სისხლიანი დაკრძალვა სოხუმში ანუ "პიზას" ვენდეტა - მამუკა არეშიძე: "აფხაზეთში კლანური ომი დაიწყო..."პიზას" დაჯგუფების წევრების ამ შურისძიებას უპასუხოდ არ დატოვებენ"
აფხაზეთის კრიმინალურ სამყაროში კლანური ომი განახლდა. 11 ნოემბერს სოხუმში ე.წ. ავტორიტეტის, სოხუმის ყოფილი "მაყურებლის" გენადი ადლეიბას დაკრძალვა სისხლიან ანგარიშსწორებად გადაიქცა. უცნობმა პირებმა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნეს სახლის ეზოში თავმოყრილ უამრავ ადამიანს. დაჭრილია 5 კაცი, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი, 59 წლის რაულ ბარცბა ("პიზა"). თავდამსხმელები სახლიდან მოშორებით მიტოვებულ შენობაში იყვნენ ჩასაფრებული. ხმა გავრცელდა, რომ თავდასხმა სწორედ "პიზას" მოსაკლავად დაიგეგმა, თუმცა უშედეგოდ და შეიწირა 4 რიგითი ადამიანი. მათ შორის ერთი კლინიკაში გარდაიცვალა, კიდევ ერთის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა... რა სიმძიმის ჭრილობები აქვს თავად თავდასხმის სამიზნეს, ეს არ გახმაურებულა.
აფხაზურ და რუსულ ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ რაულ ბარცბაზე ("პიზა") თავდასხმა, დიდი ალბათობით, ე.წ. ავტორიტეტმა თემურ კაპბამ ("გულიმ") მოაწყო. ამ ორ კრიმინალს შორის კონფლიქტი ბოლო ორი წელია ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შიდადაპირისპირებაა. კაპბა ადრე თურქეთსა და ნაწილობრივ რუსეთში იყო დამკვიდრებული, 2024 წლიდან კი გადაწყვიტა გავლენა აფხაზეთშიც მოეპოვებინა და გამოწვევა გაუგზავნა გუდაუთელ გავლენიან "კანონიერ ქურდს" ბარცბას, რომელიც წლებია აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერად მიიჩნევა. ამ დაპირისპირებაში კაპბა ზაფხულში დამარცხდა და "კანონიერი ქურდის" წოდებაც დაკარგა.
"პიზასა" და "გულის" კონფლიქტზე წერდა რუსული ინტერნეტგამოცემა Прайм Крайм, რომელიც კარგად არის ინფორმირებული პოსტსაბჭოთა სივრცეში კრიმინალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე. გამოცემის ცნობით, 6 ივლისს აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს გავლენიანი პერსონები ახალ ათონში შეიკრიბნენ. შეხვედრის ინიციატორი "პიზა" იყო. შეკრებაზე მიწვევის გარეშე მივიდა "გული", რომელიც არასათანადოდ მოიქცა - როცა საუბარი დაიძაბა, დანა ამოიღო, "პიზას" მივარდა და დანის ტარი გაარტყა სახეში. ის სხვა "ბოსებმა" შეაჩერეს, შემდეგ კი მისი დასჯა გადაწყვიტეს - სასტიკად სცემეს, იახტაზე დააგდეს, ხელები, ფეხები და ლავიწის ძვალი მოტეხეს და ნაპირთან ახლოს ზღვაში გადააგდეს. ამ სასტიკ ცემას ვიდეოკავშირის საშუალებით კრიმინალური სამყაროს სხვა ლიდერებიც ადევნებდნენ თვალს, მათ შორის შაქრო კალაშოვი და ბადრი კოღუაშვილი ("ქუთაისკი"). "გული" გადარჩა და მძიმე მდგომარეობაში აფხაზეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ დაიწერა, რომ ე.წ. კრიმინალური წესების მიხედვით, ამ ცემის შემდეგ "გული" ვეღარ შეძლებდა "კანონიერ ქურდობაზე" პრეტენზიის გამოცხადებას და მისი მომავალი კრიმინალურ სამყაროში ბუნდოვანი ხდებოდა. დაიწერა ისიც, რომ ის შურისძიებას შეეცდებოდა და როგორც ჩანს, ხელსაყრელი მომენტიც დადგა...
ივლისიდან მოყოლებული "გული" პირველად გამოჩნდა ოქტომბრის ბოლოს - თანამოაზრეებთან ერთად მივიდა აფხაზეთში წარსულში ცნობილ ავტორიტეტ თენგიზ ლაკერბას საფლავზე. ფოტოზე ის ხელჯოხით ჩანს. ამ გამოჩენიდან რამდენიმე დღეში ესროლეს რაულ ბარცბას და გავრცელდა ხმა, რომ კაპბამ ვენდეტა დაიწყო.
დაკრძალვა, რომელიც შეიძლება ახალ ომად იქცეს
სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ 5 კაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დე ფაქტო შს მინისტრ რობერტ კიუტის განცხადებით, სროლა დაახლოებით 13:30 საათზე გუმის ქუჩაზე მოხდა. ბალისტიკური მონაცემებით, მიტოვებულ სახლში დამალულმა უცნობმა პირმა ოთხჯერ გაისროლა, სროლის მანძილი 4-5 მეტრი იყო. დანაშაულის ადგილზე ამოიღეს სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, საბრძოლო მასალა და "დრაგუნოვის" სნაიპერული შაშხანა, რომელსაც ნიშნები ჰქონდა მოხსნილი.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ საქმე პირად კონტროლზე აჰყავს. ის მეორე დღეს მივიდა სოხუმის კლინიკაში და დაჭრილები მოინახულა.
კრიმინალურ გარჩევას სოხუმში პოლიტიკური ურთიერთბრალდებებიც მოჰყვა. ოპოზიციამ დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომა მოითხოვა. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებენ, რომ "მინისტრმა" ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება. მთავრობასთან დაახლოებულმა ტელეგრამარხებმა კი დაწერეს, რომ ოპოზიციამ 8 ნოემბრის ადგილობრივ "არჩევნებში" სრული კრახი განიცადა და ახლა ტრაგედიით სპეკულირებს. მათივე თქმით, ოპოზიცია წლების განმავლობაში ბლოკავდა იარაღის აკრძალვის კანონპროექტებს, რის გამოც თავისუფლად გავრცელდა კრიმინალებში.
"პიზას" კლანის წევრები ამ შურისძიებას უპასუხოდ არ დატოვებენ"
მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - რაულ ბარცბა დიდი ხანია კრიმინალური ავტორიტეტით სარგებლობს აფხაზეთში. თავის დროზე, ქართველმა ე.წ. ავტორიტეტებმა წამოაყენეს ქურდად - ბახიამ და ქუჩულორიამ დაასახელეს. "პიზა" გავლენიანი პირია აფხაზეთში. საბჭოთა სივრცის მასშტაბით თავი იმით "გამოიჩინა", რომ განაცხადა, აფხაზეთში მხოლოდ ეთნიკურად აფხაზი უნდა იყოს ნომერი პირველი "კანონიერი ქურდიო". კრიმინალურ სამყაროში ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა "პიზამ" ეს წესი დაარღვია და ამ განცხადებით დაუპირისპირდა ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლებიც აფხაზეთის გარეთ იყვნენ, მაგრამ წარმოშობით აფხაზეთიდან და იქ გარკვეულწილად სიტუაციასაც აკონტროლებდნენ. მაშინ სატელეფონო კავშირები შედგა რუსეთში მყოფ ავტორიტეტებთან, მათ შორის იყო ქართველი კახა ფარფალიაც. საბოლოოდ, კონფლიქტი შეტაკებაში რომ არ გადაზრდილიყო, ეს დავა ეთნიკური აფხაზი კრიმინალური ჯგუფის გამარჯვებით დასრულდა, ე.წ. ობშიაკი გუდაუთის კლანმა გადაიბარა, რის შემდეგაც "პიზას" ავტორიტეტი შეუვალი გახდა. გუდაუთაში ლამის ციხესიმაგრე აიშენა და იშვიათად ტოვებდა ტერიტორიას. ამ წლებში "პიზას" დაუპირისპირდა თურქეთში მცხოვრები აზერბაიჯანელი ავტორიტეტი ნადირ სალიფოვიც, რის გამოც აფხაზეთიდან აღარ გადიოდა, თუმცა გავლენა კვლავ ძალიან დიდი ჰქონდა. ხანდახან "რობინ ჰუდის" იმიჯსაც ირგებდა - მისი გარემოცვის წევრები მოსახლეობას მოსავლის აღებაში ეხმარებოდნენ. მისი უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ ასტამურ შამბა ("ასტიკი") და ალხას ავიძბა ("ხასიკი"), რომლებიც 2019 წელს სოხუმში, ღია რესტორან "სან-რემოში" ჩაცხრილეს. მაშინ დაიღუპა მიმტანი ქალიც. ამის შემდეგ "პიზა" ჩაიკეტა თავის რეზიდენციაში.
ბოლო წლებში მას დაუპირისპირდა ახალგამოჩეკილი კრიმინალური ავტორიტეტი თემურ კაპბა ("გული"), რომელმაც აფხაზეთის პირველქურდობა მოინდომა. ამ ბოლო წელს იყო დიდი დაპირისპირება პიზასა და კაპბას შორის. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, მთელი აფხაზეთი ზანზარებდა, როგორ დამთავრდებოდა ეს დაპირისპირება. ივლისში გარჩევა გაიმართა, გუდაუთაში იახტაზე შეიკრიბნენ ე.წ. ავტორიტეტები, სადაც კაპბა ჯერ დაუპატიჟებლად მივიდა, შემდეგ დანა ამოიღო და "პიზას" მივარდა. დანის ამოღების გამო მაგრად სცემეს და ნაპირთან ზღვაში გადააგდეს. კაპბა რამდენიმე თვე საავადმყოფოში იწვა და ახლახან, 30 ოქტომბერს გამოეწერა.