ბრიტანელები პუტინს სადაზვერვო გემის დაკავებას გაუბედავენ? ვერ გაუბედავენ, ჩერჩილი ხომ მკვდარია... - კვირის პალიტრა

ბრიტანელები პუტინს სადაზვერვო გემის დაკავებას გაუბედავენ? ვერ გაუბედავენ, ჩერჩილი ხომ მკვდარია...

ალბიონიდან კრემლს მუქარა შეუთვალეს-„რუსული სადაზვერვო გემი Yantar-ი შოტლანდიის ჩრდილოეთით, ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების საზღვარზე იმყოფება. ეს გემი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და წყალქვეშა კაბელების რუკის შედგენის მიზნით არის შექმნილი.დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსული „გემის მოძრაობის დაკვირვების მიზნით სამეფო საზღვაო ძალების ფრეგატი და სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები გაგზავნა, რა დროსაც გემიდან მფრინავებისკენ ლაზერები მიმართეს.წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ეს გემი გაერთიანებული სამეფოს წყლებში იმყოფება. ამიტომ, რუსეთისთვის და პუტინისთვის ჩემი გზავნილი ასეთია: გაკვირდებით, ვიცით რასაც აკეთებთ და თუ Yantar-ი მიმდინარე კვირაში სამხრეთისკენ გადაადგილდება, მაშინ ჩვენ მზად ვართ“-დაიმუქრა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ...

კრემლში რუს ბოლშევიკებს ბრიტანელების მიმართ ისტორიულად განსაკუთრებული ანტაგონიზმი გააჩნდათ და კრემლის დღევანდელი ბინადარი-პუტინიც სწორედ ლონდონს თვლის ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ იმაში,რომ რუსეთმა დღემდე ვერ შეძლო მეზობელი უკრაინის სრული დაპყრობა-რომ არა დიდი ბრიტანეთის ოფიციალური სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებისადმი,კიევის ცენტრში დიდი ხანია რუსული სამფეროვანი დროშა იფრიალებდაო,მიაჩნიათ პუტინის გარემოცვაში...

iantarii-1763576091.jpg
ღრმაწყლოვანი წყალქვეშა აპარატი „რუსი“, რომლის ჩაშვება „იანტარს“ ოკეანის სიღრმეში 6 ათას მ-ზე შეუძლია...

ამიტომაც რუსული სადაზვერვო გემის „იანტარის“ დრეიფი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების ზოლზე სპეციალურადაა მოწყობილი,ოფიციალური ლონდონის გასაღიზიანებლად და მწყობრიდან გამოსაყვანად,იქნებ ბრიტანელები ლორდები შეცდნენ და ისეთი ნაბიჯი გადადგან,რასაც მოსკოვი თითზე დაიხვევსო-იმედი აქვთ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში...

არადა ამგვარი საზღვაო ინციდენტი ერთხელ უკვე ძალიან ძვირად დაუჯდა მთელ მსოფლიოს-1964 წლის 2 ტონკინის ყურეში,ჩრდილოეთ ვიეტნამის სანაპიროს სიახლოვეს შედგა საზღვაო ბრძოლა ჩრდილოვიეტნამელი კომუნისტების სატორპედო კატარღებსა და აშშ-ის საესკადრო ნაღმოსან „მედოქსს“,შორის,რომელიც მსოფლიო ომების ისტორიაში შევიდა,როგორც „ტონკინის ინციდენტი“ და რომელიც კატალიზატორად გადაიქცა ამერიკა-ვიეტნამის რვაწლიანი ომის დასაწყებად...

და იმის მიზეზი თუ რატომ მიიტანეს კომუნისტური ვიეტნამის სატორპედო კატარღებმა შეტევა ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანზე ის გახლდათ,რომ მათი აზრით ამერიკული სამხედრო ხომალდი შესულიყო იყო ჩრდილოეთ ვიეტნამის ტერიტორიულ წყლებში და იქიდან აწარმოებდა ვიეტნამელების სამხედრო ობიექტების რადიოელექტრონულ დაზვერვას...

22010 პროექტის Янтарь-ი თავად რუსული მხარის მიერ კლასიფიცირდება,როგორც ოკეანოგრაფიული საკვლევი გემი,მაგრამ მარტო ის ფაქტი,რომ ეს „იანტარი“ ათი წლის წინ დამზადებული იქნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ღრმაწყლოვანი კვლევების მთავარი სამმართველოს-ГУГИ-ის დაკვეთით,უკვე ყველაფერს ხსნის-სინამდვილეში „იანტარი“ არის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სადაზვერვო ხომალდი და არა სამეცნიერო გემი.

ბრიტანელების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით,რომ რუსულმა „იანტარმა“ მათ წყალქვეშა კაბელებს შეიძლება რამე ავნოს,საფუძველს მოკლებული არ არის,რადგან „იანტარის“ ეკიპაჟს შეუძლია 6 000 და 6 270 მ-ის ოკეანის სიღრმეში ჩაუშვას ორი სხვადასხვა ტიპის წყალქვეშა აპარატი,რომლებიც აღჭურვილნი არიან სპეციალური მანუპულიატორებით და შეუძლიათ ამ სიღრმიდან 200 კგ-მდე მასის ნივთების ამოტანა ან სულაც...ამავე მასის ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩატანა ოკეანის სიღრმეში და იმავე საზღვაო კაბელების აფეთქება...

ამის დასტურად იქცა „იანტარის“ ბორტიდან ჩატარებული უნიკალური წყალქვეშა ოპერაციები- 2016 წლის 14 ნოემბერსა და 4 დეკემბერს რუსეთის ერთადერთმა ავიამზიდმა „ადმირალმა კუზნეცოვმა“(ყოფილმა საბჭოთა „თბილისმა“) ხმელთაშუა ზღვაში,სირიის სანაპიროსთან ერთმანეთის მიყოლებით დაკარგა МиГ-29КР და Су-33 ტიპის გემბანის საბრძოლო თვითმფრინავები და 2017 წლის მარტში სწორედ „იანტარიდან“ ჩაშვებულმა ღრმაწყლოვანმა უპილოტო წყალქვეშა აპარატებმა შეძლეს ზღვის ფსკერზე ჩაძირული ამ თვითმფრინავებიდან მოეხსნათ საიდუმლო აპარატურა.

დღეს დიდ ბრიტანეთს არ ჰყავს მსოფლიო დონის ისეთი პოლიტიკოსები,თუნდაც უინსტონ ჩერჩილის მსგავსი,რომლებიც გაბედავდნენ რუსული სადაზვერვო ხომალდის დაკავებას, თუკი კრემლის პირდაპირი ბრძანებით მისმა ეკიპაჟმა მართლაც სცადა ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში შეცურვა...

ისე,კი რუსული სადაზვერვო ხომალდი...ცხვრებსაც კი ჩაუძირიათ-2017 წლის 27 აპრილს შავ ზღვაში,ნისლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 861 პროექტის საშუალო სადაზვერვო ხომალდ Лиман-ს მარჯვენა ბორტზე დაეჯახა და ჩაძირა საქონელმზიდმა გემმა,რომელსაც რუმინეთიდან იორდანიაში 8 ათასი ცოცხალი ცხვარი გადაჰყავდა...შეჯახების მომენტამდე რუსი სამხედრო მეზღვაურები „ლიმანის“ რადიოელექტრონული აპარატურით ზვერავდნენ შავი ზღვის იმ რაიონში მიმდინარე ნატოს სამხედრო-საზღვაო სწავლებას.