"სიცოცხლით სავსე ბიჭი დაიღუპა, გიორგი მაინც გადარჩენილიყო" - რას წერენ მამა-შვილზე, რომელთა სიცოცხლე ავარიამ იმსხვერპლა
9 ნოემბერს ქუთაისის გზაზე მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული 22 წლის გიორგი ჩოკორაია სამწუხაროდ კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმები ახალგაზრდა ბიჭის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
გლოვაა მშობლიურ კუთხეში, ჩხოროწყუში, სადაც ეს თავზარდამცემი ამბავი შეიტყვეს. რამდენიმე დღე, უფალს ყველა მის გადარჩენას სთხოვდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის საავტომობილო გზაზე მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ შემთხვევის ამსახველი უმძიმესი ვიდეოკადრებიც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ შეჯახება ძლიერი იყო. ავტოავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა გიორგის მამა, ბესო ჩოკორაია.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
“გიორგის გარდაცვალების თავზარდამცემი ამბავი დღეს გავიგეთ. ჩხოროწყუში გლოვაა. გაქვავებულია ყველა, ხმას ვეღარ იღებენ. როგორ გვქონდა იმედი, რომ ის მაინც გადარჩებოდა. ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭი დაიღუპა. გიორგი მაინც გადარჩენილიყო. ყველა მის გადარჩენას ვნატრობდით. ავარია ქუთაისთან მოხდა, საჭესთან გიორგი იჯდა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა გიორგის მამა, ბესო ჩოკორაია. ამხელა უბედურება დატრიალდა. ბესო დაკრძალეს უკვე და ახლა ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. არადა როგორი კარგი ოჯახი ჰქონდათ. ძალიან კარგი, ნორმალური ოჯახი, ყველა პატივს რომ სცემს, ყველას რომ უყვარს. ბესო ძალიან დადებითი ადამიანი იყო, გიო ძალიან ახალგაზრდაა, 22 წლის. დაოჯახებული არ არის, როგორ უნდა გაუძლოს ამ ტკივილს მისმა დედამ. გიორგი ბევრად პატარაა ჩემზე, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, საოცარი იუმორი ჰქონდა. გვეგონა რომ გადარჩებოდა ის მაინც, მაგრამ ასე მოხდა. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ბესო 52 წლის იყო,”_ ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი. “მამა-შვილი თბილისიდან მოდიოდა, გიორგი მართავდა საჭეს, მამა ადგილზე გარდაიცვალა, გიორგი სიცოცხლეს ებრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა. ჰყავს დედა და ერთი და. გაუსაძლისია მათი ტკივილი. ვუსამძიმრებ დედას, თეა დარსალიას და დას, მარიამს. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ძალიან დიდი გულისტკივილია. სულ გაღიმებული შემოგეგებებოდნენ ორივე. ბესოც ყველას უყვარს. რომ ვხვდებოდი მთელი სახე უცინოდა. ისეთი თბილი ადამიანები იყვნენ. არ ვიცი როგორ უნდა გაუძლოს მისმა ოჯახის წევრებმა ამ ტკივილს,”_. ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. ჩვენ ვცადეთ კიდევ რამდენიმე ახლობელთან დაკავშირება, მაგრამ გვითხრეს, რომ ამ თავზარდამცემი ამბის შემდეგ უჭირთ მათზე წარსულში საუბარი. სოციალურ ქსელი კი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. “როგორ უნდა გიგლოვოთ გიო, ვერ ვიჯერებ. გული დაგწყვიტეთ ყველას. ლედარსალეში ტრიალებდი ყოველთვის ბავშვობიდან, დედულეთში. რა ვუთხრათ დედაშენს, როგორ ვანუგეშოთ. ნათელში იყავით ორივე მამა და შვილი. თეა და მარის გამძლეობა”, - წერს ახლობელი. “ჩემიი გიოო, ჩემი ყველაზე კეთილი და ყველაზე საყვარელი გიო. გული მეწვის, როგორი იმედით ვიყავი რომ შენ ისევ ჩვენთან იქნებოდი. ერთად ვიცინებდით, ახლაა წახვედი და დაგვტოვე, წაიღე ჩვენი ნაწილი. სულით და გულით მეყვარები ჩემო გულო, ჩემო კეთილო და გულიანო ბიჭო”, - წერს მომხდარით შეძრული კიდევ ერთი ახლობელი.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)