აურიკა კროიტორი: „ღვინო უნდა  იყოს მართალი...“ - კვირის პალიტრა

აურიკა კროიტორი: „ღვინო უნდა  იყოს მართალი...“

აურიკა კროიტორი ბოლო 10 წელიწადია, ღვინის ინდუსტრიაშია. ამჟამად ღვინის კომპანიის კომერციული დირექტორია, სადაც 2023 წლიდან მუშაობს, ხოლო 2015-დან 2021 წლის ჩათვლით სხვა ღვინის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.

"2015 წლიდან ჩემი ყოფილი უცხ­ო­ელი კოლეგისგან შეთავაზება მივიღე, ღვინის ბიზნესში მისი პროექტის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. მან საქართველოში დაფუძნება და ინვესტიციის გაკეთება ტურიზმისა და ღვინის ბიზნესში გადაწყვიტა. წინანდლის მიკროზონაში დავიწყეთ ღვინის წარმოება და სამშენებლო პროექტის განხორციელება. მთელ პროცესში ვიყავი ჩართული, პარალელურად, პირველი მოსავლის აღება-დამუშავებაში, ღვინის დაყენებაში... ყველაფერი მეხებოდა, მათ შორის, პროდუქტის შეფუთვა. მერე ბაზარზეც გავიტანეთ".

- ღვინოსთან ეს თქვენი პირველი შეხება იყო?

აურიკა კროიტორი:

- დედით მოლდოველი ვარ. ბაბუაჩემი მოლდოვაში ღვინოს თავისთვის აწარმოებდა. ვენახებში არაერთი დღე მაქვს გატარებული. ტრადიციაც გვქონდა, მთელი ოჯახი სხვადასხვა ქვეყნიდან ოქტომბერში მოლდოვაში ვბრუნდებოდით, ვკრეფდით ყურძენს. შრომობდა ყველა - ბებია, ბაბუა, შვილები, რძლები, სიძეები და შვილიშვილები. ძალიან საინტერესო და სახალისო საქმე იყო.

მოლდოვა, როგორც საქართველო, ღვინის ქვეყანაა. ამიტომ ბაბუა მთელი ცხოვრება ვენახს უვლიდა. ტრადიციულად, ყველა ოჯახს თავისი დაყენებული ღვინო უნდა ჰქონოდა.

მახსოვს ბაბუას მარნის საოცარი სურნელი. ყურძენს ვენახიდან სახლში რომ მივიტანდით, ეზოში დიდი კასრი იდგა, ზემოდან პრესი ჰქონდა, რომელზეც დეიდები დგებოდნენ, მათ ქვემოდან კალათებით ყურძენს აწვდიდნენ, პრესში უყრიდნენ, რომელშიც ატარებდნენ და ყურძენი იწურებოდა... თუმცა, როცა მუშაობა დავიწყე, რომელიც უშუალოდ მეღვინეობას შეეხებოდა, ამაზე არც მიფიქრია.

ღვინოსთან ჩემს ადრეული წლების კავშირს რაც შეეხება, ისიცაა, რომ მეგრელი მამინაცვალი მყავდა, რომელიც ასევე ღვინოს აყენებდა. ასე რომ, ღვინო სულ იყო ჩვენს ოჯახში და ცოტ-ცოტას ვწრუპავდი ხოლმე. ნახევრად ტკბილი და ტკბილი გემოები მსიამოვნებდა.

957f82c0-d426-47a9-a234-f54427438e87-1763552409.jpg

- საერთოდ, მოლდოვური ღვინოები ტკბილია...

- კი და მეგონა, რომ ტკბილი და მოტკბო მოლდოვური გემოების ღვინო საუკეთესო იყო, მაგრამ როცა ამ საქმეში პროფესიულად ჩავერთე, გავიგე, როგორ კეთდება და ფასდება ღვინო. რა თვისებებს ექცევა ყურადღება, როგორ უნდა შესთავაზო მომხმარებელს, როგორ მოჰყვე ღვინის შესახებ ამბავს... ამასობაში ეს საქმე, პროდუქტი, რომელსაც დღეს მომხმარებელს ვთავაზობ, ძალიან შემიყვარდა. მომწონს მეღვინეებთან, მევენახეებთან ურთიერთობა, მათი საუბრების მოსმენა, თუ როგორ ჰყვებიან საკუთარ ღვინოსა და ვენახზე.

- ღვინის ინდუსტრიაში საქმიანობას ცოდნაც სჭირდება.

- პრაქტიკული ცოდნა საკმარისად მქონდა, მაგრამ მივხვდი, რომ ღვინის შესახებ მეტი აკადემიური ცოდნა მჭირდებოდა. ამიტომ ორი სპეციალური კურსი გავიარე. დღეს ჩემზე ბევრი ამბობს, რომ კარგი სპეციალისტი ვარ, ხოლო მე ვამბობ, რომ სპეციალისტი კი არა, მოყვარული ვარ.

- ღვინომ მაღალი შეფასება რომ დაიმსახუროს, როგორი უნდა იყოს?

- ღვინო უნდა იყოს მართალი, ნამდვილი, მაგრამ

თუ მეღვინე რამე "სხვას" აკეთებს და ღვინოს ნამდვილობას უკარგავს, მომხმარებელს არ უნდა დაუმალოს. საერთოდ, ამ სფეროში ბევრი რამ ნდობაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ ტყუილზე წარმატების აწყობა არ შეიძლება. როცა მართალი ხარ და ამაზე ლაპარაკობ, ეს იგრძნობა.

მოკლედ, მომწონს, მსიამოვნებს და მიხარია, როცა გამოგვდის გაყიდვა, გავრცელება, სხვა ხალხისთვის ქართულ ღვინის შეყვარება. სასიამოვნოა, როცა განათებულ სახეს ხედავ, როდესაც ღვინოზე ესაუბრები.

d473191f-544c-483a-92ac-9ab53ba0eea5-1763552410.jpg

- ფალსიფიცირებულ ღვინოზე რას იტყვით?

- ღვინო სერტიფიცირებას გადის და ვერც ადგილობრივ ბაზარზე და ვერც ექსპორტზე გავა ფალსიფიცირებული პროდუქტი. ყველაფერი კანონით რეგულირდება და შესაბამისი ორგანოები ამას ამოწმებენ.

საჭიროა სულ უფრო მეტმა ქვეყანამ გაიცნოს ქართული ღვინო, ცნობადობა გაიზარდოს. მეტ ბაზარზე რომ გავიდეთ, ამისთვის ათმაგად მეტი სამუშაოა.

ჩემი ბოლო გამოცდილებით ვიტყვი, რომ მეტი უნდა ჩაიდოს განათლებაში. ჩვენი მიკროზონების, ჯიშების, ტრადიციული ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიიღონ. ჩვენი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები არ ნიშნავს დაბალი ხარისხის ღვინოს. არადა, სტიგმაა შექმნილი, თუ ღვინო ნახევრად ტკბილია, ესე იგი, შაქარდამატებული და დაბალი ხარისხისაა. ჩვენთან არის ყურძნის ჯიშების სპეციალური მიკროზონები, რომლებიც ბუნებრივად გვაძლევს ასეთ ღვინოებს. ასეთი ადგილწარმოშობის ღვინოებია ხვანჭკარა, უსახელოური... უნდა ავუხსნათ, რომ ეს ბუნებრივი შაქრის შედეგია.

- ღვინის საერთაშორისო კონკურსებში ვიზიტები ხშირად გიწევთ?

- პირველად 2021 წლიდან, ჯერ კიდევ პანდემია მძვინვარებდა, შეთავაზება მივიღე გერმანიიდან, ერთ-ერთი კონკურსიდან Bერლინერ ჭინე თროპჰყ, მათი ჟიურის წევრი გავმხდარიყავი. ეს კონკურსი წელიწადში ორჯერ ტარდება. არის ზამთრისა და ზაფხულის დეგუსტაციები. მოკლედ, ბერლინში წელიწადში ორჯერ მიწევს ჩასვლა. 4-დან 8 დღემდე, ყოველდღიურად, ღვინის ფარული დეგუსტაცია მიმდინარეობს. ვსინჯავთ და ვწერთ ქულებს. დღეში 50-60 ღვინის გასინჯვა გვიწევს. ასევე ვმონაწილეობ ჟიურის წევრის სტატუსით კორეაში, იქ წელიწადში ერთხელ ჩავდივარ. ასევე მიწვევენ პორტუგალიაში, რუმინეთში. წლეულს მოლდოვაში მივდივარ, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ზოგი კონკურსი საერთაშორისოა, სხვადასხვა ქვეყნის ღვინოები ჩადის, რომელსაც ვსინჯავთ, მოლდოვაში კი მხოლოდ ადგილობრივი ღვინოებია, ისევე როგორც საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსზე ბევრ ღვინოს ვსინჯავთ, საშუალებას გვაძლევენ საღამოს კონკურსის მიღმაც გავსინჯოთ ღვინოები. ყველანაირ შესაძლებლობას ვიყენებ, იქ მყოფებს გავაცნო, გავასინჯო და შევაყვარო ქართული ღვინო. ამიტომ კონკურსებზე რამდენიმე ღვინის ბოთლი მიმაქვს, რის წაღებაც შემიძლია ჩურჩხელებთან ერთად.

d438ae83-bf83-4847-b016-76cf3ba3abe2-1763552410.jpg

- რას გვეტყვით ღვინით ხატვაზე, რომელიც ამასობაში დაგიწყიათ?

- როცა შეხვედრაზე ვარ, რაღაცების ჯღაბნა მომწონს... კონკურსებზე, როცა წითელ ღვინოს ვსინჯავთ, იქვე ხელსაწმენდები გვიდევს, რათა ჭიქა გავამშრალოთ ან დავწუროთ წვეთებისგან. ამ დროს ხელსაწმენდზე ლაქები ჩნდებოდა. მერე იმ ლაქებში რაღაც გამოსახულებებს, ფიგურებს ვხედავდი. ავიღებდი კალამს, რაღაცას მივახატავდი. ამ ნამუშევართან ჩემი მიხატული არ არის მთავარი, მთავარი ის ლაქაა, რომელიც შთაგონებას მაძლევს. ერთხელ ჩემ გვერდით იტალიელი აღმოჩნდა, მითხრა, ეს ნახატი მაჩუქე, ჩარჩოში ჩავსვამო. დაჯღაბნილია, რას ამბობ-მეთქი?! ეს ხელოვნებააო. მას შემდეგ ნახატების გაჩუქება წესად მექცა და ბევრი ელოდება, როდის დავპოსტავ დეგუსტაციიდან ნახატებს. ზოგი მთხოვს, სამახსოვროდ დავუხატო, ჩარჩოში ჩავსვამ და ოფისში დავკიდებო. ამასობაში მომწიფდა იდეა, რომ ამ ნახატებისგან ჩემი ღვინის ეტიკეტი შევქმნა. ეს არის შთაგონება და არა ხელოვნურად შექმნილი. ასე რომ, ყველაფერი წინ არის...