"შემთხვევით ანკესი მაღალი ძაბვის სადენს გამოედო" - რას ამბობენ თევზაობისას ტრაგიკულად დაღუპულ მამაკაცზე?
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მდინარე ცივში თევზაობდა, რა დროსაც შემთხვევით ანკესი მაღალი ძაბვის სადენს გამოედო და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და კრიმინალისტები. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. გარდაცვლილი მამაკაცი სენაკიდან იყო და ჭალადიდში სათევზაოდ იყო წასული.
“სამწუხაროდ მოხდა ეს ცუდი ამბავი. გარდაცვლილია 1976 წელს დაბადებული მამაკაცი. ამ დილით მოხდა ეს უბედური შემთხვევა. არ ვიყავი სოფელში და ამიტომ შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ. როგორც შევიტყვე, მამაკაცი ანკესის აწყობას ცდილობდა მდინარის პირას და ეს ანკესი შეეხო მაღალ ძაბვას და სამწუხაროდ გარდაიცვალა. ნაპირზე ყოფილა თვითონ. მაღალი ძაბვა გადის ზევით. როგორც ამბობენ, ჰქონია ჩინური ანკესი დიდი, ექვსი თუ 7 მეტრიანი, გაუჭიმია აწყობის დროს და მაშინ არის შეხებული. ამ ბიჭის სახელი და გვარი არ ვიცი, რადგან ის არ არის ჩვენი სოფლის მაცხოვრებელი. თუ არ ვცდები გვარად არის თურქია, სენაკიდან. სხვა მეტი დეტალი არ ვიცი. ამ ტრაგედიის შემდეგ შემთხვევის ადგილზე ჩემი თანამშრომელიც მივიდა, მაგრამ ახლოს არავის უშვებდნენ, პოლიციას დაკეტილი ჰქონდა შემთხვევის ადგილი და მიდიოდა საგამოძიებო მოქმედებები. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს. სათევზაოდ ხშირად მოდიან აქ და თევზაობენ, განსაკუთრებით ხალხმრავლობაა შაბათ კვირას, თევზაობის მოყვარულები იკრიბებიან და თევზაობენ. სენაკიდან, ქუთაისიდან, იმერეთის სხვადასხვა კუთხიდანაც ჩამოდიან სათევზაოდ. დღეს კი მოხდა ეს სამწუხარო ტრაგედია”,- ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ჭალადიდში ზვიად გვარამია.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახს.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)