უკრაინის კაპიტულაციის 28-პუნქტიანი ამერიკული გეგმა იმისთვის, რომ ტრამპმა „მე-9 ომის შეჩერება“ ჩაიწეროს?! - ფარული მოლაპარაკებები ზელენსკის ზურგს უკან - კვირის პალიტრა

უკრაინის კაპიტულაციის 28-პუნქტიანი ამერიკული გეგმა იმისთვის, რომ ტრამპმა „მე-9 ომის შეჩერება“ ჩაიწეროს?! - ფარული მოლაპარაკებები ზელენსკის ზურგს უკან

დეჟავიუ - ეს ყველაფერი ხომ უკვე იყო - დონბასის არაოკუპირებული ნაწილის უბრძოლველად დათმობის, ნატოზე უარის თქმის, რუსული ენის ოფიციალურ ენად დაბრუნების, უკრაინის არმიისა და მისი შეიარაღების მნიშვნელოვანი შემცირების მოთხოვნები...

ანუ ის, რასაც კრემლი ბოლო თვეების განმავლობაში ჯიუტად უყენებდა უკრაინას, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, კვლავ აისახა იმ 28-პუნქტიან მორიგ „სამშვიდობო“ გეგმაში, რომელიც უკრაინული მხრიდან მალულად, თურმე, შეუმუშავებიათ აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას, უფრო კონკრეტულად კი -აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სპეცწარმომადგენელ დმიტრიევს.

ის, რომ სტივ უიტკოფი, ტრამპის პირადი ნდობით აღჭურვილი პირი, ძალიან იხრება რუსეთისკენ და ითვალისწინებს კრემლის ინტერესებს, ვეღარც იმალება. სწორედ უიტკოფი გახლდათ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო სტუმრობაზე თეთრ სახლში, მას უმტკიცებდა, - დათმეთ უკრაინელებმა დონბასი, იქ ხომ მხოლოდ რუსულენოვანი მოსახლეობა დარჩაო...

თავიდან პრეზიდეტმა ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებელი პროცესების წარსამართავად ორი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა - სტივ უიტკოფი და გადამდგარი გენერალი კიტ კელოგი. უიტკოფს, რომელიც მანამდე დიდი ბიზნესით იყო დაკავებული და აქედან დაუახლოვდა ტრამპს, სამშვიდობო მოლაპარაკებების არავითარი გამოცდილება არ ჰქონია, განსხვავებით გენერალ კელოგისგან, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ასპექტებში მაინც ერკვეოდა.

მოლაპარაკებების პროცესში გენერალი კელოგი რაღაცნაირად ჩრდილში აღმოჩნდა და მთავარ ფიგურად სწორედ უიტკოფი იქცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო კრემლის დაჟინებული მოთხოვნა, რომ ამერიკელი გენერალი არ ყოფილიყო ჩართული ამ პროცესებში, რაც თეთრმა სახლმა, კერძოდ კი, პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულა კიდეც და მოლაპარაკებები მთლიანად მიანდო პოლიტიკურ თამაშებში სრულიად გაუთვითცნობიერებელ, მაგრამ, სამაგიეროდ, მეგობარ უიტკოფს...

უიტკოფის გამოუცდელობაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან რამდენიმესაათიანი პირადი შეხვედრის შემდეგ ის ისე მოიხიბლა პუტინის პიროვნებით, რომ ეს პრესასაც კი ვერ დაუმალა, მაშინ როდესაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული მხარეების შესაჩერებლად თუკი კისრულობ მომრიგებლის როლს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოამჟღავნო პირადი სიმპათიები ერთ-ერთის მიმართ, ეს ხომ დაუწერელი კანონია?!

მოკლედ - ახალი, 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც კიევის მონაწილეობის გარეშე მომზადდა, ფაქტობრივად, ითვალისწინებს უკრაინის სრული კაპიტულაციისკენ მიმავალ გზას, ჯერ დონბასის დათმობისა და შემცირებული უკრაინის არმიის შორსმსროლელი სარაკეტო შეიარაღების გარეშე დატოვების სახით, რასაც შემდეგ აუცილებლად მოჰყვება რუსეთის სამხედრო აგრესიის გაგრძელება (ე.წ. სამშვიდობო შეთანხმებების ეს სახიფათო გზა, სამწუხაროდ, გავლილი აქვს ჩვენს ქვეყანას აფხაზეთის ომში) მთელი უკრაინის დასაპყრობად...

ასევე დაგაინტერესებთ: ბრიტანელები პუტინს სადაზვერვო გემის დაკავებას გაუბედავენ? ვერ გაუბედავენ, ჩერჩილი ხომ მკვდარია...

პუტინის რუსეთიდან მესამე რაიხამდე: რუსული „შაჰიდების“ ფრაგმენტების ძებნაში პოლონელებმა გერმანული „ფაუ“-ს ნარჩენები აღმოაჩინეს

"ჰერკულესის" ჯერ მეოთხე ძრავამ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მეორემ - ხრახნი მოტყდა და მფრინავების კაბინა გადაჭრა - ქართულ ცაში თურქული „ჰერკულესის“ კატასტროფის მიზეზი დაადგინეს?!

მოწამლე მფრინავი, მოიტაცე МиГ-31 და მიიღე 3 მილიონი დოლარი - უკრაინული სპეცოპერაცია, რომელიც ჩავარდა?!

და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ... აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ჩაიწეროს და დაუსრულებლად იამაყოს „მე-9 ომის შეჩერებით“?

პრეზიდენტი ტრამპი შეუჩერებლივ იმეორებს, რომ რომ მან უკვე შეაჩერა რვა ომი და რუსეთ-უკრაინის ომი მეცხრე იქნება, რომელსაც ის დაამთავრებს და ამიტომაც მას აუცილებლად ეკუთვნის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, რომელიც წელს არ მიანიჭეს, მაგრამ 2026 წელს აუცილებლად უნდა მისცენ!

და ამ ნობელის პრემიის გამო, ამხელა ქვეყნის პირველი პირი მზადაა, რაც შეიძლება, დააჩქაროს რუსეთ-უკრაინის ომის „შეჩერება“, რომ დროულად მოხვდეს მომავალი წლის ნობელის პრემიის კანდიდატების სიაში, თუნდაც ამისთვის უკრაინას სრული კაპიტულაცია დაემუქროს?!