გამოცხვება თუ არა ბოლოს და ბოლოს "ფერმერის კვერი" - კვირის პალიტრა

გამოცხვება თუ არა ბოლოს და ბოლოს "ფერმერის კვერი"

ბიზნესგაზაფხული სოფლის მეურნეობისთვის?!

სოფლის მეურნეობა ყოველთვის წარმოადგენდა საყრდენს საქართველოს ეკონომიკისთვის. მართალია, ახალ დროებას თანდათან და გარდაუვალად მოჰქონდა ეკონომიკის სხვა დარგებში დაწინაურების აუცილებლობაც, მაგრამ ამ მხრივ დიდი წარმატებებით ქვეყანა დღემდე ვერ დაიკვეხნის. ამასობაში კი საქართველოში სოფლის მეურნეობის უკანსვლა თვალში საცემი გახდა. მოსახლეობის ნახევარი ეროვნული პროდუქტის მეათედსაც ვერ აწარმოებს, მეტიც - საკუთარი თავის რჩენაც კი უჭირს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პოლიტიკური კონკურენციის მიზეზით, უეცრად გაჩაღდა შეჯიბრება, ვინ არის საუკეთესო სოფლის მეურნეობის ამღორძინებელი. საინტერესოა, რომ თუ ერთი მხარე ყოველთვის ხაზს უსვამდა სოფლის მეურნეობის მნიშვნელობას, მეორე, სახელისუფლებო მხარეს წლების განმავლობაში ეს დარგი ლამის რაღაც თავის მომაბეზრებელ დანამატად მიაჩნდა, რომელიც უფრო სოციალური მოსაზრებებით თუ იყო ყურადღების ღირსი.

დღეს სოფლის მეურნეობას თითქოს შესაშური პერსპექტივა აქვს - ვინც არ უნდა გახდეს "დიდი მესვეური", ყველას დადებული აქვს დარგზე განსაკუთრებული მზრუნველობის პირობა. თუმცა ერთია მოსახლეობის გულის მოსაგები მოკლევადიანი პიარღონისძიებები და სულ სხვაა სოფლის მეურნეობის კონკურენტულ დარგად გადაქცევა. ამისთვის რაც საჭირო გახდება - სუბსიდირება, იაფი სესხები თუ სხვა ზომები, ყველაფერი უნდა გაკეთდეს - საქართველოსთვის ამ სფეროს მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია. ასევე, ალბათ არც შიშველი პროტექციონიზმი ივარგებს და არც საქართველოს ბაზრის სრულიად დაუცველად მოღიავება. გვესაუბრება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე:

- სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი დარგია. სხვათა შორის, 1733 წელს საქართველოში ჩამოსულმა ინგლისელმა კოლონისტებმა თავიანთი ქვეყნის მესვეურებს შეატყობინეს - ეს არის ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი პერსპექტივებია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისო. რამდენიმე ციფრი ვნახოთ. სასოფლო-სამეურნეო აღწერა თითქმის ყველა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც ეწყობა. ბოლოს ასეთი აღწერა 2004 წელს გაიმართა. მაშინ ქვეყანაში 48 ათასამდე ფერმერული მეურნეობა აღირიცხა, დღეს კი ეს რიცხვი ძალიან არის შემცირებული. სწორედ ამის შედეგია, რომ სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 8,4%-ია (2010 წლის მონაცემებით), მაშინ როცა ამ დარგში მოსახლეობის ნახევარია დასაქმებული. ბოლო წლებში სულ უფრო მცირდებოდა ნათესების ფართობებიც. თუ 2002 წელს 570 ათასი ჰექტარი დაითესა, 2011 წელს ნათესების ფართობი 300 ათას ჰექტარამდე ჩამოვიდა. მხოლოდ ეს რიცხვიც კი აშკარად მიუთითებს დიდ პრობლემებზე ჩვენს სოფლის მეურნეობაში. სხვათა შორის, ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ პური შეიძლება გაძვირდეს, არადა, საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობები 2002 წლის შემდეგ სამჯერ შემცირდა.

- ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისითაც წამგებიანი ვითარებაა...

- ექსპორტში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი შეადგენს მხოლოდ 3%-ს, აქედან ხილსა და ყურძენს 2,4% უჭირავს. ანუ ტრადიციული დარგები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო და არის საქართველოსთვის, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაშია. იმპორტული პროდუქციის წილი კი ქვეყნის ბაზარზე საკმაოდ მაღალია.

- ხშირად კამათობენ, სოფლის მეურნეობა კონკურენტულ გარემოში უნდა განვითარდეს, თუ ეს დარგი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს... ალბათ, ერთი მეორეს ხელს სულაც არ უშლის.

- კონკურენტული გარემოს შექმნა საბაზრო ეკონომიკის ამოსავალი პრინციპია, მაგრამ არის დარგები, სადაც სახელმწიფო განსაზღვრულ დათმობებზე უნდა წავიდეს. ეს ეხება სოფლის მეურნეობისაც. ვფიქრობ, საჭირო სვლები სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გადადგას.

კონკურენტულ გარემოს რაც შეეხება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ და ჩვენი საზღვრები სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქციისთვის გახსნილია, მაგალითად, თურქეთის პროდუქცია საკმაო რაოდენობით შემოდის ჩვენს ბაზარზე. ადგილობრივმა პროდუქციამ კონკურენციას რომ გაუძლოს, სახელმწიფომაც თავისი როლი უნდა ითამაშოს და აქ ორი მიმართულება უნდა გამოვკვეთოთ. პირველი - უნდა დაიწყოს სოფლის მეურნეობის დარგის სუბსიდირება, მით უმეტეს, ეს დარგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბუნებრივ პირობებთან. ფერმერები რომ დაცული იყვნენ, მათი დახმარება აუცილებელია. ბევრ ქვეყანაში მთავრობა საგანგებოდ ახდენს დარგის სუბსიდირებას, რათა ფერმერები დაზღვეული იყვნენ მათი საქმიანობის თანმხლები რისკებისგან.

- მეორე მიმართულება?

- სახელმწიფოს შეუძლია ეს გზაც ძალიან ეფექტიანად გამოიყენოს: ფერმერებს იაფი კრედიტების აღების საშუალება უნდა მივცეთ, ისე, რომ მათ საკმაო დრო ჰქონდეთ კრედიტის დასაბრუნებლად. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომარაგება. ფერმერი სულაც არ არის დაინტერესებული ტექნიკის შეძენით, რადგანაც ის საკმაოდ ძვირია და არც მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. ამიტომ მას უნდა ჰქონდეს საშუალება, საჭირო დროს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იჯარით აიღოს. სახელმწიფო ფინანსურად უნდა დაეხმაროს და შესაფერისი პირობები შეუქმნას სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ გასაღების ბაზრებზეც, ამ საკითხზეც უნდა იზრუნოს მთავრობამ და იმ ინსტიტუტებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დარგის განვითარებაზე.

- ბატონო თემურ, ყველამ ვიცით, რომ ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის წილი მცირეა, ამავე დროს უცხოური პროდუქციაში ბევრია უხარისხო, მაგრამ იაფი საქონელი. როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ვითარება?

- ეს პრობლემა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. მართლაც დგას ასეთი შეკითხვა - როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ ადგილობრივი წარმოების ინტერესები ისე, რომ კონკურენტული ბაზრის განვითარებასაც შეუწყოს ხელი? პირველ რიგში, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა უმჯობესია ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის, რა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენმა პროდუქციამ კონკურენცია გაუწიოს უცხო ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქტს - როგორც ხარისხით, ასევე ფასითა და მოცულობით. საქართველო პატარა ქვეყანაა და ვერ აწარმოებს იმდენ სურსათს, რომ ამ მხრივ სხვა, დაწინაურებულ ქვეყნებს შეეჯიბროს, მაგრამ ფასისა და ხარისხის მიხედვით მართლაც შეგვიძლია კონკურენტუნარიანი ვიყოთ - არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია, ოღონდ გონივრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)