რატომ არის საქართველო თითქმის ტოტალიტარული ქვეყანა - კვირის პალიტრა

რატომ არის საქართველო თითქმის ტოტალიტარული ქვეყანა

ზოგადად, რადიკალიზმის მომხრე არ ვარ, მათ შორის არც შეფასებებში. ამიტომ სიტყვებს ყოველთვის ვუფრთხილდები და ჰაერში არ ვისვრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დროთა განმავლობაში ფასი ეკარგებათ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, როდესაც მავანნი ამბობდნენ: საქართველოში საბჭოთა კავშირი დაბრუნდა, სააკაშვილმა ტოტალიტარული რეჟიმი დაამყარაო, მეღიმებოდა. ავტორიტარიზმი კი ბატონო, ამაზე შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ტოტალიტარიზმი?

ეს ნამეტიანია, ნუ დავუკარგავთ საკუთარ სიტყვბს ფასს, - ვამბობდი მე. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საქმე იქამდე მივიდა, რომ უცხოელმა დიპლომატმაც კი, რომლის მთავარი დამახასიათებელი თვისება ულტრადიპლომატიურობაა, "ცოტა ლენინიზმი"  ახსენა. ეს სიტყვები წარმოთქვა, არა ლევან გაჩეჩილაძემ ან გოგა ხაინდრავამ, რომელთა თვისებაც ულტრარადიკალიზმია, არამედ ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტმა. რა თქმა უნდა, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია და არც ცოტა ლენინიზმი ნიშნავს უკვე დამყარებულ ტოტალიტარიზმს, თუმცა პატივცემული უცხოელი დიპლომატი ალბათ არც იმაზე საუბრობდა, რომ მავზოლეუმში ლენინი ცოტა დარჩა. უპირველესად, ის ჩვენს ქვეყანაზე ,აქ შექმნილ ვითარებაზე ლაპარაკობდა და საგანგაშო სიგნალი მაინც უნდა იყოს, მას რომ აქ რაღაცამ ლენინი გაახსენა. ვერ გეტყვით, რომ მისი სიტყვები გახდა ჩემთვის გარდამტეხი, ვერც იმას დავიჩემებ, თვალი ვანო მერაბიშვილმა ამიხილა, როდესაც კლასების გაქრობაზე დაიწყო ლაპარაკი. ეს ყველაფერი მხოლოდ ეპიზოდებია.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ეპიზოდები. მთავარი ტენდენციაა, რომელიც ნელ-ნელა გამოიკვეთა. და რადგან ამოცანად თავიდანვე იმის დამტკიცება დავისახე, თუ რატომ არის საქართველოში თითქმის ტოტალიტარიზმი, მივყვეთ თანმიმდევრობით. კლასიკური განმარტების მიხედვით, დემოკრატია ეს არის, მმართველობის ფორმა, როდესაც ყველაფერი დაშვებულია, რასაც კანონი არ კრძალავს. ავტორიტარიზმი კი ეს არის მმართველობის ფორმა, როდესაც ყველაფერი დაშვებულია პოლიტკის გარდა. ანუ, ხელისუფლება ცხოვრების არცერთი სფეროს გაკონტროლებას არ ცდილობს, გარდა პოლიტიკისა. ავტორიტარიზმის პირობებში თავისუფალია ეკონომიკა, კულტურა, მაგრამ პოლიტიკაში მმართველი ძალის გარდა ვერავინ გაიჭაჭანებს, ან თუ გაიჭაჭანებს, მხოლოდ დეკორაციის ფუნქციით. მმართველ ძალას, ისე აქვს პოლიტიკა მონოპოლიზებული, რომ სხვა ძალას გამარჯვების შანსი უბრალოდ არ აქვს, სხვები მხოლოდ არსებობენ. აი, ტოტალიტარიზმი კი ამავე განმარტების თანახმად, ეს არის მმართველობის ფორმა, როდესაც ყველაფერი აკრძალულია, რაც ხელისუფლებას არ სურს. ანუ, ავტორიტარიზმისგან ტოტალიტარიზმი სწორედ იმით განსხვავდება, რომ ხელისუფლება აკონტროლებს არა მხოლოდ პოლიტიკას, არამედ ყველაფერს ტოტალურად - ეკონომიკას, კულტურას, სპორტს და ა. შ. მის გარეშე ქვეყანაში არაფერი ხდება. ეს კლასიკური განმარტებებია და იმედი მაქვს, უკვე მიხვდით საითაც ვუმიზნებ. ავტორიტარიზმის მთავარ ნიშანს პოლიტკაში მონოპოლიურ მდგომარეობას და ყველა ხერხით, სხვა პოლიტკური ძალებისთვის გამარჯვების შანსის მოსპობას, ჩვენს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო ამტკიცებს, მაგრამ იქნებ ტოტალიტარიზმამდე ჯერ ბევრი გვიკლია?!

მაშინ დავსვათ მარტივი კითხვები და შევეცადოთ ვუპასუხოთ: რა ხდება ეკონომიკაში? შეიძლება ქართულ ეკონომიკას თავისუფალი ეწოდოს? შეიძლება ჩვენს ეკონომიკაში რამე მოხდეს ისეთი, რაც ხელისუფლებას არ სურს? თქვენ შეგიძლიათ, აქ მსხვილი ინვესტიცია ისე შემოიტანოთ, რომ ამაზე პირადად პრეზიდენტს არ შეუთანხმდეთ? თქვენ შეგიძლიათ, დღეს ქვეყანაში უპრობლემოდ  დაიწყოთ მაგალითად, ნავთობპროდუქტების იმპორტი? დამისახელებთ, ქვეყანაში თუნდაც ერთ მსხვილ ბიზნესმენს მაინც, ვინც ხელსუფლებასთან არ არის დაახლოებული და ფაქტობრივად, მისი გუნდის წევრი არაა? არსებობს ქვეყანაში, თუნდაც ერთი მილიონერი, ვინც ფული საქართველოში იშოვა, მერე კი ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა გაბედა და გადარჩა? მარტო ქიბარ ხალვაშის მაგალითი რად ღირს, რომელიც მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩნდა, ქვეყნიდან გააქციეს და მთელი მისი ბიზნესი ცეცხლს მისცეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იქნებ სპორტში არ ერევა ჩვენი ხელისუფლება და არ ცდილობს ამ სფეროს გაკონტროლებას?- გეცინებათ არა? მარტო იმის გახსნება რად ღირს, რომ ყველა სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი, ან პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის წევრია, ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანი...  და რა ხდება კულტურაში? ამის მისახვედრად უნდა წარმოიდგინოთ, რომ თქვენ ხართ დრამატურგი და დაწერეთ პოლიტიკური სატირა სააკაშვილზე. როგორ ფიქრობთ, რუსთაველის თეატრში მას დადგამთ? ან იქნებ მარჯანიშვილის თეატრში დადგამთ?  რა მოხდება, თუ იმავე თემაზე ფილმის გადაღებას მოინდომებთ? დღეს ვინ აფინანსებს საქართველოში კინოს?! კინოცენტრი, რომელიც პირდაპირ კულტურის სამინისტროს ექვემდებარება, ან ისევ და ისევ ხელისუფლებასთან დახლოებული ბიზნესმენები. იქნებ კობა ნაყოფია დაგიფინანსებთ ასეთ ფილმს, ისევე როგორც რენი ჰარლენის იდიოტობა დააფინანსა? ფაქტობრივად, დღეს საქართველოში ფილმები აღარ გამოდის, თუ იქ ხელისუფლების, ან მისი რომელიმე განშტოების რეკლამა არაა. მე იმას არ ვამბობ, რომ პოლიტიკურ სატირას საერთოდ ვერ გადაიღებთ.

კი, "ჰოუმ ვიდეოს" დონეზე მოახერხებთ, იუთუბიზეც განათავსებთ და ამის გამო, ციხეში არავინ ჩაგსვამთ. ბოლოს და ბოლოს სპექტაკლსაც დადგამთ ქუჩაში და ამის გამო არავინ დაგხვრეტთ. აი ამით ჯერ-ჯერობით ნამდვილად განვსხვავდებით საბჭოთა კავშირისგან. ანუ, მთლად საბჭოთა კავშირი არ ვართ, მაგრამ მთავარი კითხვა ასე ჟღერს: რაღა გვიკლია? არადა, ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე არ იყო ასე. 2007 წლამდე არსებობდა ტელეკომპანია "იმედი", რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა და მთელ ქვეყანას ფარავდა; 2007 წლამდე რუსთაველის თეატრში დაიდგა პოლიტიკური სატირა პრეზიდენტი, დაცვის ბიჭი და სიყვარული. ტენდენცია ტოტალიტარიზმისკენ სწორედ 2007 წლის შემდეგ გამოიკვეთა, ამ გზაზე სიარული მას შემდეგ დავიწყეთ, რაც ხელისუფლებამ პირველად იგრძნო ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე.   ჩვენზე ადრე ამბობდნენ, ჰიბრიდული რეჟიმი ხართო; ანუ, სადღაც დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ვიყავით გაჩხერილები. დღეს ჩვენ ისევ ჰიბრიდი ვართ, ოღონდ უკვე ავტორიტარიზმსა და ტოტალიტარიზმს შორის გაჩხერილები.