოლარი ჩავდე. ამ თანხის სანაცვლოდ ჩვენთვის ქირაობდნენ ბინას და მპირდებოდნენ, რომ თანხა დამიბრუნდებოდა. პარალელურად, მუდმივად ატარებდნენ სხვადასხვა სახის პიარკამპანიას, წულეისკირი აცხადებდა, თითქოს დაზარალებულებს მევახშეებისა და იპოთეკარებისგან იცავდა. "სფერო ტვ"-ში იწვევდნენ ცნობილ პირებს და ყველანაირად გვიქმნიდნენ ილუზიას, თითქოს სანდო კომპანია იყო...
2025 წლის მარტში ისევ გავაგრძელე კონტრაქტი ერთი წლით, მაგრამ ივნისის შემდეგ აღარ გადაიხადეს არც ქირა და აღარც ფული დაგვიბრუნეს.
კომპანიას 570 დაზარალებული ჰყავს, არც კი გვხვდებოდნენ, ახლა გვეუბნებიან, კომპანიას კრიზისი აქვსო. არ ვიცით, სად გაქრა ჩვენი ფული. გრიგოლეთსა და გონიოში ვითომ რაღაცას აშენებენ, მაგრამ, ფაქტობრივად, შავი კარკასიც არ არის. აშკარაა, რომ თაღლითების მსხვერპლი ვართ და ამიტომაც ვთხოვეთ მთავრობას, სასწრაფოდ აეყვანათ დამნაშავეები და საქმე გამოეძიებინათ.
დაზარალებულების სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ პროკურორ ნინო კეპულაძესა და პროკურატურას სწრაფი რეაგირებისთვის. გივი წულეისკირი დაკავებულია, მაგრამ ეს არ კმარა. ჩვენთვის მთავარია ფულის დაბრუნება და ეს მხოლოდ ხელისუფლების ჩართულობით თუ მოხდება. ისიც არ ვიცით, ის ქონება, რაზეც საუბრობს წულეისკირი, ყველა დაზარალებულს ეყოფა თუ არა.
ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ჩვენ არა ვართ მომჩივანი, ამ კომპანიას უჩივის ცნობილი ჰიპერმარკეტი "გორგიაც", სამშენებლო მასალის ფული არ გადაუხდიათ.
ჩვენ ასევე ვითხოვთ "სფერო ინვესტის" დირექტორ გიორგი მურუსიძის, კომპანიის იურისტ სოფო პეტრიაშვილისა და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას, ვინც ჩართული იყო ამ თაღლითობაში.
- 20.000 დოლარი მიეცით კომპანიას და უზრუნველყოფაში რაიმე ქონება ჩაგიდოთ?
- აბსოლუტურად არაფერი. ეს იყო კარგად შეფუთული თაღლითური სქემა, თანაც ცნობილი პირების გამოყენებით. წულეისკირს იპოთეკარებისა და მევახშეებისგან დამცავი ორგანიზაცია ჰქონდა. გვეუბნებოდნენ, ჩვენ სხვა დაზარალებულებს ვეხმარებით, სანდო კომპანია ვართ, ჩვენი ტელევიზია გვაქვს, ამდენი ცნობილი სახე გვაპიარებს, ამდენ ცნობილ ადამიანს ბინა მივეცითო, სინამდვილეში კი თაღლითური პირამიდა ყოფილა...
ქეთევან კუბლაშვილი 66 წლის არის. ორი წლის წინ მას ურთულესი დაავადება, ლეიკემია დაუდგინდა. ის უცხოეთში იმყოფებოდა და ამ დაავადების გამო დაბრუნდა საქართველოში. მან მეუღლის მამაპაპისეული სახლი და მიწა გაყიდა და ეს თანხა სრულად ჩადო "სფერო ინვესტში". ასე დარჩა ქუჩაში....
"თითოეული კაპიკი, კონკრეტული დეკლარირებით და კონკრეტული მიზნებით არის განსაზღვრული და არის ჩარიცხული"
როგორც "სფერო ჰოლდინგის" იურისტი სოფო პეტრიაშვილი ამბობს, კომპანიას მილანში ქონება აქვს და ამიტომაც დირექტორი გიორგი მურუსიძე დაახლოებით ერთი თვის წინ კრიზისული სიტუაციის მოსაგვარებლად გაემგზავრა.
"65 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება აქვს კომპანიას... კომპანიას ბანკებმა შეუშალეს ხელი სამეწარმეო საქმიანობაში. მიმდინარე ქირები იყო გადასახდელი, შესაბამისად, თითოეული კაპიკი, კონკრეტული დეკლარირებით და კონკრეტული მიზნებით არის განსაზღვრული და ჩარიცხული. რა თქმა უნდა, ეს თანხები ამ ადამიანებს მოხმარდათ", - ამბობს სოფო პეტრიაშვილი.
"კონტაქტზე არავინ გამოდიოდა, მობილური ტელეფონები ყველას გათიშული ჰქონდა"
დაზარალებულების თქმით, სოფო პეტრიაშვილიც ჩართული იყო ამ თაღლითურ სქემაში.
დალი ჯინჭარაძე, დაზარალებული: "ემიგრაციიდან დაბრუნებულმა საკუთარი ბინა გავყიდე, იმიტომ, რომ პატარა ფართობი იყო. სრულწლოვანი შვილი მყავს, თავისი სივრცე სჭირდებოდა. ის პერიოდი იყო, რუსები რომ მასობრივად შემოვიდნენ თბილისში და ბინის ქირისა და გირაოს ფასები ავარდა. როცა კომპანიაში მოვედი, გამესაუბრა ცისია ცერცვაძე და ამიხსნა, რომ გააკეთებდნენ გირავნობის ალტერნატივას, რომ კომპანია მოქალაქეებისგან იღებდა ქირით ბინებს, დებდა ხელშეკრულებას, ნოტარიულად ამტკიცებდა და ქირით აღებულ ბინებში ჩვენ გვიშვებდა, ვისაც დაგირავება გვინდოდა. ამას ეძახდნენ გირავნობის ალტერნატივას. მეც ასე დამიქირავეს ბინა. ერთი წლის ქირა გადაიხადეს ჩემი 20.000 დოლარიდან, 6.000 დოლარი ბინის მეპატრონეს მისცეს. ერთი წლის გასვლის შემდეგ სამი თვე რომ არ გადაუხადეს ბინის პატრონს, მან ბინის დაცლა მომთხოვა.
ამის შემდეგ დავდიოდით ოფისში, მაგრამ არავინ კონტაქტზე არ გამოდიოდა, მობილური ტელეფონები გათიშული ჰქონდათ. არავინ გვხვდებოდა ოფისში. თვეებია ვითხოვთ სამართალს, დაგვიბრუნონ ჩვენი ფული და დაისაჯოს გივი წულეისკირთან ერთად გიორგი მურუსიძეც, იურისტი სოფო პეტრიაშვილიც, მარიამ დორეული, ცისია ცერცვაძე და სხვები, ვინც ამ სქემაში არიან ჩართული".
"მათ აქვთ ქონება, რომელიც დაყადაღებულია, ვერ ყიდიან, რომ დაზარალებულებს თანხები დაუბრუნონ "
გივი წულეისკირის ადვოკატი ნონა ფილაური ამბობს, რომ მისი დაცვის პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს:
"მას ჩვენება არ მიუცია, ბრალს არ ეთანხმება, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გაურბის, ეს თანხები დასაბრუნებელია დაზარალებულებისთვის.
როდესაც ის ხელშეკრულებებს უდებდა მოქალაქეებს, ამ ხელშეკრულებას ჰქონდა ვადა, როდის უნდა დაბრუნებულიყო თანხა და რა ფორმით. რამდენიმე მოქალაქის, დაახლოებით 68-70 კაცის, ხელშეკრულებას ვადა რომ გაუვიდა და ფული ვერ დააბრუნეს, ატყდა ხმაური.
ფულს იმიტომ ვერ აბრუნებდნენ, რომ ბანკში შეექმნათ პრობლემა, სავარაუდოდ, ბანკმა ანგარიშები გაყინა. ეროვნულ ბანკს მიმართეს და მოითხოვეს პრობლემის მოგვარება, ამზადებდნენ წერილსაც მსოფლიო ბანკთან.
თაღლითური სქემა არ არსებობდა, მათ აქვთ ქონება, რომელიც დაყადაღებულია და ვერ ყიდიან, რომ დაუბრუნონ დაზარალებულებს მათი თანხები".
"თებერვალში გამოგვიხურავენ კარს და დავრჩებით ქუჩაში, მერე რა იქნება?"
პროკურატურის განცხადებით, ხალხისთვის მიყენებული ზარალი 27 მილიონ ლარს შეადგენს. სამართალდამცავებისთვის ჯერ კიდევ არ მიუმართავთ იმ ადამიანებს, რომელთა ხელშეკრულებებს ვადა არ გასვლია.
"ამ კომპანიაში ჩვენ თებერვლიდან ვართ. ჯერ არ გვაქვს ვადა გასული, ამიტომაც არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის.
ჩემმა ძმამ სოფელში მამაპაპისეული ნაკვეთი გაყიდა და 15.000 დოლარი სრულად ჩაურიცხა კომპანიას ანგარიშზე.
სენაკელები ვართ, გივი წულეისკირიც სენაკელია, ახლოს ცხოვრობენ მისი მშობლები ჩვენთან და ეს ნდობას ამყარებდა. ყოველივეს ისიც ემატებოდა, რომ კომპანიას გამუდმებით ცნობილი სახეები აპიარებდნენ, ეს რეკლამები ტელევიზიით სულ გადიოდა. მოკლედ, ვიგირავეთ ბინა და თებერვლიდან მოყოლებული ვიყავით მშვიდად.
ორი თვის წინ ბინის მეპატრონემ გვითხრა, ჰოლდინგს პრობლემები აქვს და იქნებ გაარკვიოთო. მივედით წერეთელზე, მათ ოფისში, მაგრამ კარი დაკეტილი დაგვხვდა. იქაურობას კარგა ხანს ვუტრიალეთ, მაგრამ არავინ იყო, რომ რამე გვეკითხა და ამის შემდეგ ვიგებთ ამ ამბებს.
ჩემს ძმას, სამწუხაროდ, ხელშეკრულება კარგად შესწავლილი არ ჰქონდა. რას წარმოვიდგენდით, რომ ასე გაგვაცურებდნენ.
გვეგონა, ბინა ვიგირავეთ, ფული ჩავურიცხეთ, იმან კი თურმე ეს ბინა ჩვენი ფულით იქირავა და მეპატრონეს ერთი წლის ქირა გადაუხადა. მერე რომ ვნახე ბინის მეპატრონესთან დადებული ხელშეკრულება, აღმოჩნდა, რომ ბინის მფლობელთან ბინა კი არ იგირავა, ქირა გადაუხადა, მე მგონი 1000 ლარი. ბინის მეპატრონემ, ძალიანაც მაწყობდა ერთბაშად რომ გადამიხადა ფულიო.
ჩვენ ქირა რომ გვნდომოდა, ვერ ვიქირავებდით? თანაც 1000 ლარად. Aახლა კი ვართ ამ მდგომარეობაში, თებერვალში ხელშეკრულების ვადა გადის და მერე რა იქნება, არავინ იცის.
მტერსაც რომ არ უსურვებ, ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამას წინათ ტელევიზიით ვნახეთ გივი წულეისკირი, ამბობდა, ქონება გვაქვს და გავყიდითო. ამის გაგონებაზე იმედი მოგვეცა, იქნებ გაყიდოს ეს ქონება, მაგრამ ახლა ვიგებთ, რომ ყველაფერი დაყადაღებულია და ამდენი დაზარალებულია. ის ადამიანიც დაიჭირეს და ახლა ვის მივმართოთ. თებერვალში გამოგვიხურავენ კარს და დავრჩებით ქუჩაში, მერე რა იქნება?
წარმოიდგინეთ, როგორია ნაწვალებს რომ დაკარგავ, ადვილი არ არის ამას შეეგუო. მეშინია ჩემს ძმას ნერვიულობისგან რამე არ დაემართოს", - ამბობს მარინა თოდუა.
მარინა თოდუას მსგავსად დაზარალებულები კიდევ გამოჩნდებიან, რომელთა ხელშეკრულებებს ჯერ ვადა არ გასვლიათ და არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი.
როგორც ირკვევა, 600 ადამიანზე მეტია ამ სქემაში ჩართული და სავარაუდოდ ისინიც მიმართავენ სამართალდამცავებს. პროკურატურაში არ გამორიცხვენ, რომ დაზარალებულთა რიცხვთან ერთად ზარალის ოდენობაც გაიზარდოს.
დაზარალებულებს დღეს ყველაზე მეტად აინტერესებთ როდის აუნაზღაურებენ მიყენებულ ზარალს, თუმცა ამ კითხვას ჯერ პროკურატურაც ვერ სცემს პასუხს. პროკურორი ამბობს, რომ ჯერ საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
როგორც შევიტყვეთ, არაერთ დაზარალებულს აქვს ასევე დაწყებული სამოქალაქო დავა სასამართლოში. ბევრმა მოახერხა კომპანიის სახელზე არსებული ქონების დაყადაღება, ეყოფა თუ არა კომპანიის სახელზე რიცხული ქონება ამდენ დაზარალებულს, ეს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.