UNICEF-ის საგანგაშო ანგარიში: "უმრავლესობა კომპიუტერთან ჯდომისას, ყოველთვის რაღაცას ჭამს, რაც ჩვევაში გადადის და ჭარბი წონის დაგროვებას უწყობს ხელს" - როგორ დავიცვათ ბავშვები ზედმეტი კილოგრამებისგან?
"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვობაში შეძენილ ჩვევებს ადამიანების უმრავლესობა მოზრდილ ასაკშიც ინარჩუნებს"
"მკაცრი დიეტა ამ დროს დაუშვებელია"
დის გროვდება ორგანიზმში ზედმეტი ცხიმი და რა იწვევს კილოგრამების მატებას?
UNICEF-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს
პუტკუნა, ლამაზი ბავშვების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს განსაკუთრებული სიმპათია უჩნდება, მაგრამ დრო გადის, ეს ბავშვი თინეიჯერი ხდება და თანატოლები ათასგვარ ეპითეტს იგონებენ, რომ მის წონას ხაზი გაუსვან. სამწუხაროდ, ასეთი ბავშვი ბულინგის მსხვერპლი ხშირად ხდება. პატარებში, ჭარბწონიანობის პრობლემა მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას: გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშში, შავით თეთრზე წერია, რომ 2025 წელს ჭარბი წონა პირველად გახდა ბავშვებსა და მოზარდებში უფრო გავრცელებული, ვიდრე წონის უკმარისობა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეხუთე ბავშვს, 5-იდან 19 წლამდე, ჭარბი წონა აქვს. UNICEF-ის ანგარიში 190-ზე მეტი ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი.
როგორ დავიცვათ ბავშვები ჭარბი წონისგან? ამ საკითხზე გვესაუბრება ნუტრიციოლოგი ბელა ყურაშვილი:
- კვება, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ბავშვის ოპტიმალურ წონას უზრუნველყოფს. როცა საკვებით მიღებული ენერგიის რაოდენობა დახარჯული ენერგიის რაოდენობას აღემატება, ორგანიზმში ზედმეტი ცხიმი გროვდება, რაც წონის მატებას იწვევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჭარბი წონა სხვადასხვა დაავადების წინასწარ განწყობას ქმნის, ბავშვისთვის ეს სავალალო მდგომარეობაა.
- რა განაპირობებს ამ მდგომარეობას?
- მიზეზები იგივეა, რაც მოზრდილ ასაკში: ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, მაღალკალორიული, სწრაფი კვების პროდუქტების ხშირი მიღება, ტკბილეულის და გაზიანი სასმელების სიყვარული - მოკლედ, ყველაფერი რაც ნებისმიერ ბავშვს მოსწონს და უყვარს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვობაში შეძენილ ჩვევებს ადამიანების უმრავლესობა მოზრდილ ასაკშიც ინარჩუნებს.

ალბათ, მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა - რა შემთხვევაში უნდა შეიცვალოს პატარამ კვების რეჟიმი და ცხოვრების წესი? თუ შენიშნავთ, რომ თქვენი შვილი ჭარბწონიანობისა და სიმსუქნისკენ არის მიდრეკილი, ესე იგი, მისი კვების რაციონი უნდა შეიცვალოს. სასურველია, ზოგიერთი საკვების საერთოდ ამოღება მისი რაციონიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასეთი ბავშვებისთვის ინდივიდუალური კვების რეჟიმი უნდა შემუშავდეს, რომ ბავშვმა მავნე ჩვევები დაივიწყოს და ჭარბი წონა მოზრდილ ასაკშიც არ გადაჰყვეს. სკოლამდელ დაწესებულებებში, მსუქანი ბავშვების კვება ისე უნდა იყოს დაბალანსებული, რომ ორგანიზმს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებები არ მოაკლდეს. ცხადია, მკაცრი დიეტა ამ დროს დაუშვებელია, მაგრამ ისეთი დიეტის დროს, როდესაც ბავშვის ორგანიზმი ყველა საჭირო, ძირითად ნივთიერებას იღებს, ჭარბი წონის დაკარგვა ჩვეულებრივი მოვლენაა.
მიზნის მისაღწევად, დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარეული ცხიმების მიღებას. ძალიან კარგია ზეითუნის ზეთი, რომელიც მრავალჯერადად შეიძლება გამოვიყენოთ.
ყველამ ვიცით, რომ ჭარბი წონის მნიშვნელოვანი წყარო მარტივი ნახშირწყლებია, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს გაზიანი სასმელები და ტკბილი წვენები, ამიტომ, მშობელმა უნდა იზრუნოს და ეს სასმელები სახლში გამოწურული წვენით ჩაანაცვლოს.
ბოსტნეული, ხილი, კენკრა - ბავშვს შეუძლია ასეთი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით მიიღოს, სამაგიეროდ, ჭარბი წონის დროს, მენიუდან უნდა ამოვიღოთ შაქარი, ტკბილი, მაკარონის ნაწარმი, მანანის ბურღულეული, ასევე, დაკონსერვებული პროდუქტები.
პატარას 5 წლამდე თუ შევაჩვევთ ჯანსაღ კვებას, მერე თავადაც აღარ მოინდომებს ტკბილეულის და საკონდიტრო ნაწარმის მიღებას, შესაბამისად, არც ჭარბი წონა და სიმსუქნე შეაწუხებს.
- ალბათ, გენეტიკაც არ უნდა გამოვრიცხოთ...
- დიახ, გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არანაკლებ სერიოზული ფაქტორია ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა: ბავშვები დიდ დროს ატარებენ ტელეფონთან, კომპიუტერთან, ტელევიზორთან, მოძრაობის ნაკლებობა კი, თავისთავად ამცირებს ენერგიის ხარჯვას.
დღეს ძალზე პოპულარულია პიცის, ხაჭაპურის და სხვა საკვების გამოძახება, რაც სწრაფი კვების ნიმუშია. კაცმა არ იცის, რისგან ამზადებენ ამ პროდუქტებს. პუტკუნა ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ შოკოლადები, კუბეტები, ჩიფსები - ეს საკვები იმგვარ ცხიმებს შეიცავს, რომელიც პატარას კიდევ უფრო ასუქებს.
ბავშვების უმრავლესობა კომპიუტერთან ჯდომისას, ყოველთვის რაღაცას ჭამს, რაც ჩვევაში გადადის და ჭარბი წონის დაგროვებას უწყობს ხელს.
- როგორ უნდა შევაჩვიოთ არასრულწლოვანი ჯანსაღ კვებას?
- პირველ ყოვლისა, დიდი ულუფებით ჭამას არ უნდა შევაჩვიოთ, რადგან ამ დროს კუჭი იზრდება და ფართოვდება. ბევრ მშობელს საკვების დაძალება კარგი ჰგონია, მაგრამ ასე არ არის. პატარისთვის უნდა შევიმუშაოთ კვების სწორი რეჟიმი და ვიცოდეთ, როგორ გავანაწილოთ მისი საკვები დღის განმავლობაში. ეს, მოზრდილ ასაკში, თქვენს შვილს ბევრი უსიამოვნებისგან დაიცავს. ამიტომ, ბაღებში წინასწარ ადგენენ ათ დღიან მენიუს, როდის რა უნდა მიირთვან აღსაზრდელებმა. რაც შეეხება ძალიან პატარებს, მათთვის ძუძუთი კვება საუკეთესო გამოსავალია: იმისათვის, რომ ბავშვი ჯანმრთელი გაიზარდოს, მან ზედმეტი წონა თავიდანვე არ უნდა "აკრიფოს", ამისათვის დედის რძე არაჩვეულებრივია.
- ე.წ. თინეიჯერობის ასაკში ზოგიერთი მოზარდი უმკაცრეს დიეტაზე გადადის და ხდება, მაგრამ ჯანმრთელობას იზიანებს. ეს როგორ იმოქმედებს მათ მომავალზე?
- ძალიან ცუდად, რადგან მკაცრი დიეტა მოზარდ ორგანიზმს კი არა, ზრდასრულსაც არ უხდება. მეტისმეტი სიგამხდრეც არ ვარგა, ამიტომ, პატარები თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ სწორ კვებას. სინამდვილეში კი, რა ხდება? - ბავშვი მშობელს ჰბაძავს და სწორედ მისი გავლენით უყვარდება ტკბილეული და შოკოლადები, რომელიც საზიანო პალმის ზეთს შეიცავს, გაზიანი სასმელები და ჩიფსები, რომელიც არანაკლებ საზიანოა...
ხშირი წახემსება და კვების რეჟიმის არარსებობა - ეს თანამედროვე ოჯახების ცხოვრების წესია. ხშირად მშობლებიც გარეთ იკვებებიან, სახლშიც სწრაფი კვების პროდუქტებს იძახებენ და ბავშვებიც მათ ჰბაძავენ. სისტემატურად ასეთი კვება ორგანიზმში პათოლოგიურ ძვრებს იწვევს და სიმსუქნეც ყალიბდება.
ჯანსაღი კვება და რაციონის სწორი გადანაწილება - აი, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება თუ სურს, რომ მისი შვილი ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს.
P.S. სპეციალისტთა რეკომენდაციები მშობლებისთვის:
- ყოველდღიურად, მინიმუმ ერთი საათი მაინც დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას: სეირნობა, ცეკვა, ველოსიპედით სიარული, ბურთის თამაში - კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს შვილებთან ერთად გააკეთებთ.
- თუ ატყობთ, რომ მოზარდს უსიამოვნებები აქვს და სტრესს განიცდის, მოუსმინეთ, დაამშვიდეთ და შეეცადეთ, პრობლემა მასთან ერთად მოაგვაროთ - ზოგჯერ ზედმეტი ჭამა ემოციური რეაქციის ბრალია.
- სასურველია, ბავშვის წონის რეგულარული კონტროლი: ოჯახის ექიმი, ან პედიატრი უნდა აფასებდეს, არის თუ არა მისი წონა ნორმაში. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ დიეტოლოგს, ან ენდოკრინოლოგს.
-
არ გააკრიტიკოთ და არასდროს დასცინოთ ბავშვს წონის გამო
- ჩართეთ პატარები სადილის მომზადებაში: ერთად მოამზადეთ მარტივი კერძები
- ტკბილეულს მთლიანად ნუ აუკრძალავთ, უბრალოდ, მისი ჯანსაღი ალტერნატივა შესთავაზეთ, ასეთია: სხვადასხვა დასახელების კენკრა, იოგურტი ხილით, ან შინ დამზადებული ჩირი, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)