"წინ დიდი სკანდალი გველოდება...ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში" - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: სად "იმალება" კორუფცია?! - კვირის პალიტრა

"წინ დიდი სკანდალი გველოდება...ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში" - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: სად "იმალება" კორუფცია?!

გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრემიერსა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარეს წარდგენილი ბრალის ორივე - ე.წ. ჩორჩანისა და 20 ივნისის აქციის ეპიზოდზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "მ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა და იხსენებენ 2024 წლის ოქტომბერში ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ივანიშვილის ინტერვიუს, რომელშიც მან გახარიას "გარეწარი" უწოდა და თქვა, მისი გასამართლებისთვის სასამართლოს დონეზე გვაქვს დოკუმენტები დალაგებულიო. "ეს არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმე, პოლიტიკური მდგენელი, ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა გიორგი გახარიაზე, რომელიც ჰქონდა დაანონსებული", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- ზოგადად რომ შევაფასოთ ვითარება, გეტყვით, რომ რასაც თვალს ვადევნებთ, ეს არის მზარდი ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მეთოდები. რატომღაც ხელისუფლებაში მოსულ პირებს ისტორია ავიწყდებათ და სწორედ იმავე შეცდომებს იმეორებენ, რისი მსხვერპლიც, ადრე თუ გვიან, თვითონვე ხდებიან. პირველი კომუნისტური ტერორი ჯერ კიდევ 1918 წელს ტროცკიმ დაიწყო, რომელსაც შემდგომ თვითონვე ემსხვერპლა. შემდგომ იყო იაგოდას, ეჟოვის, ბერიას სასტიკი რეპრესიები - ბოლოს სამივე დახვრიტეს. გაიხსენეთ, ჰიტლერის ანგარიშსწორებაც, რომელსაც "გრძელი დანების ღამე" ეწოდა და როდესაც ერთ ღამეში მთელი თავისი მიუნხენიდან წამოსული გარემოცვა გაანადგურა. ყველა ავტორიტარული რეჟიმი თითქმის ერთი და იმავე სცენარით მოქმედებს. სამწუხაროდ, დღეს სწორედ ეს ხდება საქართველოშიც. ისე, დღევანდელ მთავრობას ვეტყოდი, ფრთხილად იყვნენ, მალე მათი დროც არ მოვიდეს.

ცოტა სასაცილო კი არის გახარიასთვის წაყენებული ბრალდებები. გავიხსენოთ ჩვენი ძალიან უახლესი ისტორია, 2019 წლის 20 ივნისს მოხდა ის დარბევა, რაზეც იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ედავებიან, იმავე წლის აგვისტოში კი იყო ჩორჩანის საგუშაგოს ამბავი. ამის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც როგორც დღეს გვიმტკიცებენ, გახარიამ ეს "საშინელი დანაშაულები" ჩაიდინა, უკვე 2019 წლის სექტემბერში, ის "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყანას, სხვათა შორის, როგორც "ქართული ოცნება" იმხანად გვიმტკიცებდა, საუკეთესოდ.

სწორედ ის მართავდა მთავრობას პანდემიის დროს და არცთუ ურიგოდ, ამაში "ქართული ოცნების" იმჟამინდელ განცხადებებს დღესაც ვეთანხმები... ანუ რა გამოდის, ამხელა დამნაშავეს ჩააბარეს ქვეყნის მართვა? ბუნებრივად იბადება კითხვა, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? თუ გახარიამ უნდა აგოს პასუხი 20 ივნისის ან ჩორჩანის ეპიზოდზე, რატომ არ უნდა აგონ პასუხი იმჟამადაც და ახლაც ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე მყოფმა პირებმა? ივანიშვილი იმავე ინტერვიუში, რომელიც თქვენ ახსენეთ, ანუ 2024 წელს, ამტკიცებდა, გახარია ხელისუფლებაში ყოფნისასაც და ახლაც "ნაციონალურ მოძრაობას" დაბრუნებაში ეხმარებოდაო, მაშინ მაინტერესებს, უკვე ამდენი "დანაშაულის" ჩამდენი გახარია რატომ დააწინაურეთ პრემიერ-მინისტრად? მე ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერ მოვისმინე ვერც ივანიშვილისგან და ვერც სხვებისგან. როცა გახარიაზე ივანიშვილის პირად შურისძიებაზე ლაპარაკობენ, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოა, გახარია ივანიშვილის პირადი, კორპორაციული თუ იდეოლოგიური მტერია. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება საკუთარი ავტორიტარული მიზნებისთვის მზად არის გაწიროს ყველა და ყველაფერი. რა, ივანიშვილის უახლოესი პირი არ იყო ღარიბაშვილი ან ლილუაშვილი? დაახლოებით ასეთი პროცესია, როცა "კატოკს" დაღმართზე უშვებ, მისი გაჩერება თითქმის შეუძლებელია, ის ყველას გადათელავს, იმასაც, ვინც ქვემოთ მოყვა, და იმასაც, ვინც ჯერ ზემოთ ზის.

ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში. მე უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ საღამოობით ნახევარ საათს მაინც ვუთმობ ახალი ამბების გაცნობას, ძირითადად, იმისთვის, რომ გავიგო, იმ დღეს ვინ დაიჭირეს... აი, ასეთი არანორმალური ვითარება გვაქვს.

სამწუხაროდ, დღეს ოპოზიცია უკიდურესად უსუსურია, არც ორგანიზაციული და არც იდეური სიახლეები მის ფლანგზე არ ჩანს. შესაბამისად, ამდენს ამიტომაც ბედავს "ქართული ოცნება".

- ბოლო კვირების განმავლობაში ლამის ყოველდღიურად ვიგებთ არაერთი კორუფციული სქემის თაობაზე, რომლის საშუალებითაც ხელისუფლების ყოფილ ჩინოსნებს ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე მილიონობით ლარის მოპარვა ჰბრალდებათ. მათ შორის არიან ქვეყნის ყოფილი პირველი პირებიც. ამ სქემებზე მედია წლების განმავლობაში ლაპარაკობდა, თუმცა "ქართული ოცნება" ამ ყველაფერს ჭორებს უწოდებდა და საკუთარ უმწიკვლობაზე ლაპარაკობდა. რატომ დასჭირდათ დღეს ამ ყველაფრის გამომზეურება? ექსპერტთა ნაწილის თქმით, ამას საკუთარი პოლიტიკური პრობლემების გადასაფარად იყენებენ, სხვები კი ფიქრობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ფული შემოაკლდა და ამიტომაც გადაწყვიტეს მოპარული ფულის ამოღება.

- რომ გადავხედოთ ისტორიას, ყოველი ახალი ხელისუფლება საკუთარ საქმიანობას კორუფციასთან ბრძოლით იწყებდა და ბოლოს თვითონ ხდებოდა კორუმპირებული. ვფიქრობ, ახლა "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს კორუფციასთან ბრძოლით, თუმცა ამას შეიძლება უკუეფექტიც მოჰყვეს, რადგან კორუფციას სისტემურად არავინ ებრძვის, ეს არის რიგი ჩინოსნების დასასჯელად და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად ფასადური ბრძოლა. კორუფციის სრულად აღმოფხვრა წარმოუდგენელია, მისი რეციდივები ყველა წამყვან ქვეყანაშია, თუმცა ჩვენთან და ჩვენისთანა ქვეყნებში პრობლემა მის სისტემურობასა და მასშტაბშია. ვუშვებ ნამდვილად, რომ მოპარული ფულის დაბრუნების სურვილს შესაძლოა დაემთხვა ვიღაცის გულწრფელი სურვილიც, რომ ებრძოლოს კორუფციას, თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ მალე ამ მებრძოლებს თვითონ წაუცდებათ იოლად ფულის შოვნაზე ხელი.

აქვე ვიტყვი, რომ სანამ საქართველოში ტენდერების ჩატარების შესახებ კანონმდებლობა არ შესწორდება, მანამდე კორუფციის მასშტაბის შემცირება გამორიცხულია, რადგან ეს არის უზარმაზარი კორუფციული სქემების შექმნის მანქანა.

ტენდერები მე თვითონ ჩამიტარებია, თუნდაც ბაქო-ჯეიჰანის პროექტისთვის და უცხოური კომპანიები შემომიყვანია საქართველოში. შეფასება უნდა ხდებოდეს კომპლექსურად, ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ღირებულებაზე და თან ამას უნდა აფასებდნენ არა ვიღაც ჩინოსნები, რომლებსაც პროექტების არაფერი გაეგებათ, არამედ უმწიკვლო პროფესიონალები. ღმერთს მადლობა, ასეთები ჯერ კიდევ შემოგვრჩნენ საქართველოში.

ჩემი დაკვირვებით, სახელისუფლებო გუნდში დიდი დაპირისპირებაა, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, თუმცა "ბუშტები" სკდება, რის შედეგადაც რაღაცები შეიძლება ვივარაუდოთ.

მარჩიელობას ვერ ვიტან, მაგრამ ერთი ცხადია, ამ ეტაპზე ძალაუფლების მქონე ზოგიერთ პირს კახა კალაძის წაქცევა სურს. მერწმუნეთ, ხელისუფლებაში მყოფი პირის ციხეში გასაშვებად საფუძვლის მოძებნა არ გაჭირდება, თუკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ზემოთ.

წესით, მალე უნდა ვნახოთ ამ ბრძოლების შედგები და სავარაუდოდ, წინ დიდი სკანდალი გველოდება. აქვე ვიტყვი ერთსაც - როგორც წესი, კორუფცია ზემოთ ტივტივს იწყებს მაშინ, როდესაც ძალაუფლება ლპობას იწყებს. სურთ რაც შეიძლება ბევრი ფული "მოტეხონ" და გაიქცნენ, რადგან მოქმედ გუნდთან ერთად მომავალს ვერ ხედავენ ხოლმე. ასე ხდებოდა კომუნისტების, შევარდნაძის თუ სააკაშვილის დროს. მე დღესაც ამგვარ ნიშნებს ვხედავ, თანაც, როგორც წესი, ყველაზე კორუმპირებული ისინი აღმოჩნდებიან ხოლმე, ვინც კორუფციას ყველაზე მეტად ებრძვის.

საუბედუროდ, ჩვენ ისევ ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ერთი ჩემი მეგობარი ცოლზე იყო გაბრაზებული და ასეთ რამ თქვა, ყველა ცოლი ერთნაირია, მხოლოდ სხვადასხვა სახელი ჰქვიათო. ამ ჩვენი ხელისუფლებების საქმეც ასეა, აქტორები ერთნაირები არიან, უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ჰქვიათ.

წაიკითხე ვრცლად