"რატომღაც ამდენი ხნის მანძილზე არ იყო დასჯილი ჩვენს საქმეზე ოქრუაშვილი. თუმცა ზურაბ ადეიშვილის გამართლება რომ მოხდებოდა, ნამდვილად არ მეგონა" - რას ამბობს ბუტა რობაქიძის დედა? - კვირის პალიტრა

"რატომღაც ამდენი ხნის მანძილზე არ იყო დასჯილი ჩვენს საქმეზე ოქრუაშვილი. თუმცა ზურაბ ადეიშვილის გამართლება რომ მოხდებოდა, ნამდვილად არ მეგონა" - რას ამბობს ბუტა რობაქიძის დედა?

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა. როგორც ცნობილია, ოქრუაშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი, ამ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ 2019 წლის ბოლოს აღიძრა საქმე.

„ირაკლი ოქრუაშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ. მიღებულია გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, 7-წლიანი სასჯელით. ირაკლი ოქრუაშვილს ედავებოდნენ შემდეგს: - 2004 წელს პატრულის თანამშრომელს იარაღი გაუვარდა და ბუტა რობაქიძე გარდაიცვალა. როგორც მაშინ ითქვა, რობაქიძის თანმხლებ პირებს იარაღი უპოვეს. შემდეგ იყო საუბარი, რომ მათ ეს იარაღი ჩაუდეს. პოლიციის მაშინდელმა მაღალჩინოსანმა, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა თემურ მიქაძემ, რომელიც დღეს გარდაცვლილია, ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. 2019 წელს, ერთ-ერთ ჩვენებაში, რის სანაცვლოდაც მან საპროცესო შეთანხმება მიიღო და ციხიდან გამოვიდა, თქვა, რომ შს მინისტრმა დაურეკა და უთხრა, რომ მიეცა ინტერვიუ, სადაც იტყოდა, რომ პატრულსა და ამ კონკრეტულ პირებს შორის შეტაკება მოხდა. მან თქვა, რომ რაკი მინისტრმა ასე უთხრა, ჩათვალა, რომ აღნიშნული პირებისთვის იარაღი უნდა ჩაედო. განაჩენი ასეთია, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა იარაღის ჩადება დაავალა, რაზეც თვითონ ამბობს, რომ აღიქვა, რომ ოქრუაშვილმა იარაღის ჩადება დაავალა. მანამდე აბსოლუტურად სხვა ჩვენებებს იძლეოდა. "მე ასე აღვიქვიზე" განაჩენის გამოტანა არ შეიძლება", - განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

დღევანდელი განაჩენის გამოცხადებას, პატიმრობაში მყოფი ოქრუაშვილი არ დასწრებია. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ის დაკავებულია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო და ივლისში 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია დღეს ტელევიზიით შეიტყო.

ია მეტრეველი:

- სამართალი ურმით მოდის, მაგრამ რაც მთავარია, მოდის. მე არ დავდიოდი ამ პროცესებზე. ცოცხალი რომ ვარ, ის არის გასაკვირი და მაგის თავი აღარ მქონდა. რატომღაც ამდენი ხნის მანძილზე არ იყო დასჯილი ჩვენს საქმეზე ოქრუაშვილი. თუმცა ზურაბ ადეიშვილის გამართლება რომ მოხდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ნამდვილად მეგონა, რომ იმასაც მიესჯებოდა აუცილებლად. ადეიშვილი იყო ერთ -ერთი მთავარი ფიგურა მაშინ, ის ასრულებდა უშუალოდ სააკაშვილის ბრძანებებს. ის წყვეტდა ყველაფერს, ის ავალებდა სტრუქტურებს როგორ უნდა ემოქმედათ. ბოროტების ერთ- ერთი მთავარი ფიგურა იყო ადეიშვილი. ნამდვილად მეგონა. რომ იმასაც მიესჯებოდა აუცილებლად.

ბუტას საქმეზე ბევრმა აგო პასუხი, ბევრი ღმერთისგანაც პასუხგაცემულია, უმეტესობა აღარ არის ცოცხალი. თუმცა, ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ კიდევ ამდენი წლები დაგვჭირდა ამ ყველაფრისთვის. ეს ყველაფერი მოიტანა, ვფიქრობ, თავს მოხვეულმა კოჰაბიტაციამ, რაც იყო გარედან დავალებული. არ აძლევდნენ ხელისუფლებას საშუალებას, რომ ემოქმედათ ისე, როგორც საჭირო იყო, მაგრამ დღეს უკვე ჩვენ, როგორც სახელმწიფო შევდექით ისე, რომ აღარ ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს, არავისი მონა აღარ ვართ. ფაქტობრივად მართლა ვართ თავისუფლები და უკვე ყველაფერს ეს ხელისუფლება პასუხს სცემს ისე, როგორც გვეკადრება და როგორც არის მართალი. იმედს ვიტოვებთ, რომ მართლაც ყველასთვის აღდგება სამართლიანობა და ყველა მიაღწევს სამართალს. ჯერ კიდევ ბოლომდე სამართალი ყველასთან არ არის მისული, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებულ ხალხს ვგულისხმობ. იმედი მაქვს, ახლა მაინც აღდგება ყველასთვის სამართალი. მართლაც ურმით მოდის სამართალი როგორც ჩანს. კიდევ ვინც უნდა აგოს ამ საქმეზე აუცილებლად პასუხი, ეს არის გურამ დონაძე. ეგ იყო შემსრულებელი, რეჟისორი იმის, რასაც ჩადიოდნენ. კარგად გახსოვთ ალბათ, როგორ იცინის და რაღაცას მიირთმევს, როდესაც აჭარიდან ჩამოსული, სრულიად უდანაშაულო ბავშვები, პირველად რომ იყვნენ თბილისში და ამოხოცეს. იქაც ბრძანდებოდა, სცენარის ავტორი ის იყო, ეგ უთითებდა სად რა იარაღი უნდა დაეწყოთ, როგორც ჩემი შვილის უბედურებაში, მთელი ეს არსენალი რომ მიატანინა. მოკლედ, ყველგან ეგ ფიგურირებს და ძალიან მინდა, რომ დონაძეც აუცილებლად იყოს დასჯილი. პროკურატურასაც მინდა მივაწვდინო ხმა, ზომები მიიღონ და მაგასაც მიხედონ. მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი.

- 23 წელი გავიდა ბუტას მკვლელობიდან, ალბათ მკვლელობაში მსჯავრდადებულმა უკვე მოიხადა სასჯელი.

- კი ბატონო, გამოსულია. აღარ ვკითხულობ, უკვე აღარ მაინტერესებს არაფერი იმდენად გამანადგურეს. როგორც გავიგე, წასულია მონასტერში. ღმერთმა ქნას, თუ მართლა ინანიებს, უფალმა იცის, ვის რა შეუნდოს და ვის, როგორ რა მოსთხოვოს. არ ვიცი მისი არსებობა საერთოდ, თავიდან ის არ აღიარებდა დანაშაულს და იძახდა, რომ მე მესროლა და მერე ვესროლეო. თავიდანვე რომ ეთქვა სიმართლე, უკეთესი იქნებოდა მისი სულის გადასარჩენად. მოკლედ, დანარჩენი უფალმა იცის. ნამდვილად არ ვიცი მასზე არაფერი, როგორ ყური მოვკარი, მგონი მონასტერში უნდა იყოს. კიდევ ვამბობ, ძალიან მინდა რომ დონაძეს და ადეიშვილსაც აგებინონ პასუხი. დონაძე არ უნდა დადიოდეს გარეთ, მაგას იმდენი ცოდვა აქეს. ამის კადრები აქვთ თვითონ და ძალიან ხშირად აჩვენებენ ტელევიზიითაც ამ კადრებს, სადაც ჩანს როგორ იცინის. იმ ყველა სხვა დანაშაულების დროსაც ეგ იყო ყველაფრის რეჟისორი, სადმე რამე რომ მოხდებოდა პირველი ეგ მიდიოდა. მაგისი რეჟისორი, ოპერატორი იყო ჩვენს საქმეში, მანაც დაადო პირდაპირ ხელი, ამხილა და თქვა როგორ აიძულებდა, ავალდებულებდა და შეშინებული ჰყავდა ყველა. ალბათ გახსოვთ ისიც, როგორ გაიხსნა ჩემი შვილის მკვლელობის საქმე. ერთ-ერთი, ვინც იყო ამ საქმეში, ბაქრაძე, ის გაქცეული იყო ქვეყნიდან, ჩამოვიდა და ყველაფერი დეტალურად თქვა. ამხილა ყველა. მე კიდევ ვეუბნები მადლობას მას, მან ფაქტობრივად გაახსნა ეს საქმე. როგორ ჩაუდეს ეგრეთწოდებული ლიმონკა, როგორ მოხდა იქ ყველაფერი, რა ქნეს, როგორ ქნეს, ეს ყველაფერი მან მოყვა დეტალურად და ფაქტობრივად სიმართლეს შუქი მოფინა. მე კიდევ ვამბობ, ჩემს საქმეზე ასე თუ ისე მაინც სამართალი აღსრულებული იყო, ნუ მაინც დრო მოუნდა, სადღაც ექვსი წელი, მაგრამ სხვა საქმეები არის კიდევ ბევრი დარჩენილი, იგივე კრიალაშვილის საქმე და ბევრი სხვა საქმე, რომელიც ბოლომდე არ არის ჯერ კიდევ მიყვანილი და სამართალი აღსრულებული. მაშინ ოქრუაშვილი მალევე გადაიყვანეს თავდაცვის სამინისტროში. მე მეგონა ოქრუაშვილი რაღაც სიმართლეს მაინც იტყოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ამბობდა, მე მალევე წავედიო, მაგრამ ბევრი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. მან ხელი გადააფარა დამნაშავე ბაშალეიშვილსაც, ის არც კი მოუხსნია სამსახურიდან. ერთ-ორ კვირაში თუ ერთ თვეში გადაიყვანეს თავდაცვაში და მაგით იმართლებდა მაშინ თავს, არანაირი გამართლება არა აქ მაგ საქმეში, იმიტომ რომ ეგ იყო მინისტრი და არავისთვის პასუხი არ მოუთხოვია. ბოდიში და ფეხებზე დაიკიდა ამხელა ტრაგედია დატრიალდა. ამხელა გაყალბება და უბედურება მოხდა. ის ბავშვები, ჩემი შვილის მეგობრები სასტიკად სცემეს. ციხეში ურტყამდნენ, ეუბნებოდნენ აღიარეთ, რომ იარაღი გქონდათო, პატარები იყვნენ, 19-20 წლისები, საშინელ წამებას, ყველაფერს გაუძლეს, როგორ ვაღიაროთ და ვთქვათ ტყუილიო, ბუტას როგორ დავაბრალოთო, ამ ცემას უნდა გავუძლოთო, არ თქვეს ის, რასაც აიძულებდნენ რომ ეთქვათ, რომ თითქოს ბუტას მართლა ჰქონდა იარაღი და მართლა ესროლა. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვით, სულ რომ დაგვხოცოთო, მაგ ტყუილს არ ვიტყვითო და გაუძლეს ამ ბავშვებმა ამხელა ზეწოლას. კი, ბატონო, შეიძლება, მაგას არ გაუცია ბრძანება რომ ესროლათ, მაგრამ ოქრუაშვილიც იმავენაირად დამნაშავეა, ეგ იყო მინისტრი და პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა მასზე ძალიან ბევრი იყო და არა მარტო მაგაზე. კიდევ ვიმეორებ ადეიშვილმაც უნდა აგოს ამ საქმეზე პასუხი. ადეიშვილმა, რომელიც უშუალოდ ავალებდა სტრუქტურებს რა როგორ გაეკეთებინათ. ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მაშინდელი ბოროტების, მაგის გარეშე არაფერი არ ხდებოდა, უთანხმდებოდა მიშა მაგას და ეგ მერე უკვე ბრძანებებს გასცემდა, სად რა უნდა ექნათ. ნამდვილად ძალიან არ მესიამოვნა, რომ გამართლდა ეს ვაჟბატონი ადეიშვილი. სჯობს გვიან. ვიდრე არასდროს! იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს. ასევე ვაჟბატონ დონაძეს, ყველა უბედურების "რეჟისორიც" იქნება მიხედილი.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)