ვის ეკუთვნის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება - კვირის პალიტრა

ვის ეკუთვნის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

სახლის მეორე სართული ხით იყო აშენებული, როგორც სახლების უმრავლესობა. ხე დალპა, სახლი გადავაკეთე და გავფართოვდი. ფუნდამენტს არ შევხებივარ. ამნისტიის იმედად, რომ უფასოდ დამიზუსტებდნენ ფართობს, 2024 წელს გავაკეთე ახალი შიდა აზომვითი ნახაზი, ახალი საკადასტრო გეგმა დისკით და წარვადგინე საჯარო რეესტრში ფართობის დასაზუსტებლად. მომთხოვეს სხვა დოკუმენტები, რომელთა მომზადებაც ვერ მოვასწარი და შემიწყვიტეს საქმის წარმოება. ამასობაში გამოვიდა ახალი კანონი ციფრული შიდა აზომვითი ნახაზის შესახებ. მთხოვენ ციფრულ შიდა აზომვით ნახაზს და ექსპერტიზის დასკვნას, რომ სახლი მდგრადია (დასკვნა 3.000 ლარამდე ჯდება და ეს თანხა არ მაქვს). აქვთ თუ არა უფლება, რომ არ დამიზუსტონ ფართობი?

- დიახ, აქვთ უფლება, რომ არ მოახდინონ ფართობის კორექტირება და არ მიიჩნიონ საექსპლუატაციოდ მზა შენობად.

ბანკიდან მაქვს სახელფასო ცნობის საფუძველზე სესხი გამოტანილი 6 წელია. სესხი გადაეცა აღმსრულებელს. ერთ ეტაპზე გადანაწილებაზე შევთანხმდით და დავიწყე გადახდა, მერე კი სრულად დაფარვამდე პრობლემებიდან გამომდინარე ვერ გავაგრძელე გადახდა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ახლა კი სააღმსრულებლოს წარმომადგენელი მოვიდა ოჯახში და ჩემს მფლობელობაში არსებული ქონება დამიყადაღა. მითხრეს, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში ქონებას გაიტანენ აუქციონზე. როგორ მოვიქცე? სესხი ქონებრივი უზრუნველყოფით არ მქონდა აღებული.

- სასესხო ვალდებულება, რომელზეც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, აღმასრულებელს უფლებას აძლევს მოახდინოს მოვალის უძრავ-მოძრავი ქონების მოძიება და დაყადაღება მათი შემდგომი რეალიზაციისთვის, მათ შორის უფლება აქვს მივიდეს მოვალის სახლში და აღწეროს სახლში არსებული ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება უზრუნველყოფილი არ იყო. მოვალის სახლში/მისამართზე არსებული ქონება ითვლება მოვალის ქონებად მანამ, სანამ მოვალე ან მისი ოჯახის წევრები არ დაამტკიცებენ, რომ ეს ნივთი მოვალის შეძენილი არაა. ამიტომ ამ შემთხვევაში გამოსავალი არის ისევ განწილვადება - დარჩენილი ნაშთის თავიდან გადანაწილება.

nugbara-rostiashvil-1746959139.jpg

მომიხდა ავტოავარია, მეორე მანქანა იყო დაზღვეული და სადაზღვევო კომპანია მთხოვს არარეალურ თანხას. გადაუხდელობის შემთხვევაში, რა პრობლემა შეიძლება შემექმნას?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა გადამოწმდეს პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი, თუ რომელი მძღოლის ბრალეულობით არის გამოწვეული საგზაო შემთხვევა. ასეთ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება შეიტანოს სარჩელი და სასამართლოში მოითხოვოს თანხის დაკისრება. თუ სადაზღვევო კომპანია მიმართავს სასამართლოს, აუცილებელია მოპასუხემ ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა/შეფასება იმ ნაწილებისა, რომელთა გამოცვლა თუ შეკეთება მოხდა და დაწეროს ალტერნატიული დასკვნა რეალური ხარჯთაღრიცხვის შესახებ. თუ ალტერნატიულმა შეფასებამ დაადგინა, რომ არსებული ზიანის გამოსწორება შესაძლებელია იმაზე ნაკლები დანახარჯით, ვიდრე სადაზღვევოს აქვს დათვლილი, დადასტურდება, რომ ფასები არის ხელოვნურად გაზრდილი, რომ მოთხოვნა არ არის რეალური.

17 წელი ვიცხოვრე ჩემს ქმართან, მაგრამ ახლა მივიღეთ განქორწინების გადაწყვეტილება. როცა ჩვენი ქორწინება შედგა, მაშინ მისი თხოვნით შევიცვალე გვარი და გადავედი მის გვარზე. როგორც მითხრეს, გვარის და სახელის შეცვლა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. ახლა შემიძლია თუ არა ჩემს გვარზე დაბრუნება. ამისთვის სასამართლო დამჭირდება, თუ ეს მოგვარდება იუსტიციის სახლში? ჩემს შვილებსაც ხომ არ შეექმნებათ პრობლემა, რადგან მათი დაბადების მოწმობაში მე ქმრის გვარზე ვარ.

- თუ განქორწინებაზე ორივე მხარე თანახმა ხართ, ასეთ შემთხვევაში იუსტიციის სახლში განქორწინების განაცხადში დააფიქსირეთ, რომ გსურთ თქვენი პირვანდელი გვარის დაბრუნება. ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც დოკუმენტში მითითებული იქნებით ქმრის გვარზე, შეგიძლიათ წარადგინოთ გვარის შეცვლის დოკუმენტი.

წელს შევიძინე სოფელში სახლი და მიწის ნაკვეთი. მეც მეკუთვნის თუ არა დეკლარაციის შევსება წელს? თუ მომდევნო წელს მომიწევს, რა ფართობზე რა თანხის გადახდა მომიწევს? სულ მაქვს 2000 კვადრატული მიწა, რომელიც არის სახლის მომიჯნავედ, მაგრამ ცალკეა გაფორმებული.

- ქონების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა იმ ფიზიკურ თუ მეწარმე ფიზიკურ პირს, ან ოჯახს, რომელსაც წლის განმავლობაში აქვს შემოსავალი 40.000 ლარი ან მეტი. სხვა შემთხვევაში, პირს ქონების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არა აქვს - ანუ თუ ფიზიკურ პირს აქვს შემოსავალი 40.000 ლარი, მხოლოდ ამ შემთხვევაში წარადგენს ქონების დეკლარაციას და იხდის ფიზიკური პირი ქონების გადასახადს;

მიწის გადასახადს პირი იხდის მიუხედავად მისი შემოსავლისა, მიწის გადასახადის გადახდისთვის დეკლარაციის წარდგენა საჭირო არ არის, ხოლო მიწის გადასახადს ანგარიშობენ ადგილობრივი თვითმმართველობები, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გადასახადი დაანგარიშდება ჰექტრობის მიხედვით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეოზე კვადრატული მეტრების მიხედვით.

წლების წინ მქონდა ბანკის ვალი და ვიყავი შავ სიაში, რადგან სამსახურიდან მომიწია წამოსვლამ და ვალი ვერ გადავიხადე. მერე წავედი საზღვარგარეთ და ორი წელია დავბრუნდი. რამდენი ხანი შეიძლება იყოს ადამიანი შავ სიაში და შესაძლებელია თუ არა საკრედიტო ისტორიის შეცვლა?

- საკრედიტო ისტორიის გამოსწორება შესაძლებელია სესხის განულებით, ან თუ სესხი ხანდაზმულია, მისი სასამართლო გადაწყვეტილებით ხანდაზმულად აღიარების საფუძველზე. სესხი ხანდაზმულია, თუ გასულია 3 წელზე მეტი, მას შემდეგ, რაც პირმა დაარღვია გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება.

ვცხოვრობ კორპუსის ბინაში, რომელსაც ემსახურება კომპანია. ყველაფერი არის ჩიპებზე, ლიფტი, შესასვლელი კარი და გვიწევს ყოველთვიური გადასახადის გადახდა, რომელიც საჭიროა კორპუსის მოვლა-პატრონობისთვის. არის რამდენიმე ოჯახი სხვადასხვა სართულზე, რომლებიც წლებია არ იხდიან გადასახადს და საკმაოდ სოლიდური თანხა აქვთ უკვე გადასახდელი. როგორ შეიძლება ვაიძულოთ ისინი, რომ გადაიხადონ?

- თუ კომპანიასა და თითოეულ მობინადრეს შორის არსებობს ხელშეკრულება, მაშინ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შეუძლია მოსთხოვოს კომპანიამ იმ პირებს, რომლებიც არ იხდიან მომსახურების საფასურს. უშუალოდ თქვენ ვერ მოსთხოვთ, თუ ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარე არა ხართ.

ონლაინმაღაზიაში ნივთი ვიყიდე, თანხა ჩავრიცხე ანგარიშზე და რომ მომიტანეს, არ აღმოჩნდა ისეთი, რაც მქონდა შეკვეთილი. კურიერს მოვთხოვე უკან წაღება, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრა, მე არა ვარ იმ მაღაზიის თანამშრომელი, კურიერი ვარო. დავუკავშირდი ისევ იმათ, ვისგანაც მქონდა გამოწერილი, მაგრამ ნივთს უკან არ იბრუნებენ. რა შეიძლება გავაკეთო, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი ხომ არსებობს? ვის მივმართო?

- მომხმარებელს უფლება აქვს შეძენილ ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს მიმართოს, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი. ეს წესი იმიტომ მოქმედებს, რომ ელექტრონული ვაჭრობის დროს მომხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას პირადად შეაფასოს და მოიწონოს საქონელი, ამიტომაც უფლება ეძლევა 14 დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს პროდუქტი. თუ გამყიდველი არ იბრუნებს ნივთს და ირღვევა თქვენი უფლებები, უნდა მიმართოთ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომლის მისამართია: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 154, ასევე შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დარეკოთ ცხელ ხაზზე 0322054422. დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.

- სამი თვით ვარ წასული ქვეყნიდან და აქედან ვერ მოვახერხე დეკლარაციის შევსება. ჩემი სახელფასო შემოსავალი არ არის 40.000 ლარი, მაგრამ ჩემს სახელზე არის ორი ბინა და მანქანა, რომელიც შარშან შევიძინე. რა შეიძლება ამ შემთხვევაში მოხდეს და მაინტერესებს, რა ოდენობის ჯარიმებია? ან თუ არის შესაძლებლობა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ შევავსო დეკლარაცია.

- ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადა იყო მიმდინარე წლის 03 ნოემბრის ჩათვლით; ქონების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა იმ ფიზიკურ თუ მეწარმე ფიზიკურ პირს, ან ოჯახს, რომელსაც წლის განმავლობაში აქვს შემოსავალი 40.000 ლარი ან მეტი, სხვა შემთხვევაში ქონების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არა აქვს პირს - ანუ თუ ფიზიკურ პირს აქვს შემოსავალი 40.000 ლარი, მხოლოდ ამ შემთხვევაში წარადგენს ქონების დეკლარაციას და იხდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადს; მიწის გადასახადს პირი იხდის მიუხედავად მისი შემოსავლისა. მიწის გადასახადის გადახდისთვის დეკლარაციის წარდგენა საჭირო არ არის, ხოლო მიწის გადასახადს ანგარიშობენ ადგილობრივი თვითმმართველობები. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გადასახადი დაანგარიშდება ჰექტრობის მიხედვით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეოზე კვადრატული მეტრების მიხედვით;

დარიცხული გადასახადები უნდა იქნეს გადახდილი მიმდინარე წლის 17 ნოემბრის ჩათვლით;

შემოსავალი არის ყველა ის თანხა, რომელზეც ცალსახად დასტურდება, რომ თანხა არის პირის შემოსავალი, მაგალითად, ხელფასი თუ პირის საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი. შემოსავალი არ არის თანხა, რომელიც მიღებულია საზღვარგარეთიდან გზავნილის სახით.