"ჰერკულესის" ჯერ მეოთხე ძრავამ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მეორემ - ხრახნი მოტყდა და მფრინავების კაბინა გადაჭრა - ქართულ ცაში თურქული „ჰერკულესის“ კატასტროფის მიზეზი დაადგინეს?!
11 ნოემბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში კატასტროფაგანცდილი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130E Hercules-ის (რასაც მის ბორტზე მყოფი ოცი თურქი სამხედრო შეეწირა) ორივე ე.წ. შავი ყუთი მოძებნილი და გატანილი იქნა თურქეთში. მათი გაშიფვრა, ფაქტობრივად, დასრულებულია (ერთ მათგანზე ეკიპაჟის შიდა და გარე რადიოსაუბრები იწერებოდა, მეორეზე კი - თვითმფრინავის ფრენის 180 პარამეტრი) და ამ კვირის ბოლოს შეიძლება ველოდოთ ამ ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების ოფიციალური დასკვნის პირველადი ვარიანტის გასაჯაროებას. მანამდე კი თურქულ მასმედიაში უკვე გამოჩნდა პირველი ვერსია, რაც დაყრდნობილია იმ გამოჟონილ ინფორმაციაზე, რომელიც ამ „შავი ყუთების“ გაშიფვრისას გახდა ცნობილი სპეციალისტებისთვის, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ გაცხადებულა...
კერძოდ, თურქული გამოცემის, Hürriyet -ის მიმომხილველი უჰურ ჯებეჯი თავის სტატიაში შემდეგს წერს -აზერბაიჯანიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში შეფრენისთანავე, 7 333 მ სიმაღლეზე ფრენისას, „ჰერკულესის“ მეოთხე ძრავამ მოულოდნელად მუშაობა შეწყვიტა, თუმცა მისმა ხრახნმა გააგრძელა დიდი სისწრაფით ბრუნვა, რის შემდეგაც თვითმფრინავი სწრაფად ავიდა კიდევ 500 მ-ზე, მფრინავებმა ვერ შეძლეს საფრენი აპარატის დამორჩილება და ამ დროს მწყობრიდან გამოვიდა მეორე ძრავაც, ფრთის სხვა კონსოლზე - მასში ზეთის წნევა დაეცა, ხრახნი დიდი სისწრაფით ბრუნავდა, მოტყდა და გადაჭრა მფრინავების კაბინა, რომელიც მოსცილდა ფიუზელაჟს, ძრავის სხვა ნაწილებმა კი თვითმფრინავის კუდის ნაწილი დააზიანეს, რამაც, საერთო ჯამში, „ჰერკულესის“ ჰაერში გადატრიალება და ფრაგმენტებად დაშლა გამოიწვია. მთელი ეს პროცესი რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა, რის გამოც ეკიპაჟმა ვერ მოასწრო განგაშის სიგნალის გადაცემა რადიოთი...
ავიაკატასტროფის მიმდინარეობის ასეთი დეტალიზაცია უკვე იმაზე მიუთითებს, რომ „შავი ყუთების“ გაშიფვრის შედეგად, თურქმა სპეციალისტებმა მიაგნეს ტრაგედიის გამოწვევის ყველაზე რეალურ მიზეზს და დაახლოებით იგივე იქნება ნათქვამი რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ დასკვნაშიც.
სხვათა შორის, ვერსია, რომ ძრავის დაზიანებულ და დიდი სიჩქარით მბრუნავ ხრახნს შეიძლება კარაქივით გადაეჭრა თვითმფრინავის ფიუზელაჟი და გამოეწვია თურქული „ჰერკულესის“ ჯერ კიდევ ჰაერში ფრაგმენტებად დაშლა, ჩვენც გვქონდა 16 ნოემბრის „კვირის პალიტრის“ სტატიაში - „პირველი „ჰერკულესი“ სომხეთში ჩამოაგდეს, მეორე აზერბაიჯანში, მესამე კი საქართველოში დაეცა...“, სადაც ვწერდით - „...მესამე - 2017 წლის 10 ივლისს აშშ-ის მისისიპის შტატში საზღვაო ქვეითთა კორპუსის კუთვნილი „საჰაერო ტანკერი“ KC-130T Hercules-ი ჩამოვარდა და მის ბორტზე მყოფი 16-ივე ადამიანი დაიღუპა.ამ კატასტროფის გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი ჰაერშივე დაშლილა, რადგან ოთხი ტურბოხრახნიანი ძრავიდან ერთ-ერთ ძრავას მოსძვრა კოროზირებული და დიდი სისწრაფით მბრუნავი ხრახნი, რომელმაც კარაქივით გაჭრა „ჰერკულესის“ ფიუზელაჟი და, საბოლოო ჯამში, გამოიწვია მისი ჰაერშივე ნაწილებად დაშლა. იმის გამო, რომ თურქული „ჰერკულესიც“ ფრაგმენტებად დაეცა, არის ვერსია, რომ მისისიპის კატასტროფა კახეთის თავზეც ხომ არ გამეორდა, „ჰერკულესზე“ ძრავის ხრახნის მოწყვეტის სახით...“
უბრალოდ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ როგორ გამოვიდა თითქმის ერთდროულად მწყობრიდან „ჰერკულესის“ ოთხიდან ორი ძრავი, რისი ალბათობაც მიზერულია, რადგან ეს ძრავები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ და მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ... საავიაციო საწვავი და საავიაციო ზეთი ანუ თუკი აფრენის წინ თურქულ „ჰერკულესში“ ჩასხმული იქნა არაკონდიცირებული საავიაციო ნავთი, მაგალითად წყალშერეული, რომელიც თვითმფრინავის სიმაღლეზე ასვლის დროს გაიყინა და გადაკეტა ძრავების მომარაგება საწვავით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ოთხიდან ორი ძრავის თითქმის ერთდროული გაჩერება, ხოლო საჰაერო ხრახნების ლოპოტების („ჰერკულესის“ თითოეულ ტურბოხრახნიან ძრავაზე ხრახნს ოთხი ლოპოტი უყენია) ფლიუგერირება ვერ მოხერხდა, ხრახნი ავტოროტაციის, უმართავ რეჟიმში გადავიდა, ჰაერის შემხვედრი ნაკადის დაბერვით გაიზარდა მისი ბრუნვის სიჩქარე, რასაც ვერ გაუძლო ხრახნის კონსტრუქციამ და ერთი ლოპოტი მოტყდა, რომელიც ცენტრიდანული აჩქარების ძალამ სწორედ ფიუზელაჟისკენ გასტყორცნა და მანაც გადაჭრა ფიუზელაჟი ისე, რომ პილოტების კაბინა მოკვეთა...