ისტორიის გაკვეთილები: სისხლიანი 12 ნოემბერი პარიზში - როგორ უნდა დამარცხდეს "ურჩხული", რომელიც მოუშორებელი ჭირი გახდა - კვირის პალიტრა

ისტორიის გაკვეთილები: სისხლიანი 12 ნოემბერი პარიზში - როგორ უნდა დამარცხდეს "ურჩხული", რომელიც მოუშორებელი ჭირი გახდა

2015 წლის 13 ნოემბერს, პარასკევს, გვიან საღამოს (ადგილობრივი დროით 21:05 სთ),

საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების სამმა ჯგუფმა პარიზში მდებარე საზოგადოებრივი თავშეყრის ექვს ლოკაციაზე თითქმის ერთდროულად განხორციელეს კოორდინირებული თავდასხმები.

teroristebis-tavdasxmebis-ruka-1763465765.png

ტერორისტების თავდასხმების რუკა

ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმ გარემოების დადგენას, რომ თავდასხმის ობიექტები საგულდაგულოდ იყო შერჩეული იმ მიზნით, რომ მსხვერპლი რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო. თავად განსაჯეთ: იმ საღამოს „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე ერთმანეთს საფეხბურთო ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს ხვდებოდნენ საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული ნაკრები გუნდები. სტადიონზე თითქმის 80 000 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, შესაბამისად: ლორან ფაბიუსი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომლებმაც ტრიბუნებზე შეღწევა ვერ შეძლეს, „შაჰიდის ქამრით“ თავი „სტად დე ფრანსის“ სტადიონის სხვადასხვა შესასვლელთან ახლოს აიფეთქეს. ამ დროს, ტერორისტების გარდა, დაიღუპა ერთი და დაიჭრა 50 ადამიანი.

shahidis-kamari-1763465843.jpg

„შაჰიდის ქამარი“

ტერორისტების მეორე ჯგუფი, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, თავს ესხოდა კაფეებსა და რესტორნებს, აღმოსავლეთ პარიზის რაიონში. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ავტომატ „კალაშნიკოვის“ იუგოსლავიური ვერსიით – Zastava M70 და „ალაჰ აკბარ“ შეძახილებით ცეცხლს უხსნიდნენ ქუჩაში და ბარ-რესტორნების ღია ტერასებზე მყოფ ხალხს, შემდეგ კი თავს იფეთქებდნენ. ამ დროს დაიღუპა 39 ადამიანი.

zastava-m70ab2-1763465864.png

Zastava M70AB2

ტერორისტების მესამე ჯგუფი თავს დაესხა „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზს, სადაც ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა და მაყურებლებს ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნა. საკონცერტო დარბაზში ტერორისტებმა 91 ადამიანი მოკლეს. ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, ორი კი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. 2015 წლის 13 ნოემბრის ტერაქტის შედეგად 130 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხასამდე - მძიმედ დაიჭრა. გარდა ამისა, თავდასხმების დროს დაიღუპა შვიდი ტერორისტი: ნაწილი „შაჰიდის ქამრის“ აფეთქების, ნაწილი კი - პოლიციასთან შეტაკების დროს. სამი ტერორისტი ლიკვიდირებული იქნა 2015 წლის 18 ნოემბერს. ტერაქტების მთავარმა ორგანიზატორმა სალაჰ აბდესლამმა ბოლო მომენტში თავი არ აიფეთქა და ბელგიაში მიიმალა, თუმცა 2016 წლის 18 მარტს ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა და ერთი თვის შემდეგ საფრანგეთში იყო ექსტრადირებული. 2022 წლის 29 ივნისს პარიზის სასამართლომ სალაჰ აბდესლამს სამუდამო პატიმრობა (შეწყალების უფლების გარეშე) მიუსაჯა.

salah-abdeslami-1763465881.jpg

სალაჰ აბდესლამი

„პარიზის ტერაქტმა“ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ საგანგაშო და დასაფიქრებელი მართლაც ბევრია: სპეცსამსახურებსა და ტერორისტებს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა და გადამწყვეტი ის ფაქტორი იქნება, თუ რა ადეკვატურ და სწრაფ პასუხს მოძებნიან სპეცსამსახურები. საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სირთულეები მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზებითაა გამოწვეული. ჯერ მთავარ ობიექტურ გარემოებაზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ტერაქტების ჩატარება ძალზე ხელმისაწვდომი და უფრო მარტივი გახდა. დღეს ტერორისტები თავდასხმისთვის იყენებენ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას: ცივ იარაღს, ავტომობილს, უმარტივეს ასაფეთქებელ მოწყობილობას და ა.შ.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, მსოფლიოში ჯერჯერობით ყველაზე დიდი, "11 სექტემბრის" ტერაქტი "ალ-ქაიდას" სულ რაღაც 500 000 დოლარი დაუჯდა. ხოლო რამდენი მიიღეს თვითმფრინავების გამტაცებელი თვითმკვლელი ტერორისტების ოჯახებმა, უცნობია. ამ დროს კი თითქმის 3000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო საერთო მატერიალურმა ზარალმა 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებამ უფრო გააიოლა და გაამარტივა ტერორისტების საქმიანობა. 2004 წელს მადრიდში მოწყობილი 13 ტერაქტი, რასაც 200 ადამიანი შეეწირა, 11 000 ევრო დაუჯდათ ტერორისტებს, ხოლო 2005 წლის ივლისში ლონდონში განხორციელებული ტერაქტის მოწყობისთვის, რომელმაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სულ რაღაც 300 ფუნტი დაიხარჯა. დიდი ბრიტანეთის "სქოთლანდ იარდის" გამომძიებლების ინფორმაციით, პაკისტანელი "თალიბების" მეთაურმა ბაითულა მეჰსუდმა პაკისტანის ოპოზიციის ლიდერის - ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში, რომელიც 2007 წლის 27 დეკემბერს განახორციელეს, სულ რაღაც 7 ათასი დოლარი გადაუხადა თვითმკვლელ-ტერორისტ ჩოდრი აბდულა მაჯიდს, რომელმაც თავი აიფეთქა ბენაზირ ბჰუტოს მიტინგის დროს. ტერაქტები, რომლებიც კარგად დაცული ტერიტორიებისა და შენობების ასაფეთქებლად იგეგმება, გაცილებით ძვირი ჯდება. 1998 წელს თბილისში, ამერიკის ძველი საელჩოს წინ ვეებერთელა კედელი აღმართეს და საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. ეს ღონისძიება კენიასა და ტანზანიაში რამდენიმე კვირით ადრე (1998 წლის 7 აგვისტოს) აშშ-ის საელჩოების აფეთქებების გამოძახილი იყო. მაშინ აფრიკის ამ ორ ქვეყანაში მოწყობილი ტერაქტები "ალ-ქაიდას" 50 000 დოლარი დაუჯდა. შედეგად კი გარდაიცვალა 224 და დაიჭრა 4000-ზე მეტი ადამიანი.

ashs-is-saelcho-nairobshi-1763465895.jpg

აშშ-ის საელჩო ნაირობში (კენია) აფეთქების შემდეგ.

ისრაელის საგარეო დაზვერვის - "მოსადის" ინფორმაციით, პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" ისრაელში ტერაქტის მოწყობა 3500-5000 დოლარამდე უჯდება. დღეს უმარტივესი "შაჰიდის ქამრის" დამზადების ღირებულება 80-90 დოლარს არ აღემატება, ამას სხვა "ორგანიზაციული" ხარჯებიც (მაგ. ყვავილების თაიგული ან ტორტი, რომელიც თვითმკვლელმა მსხვერპლს უნდა მიართვას) ემატება და, საერთო ჯამში, 110-130 დოლარია "საკმარისი" ათეულობით უდანაშაულო ადამიანის იმქვეყნად გასასტუმრებლად. სამწუხაროდ, ტერორიზმთან ბრძოლის მომავალი 10-20 წლის პროგნოზი ძალზე პესიმისტურია. არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ უზარმაზარი ფინანსური რესურსები საშუალებას მისცემს ტერორისტებს, გამოიყენონ უახლესი სამხედრო ტექნიკა და ტექნოლოგიები, კომუნიკაციისა და ინფრასტრუქტურის ბოლო მიღწევები. უფრო დაიხვეწება მათი ორგანიზაციული ფორმა და სტრუქტურა. მომავალში პოტენციური საფრთხე ტერორისტების მიერ იმდენად ჩვეულებრივი იარაღის გამოყენება კი არა, არამედ - გაცილებით შეუმჩნეველი და კომპაქტური - ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება და კიბერტერორიზმი შეიძლება გახდეს. ამავე დროს, რომელიმე ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნის სათავეში რელიგიური ფანატიკოსების მოსვლის შემთხვევაში, არაა გამორიცხული სახელმწიფო ტერორიზმის განვითარება, რაც გაცილებით მძიმე შედეგებს მოიტანს, ვიდრე - რელიგიური და კიბერტერორიზმი.

კარგად ორგანიზებულ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მიღწევა მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით ილუზია და დროებითი მოვლენაა. საბოლოო და სამუდამო მშვიდობის დამყარება მხოლოდ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და პრევენციული ანტიტერორისტული და ანტისეპარატისტული ღონისძიებების (მათ შორის, უპირველესად, სპეცსამსახურების შესაძლებლობების სრულად გამოყენების) გზითაა შესაძლებელი.

(დასასრული)