ზელენსკი და მაკრონი ისტორიული გარიგებისთვის ემზადებიან ანუ მიჰყიდის თუ არა პარიზი კიევს უძვირეს "რაფალებს"?! - კვირის პალიტრა

ზელენსკი და მაკრონი ისტორიული გარიგებისთვის ემზადებიან ანუ მიჰყიდის თუ არა პარიზი კიევს უძვირეს "რაფალებს"?!

დღეს, 17 ნოემბერს, პარიზში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ისტორიული მნიშვნელობის გარიგების დადებისთვის ემზადებიან...

ყოველ შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენკიმ რამდენიმე დღის წინ უკვე გააკეთა ანონსი იმის შესახებ, რომ ის, თურმე, პარალელურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკელებთან, შვედებთან და ფრანგებთან, შესაბამისად - F-16-ების, Gripen-ებისა და Rafale-ების შესაძენად, რომ უკრაინის საჰაერო ძალების არსენალში წლების შემდეგ 250 თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავი იყოს...

თავად რიცხვი 250-იც კი ფანტასტიკურად მოჩანს იმის ფონზე, თუ რა ხდება დღეს უკრაინის ფრონტზე და მის სიღრმეშიც, როდესაც რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერები“ და „კინჟალები“ უკრაინის მიერ კონტროლირებად ყველა სამხედრო და სამოქალაქო აეროდრომს სწვდებიან და სად უნდა შეძლოს ზელენსკიმ 250 თუ არა, თუნდაც - ასი საბრძოლო თვითმფრინავის ისე საიმედოდ გადამალვა, რომ რუსული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, კამიკაძე „გერანებთან“ ერთად, ვერ მისწვდნენ მათ?

დღეს უკრაინის საჰაერო ძალების განკარგულებაში რჩება ორ ათეულამდე მოქმედი საბჭოთა წარმოების Миг-29-ისა და Су-27-ის ტიპის გამანადგურებელი, Су-24М საფრონტო ბომბდამშენი და Су-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ასევე, ევროპიდან მიწოდებული დაახლოებით ამდენივე ამერიკული წარმოების F-16-ი და ოთხი ფრანგული Mirage 2000.

ამ საბრძოლო თვითმფრინავებით უკრაინელი სამხედროები სათადარიგო აეროდრომებიდან ან კიდევ ჩვეულებრივი საავტომობილო გზებიდან ახორციელებენ აფრენა-დაფრენის პროცესს, რათა გადაურჩნენ რუსული „ისკანდერების“ გამანადაგურებელ დარტყმებს, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე აეროდრომებამდე მისაფრენად 3-5 წუთიც კი ყოფნით...

ასევე დაგაინტერესებთ: ნისლი და წვიმა - პუტინის არმია ცუდ ამინდს ფარული იერიშებისთვის წარმატებულად იყენებს...

ყველაზე დიდი ავიაკატასტროფები საქართველოში - ჰაერში დამწვარი "იუნკერსიდან" "ჰერკულესის" ტრაგედიამდე

C-130 Hercules: თვითმფრინავი, რომელმაც 3730 ადამიანი შეიწირა - "ჰერკულესის" პირველი კატასტროფა 67 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მოხდა

თურქული "ჰერკულესის" ქართული კატასტროფის სამი ვერსია - რატომ ვერ მოასწრო ეკიპაჟმა განგაშის სიგნალის გადაცემა?!

კიდევ ერთი გამოსავალია უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენილი, ყოფილ საბჭოთა სამხედრო აეროდრომებზე აშენებული არკული კონსტრუქციის დაცული ანგარები, რომლებშიც შეიძლება საბჭოთადროინდელი Миг-29-ისა და Су-24М-ების გადამალვა, ისევე, როგორც დასავლური F-16-ებისა და ფრანგული Mirage 2000-ის, მაგრამ არა Су-27-ებისა და Су-25-ების, რადგან მათი ფრთის ბაქანი (შესაბამისად, 14,7 მ და 14,36 მ) არ იძლევა საშუალებას 13 მ სიგანის დაცულ ანგარში ამ თვითმფრინავების შეგორების (იგივე პრობლემა აქვთ ქართულ მოიერიშე თვითმფრინავებსაც მარნეულის, კოპიტნარისა თუ სენაკის აეროდრომებზე).

უკრაინელებს აქვთ კიდევ ერთი გამოსავალიც - მათი თვითმფრინავების მორიგი საბრძოლო გაფრენების შემდეგ ისინი... მეზობელი რუმინეთისა და პოლონეთის აეროდრომებზე დასვან, რათა გადაურჩნენ რუსი ოკუპანტების „ისკანდერების“ საპასუხო დარტყმებს, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკური საკითხია, რადგან არც ბუქარესტს და არც ვარშავას არ სურს, რომ მოსკოვმა ისინი დაადანაშაულოს ამ ომში პირდაპირ მონაწილეობაში, თუმცა ერთი-ორჯერ მაინც მოხდა, როდესაც უკრაინულმა Су-27-მა თავშესაფარი რუმინულ სამხედრო აეროდრომზე „ჰპოვა“...

რამდენიმე საათში გაირკვევა, მართლაც მიჰყიდის თუ არა საფრანგეთი ომში მყოფ უკრაინას მსოფლიოში ერთ-ერთ თანამედროვე და საუკეთესო, მაგრამ ამასთანავე, ძალზე ძვირ „რაფალის“ ტიპის მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავებს და თუკი ეს მართლაც მოხდა, როგორ მოახდენს მათ მაღალეფექტიან საბრძოლო გამოყენებას უკრაინული მხარე აგრესორ რუსეთთან წარმოებულ ფართომასშტაბიან ომში?...