როგორ მოჰპარა რუსმა პილოტმა საქართველოს ახალთახალი სუ-25 და რატომ არ დაუბრუნა ის სომხეთმა თბილისს?! - კვირის პალიტრა

როგორ მოჰპარა რუსმა პილოტმა საქართველოს ახალთახალი სუ-25 და რატომ არ დაუბრუნა ის სომხეთმა თბილისს?!

გასულ კვირას გავრცელებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო რუს პილოტებს 3 მილიონს ჰპირდებოდა,­ რათა "კინჟალის" ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტით აღჭურვილი МиГ-31-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი მოეპარათ. "გატარებული ღონისძიებების შედეგად უკრაინისა და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების მიერ მასშტაბური პროვოკაციის ორგანიზების გეგმები ჩაიშალა, - ნათქვამია ეფ-ეს-ბეს განცხადებაში, - პროვოკაციის მოწყობის მიზნით МиГ-31 რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში მდებარე ნატოს საჰაერო ბაზისკენ უნდა გაფრენილიყო, რათა მისი საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩამოეგდო".

ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ძალაუნებურად გახსენდება საბრძოლო თვითმფრინავების გატაცების ანალოგიური შემთხვევები, რომლებიც წარმატებით დასრულდა და მათგან სამი საქართველოს უკავშირდება. საქართველოს სამხედრო აეროდრომებიდან საბჭოთა "მიგ"-ისა და ქართული "სუ"-ს გატაცებაზე თავის დროზე ჟურნალისტური გამოძიებები მაქვს ჩატარებული და ახლა მათ ნაწილს გავიხსენებთ.

"...1989 წლის 20 მაისს სენაკიდან (მაშინ ეს ქალაქი ცხაკაიად იყო "გადანათლული") საბჭოთა პილოტმა იმ დროისთვის უახლესი და საიდუმლო გამანადგურებელი თვითმფრინავი МиГ-29 თურქეთში, ტრაპიზონის აეროპორტში გაიტაცა. გამანადგურებელი თურქებმა საბჭოთა კავშირს მეორე დღესვე დაუბრუნეს, თუმცა მისი გამტაცებელი, პირველი კლასის სამხედრო მფრინავი, კაპიტანი ალექსანდრ ზუევი ამერიკელებს გადასცეს. ზუევმა აშშ-ში გამოუშვა წიგნი სათაურით "საყრდენი წერტილი: პილოტის გაქცევა საბჭოთა იმპერიიდან", რომლის წაკითხვის შემდეგ ჩვენთვის ძალიან საინტერესო დეტალები ირკვევა.

საბჭოთა პროპაგანდამ, რომელსაც შემდგომ უკვე რუსული მასმედიაც აგრძელებდა, ისეთი სურათი დახატა, რომ ხელმოცარულ კაპიტან ზუევს, რომელსაც სამხედრო-საჰაერო ძალებიდან გაგდებას უპირებდნენ, სხვა აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ეღალატა საბჭოთა სამშობლოსთვის და საიდუმლო გამანადგურებელი ამერიკელებისთვის "ფეშქაშად" ჩაეფრინა ნატოს წევრ თურქეთში. ზუევი არ უარყოფს, რომ გულს ურევდა საბჭოთა სისტემა და ყველა ღონეს ხმარობდა შეიარაღებული ძალებიდან წამოსასვლელად, მაგრამ მთავარი იმპულსი, რამაც МиГ-ის გატაცება გადააწყვეტინა... 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და მათი დახოცვა აღმოჩნდა.

"კინჟალჩამოკიდებული" რუსული МиГ-31-ის ხელში ჩაგდება უკრაინელი მზვერავების სანუკვარი ოცნებაა, თუმცა...

თავისი სახიფათო გეგმის შესასრულებლად მან საძილე აბები შეიძინა და ტორტში ჩადო, ტორტი კი ცხაკაიის აეროდრომზე ღამის მორიგე სამხედროებს შესთავაზა.

ზუევმა გადაჭრა ის სატელეფონო ხაზები, რომლებიც სამორიგეოს სამხედრო ნაწილთან აკავშირებდა და გააფუჭა საიარაღო ოთახის გისოსიანი კარის საკეტიც, რათა განგაშის გამოცხადების შემდეგ იარაღი ვერ აეღოთ. სამორიგეოში ტორტნაჭამ მორიგეებს უკვე ჩასძინებოდათ, მაგრამ თვითმფრინავებთან ყარაულმა ჯარისკაცმა კაპიტან ზუევს წინააღმდეგობა გაუწია, კაპიტანმა "მაკაროვის" გასროლით დაჭრა ჯარისკაცი, თუმცა პილოტმა "კალაშნიკოვის" ჯერის ერთი ტყვია მაინც "დაიჭირა". ზუევმა ცალი ხელით მაინც მოახერხა МиГ-ის ძრავების ამუშავება, ასაფრენ ბილიკზე გასვლა და აფრენა.

"9 აპრილს დაღუპულებისთვის შურის საძიებლად ცხაკაიის აეროდრომიდან აფრენისთანავე ჩემი გამანადგურებელი ვირაჟით შემოვატრიალე, საწვავის დამატებითი ავზი ისე ჩამოვაგდე, რომ ქართველების სახლებს ასცდენოდა და პირველი ესკადრილიის МиГ-ებს დაბალ სიმაღლეზე გადავუფრინე, ერთმანეთის გვერდით ჩაწყობილი 12 МиГ-29-ების დასაცხრილად 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხის გაშეტს თითი დავაჭირე... მაგრამ ქვემეხი დუმდა, მხოლოდ ტრაპიზონში დაჯდომის შემდეგ ვნახე, რომ ქვემეხის სროლის ბლოკირების მეორე ბერკეტი არ იყო გამორთული", - იხსენებს თავის წიგნში ზუევი.

"საბჭოთა МиГ-ების დაცხრილვა არ გამომივიდა, ცალ ხელში დაჭრილი ვიყავი და გონება შეიძლება ყოველ წუთს დამეკარგა. სასწრაფოდ უნდა გავცლოდი საბჭოთა საჰაერო სივრცეს, რისთვისაც რაც შეიძლება დაბალ სიმაღლეზე უნდა მეფრინა, რათა რადიოლოკატორებს არ აღმოვეჩინე და საზენიტო რაკეტები არ გამოეშვათ ჩემი МиГ-ის ჩამოსაგდებად, - იხსენებს ზუევი, - შავი ზღვის თავზე რამდენიმე წუთში გავედი და გეზი ტრაპიზონის სამოქალაქო აეროპორტისკენ ავიღე. მართალია, საქართველოს სანაპირო ზოლში დისლოცირებულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს დავუძვერი, მაგრამ ზღვაში მოდრეიფე საბჭოთა სამხედრო ხომალდებიდან გამოშვებული საზენიტო რაკეტების ლუკმა შეიძლება გავმხდარიყავი, არც მდევარ ცხაკაიის Миг-ებს ვივიწყებდი. МиГ-ის კაბინაში ხელსაწყოთა დაფაზეც რამდენჯერმე აინთო გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ ლოკატორები მეძებდნენ და ჩემს თვითმფრინავს ასხივებდნენ".

კაპიტანმა ზუევმა ტრაპიზონის აეროპორტში საიდუმლო საბჭოთა გამანადგურებელი დასვა, რაც თურქული მხარისთვის მოულოდნელი იყო - ნატოს ნაქებმა საჰაერო თავდაცვამ ვერ დააფიქსირა დაბალ სიმაღლეზე მფრენი რაკეტებიანი საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავის არათუ თურქეთის ცაში გამოჩენა, არამედ მის აეროპორტში დაჯდომა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც МиГ-29-დან გადმოსული დაჭრილი ზუევის თხოვნით აეროპორტის მორიგემ ანკარაში უფროსობასთან დარეკა, თურქული სპეცსამსახურები აფორიაქდნენ. გატაცებული МиГ-ი მეორე დღესვე დააბრუნეს ცხაკაიაში ისე, რომ თურქებმა ამერიკელი სპეციალისტები ახლოს არ გააკარეს იმდროინდელ მნიშვნელოვან საბჭოთა საიდუმლოს. სამაგიეროდ, ყოფილი საბჭოთა სამხედრო მფრინავი, კაპიტანი ალექსანდრ ზუევი, ამერიკელების განკარგულებაში აღმოჩნდა - მას ჯერ პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს, შემდეგ კი აშშ-ის მოქალაქეობა.

ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის რუსეთიდან მესამე რაიხამდე: რუსული „შაჰიდების“ ფრაგმენტების ძებნაში პოლონელებმა გერმანული „ფაუ“-ს ნარჩენები აღმოაჩინეს

"ჰერკულესის" ჯერ მეოთხე ძრავამ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მეორემ - ხრახნი მოტყდა და მფრინავების კაბინა გადაჭრა - ქართულ ცაში თურქული „ჰერკულესის“ კატასტროფის მიზეზი დაადგინეს?!

ყველაზე დიდი ავიაკატასტროფები საქართველოში - ჰაერში დამწვარი "იუნკერსიდან" "ჰერკულესის" ტრაგედიამდე

C-130 Hercules: თვითმფრინავი, რომელმაც 3730 ადამიანი შეიწირა - "ჰერკულესის" პირველი კატასტროფა 67 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მოხდა

1993 წლის 20 ნოემბერს კი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო ავიაციას მოჰპარეს ახალთახალი მოიერიშე Су-25.

იმ დღეს ცხენისწყლიდან კოპიტნარის აეროდრომს "ზვიადისტთა" შეიარაღებული რაზმები მიუახლოვდნენ და მათ იქ განთავსებული მოიერიშეები ხელში რომ არ ჩაეგდოთ, გაიცა ბრძანება რამდენიმე Су-25-ის თბილისში, საავიაციო ქარხნის აეროდრომზე სასწრაფოდ გადმოყვანის შესახებ.

რუსმა პილოტმა ჟიტნიკოვმა სთხოვა თავის ქართველ კოლეგას, დაეთმო ახალი მოიერიშე, რადგან ძველის კაბინაში თითქოს საათი არ მუშაობდა და არც მას ჰქონდა მაჯის საათი.…

თბილისისკენ ორი მოიერიშე გამოფრინდა - ერთი ძველი, ავღანეთის ომგამოვლილი, და მეორე ახალი, რომელსაც მხოლოდ ექვსი საათი თუ ჰქონდა ნაფრენი, მაგრამ თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომზე მხოლოდ ავღანეთგამოვლილი მოიერიშე დასვა ქართველმა პილოტმა, რუსი მფრინავის ახალთახალი ქართული მოიერიშე კი არსად ჩანდა. დიდი მიხვედრა აღარ სჭირდებოდა, რომ ქართულ არმიას საბრძოლო თვითმფრინავი მოჰპარეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კოპიტნარიდან აფრენილმა ჟიტნიკოვმა ისარგებლა თვითმფრინავების აფრენის უსაფრთხოებისთვის აღებული 8-10-წთ-იანი ინტერვალით და მოიერიშე დაბალ სიმაღლეზე გადაიყვანა, რათა რადიოლოკატორებს ვერ შეემჩნიათ, და ასე ჩააფრინა ქართული თვითმფრინავი სომხეთში, გიუმრის აეროდრომზე.

მოგვიანებით, 2000 წლისთვის, სომხეთში კონფერენციაზე ყოფნისას საშუალება მომეცა, სომხეთის თავდაცვის მინისტრისთვის მისივე კაბინეტში მეკითხა, თუ როდის დაგვიბრუნებდნენ ჩვენს მოიერიშეს, რაზეც ხუმრობანარევი, მაგრამ მწარე პასუხი მივიღე - რასაც თქვენ ვერ გაუფრთხილდით, ის უკვე ჩვენიაო.

ძალიან დიდი ალბათობით, ამ მოიერიშე თვითმფრინავის "გატაცება" 1993 წლის სამოქალაქო ომის დროს ერთგვარი "გათამაშება" გახლდათ და მაშინდელი საქართველოს სამხედრო მეთაურობაში ვიღაც-ვიღაცებმა ხელი კარგად მოითბეს.

წაიკითხე ვრცლად