"სიტყვის პატრონები არ ხართ, ბევრ ლაპარაკობთ და ცოტას აკეთებთ": შვედი მინისტრის სკანდალური ინტერვიუ - ვის ენანება ფული უკრაინისთვის?! - კვირის პალიტრა

"სიტყვის პატრონები არ ხართ, ბევრ ლაპარაკობთ და ცოტას აკეთებთ": შვედი მინისტრის სკანდალური ინტერვიუ - ვის ენანება ფული უკრაინისთვის?!

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) ევროპულ გამოცემაში (იბეჭდება ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „სკანდინავიის ქვეყნებს არ შეუძლიათ უკრაინისათვის მარადიული დახმარების გაწევა. ამიტომ კიევს ყველა უნდა დაეხმაროს, თავისი ეკონომიკის ძლიერების შესაბამისად“ (ავტორი - ნიკოლა ვინოკური). მასალაში განხილულია უკრაინისადმი ევროპის ქვეყნების უთანაბრო დახმარების საკითხი, როცა ძლიერეკონომიკიანი დიდი ქვეყნები კიევს უფრო ნაკლებად ეხმარებიან, ვიდრე - პატარა სახელმწიფოები.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

„უკრაინისადმი მხარდაჭერა და დახმარება არ შეიძლება მუდმივად სკანდინავიის ქვეყნების ტვირთი იყოს“, - ასეთი გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაზეთ „პოლიტიკოსათვის" მიცემულ ინტერვიუში.

„უკრაინისთვის თითქმის ყველაფერზე ზრუნვა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აიღო საკუთარ მხრებზე“, - განაცხადა მარია მალმერ-სტენერგარდმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის წინ, - „ეს დიდი უსამართლობაა და ასეთი სიტუაცია დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს“.

შვედეთის მთავარი დიპლომატის თქმით, თვით ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ ქვეყნებზე, რომელთა საერთო მოსახლეობა 30 მილიონ ადამიანზე ნაკლებია, უკრაინისადმი ნატოს წევრებიდან მიღებული დახმარების თითქმის 1/3 მოდის, ძალიან არარაციონალურია. „ნატოს ქვეყნების მოსახლეობა ერთ მილიარდ მცხოვრებს აღწევს ანუ მათ უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ, ჩვენთან შედარებით. ის, რასაც ჩრდილოეთის ქვეყნები აკეთებენ, უანგარო დახმარებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასე უნდა იყოს და უკრაინაზე სხვები ნაკლებად უნდა ზრუნავდნენ“, - აღნიშნა მარია მალმერ-სტენერგარდმა.

მინისტრის უჩვეულო გულახდილი კომენტარი ასახავს იმ მკაცრ რეალობას, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატები საყოველთაოდ აღიარებენ: უკრაინის მხარდასაჭერად, ბლოკის ლიდერების ემოციური გამოსვლების მიუხედავად, ფინანსური და სამხედრო დახმარებები უკრაინის სასარგებლოდ უკიდურესად უთანაბრო და უთანასწორო რჩება.

მაგალითად, კილის (გერმანია) ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, დანიამ უკრაინას რუსეთის შეჭრის მომენტიდან - 2022 წლის თებერვლიდან - 10 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო ანუ თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 3%, ესპანეთმა კი მხოლოდ 1,48 მილიარდი ანუ თავისი მშპ-ის 0,2%-ზე ნაკლები.

მთლიანობაში, თავიანთი ეკონომიკის მოცულობის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი დახმარება უკრაინას სწორედ სკანდინავიის სახელმწიფოებმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გაუწიეს. ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი უკრაინას არსებითად ეხმარებიან, მაგრამ მშპ-ის გათვალისწინებით - საკმაოდ ნაკლებად.

ყველაზე ბოლო ადგილს იკავებს უნგრეთი, რომელიც უკრაინას თავისი მშპ-ის მხოლოდ 0,04%-ით დაეხმარა.

მარია მალმერ-სტენერგარდმა იმ ლიდერებს მიმართა, რომლებიც თავიანთ საჯარო გამოსვლებში პროუკრაინულ პოზიციას გამოხატავენ, მაგრამ საკუთარ რიტორიკას ფულით არ განამტკიცებენ ანუ „სიტყვის პატრონები არ არიან“, ბევრს ლაპარაკობენ და ცოტას აკეთებენ. „როცა თქვენს ამომრჩეველს ეუბნებით, რომ უკრაინა არა მარტო საკუთარი თავისუფლებისათვის იბრძვის, არამედ - ჩვენი თავისუფლებისთვისაცო, კეთილი ინებეთ და დაეხმარეთ. უბრალოდ, ვალდებულები ხართ“, - თქვა მინისტრმა.

მომავალი წლის დასაწყისიდან უკრაინა ბიუჯეტის სერიოზული დეფიციტის წინაშე დადგება, შესაბამისად, შვედი მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა კიევის დასახმარებლად უკვე დეკემბრისათვის ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან: „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ამიტომაც ვთვლი, რომ წევრი ქვეყნები და ევროკომისია ყველაფერს გააკეთებენ“.

ამ კვირაში ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა წერილი, რომელშიც უკრაინის დახმარების 3 ვარიანტია განხილული: პირველი ორი ვარიანტი გულისხმობს, რომ ევროკავშირის ქვეყნები გააფართოვებენ საკუთარ წვლილს ომისაგან დანგრეული ქვეყნის დასახმარებლად, მესამე კი ითვალისწინებს იმას, რომ უკრაინას რუსული აქტივების ნაწილი - 140 მილიარდი ევრო გადაეცეს, რომელიც ბელგიური ფინანსური კომპანიის - Euroclear-ის ანგარიშზეა გაყინული.

მარია მალმერ-სტენერგარდის აზრით, მესამე ვარიანტი ყველაზე პოზიტიურია, „თუმცა მხოლოდ რუსული ფულის იმედზე არ უნდა ვიყოთ. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ არ უნდა ზიდოს დახმარების მძიმე ტვირთი“.

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინის კაპიტულაციის 28-პუნქტიანი ამერიკული გეგმა იმისთვის, რომ ტრამპმა „მე-9 ომის შეჩერება“ ჩაიწეროს?! - ფარული მოლაპარაკებები ზელენსკის ზურგს უკან

სკანდალური სტატია: "პუტინის სავარაუდო "მემკვიდრე" აქტიურად ერევა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას საქმეებში" - ვინ შეცვლის კრემლის ბინადარს?!

ოთხი კოშმარი ზელენსკისთვის - მძიმე მდგომარეობა ფრონტზე, ახალგაზრდების გაქცევა, აშშ-ის პოზიცია და გრანდიოზული კორუფციული სკანდალი

როგორ "ეომება" აიათოლა ამინდს - "ირანის ხელისუფლებამ ღრუბლების „დათესვა“ დაიწყო, წვიმის ხელოვნურად გამოსაწვევად“

პრობლემა ის არის, რომ ბელგია უარს აცხადებს, რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინას გადაურიცხოს, თუნდაც „სარეპარაციო კრედიტის“ სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ ომის შემდეგ უკრაინა რუსეთის კუთვნილ თანხას ბელგიურ დეპოზიტარ კომპანიას დაუბრუნებს. ამასთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრი გარანტიებს ითხოვს: ვინ იქნებით პასუხისმგებელი, თუ რუსეთი ბელგიას ფულის დაბრუნებას ვადამდე მოსთხოვს?

შვედმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბელგიას არ შეუძლია გარისკვა რუსული აქტივების დახარჯვასთან დაკავშირებით, ამიტომ შვედეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს ბრიუსელისათვის ფინანსური გარანტიების მიცემას: „ეს შეიძლება ევროკავშირის ბიუჯეტში იქნას გათვალისწინებული“, საწევროების შეტანის სახით. „თუმცა საბოლოოდ თანხების გადახდა თანასწორად და სამართლიანად უნდა იქნას განაწილებული“.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტი ფული გადაუხადა, ნავთობისა და გაზის იმპორტისათვის, ვიდრე - უკრაინას: „ეს ფაქტიც იმას მეტყველებს, რომ გადაწყვეტილება რუსული აქტივების გამოყენებაზე სწრაფად უნდა იქნას მიღებული. რა თქმა უნდა, ეს ბევრად ადრე რომ გაგვეკეთებინა, ახლა ბალანსი პლუსით გვექნებოდა“.

და ბოლოს, შვედმა მინისტრმა ჭორი უწოდა ამბავს, რომ თითქოსდა აშშ-მა და რუსეთმა უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს და რომ ეს გეგმა მოსკოვმა, ვაშინგტონმა კიევს იძულებით თავს უნდა მოახვიონ.

„როგორც კი ხმები გავრცელდება ხოლმე რაღაც მოლაპარაკებებზე, იმ წუთში ყურადღების გაფანტვა ხდება. ჯერჯერობით ასეთი სიტუაცია მხოლოდ ზიანის მომტანია. მინდა, პირადად დავრწმუნდე, რომ ევროკავშირის წევრები ისევ გააგრძელებენ რუსეთზე ზეწოლას და უკრაინის დახმარებას... უკრაინა გაძლიერდება, რაც ცეცხლის შეწყვეტას ნამდვილად მოაახლოვებს“, - თქვა მარია მალმერ-სტენერგარდმა, - „მე ანტირუსული სანქციების შესუსტება კი არა, პირიქით, მათი გამკაცრება-გაფართოება მინდა, რათა რუსეთისათვის და რუსული ნავთობკომპანიებისათვის მტკივნეული იყოს: „მომხრე ვარ, რომ სანქციების 100 პაკეტი ერთად მივიღოთ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო