ლეღვის ბაღის გაშენებას რა უნდა? - კვირის პალიტრა

ლეღვის ბაღის გაშენებას რა უნდა?

ზაზა და ნანა ლუაშვილები გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ცხოვრობენ, ჰყავთ ორი ვაჟი და ოთხი შვილიშვილი... ორი წელიწადია, ლეღვის ბაღი გააშენეს, რადგან იფიქრეს, რომ ეს უფრო ნაკლებ ძალისხმევასთან იქნებოდა დაკავშირებული.

ნანა ლუაშვილი გურჯაანიდან გვესაუბრა.

- სამი წლის წინ ლეღვის ბაღი გავაშენეთ. 50 ოჯახი ფუტკარიც გვყავს. ყოველწლიურად, სულ მცირე, 3 ტონა მზესუმზირა მოგვყავდა, ძალიან მძიმე შრომა გვიწევდა, რადგან იმხანად მიწა ტრაქტორით იხვნებოდა და მოსავალს ხელით ვიღებდით. ზაფხულში დილის 5 საათზე ვდგებოდით, ნაკვეთებში დილაადრიან რომ მივსულიყავით, რათა ზაფხულის მზეს არ დაესწრო ჩვენთვის. შუა სიცხეში 2-3 საათი შესვენება გვიწევდა და შემდგომ ისევ ვაგრძელებდით მუშაობას. ასე გრძელდებოდა ყოველდღე, სანამ მოსავალს არ ავიღებდით. არც მოსავლის აღება იყო მარტივი, რადგან მზესუმზირას თავთავს ხელით ვჭრიდით და ტომრებში ვყრიდით. სავსე ტომრები ბიჭებს ნაკვეთის ერთ ბოლოში გაჰქონდათ და დიდ ცელოფანზე შლიდნენ. როდესაც ვამთავრებდით მზესუმზირას მოჭრას, შემდეგ ვიწყებდით დაბეგვას, ამისთვის ჯოხებს ვიყენებდით. უკვე დაბეგვილ მზესუმზირას ისევ ტომრებში ვყრიდით და სახლში მოგვქონდა. შინ მიტანილს კვლავ დიდ ცელოფანის პარკებზე ვშლიდით და მზეზე ვაშრობდით. ყოველ საღამოს ვყრიდით ისევ ტომრებში, რომ არ დანესტიანებულიყო და დილით ისევ ვშლიდით.

3f7a90d9-7ecd-4ab2-a440-05e09b24731c-2-1763550942.jpg

- ასეთი მძიმე შრომის პარალელურად ფუტკარიც მოაშენეთ.

- დიახ, დავიწყეთ ერთი პატარა ოჯახით და შემდგომ ყოველწლიურად ვამატებდით. ასე ავედით 50 ოჯახზე. არც მათი მოვლაა იოლი. როდესაც გიწევს მათთვის წამლის მიცემა, რათა გაძლიერდნენ, სკას თავი უნდა მოხადო, ჩაიხედო, ჩარჩოებს ადგილი შეუცვალო, დააკვირდე მათ მუშაობას და თუ რამე რიგზე ვერ არის, დაეხმარო. მიუხედავად იმისა, რომ ფუტკართან სპეციალური ტანსაცმლით მივდიოდი, მაინც ახერხებდნენ ჩემს დაკბენას. რთულია თაფლის ამოღება და გამოწურვაც. თაფლს აგვისტოს დამდეგს ვიღებთ. სკებს თავი შუადღის პირზე უნდა მოეხადოს, რადგან ამ დროს ფუტკარი შედარებით მშვიდად არის. ფიჭას საგანგებო გამოსაწურ ჭურჭელში ვწურავთ, მას სადინარი აქვს, საიდანაც გამოწურული თაფლი ჭურჭელში ჩადის. ვინახავთ ფიჭიან თაფლსაც.

- ლეღვის ბაღის გაშენება რატომ გადაწყვიტეთ?

- ასაკის მატებასთან ერთად მე და ჩემმა მეუღლემ ვამჯობინეთ ისეთი საქმე დაგვეწყო, რაც ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ლეღვის ბაღის გაშენება. 80 მეასედი მიწის ნაკვეთი გვქონდა და დავიწყეთ მისი ტრაქტორით დამუშავება. ბაღის გაშენებაში მეგობრები ლეღვის ნერგებით დაგვეხმარნენ.

პირველ წელს გვალვიან ამინდებში ნერგების მორწყვა და ბალახის გათიბვა როგორც ხელით, ასევე სათიბით გვიწევდა. მეორე წელს ორჯერ გავშალეთ სასუქი ძირების გასაძლიერებლად და ნერგებმაც ნიშანი მოგვცა - ნაყოფი გამოიღო. ლეღვი წელიწადში ორჯერ იძლევა ნაყოფს. წლეულს მესამე წელიწადია და შედარებით უკეთესი მოსავალი გვქონდა. ლეღვი რაც უფრო დიდი ხნის არის, მით უფრო კარგ და მეტ მოსავალს იძლევა. 300 ძირი `გუდა~ ლეღვი დავრგეთ. კრეფა დილის 5 საათიდან იწყება, რადგან როდესაც მზე აცხუნებს, ლეღვის ფოთოლი მეტად ისუსხება, რძე გამოსდის და კანს წვავს.

პირველი 2 წელიწადი რთული პერიოდია ლეღვის მოყვანისთვის, სანამ ძირები გამაგრდება, შემდგომ კი მხოლოდ სასუქი, გასხვლა და თიბვა სჭირდება.

- ლეღვის რეალიზაციაზე რას იტყვით?

- ადგილობრივი ვაჭრები იბარებენ. წინა წლებთან შედარებით წლეულს შედარებით იაფი იყო - 1,5-2 ლარად მიჰქონდათ.

რადგან ჩემი ლეღვები ჯერ პატარაა, 2 ტონამდე მოვიდა მოსავალი. მურაბას მხოლოდ ოჯახისთვის ვხარშავ. ლეღვის ჩაბარების დროს გადავარჩევთ ხოლმე და მწიფე ლეღვისგან ჩირებს სარეალიზაციოდ ვამზადებ, რომ შემოდგომაზე გავყიდო. თუმცა შრომასთან შედარებით ნამდვილად იაფია, წლეულს, მაგალითად, ჩირი 7-8 ლარი ღირს.

- სხვა მცენარეებიც გაქვთ გაშენებული?

- ლეღვებში გვაქვს 50 ძირი თხილი. 2 წელიწადია, რაც ნაყოფს იძლევა. წლეულს 150 კგ თხილი დავკრიფე, კილოგრამის ფასი 5-6 ლარი იყო.

სანერგე არა მაქვს, მაგრამ სარეალიზაციოდ ყვავილებს ვამრავლებ. ინტერნეტის საშუალებით ვყიდულობ, ვამრავლებ, ვყიდი და ისევ ვყიდულობ იმ სახეობის ყვავილებს, რომლებიც არა მაქვს, ძირითადად, ჩრდილის მოყვარულ მცენარეებს.

- ამდენი გარჯის შემდეგ რას იტყვით, აქვს ამ ყველაფერს ფასი?

- სიმართლე გითხრათ, გარჯას მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობის გამო აქვს ფასი, რადგან ჰერბიციდების გარეშე მოყვანილი ბოსტნეულით ვიკვებებით, გლეხის შრომას კი არასდროს ჰქონია ფასი და, ალბათ, არც ექნება.