სავალდებულო მკურნალობა, როგორც ახალი სამართლებრივი მექანიზმი: 2025 წლის 16 აპრილის კანონის განმარტება - კვირის პალიტრა

სავალდებულო მკურნალობა, როგორც ახალი სამართლებრივი მექანიზმი: 2025 წლის 16 აპრილის კანონის განმარტება

საქართველოს სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკოდანაშაულებთან მიმართებაში წლების განმავლობაში მკაცრად დამსჯელობით მიდგომებს ემყარებოდა. 2025 წლის 16 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებებმა (კანონი №499) სისტემაში ახალი ინსტრუმენტი დანერგა. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მუხლები (79¹ - 79⁵), რომლებიც ითვალისწინებს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობას.

ეს ცვლილება მნიშვნელოვნად ცვლის როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის სტრატეგიებს. იმის გასარკვევად, თუ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში და რა ახალ სამართლებრივ შესაძლებლობებს აჩენს, ვესაუბრეთ სისხლის სამართლის ცნობილ ადვოკატს. ჩვენი სტუმარია საბა ხელაშვილი.

ბატონო საბა, 2025 წლის 16 აპრილის ცვლილებებით კოდექსს სავალდებულო მკურნალობის მუხლები დაემატა. რამდენად ცვლის ეს პრაქტიკულ მიდგომას ნარკოდამოკიდებულ პირთა მიმართ?

საბა ხელაშვილი: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი ცვლილება, რაც ამ მიმართულებით განხორციელებულა. აქამდე, სისტემა დამოკიდებულ პირს უყურებდა, პირველ რიგში, როგორც დამნაშავეს. ახალი რეგულაცია ცდილობს, გამიჯნოს დანაშაული და დაავადება.

კანონის 79² მუხლის მე-4 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ მკურნალობის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან ღირსების დამცირება. მიზნები სრულიად სხვაგვარადაა ფორმულირებული: ახალი დანაშაულის პრევენცია, საზოგადოების დაცვა და, რაც მთავარია – პირის განკურნება. ეს აღარ არის მხოლოდ დამსჯელობითი მიდგომა, არამედ მკურნალობაზე ორიენტირებული.

ვის შეიძლება შეეხოს ეს მექანიზმი? კანონი (მუხლი 79¹) ასახელებს ორ საფუძველს. რას ნიშნავს ეს დაცვის სტრატეგიისთვის?

საბა ხელაშვილი: ეს მექანიზმი ავტომატურად ყველას არ ეხება. სასამართლოს სჭირდება კონკრეტული საფუძველი. პირველი, თუ პირმა ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული (კოდექსის XXXIII თავი) და მეორე – თუ მას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, თუნდაც განაჩენის გამოტანამდე, დაუდგინდა დამოკიდებულების დიაგნოზი.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ დაცვის მხარეს გვიჩნდება ახალი ბერკეტი. თუ ვხედავთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად დაავადებულია და არა უბრალოდ დანაშაულის ჩამდენი, ჩვენი ამოცანა ხდება სასამართლოს დარწმუნება, რომ საქმე გვაქვს სამედიცინო პრობლემასთან. 79² მუხლი მოითხოვს ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის დასკვნას. შესაბამისად, დაცვის სტრატეგიის ნაწილი ხდება ამ კომისიისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება.

ყველაზე საინტერესო ნაწილი სასჯელთან კავშირია. პირი ციხეშიც მიდის და მკურნალობს კიდეც? თუ ეს მკურნალობა სასჯელს ანაცვლებს?

საბა ხელაშვილი: კანონი აქ რამდენიმე ვარიანტს ითვალისწინებს. 79² მუხლი ამბობს, რომ მკურნალობა (მაქსიმუმ 2 წლით) შეიძლება დაინიშნოს სასჯელთან ერთად, მაგრამ ასევე შეიძლება დაინიშნოს, როცა პირი სრულად თავისუფლდება სასჯელისგან ან სასჯელი პირობითად ჩაითვლება.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვისთვის 79⁴ მუხლია – დროის ჩათვლა. თუ სასამართლო პირს გაგზავნის სავალდებულო მკურნალობაზე სპეციალურ დაწესებულებაში, იქ გატარებული ერთი დღე უტოლდება თავისუფლების აღკვეთის (ციხის) ერთ დღეს ან შინაპატიმრობის ერთ დღეს.

ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი. ადვოკატს ეძლევა საშუალება, იბრძოლოს იმისთვის, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, ფაქტობრივად, სასჯელი მოიხადოს არა საპატიმროში, არამედ სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის სტრატეგიული შესაძლებლობა, რომელიც ცვლის არგუმენტაციას სასამართლოში.

და რა ხდება, თუ ადამიანს დაუნიშნეს 2-წლიანი მკურნალობა, მაგრამ ის 6 თვეში განიკურნა? რჩება ის დაწესებულებაში ამ ვადის ამოწურვამდე?

საბა ხელაშვილი: არა. ეს მექანიზმი ითვალისწინებს მდგომარეობის ცვლილებას. 79⁵ მუხლი აწესებს მკაცრ კონტროლს. პირს, რომელსაც სავალდებულო მკურნალობა დაენიშნა, ყოველ 3 თვეში ერთხელ ამოწმებს ექიმ-ნარკოლოგთა კომისია.

თუ ეს კომისია დაადგენს, რომ მკურნალობის გაგრძელება საჭირო აღარ არის (მაგალითად, პირი განიკურნა ან მისი მდგომარეობა ისე შეიცვალა), დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შეწყვიტოს მკურნალობა. ეს არის გარანტია იმისა, რომ თერაპიული ღონისძიება არ გადაიქცეს დამატებით სასჯელად.

შესაბამისად, თქვენი, როგორც ადვოკატის, როლი ამ პროცესში იცვლება...

საბა ხელაშვილი: დიახ, ცალსახად. ადრე დაცვის სტრატეგია ძირითადად მტკიცებულებებს ეყრდნობოდა – ჰქონდა თუ არ ჰქონდა, გასაღება იყო თუ პირადი მოხმარება. ახლა ამას ემატება სამედიცინო-იურიდიული კომპონენტი. ჩვენი ამოცანა ხდება იმის მტკიცება, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი არის პაციენტი და რომ მისთვის (და საზოგადოებისთვის) უკეთესია არა იზოლაცია, არამედ მკურნალობა. ეს კანონი გვაძლევს ლეგიტიმურ ინსტრუმენტს, ვიმუშაოთ არა მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებაზე, არამედ მის მკურნალობით ჩანაცვლებაზე.

NS