"არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადახვიდე!.. ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს"
ცნობილია, რომ საქართველოში საპროტესტო აქციები 2023 წლის 28 ნოემბრიდან იმართება. პროტესტის ტალღამ განსაკუთრებით მას შემდეგ იხუვლა, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას... საპროტესტო აქციებს ხელოვანების დაკავებები მოჰყვა და სხვა ხელოვანებისგან განსხვავებით, კინორეჟისორმა - ქეთი დოლიძემ არა ერთხელ გამოხატა მათ მიმართ სოლიდარობა. საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის პატიმრობაში დატოვებაზეც განსაკუთრებულად გამოხატა აღშფოთება და იგი ყოველთვის გამორჩეულად ეხმაურებოდა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას, რომელსაც, მისი თქმით, პირადად იცნობს.
“რატოოომ?! ეს ბავშვები და ანდრო! – ამ გადასარევ ბიჭს [ანდრო ჭიჭინაძეს] პირადად ვიცნობ! რა გინდათ, რააა! გამოუშვით ეს ბავშვები ციხიდააან გამოუშვიიიით!!” – წერდა ქეთი დოლიძე.
ამჯერად ქეთი დოლიძეს ქვეყანაში შექმნილ რთულ და დაძაბულ ვითარებაზე ვთხოვეთ ინტერვიუ...
- ქალბატონო ქეთი, რას იტყოდით ქვეყანაში შექმნილ რთულ სიტუაციაზე, რაც ბოლო ერთი წელია, გრძელდება?
- იცით, რას გეტყვით? დღევანდელ მდგომარეობაზე არ მსურს არანაირი კომენტარის გაკეთება, აი, ასეთ ხასიათზე ვარ! არავითარი სურვილი არ მაქვს!
- დიახ, მაშინ ხელოვნებაზე რომ გვითხრათ?
- არც ხელოვნებაზე! ხელოვნებას არაფერი უჭირს. ერთადერთი, რასაც არ უჭირს ამ ქვეყანაში - ხელოვნებაა!
ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს.
- ეს კარგია?
- აბა, რა! ხელოვნება ავკრძალოთ?
- აიკრძალა დათა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი...
- არაფერიც არ აკრძალულა. ასე მოხდა ეს ამბავი და ასეც იქნებოდა. არსებობს რაღაც, სადაც ზღვარს არ უნდა გადახვიდე. რა არის აკრძალული, არ გამაგიჟოთ! რასაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე აკეთებენ.
- ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, დავით დოიაშვილის მოხსნას, მარჯანიშვილის თეატრიდან წავიდა ლევან წულაძე, პოლიტიკური მოტივით...
- მე რომ მკითხოთ, არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ვინც წავიდა, ეს თვითონ მათ უნდა მოიკითხონ, ვინც სადღაც წავიდა... არ მინდა რა საუბარი, არავითარ კომენტარს არ ვიძლევი, ნახვამდის!
(სპეციალურად საიტისთვის)