"ბენდი უსპონსორობამ გააქცია... სიცარიელეა, ვანოც ამბობს, სტუდიაში თავს კარგად ვერ ვგრძნობო" - თამუნა ლეკვეიშვილი ბენდზე, როლებსა და შვილებზე
ბოლო რამდენიმე გადაცემაა,"ვანოს შოუ“ ეთერში ისე გადის, რომ ბენდი აღარ უკრავს. სტუდიაში ბენდის წევრები არ სხედან. თუ რა ხდება, სად და რატომ გაქრა "ვანოს შოუს" ბენდი, ამის გასარკვევად მის ხელმძღვანელს - თამუნა ლეკვეიშვილს დავუკავშირდით.
თამუნასთან საუბრისას კიდევ არაერთ საკითხს შევეხეთ, რასაც AMBEBI.GE-ს მკითხველი ამ ინტერვიუდან შეიტყობს.
- თამუნა, უჩვეულო სიტუაციაა. "ვანოს შოუ" ბენდის გარეშე იწერება. სად წავიდა ბენდი, რატომ აღარ უკრავს შოუში?
- ბენდი უსპონსორობამ გააქცია. გარდა იმისა, რომ ხელფასები არ აქვთ და ასევე ინსტრუმენტებსაც სჭირდება გახმოვანება, - ეს ცალკე ხარჯებია. ამ ეტაპზე ამ ყველაფერს ვერ გავწვდით, რადგან სპონსორები არ გვყავს. არხიც, ჩვენც, საკუთარი ძალებით, ვცდილობთ, სპონსორები ვიპოვოთ, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოდის. თან წლის ბოლოა და კომპანიებს სარეკლამო ბიუჯეტი გახარჯული აქვთ. ისიც არის, რომ კრიტიკული მედიების შემთხვევაში თავს იკავებენ.
- ფაქტია, რომ ბენდი "ვანოს შოუს" მართლაც აკლია...
- კი, სიცარიელეა, ვანოც ამბობს, რომ სტუდიაში თავს კარგად ვერ ვგრძნობო... იმედი დავიტოვოთ, რომ ახალი წლიდან "ვანოს შოუც" ეთერში იქნება და შოუში ბენდი დაბრუნდება... მისი წევრები კარგი ბიჭები არიან, ზოგი ადრეც იყო ჩვენთან „მთავარ არხზე“ რომ ვიყავით, ზოგი ორკესტრში უკრავს, მაგალითად, "ჩასაბერები,“ დანარჩენები - სხვადასხვა ბენდებში მუშაობენ.
- ბოლო დროს ნინო წილოსანის როლი კარგად მოირგე... როგორია ეს როლი შენთვის?
- ამ როლისთვის სპეციალურად თვალის ლინზები შევიძინე, რადგან ნინო წილოსანს დამახასიათებელი, ძალიან ღია თვალის ფერი აქვს. ჩემთვის საინტერესო იყო ამ პერსონაჟის გაკეთებას როგორ შევძლებდი. საერთოდ, როდესაც ამა თუ იმ ადამიანის პერსონაჟს ქმნი, უტრირებ. ცოტა უფრო მანერულს ხდი, რომ დასამახსოვრებელი იყოს... როდესაც მაგ როლს ვირგებ, ზუსტად ნინო წილოსანის თვალის ფერი მაქვს. უბრალოდ, ჩემს ღია ფერის ლინზებს, კამერა ისევე ვერ აღიქვამს... როლში კი მაშინვე შევდივარ, როგორც კი ლინზებს ჩავისვამ. თმის ვარცხნილობაც ძალიან მეხმარება... ეს პერსონაჟი პირველად შარშან გავაკეთეთ და პირველივე ნომერს კარგი გამოხმაურება ჰქონდა... ამ როლში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.