როგორ გამოვხადოთ კახური მზესუმზირას ზეთი - კვირის პალიტრა

როგორ გამოვხადოთ კახური მზესუმზირას ზეთი

საკვებ ზეთებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულ მზესუმზირას ზეთს გამორჩეულად აფასებენ, რადგან მდიდარია A, B, D და E ვიტამინებით. მზესუმზირასგან მზადდება არომატული კახური ზეთიც. მცენარეს თესავენ, უვლიან, დამწიფებაში კახეთის მზე ეხმარება, ხოლო ამის შემდეგ რა პროცესებს გადის ზეთი გამოხდამდე, წნორელი ბიოფერმერი ნიკა ბაგალიშვილი გვიამბობს:

- კახეთში მოჰყავთ მზესუმზირა და კახეთშივე ხდიან მისგან ზეთს. დაწურვამდე მზესუმზირა იხალება და მერე ხვდება წნეხში დასაწურად. მზა პროდუქტს კარგი გემოვანი თვისებები აქვს და სწორედ მაგ გემომ მოიტანა სახელიც, რომელიც კახურ ზეთს დაუმკვიდრდა.

არ ვაჭარბებ, გემო მართლაც გამორჩეული აქვს. საერთოდ, კახეთში მოყვანილი ყველაფერი გემრიელია, რასაც მიწა და კლიმატური პირობები განაპირობებს. პირადად მე კახეთი საერთოდ მზესუმზირას მხარე მგონია, რადგან ჩვენკენ მზე უხვად არის, ეს კი გემოვან თვისებებსა და ხარისხზეც აისახება.

ორი წლის წინ მზესუმზირა სამ ჰექტარზე მქონდა, ამ სეზონზე კიდევ სამ ჰექტარზე მოვიყვანე. მონაცვლეობას ვაკეთებ ხოლმე, რადგან დიდი მიწები არა მაქვს და შესაბამისად, არც მუდმივობა.

წლეულს მზესუმზირას მოსავლიანობა დაბალი იყო, ამასთან, კომბაინიც არ იყო შესაბამისი, რომ კარგად ამოეღო. ძველ, "ნივა" კომბაინს რომ ეძახიან, ის შევიდა და მოსავლის 30% დამიტოვა. სამწუხაროდ, სხვა კომბაინი ვერ ვნახე, ამიტომ ტონა-ნახევარი მზესუმზირა მაქვს, რომლისგანაც ზეთს ეტაპობრივად, ცივი და ცხელი დაწურვით ვიღებ.

- \გამოვიწერე აპარატი, რითაც კახური ზეთის მისაღებად ამ პროცედურას ვატარებ. თანამედროვე აპარატია, თუმცა იმავე პრინციპით მუშაობს - მარცვალი იხალება და იწურება. გემოვანი თვისებები ზეთს იგივე აქვს.

აპარატს აქვს ცივი დაწურვაც. ასეთ შემთხვევაში მზესუმზირას სასარგებლო თუ გემოვანი თვისებები მთლიანად უნარჩუნდება. ზეთიც სხვა გემოზე მიდის და უმეტესად სალათებში გამოიყენება.

- მზესუმზირა კანიანად იხალება, ხომ?

- კი. მერე იჭყლიტება და იწნეხება. ახალ აპარატში რომ ჩაყრი, აცხელებს და მაშინვე წურავს. ხოლო მანამდე რომელშიც ვწურავდი, იმ აპარატში ჯერ იხალება, მერე ერთი სივრციდან მეორეში გადადის, იცეხვება, წნეხში გადის და იწურება. რაც კი წვენი აქვს, გამოსდის.

e4bee1a4-623c-42ea-a6dd-7f0906ef1091-1763578657.jpg

- ესე იგი, კახური ზეთის გამოხდისას მნიშვნელოვანია მისი მოხალვა და ამაშია ზუსტად მისი ხიბლი?

- დიახ და ეს არის ცხელი დაწურვა - მზესუმზირა ცხელდება და იხალება, ცივი დაწურვისას კი არ იხალება, პირდაპირ იწურება. რაოდენობრივად ნაკლები გამოდის, მაგრამ ხარისხი მაღალია, რადგან არ იშლება ის საკვები ნივთიერებები, რაც მზესუმზირაშია.

წლეულს ახლობელმა მომცა მზესუმზირას თესლი, კარგია, ზეთის გამოსახდელადო, და მეც დავთესე. დაბალი მოსავლიანობა კი ჰქონდა, რადგან არ ვიყენებ მოსავლის მოყვანისას დანამატებს, ჰერბიციდებს, მაგრამ ხარისხი მაღალია. საერთოდ, ბევრი ჯიშია, მაგრამ მაინც გამოირჩევა ორი ტიპი - საჭმელი მზესუმზირას ჯიში, მარკეტებში დაპაკეტებული რომ იყიდება, და საზეთე... მოკლედ, უკვე დავწურე და ზეთიც მაქვს გასაყიდად.

- დაწურულ ზეთს ბოთლებში ასხამთ?

- ნახევარლიტრიან შუშის ბოთლებში ვასხამ. შუშის ჭურჭელი პროდუქტს გემოვან თვისებებს არ უცვლის. პლასტმასის ჭურჭელი დამაზიანებელია ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. ამიტომაც შუშის ჭურჭელს ვიყენებ.

- ზეთს მარილს რატომ უმატებენ?

- ცოტას იმისთვის აყრიან, რომ პროდუქტი "დაჯდეს". ლექი რომ აქვს, ბოლომდე დაიწუროს და დაიწმინდოს. ორი კვირა სჭირდება ლექის დაჯდომას, მარილი კი ამ პროცესის დაჩქარებას ეხმარება. სხვა დანამატი არ სჭირდება. მერე დიდ ჭურჭელში თავსდება და მინის ბოთლებში ნაწილდება.

ცივი დაწურვის ზეთს შენახვის ვადა უფრო ცოტა აქვს. შეიძლება ერთიდან ორ თვემდე შეინახო და მერე გაფუჭებას იწყებს. ცხელ დაწურვას შენახვის ვადა დიდი აქვს, შეიძლება ხუთი თვე ან ნახევარი წელიწადიც იყოს.

- რა ამწარებს და ამძაღებს ზეთს?

- მზესუმზირა, რომელიც კარგად არ არის გამშრალი და ისე იწურება, მალე იწყებს გამწარებას - თვითონ პროდუქტი ფუჭდება. თუმცა ზოგჯერ სიმწარე იმის მიზეზიცაა, რომ დაბალი ხარისხის მზესუმზირასგან არის გამოწურული. როცა იმ მზესუმზირას წურავ, რომელიც კარგად არ არის გამშრალი, ზეთი რომ გამოდის, უკვე იქიდანვე არსებობს დიდი ალბათობა, რომ მალე გაფუჭდეს. მოკლედ, მზესუმზირა კარგად უნდა იყოს გამომშრალი და გამხმარი. მოსავალს რომ აიღებ, უნდა იზრუნო, რომ ასეთი პრობლემა არ შეიქმნას და შრომა წყალში არ ჩაიყაროს.

d1622871-3b9a-4b3b-af37-2f4fca817f66-1763578656.jpg

- მზესუმზირას გვირგვინის დამარცვლა ტექნიკით ხდება?

- თავად მზესუმზირას მარცვლებს კომბაინი აცლის. ამისთვის სპეციალური კომბაინია და თვითონ ის თესავს, კულტივაციას უკეთებს და მოსავალს იღებს. შემდეგ მზესუმზირას მზეზე კარგად გახმობა სჭირდება. არ უნდა გაჰყვეს სინედლე, ფოთოლი, შალაფა. ამიტომაა საჭირო მისი კარგად გამოშრობა. კარგად გამშრალი დიდხანსაც ინახება.

ზეთი რომ არ გაფუჭდეს, არ დამძაღდეს და შენახვის ვადა გავუხანგრძლივოთ, რა თქმა უნდა, მანამდე უნდა გაკეთდეს ყველაფერი სწორად. ისე, სასურველია, თუ მაცივარში ცივად შევინახავთ.

- აღებიდან მოსავლის გაშრობას რამდენი ხანი უნდა?

- ჩვენთან ცხელა და ორ დღეში შრება. მაშინვე შეგვიძლია მისი დაწურვა. არის სპეციალური საწარმოც, სადაც მარცვლებს ახარისხებენ - მსხვილი, წვრილი, გაფუჭებულები ცალ-ცალკე ნაწილდება. ნაგავს ცალკე უშვებს და სუფთა მზესუმზირა ცალკე იყრება.

- მზესუმზირას ყანას როგორ უვლით და რომელ თვეში ითესება მარცვალი?

- მარტში ითესება და მოსავალს აგვისტოში ვიღებთ. გადის შემდეგ ეტაპებს: დათესვა, კულტივაცია, მორწყვა. მთავარი მაინც ნიადაგია. კარგია, თუ კულტივაციას ორ-სამჯერ გაუკეთებ, ბალახი ვეღარ ერევა. მზესუმზირა სწრაფმზარდია და მერე სარეველას ჩრდილავს და ისიც ვეღარ ამოდის. მთავარია, ნიადაგი იყოს კარგი და სამუშაოები სწორად ჩატარდეს.

- ჩიტებისგანაც გექნებათ, ალბათ, მოსავალი დასაცავი.

- ჩიტების პრობლემა არის. სპეციალური ხელსაწყოა, ხუთ წუთში ერთხელ გაზით იტენება, რომ ისვრი, ძლიერი ხმა აქვს. ეს საგანგებოდ ჩიტების დამაფრთხობელია და მის ხმაზე აღარ მოდიან. მაგას იმ პერიოდში ვაყენებ, როდესაც მზესუმზირა მწიფობაშია. წლეულსაც დავაყენე ჩიტების გასაფანტად.

- საქმეებს მარტო აუდიხართ?

- მე და ჩემი მშობლები ვართ, მაგრამ წლეულს დამხმარეც ავიყვანე, რადგან წარმოება ცოტა გავზარდე.

- გადამუშავებული მზესუმზირას ნარჩენი - კოპტონი რისთვის გამოიყენება?

- ამ პროდუქტს ცხოველებს, საქონელს აჭმევენ და საკმაოდ ნოყიერია, ცხიმიანი. აქ რა საწურებიც აქვთ, ძველია, ზეთი ბოლომდე ვერ გამოჰყავს, სადღაც 30% მაინც რჩება. შესაბამისად, ეს ნარჩენიც ცხიმიანია და ამიტომ საქონლისთვის, ფრინველისთვის ძალიან კარგი საკვებია. საქონელი არა მყავს და კოპტონს ვყიდი.

- რა ღირს თქვენი ზეთი?

- ცივი დაწურვის - ერთი ლიტრი 25 ლარი, ცხელი დაწურვის - 15 ლარი.

როცა მეკითხებიან, მეურნეობის შესახებ რა რეკომენდაციას გაუწევდი მსურველებსო, ყველას ვეუბნები, რომ სოფლის მეურნეობა რთული დარგია. თუ არ უყვარს ეს საქმე ადამიანს, არაფერი გამოვა. საქმე სიყვარულით უნდა აკეთო. შეიძლება ერთ-ორ წელიწადს გაძლო, მაგრამ მერე აუცილებლად კრახს განიცდი, სიყვარულით ნაკეთები საქმე კი წარმატებას მოიტანს.