ეროვნული მოძრაობის ლიდერების ბურუსით მოცული ტრაგიკული აღსასრული - "კაგებეს" კომბინაციები, რომლებიც საქართველოში დღემდე გრძელდება - კვირის პალიტრა

ეროვნული მოძრაობის ლიდერების ბურუსით მოცული ტრაგიკული აღსასრული - "კაგებეს" კომბინაციები, რომლებიც საქართველოში დღემდე გრძელდება

„...და ნაკვალევს წვიმა შლის“ -1972 წელს ამგვარი სახელწოდების გერმანულ–ფრანგული მხატვრული ფილმი გადიოდა კონოთეატრებში. ახალგაზრდული მელოდრამა ნამდვილად არ იყო ფედერიკო ფელინისა და ინგმარ ბერგმანის დარი ნამუშევარი, თუმცა მაინც შემორჩა მაყურებლის მეხსიერებას, რაც ძირითადად მისი დამაინტრიგებელი სახელწოდების დამსახურება იყო. დღევანდელი ჩვენი საუბრის მიზანი საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი, – დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის გამოღვიძების პერიოდის ამსახველი „წაშლილი ფურცლების“ აღდგენა/გაცოცხლების მცდელობაა.

რა თქმა უნდა, ქვემოთ მოტანილ ტექსტში, მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ამომწურავად ვერ იქნება განხილულ/შეფასებული ნახევარი საუკუნის წინანდელი მოვლენები. იმიტომ, რომ ათწლეულების მანძილზე ძალზე ბევრი დაინტერესებული ძალა („შინაურიც“ და „გარეულიც“) ცდილობდა ფაქტების შეცვლას და „კვალის წაშლას“.

კვლავ დაუდგენელია დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერების: მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, ზურაბ ჭავჭავაძისა და გია ჭანტურიას ტრაგიკული აღსასრულის რეალური მიზეზები. 1970-იანი წლების დასაწყისში კა-გე-ბეს მიერ საქართველოში დაგეგმილ/ჩატარებული ოპერატიული კომბინაციები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურებმა გააგრძელეს, უფრო გააფართოვეს და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენდა სამწუხაროდ, არნახულ წარმატებებს მიაღწიეს. გასული საუკუნის 60-80-იან წლებში კა-გე-ბეს მიერ გადაბირებული აგენტები 1990-იანი წლების დასაწყისიდან უკვე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდნენ/ასრულებენ. 2000-იანი წლებიდან კი, უკვე მათი შვილები (შანტაჟით თუ ნებაყოფლობით) აგრძელებენ მტრის ჯაშუშის საძრახის საქმიანობას. ასე რომ, ეს მოვლენები ძალზე მჭიდრო კავშირშია.

iuri-orlovi-1763705250.jpg

იური ორლოვი

ludmila-alekseeva-1763705272.jpg

ლუდმილა ალექსეევა

საქართველოს სრ-ში დისიდენტური მოძრაობა, სხვა მოკავშირე რესპუბლიკების მსგავსად, მოსკოვის დისიდენტური ჯგუფების გადაწყვეტილება/მოქმედებებს იმეორებდა.

1976 წლის 12 მაისს ცნობილი დისიდენტის, იური ორლოვის ინიციატივით შეიქმნა "მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი", სადაც გაერთიანდნენ: იური ორლოვი, ლუდმილა ალექსეევა, მიხაილ ბერნშტამი, ელენა ბონერი, ალექსანდრე გინზბურგი, პეტრე გრიგორენკო, ალექსანდრე კორჩაკი, მალვა ლანდა, ანატოლი მარჩენკო, ვიტალი რუბინი და ანატოლი შარანსკი. 1976-1977 წლებში ჰელსინკის ჯგუფები შეიქმნა უკრაინაში (1976 წლის 9 ნოემბერი), ლიტვაში (1976 წლის 26 ნოემბერი), საქართველოში (1977 წლის იანვარი) და სომხეთში (1977 წლის აპრილი). "ჰელსინკის ჯგუფების" მთავარი მიზანი იყო საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ჰელსინკის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების მთავრობებისთვის მიწოდება. როგორც წლების შემდეგ გაირკვა ყველა ზემოხსენებულ ჯგუფში იყვნენ კა-გე-ბეს აგენტი-ინფორმატორები და აგენტი-პროვოკატორები. ჯერჯერობით კვლავ უცნობია: ისინი უკვე არსებულ და „ფარულად“ მოქმედ „ჰელსინკის ჯგუფებში“ შეგზავნეს, თუ კა-გე-ბეს დავალებით, აგენტ-პროვოკატორები თავად იყვნენ ამ ჯგუფების შექმნის ინიციატორები. ეს კითხვა, რომ სრულიად ლეგიტიმურია ქვემოთ დარწმუნდებით.

ასევე დაგაინტერესებთ: ისტორიის გაკვეთილები: სისხლიანი 12 ნოემბერი პარიზში - როგორ უნდა დამარცხდეს "ურჩხული", რომელიც მოუშორებელი ჭირი გახდა

მსოფლიო მასშტაბის #1 დამნაშავე: როგორ მოკლეს ოსამა ბინ ლადენი - რა საბედისწერო შეცდომებს უშვებენ სპეცსამსახურები?

დიდი ბიზნესი ათასობით ადამიანის სიკვდილის ხარჯზე - წვერებიანი "ბოევიკები" მხოლოდ შემსრულებლები არიან, ხოლო შემზარავ დანაშაულებს სათვალეებიანი ინტელექტუალები გეგმავენ

"კა-გე-ბეს" მახე დისიდენტებისთვის - როგორ ქმნიდა საბჭოთა სპეცსამსახური პოლიტიკურ პარტიებს და ფარულ ორგანიზაციებს

1970 იანი წლების დასაწყისიდან პარადოქსული მდგომარეობა შეიქმნა: საბჭოთა რეჟიმისთვის „საგარეო ფრონტზე“ სიტუაცია სულ უფრო და უფრო უმჯობესდებოდა (გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულებები მთავარ მოწინააღმდეგეებთან: აშშ–სთან და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან), თუმცა საბჭოთა მოქალაქეებს ეკონომიკურ პრობლემებზე ნაკლები რომ ეფიქრათ და მათი „სიფხიზლე“ არ მოდუნებულიყო, კა-გე-ბემ ახალი „იდეოლოგიური მტერი“ – დისიდენტები, რომლებიც „დასავლეთიდან იმართებოდნენ“, სწრაფად „აღმოაჩინა“ და ცდილობდა ყურადღების მათკენ გადატანას.

iuri-andropovi-da-leonid-brezhnevi-1763705299.jpg

იური ანდროპოვი და ლეონიდ ბრეჟნევი

საბჭოთა დისიდენტების წინააღმდეგ რეპრესიები, ძირითადად, 1972 წლიდან, პ.იაკირისა და ვ. კრასინის დაპატიმრებისა და დადგმული „სასამართლო პროცესების“ შემდეგ დაიწყო და თანდათან კა-გე-ბეს მუშაობის მთავარ მიმართულებად იქცა. საბჭოთა პოლიტიკური პოლიციის შეფი იური ანდროპოვი „მთავარ ინსტანციას“ (ანუ სკკპ პოლიტბიუროს) საიდუმლო მოხსენებებით „ბომბავდა“: ათეულ ათასობით დისიდენტი საბჭოთა კავშირის დანგრევას ცდილობსო. ამაზეა ნათქვამი: „ბუზი სპილოდ აქციესო“. მთელ საბჭოთა იმპერიაში რეალურად რამდენიმე ასეული დისიდენტი და კიდევ იმდენივე ფარული მხარდამჭერი თუ მოიძებნებოდა! თუმცა „შინაური მტრის“ და „კონტრრევოლუციონერების“ გარეშე სოციალისტური დიქტატურა როგორ იარსებებდა?

1975 წლის 29 დეკემბერს, როდესაც მილიონობით საბჭოთა მოქალაქე ახალი წლის სამზადისში იყო, კა-გე-ბეს შეფმა იური ანდროპოვმა “სრულიად საიდუმლო” მოხსენება (#3213-А) გააგზავნა კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ დოკუმენტიდან:

“1975 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით შრომით-გამოსასწორებელ დაწესებულებებში (ანუ ე.წ. კოლონიებში - ბ.ა.) განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისთვის სასჯელს იხდის 860 მსჯავრდადებული, მათგან ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის - 261 ადამიანი, რომლებიც ორ შრომით-გამოსასწორებელ კოლონიაში იმყოფებიან”. მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ “ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა”, რომელიც საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით ისჯებოდა (იგივე ნორმა მოქმედებდა სხვა რესპუბლიკებშიც), დისიდენტების პასუხისგებაში მიცემის ძირითადი საფუძველი იყო. აქედან გამომდინარე, ამ დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ 1975 წლის დასასრულისთვის სულ 261 დისიდენტი იმყოფებოდა კოლონიებში.

iuri-andropovis-sruliad-saidumlo-moxseneba-1763705318.jpg

იური ანდროპოვის „სრულიად საიდუმლო“ მოხსენება

მართლაც არაა დიდი რიცხვი, საბჭოთა იმპერიის კვალობაზე. ეს კი ორი მიზეზით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული: ან საბჭოთა საზოგადოება იყო ინერტული და “ღრმა ძილს” მისცემოდა, ან კა-გე-ბე ვერ მუშაობდა ეფექტიანად და ვერ ავლენდა დისიდენტებს.

კიდევ ერთი ციტატა იური ანდროპოვის საიდუმლო მოხსენებიდან ნათელს ფენს ამ საკითხს:

“1971-1974 წლების პერიოდში 63 108 ადამიანს ჩაუტარდა პროფილაქტიკა. ამავე პერიოდში მხოლოდ პროფილაქტიკის გზით ფორმირების სტადიაში აღკვეთილი იქნა 1839 ანტისაბჭოთა ჯგუფის საქმიანობა”. მკითხველს შევახსენებ , რომ ე.წ. ანტისაბჭოთა საქმიანობის პროფილაქტიკა, რომელიც ი. ანდროპოვის “ნოუ-ჰაუ” იყო, გულისხმობდა დისიდენტურ საქმიანობაში ეჭვმიტანილებთან გასაუბრებას, მათ დაშინებას მოსალოდნელი პრობლემებით (მათთვის და ოჯახის წევრებისთვისაც) და, რაც ყველაზე მთავარია, გადაბირებას და უკვე აგენტის სტატუსით უკან, დისიდენტურ ჯგუფში დაბრუნებას! დისიდენტური ჯგუფის წევრების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი თუ უძლებდა ამგვარ ზეწოლას და ბოლომდე საკუთარი პრინციპების ერთგული რჩებოდა. ამის შემდეგ მათი მძიმე ცხოვრება ციმბირის კოლონიებში, უმკაცრეს კლიმატურ და სარეჟიმო პირობებში გრძელდებოდა. “პროფილაქტირებულების” უდიდესი ნაწილი საერთოდ თავს ანებებდა დისიდენტებთან კონტაქტს, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი კა-გე-ბესთან თანამშრომლობის ხელწერილს დებდა და მცირე სასჯელის მოხდის შემდეგ დისიდენტურ ჯგუფში ბრუნდებოდა. ახლა კი ცხადი უნდა იყოს, თუ რატომ იხდიდა სასჯელს მხოლოდ 261 დისიდენტი, დანარჩენები კი, “პროფილაქტირებულნი” (ანუ უკვე დამუშავებულნი) იყვნენ. ამ მეთოდებით კა-გე-ბე სრულად აკონტროლებდა სიტუაციას, რასაც ადასტურებს კიდევ ერთი ამონარიდი იური ანდროპოვის საიდუმლო მოხსენებიდან:

“ჩამოყალიბების სტადიაშივე შევძელით დაგვექსაქსა (ტექსტშია “разложить” –“გაგვეხრწნა”, რაც უფრო ზუსტად ასახავს სუკ-ის მუშაობას - ბ.ა.) მთელი რიგი ნაციონალისტური, რევიზიონისტული და სხვა ანტისაბჭოთა მიმართულების საშიში დაჯგუფებები. ავტორიტეტების კომპრომეტირებამ... საშუალება მოგვცა, თავიდან აგვეცილებინა არასასურველი შედეგები, ქვეყნის სხვადასხვა რაიონში. ასევე, გაამართლა ისეთმა ღონისძიებებმა, როგორებიცაა: საბჭოთა მოქალაქეობის ჩამორთმევა და საზღვარგარეთ გაძევება (სოლჟენიცინი, ჭალიძე, მაქსიმოვი, კრასინი, ლიტვინოვი, ესენინ-ვოლგინი და სხვ.). ოპერატიული მდგომარეობის გაჯანსაღებას ხელი შეუწყო, აგრეთვე, მრავალი ექსტრემისტისთვის საბჭოთა კავშირიდან ისრაელში გამგზავრების უფლების მიცემამ”.

ამ მოხსენებაში საბჭოთა უშიშროების შეფი ცდილობს, საბჭოთა დისიდენტებს (ამ სიტყვას ანდროპოვი მხოლოდ ბრჭყალებით იყენებს - ბ.ა.) ბრალეულობა წინდაწინ დაუმძიმოს და მომავლისთვის უფრო მძიმე დანაშაულის მუხლით გასამართლების წინაპირობა შექმნას. ამაზე მეტყველებს ქვემოთ მოტანილი ციტატა:

“გამოცდილება გვიჩვენებს, რომ “დისიდენტების” მოქმედებები, რომლებიც თავიდან ანტისაბჭოთა პროპაგანდით შემოიფარგლება, შემდეგ, მთელ რიგ შემთხვევებში, იღებს ისეთ მძიმე ფორმებს, როგორიცაა: ტერორიზმი, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით იატაკქვეშა მუშაობის ორგანიზება, ჯაშუშობა, უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირის დამყარება და სხვ”.

საბჭოთა კავშირის მთავარი პრობლემა, როგორც ყოველთვის, თურმე, კვლავ გარეძალების მტრული მოქმედებები ყოფილა და “საზიზღარი იმპერიალისტები” “ბედნიერ და აყვავებულ” ქვეყანას ათასნაირ ხრიკებს უწყობდნენ. შინაური მტრების გამოსავლენად საჭირო იყო “ძალზე უმნიშვნელო” პროცესის ინიცირება: საბჭოთა მოქალაქეების პროვოცირება (წაბიძგება) კანონმდებლობის (ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის) დარღვევისკენ და „სხვაგვარად მოაზროვნეთა“ გამოვლენა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა დისიდენტების მაქსიმალური კომპრომეტირებისთვის კა-გე-ბეს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მრავალი ღია და ფარული ოპერატიული კომბინაცია.

კა-გე-ბეს სრული ინფორმაცია ჰქონდა დისიდენტების შესახებ, თუმცა არ ჩქარობდა მათ დაპატიმრებას. საჭირო იყო ჯერ საზოგადოებრივი აზრის მომზადება და საბჭოთა დისიდენტების უცხოეთის სპეცსამსახურებთან „კავშირის“ ჩვენება. უკვე 1976 წლის ნოემბრიდან სუკ-ის ორგანიზებით საბჭოთა პრესაში დაიწყო “ჰელსინკის ჯგუფების” საწინააღმდეგო პროპაგანდისტული კამპანია, ხოლო 1977 წლის თებერვლიდან - “ჯგუფების” წევრების დაპატიმრებები. ეს პროცესი მოსკოვიდან, კა-გე-ბეს მთავარი შტაბიდან - “ლუბიანკიდან” იმართებოდა და მას მე-5 სამმართველოს უფროსი ფილიპ ბობკოვი ხელმძღვანელობდა.

(პირველი ნაწილის დასასრული)