ღიმილის დასაბრუნებლად - კვირის პალიტრა

ღიმილის დასაბრუნებლად

ბულგარელების ოპტიმიზმი საქართველოსთან მატჩის წინ

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს სოფიაში გამართავს. წლების განმავლობაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონთან უსიამოვნო მოგონებები გვაკავშირებდა - 2022 წლამდე, ბულგარეთის დედაქალაქში გამართული ოთხი მატჩიდან, ყველა წავაგეთ, უმეტესობა დიდი სხვაობით (0:2, 2:6, 2:6, 1:4) და ჯამურად... 18 (!) ბურთი გავუშვით.

ბოლო შეხვედრებში, მდგომარეობა საგრძნობლად გამოვასწორეთ და დღესაც ფავორიტები ვართ, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით, ეს შეხვედრა აღარაფერს წყვეტს. მეორე საკითხია პრესტიჟი და სეზონის კარგ ხასიათზე დასრულების სურვილი - ორივე გუნდის მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის. ქვეჯგუფში ერთადერთი გამარჯვება (3:0), სანიოლის გუნდს სწორედ ბულგარელებთან აქვს, ჩვენი მეტოქე კი ქულის გარეშეა და ხუთ შეხვედრაში ერთადერთი ბურთი გაიტანა (გაშვებული 18 გოლის საპირისპიროდ).

d95e4a3a-c2d7-4703-b992-15a6b1013ad2-1763470748.jpg

ჩვენი ნაკრების მსგავსად, ბულგარელებსაც მძიმე პერიოდი უდგათ და ადგილობრივი მედია იმედოვნებს, რომ ხასიათს ამაღამ გამოისწორებენ: "თეორიულად, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, ქართველები ხუთი ბურთის სხვაობით დავამარცხოთ და უკან მოვიტოვოთ, მაგრამ... მოდით, რეალისტები ვიყოთ, - წერს ადგილობრივი გამოცემა. ჩვენს ნაკრებს რთული წელი გამოუვიდა, მაგრამ იმედია, სიტუაცია გაისად მაინც შეიცვლება და ვნახავთ ისეთ პოზიტიურ თამაშს, რომლის მომსწრენიც შაბათს თურქეთთან (0:2) ნახევარი საათის განმავლობაში ვიყავით. ბურსაში ბულგარეთმა მეორე ტაიმში ფეხბურთი ითამაშა და პოზიტიური ცვლილებების გვჯერა. დროა, ღიმილი და ოპტიმიზმი დავიბრუნოთ და საქართველოსთან მატჩი ამისთვის საუკეთესო შანსია!" - იმედიანად არიან ბულგარულ პრესაში.

ამის მიუხედავად, ადგილობრივმა კოლეგებმა თვითონ გვითხრეს, რომ დღევანდელ მატჩში ანშლაგი არ იქნება - ამის მიზეზი ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგები, სატურნირო მდგომარეობა და სანაკრებო ფეხბურთის პოპულარობის კლებაა. მეტოქის ფაქტორის (იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩამოსვლას საკმაო ჟიოტაჟი მოჰყვა, საქართველოს ნაკრები გრანდი ნამდვილად არაა) გარდა, დიდი ალბათობით, ამას ამინდის ფაქტორიც დაემატება (სოფიაში დილიდან წვიმს) და ძნელი სავარაუდოა, 43 000-იანი "ვასილ ლევსკის" ტრიბუნები თუნდაც სანახევროდ შეივსოს... ღიმილის დაბრუნება საქართველოს ნაკრებსაც ძალიან სჭირდება.

ვილი სანიოლის გუნდი ვერც შედეგებით გვახარებს და ვერც - თამაშით. ფრანგი მწვრთნელიც აღიარებს, რომ შეგირდების თვალებში ძველებურ მუხტს ვეღარ ხედავს (ოღონდ, ის ერთხელაც არ უხსენებია - ეს მწვრთნელის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა რომ არის!), მაგრამ ქომაგებისა და მედიის წარმომადგენლების უმეტესობისგან განსხვებით, სულაც არ მიაჩნია, რომ რამდენიმე ვეტერანის მსგავსად, ნაკრებში თავადაც "ამოწურა თავი". აი, რა გვითხრა სანიოლმა "ვასილ ლევსკის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში (სოფიაში ეროვნული ნაკრებთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციისა და საქარათველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოვედით). ვილი სანიოლი: : “შესაძლოა, სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტი არ არის, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ოფიციალური მატჩია და მოგება გვინდა. თუმცა გამარჯვებისთვის კარგი პერფორმანსია საჭირო. გვინდა, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში სულ უფრო და უფრო უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. არამხოლოდ საქართველოში, ფეხბურთს ხან სიხარული მოაქვს, ხანაც იმედგაცრუება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი საუკეთესო ვაჩვენოთ.

73f11385-3f02-4e19-924d-dd49e95d2874-1763470713.jpg

...ახალი მოთამაშეების საქმეში ნახვა ყოველთვის საინტერესოა და საჭირო. ბევრი ახალი გამოვცადეთ, ყველას არ ეძლევა ხოლმე თამაშის შესაძლებლობა, მაგრამ ნაკრებთან ერთად ყოფნა, ბიჭებთან ერთად ვარჯიში ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ბერიაშვილიც კარგად შეეწყობა გუნდს. ოფიციალურ მატჩებში ექსპერიმენტებს ვერიდებით და იქნება შედარებით გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ერთგვარი მიქსი.” ...ეჰ, ბატონო ვილი, ექსპერიმენტებს თურქეთთან და ესპანეთთან მატჩებში უნდა მორიდებოდით, თორემ ახალი მოთამაშეებისა თუ ტაქტიკის გამოსაცდელად, სწორედ ბულგარეთის "კალიბრის" მეტოქეა ზედგამოჭრილი...

"ღიმილის დაბრუნება" კი ჩვენს ნაკრებსა და მის ქომაგებსაც ძალიან სჭირდებათ. ფრანგი მწვრთნელის დაპირებას კი - მარტში უკეთესი გუნდი ვიქნებით, სექტემბერში - კიდევ უფრო კარგიო, სერიოზული გამოცდა ელის... იქამდე კი ბულგარეთთან მატჩია. თბილისის დროით 23:45 საათზე.

რატი შელეგია, სპეციალურად საიტისთვის, სოფიადან