"ქართული ტრაგედია" უკრაინაში გამეორდება?! - ამერიკულ-რუსული "სამშვიდობო გეგმა, რომელიც ზელენსკისთვის კატასტროფის ტოლფასია - კვირის პალიტრა

"ქართული ტრაგედია" უკრაინაში გამეორდება?! - ამერიკულ-რუსული "სამშვიდობო გეგმა, რომელიც ზელენსკისთვის კატასტროფის ტოლფასია

ტრამპი „28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის“ ხელმოწერას მადლიერების დღემდე კატეგორიულად მოითხოვს -რამდენად მადლიერი დარჩება უკრაინა ამერიკის ზეწოლით რუსეთთან კაპიტულაციის გაფორმებაზე?

27 ნოემბერს ამერიკაში მადლიერების დღეს აღნიშნავენ და ამ თარიღისთვის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს სურს ოფიციალურად „გაიფორმოს“ „მე-9 ომის შეჩერება“, რისთვისაც უკრაინის ხელისუფლებას მხოლოდ შვიდი დღე მისცა აშშ-ისა და რუსეთის მიერ ერთობლივად ფარულად შემუშავებული 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმისთვის“ ხელის მოსაწერად...

არაოფიციალურად უკვე ცნობილია ამ 28-პუნქტიანი გეგმის ყველა თავი, რომლებიდანაც ზოგი მისაღებია უკრაინისთვის, ზოგიც კი - უკრაინის დანაწევრების ოფიციალურად აღიარებას ნიშნავს...

ეს ყველაფერი ძალიან წააგავს იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რასაც განიცდიდა საქართველო რუსეთიდან აფხაზეთის ომის დროს ცეცხლის შეწყვეტაზე ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულებების გაფორმებისას გაგრისა და სოხუმის დაკარგვის წინ და იმ პროცესსაც, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა 2008 წლის აგვისტოს ომში, საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისას, როდესაც „მომრიგებლის“ როლში საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი სარკოზი გამოდიოდა...

უკრაინა მძიმე რეალობას ვერ გაექცევა - რუსეთის საოკუპაციო ძალები 2024 წლის დასაწყისიდან ფლობენ საბრძოლო ინიციატივას ფრონტის ხაზზე და ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიის დაპყრობას, რის პარალელურადაც, ყოველ ღამე დაუნდობლად იბომბება უკრაინული ქალაქები, ფრონტიდან ღრმა ზურგშიც...

ყოველივე ამის ფონზე, დღეს უკრაინას ჰაერივით სჭირდება ამ ომში „ტაიმ-აუტის“ აღება, „ამოსასუნთქად“ და მის ინტერესებშია ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტა და ფრონტის ხაზის „გაყინვა“, დღევანდელი მდგომარეობით, მაგრამ ამაზე კრემლი, ბუნებრივია, არ მიდის, რადგან ის შემტევის როლშია და უფრო მეტის გამორჩენა სურს...

აშშ-ის პრეზიდენტს კი თავისი აკვიატებული იდეები მოსვენებას არ აძლევს, „მე-9 ომის შეჩერებასა“ და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატობაზე ოცნებით და ამიტომაც, გარკვეულწილად, ემთხვევა პუტინი-ტრამპის ინტერესები უკრაინისთვის ისეთი „სამშვიდობო გეგმის“ თავზე მოსახვევად, რომელიც, ფაქტობრივად, ამ უკანასკნელის კაპიტულაციამდე მიდის...

28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმიდან“ განსაკუთრებით გამოსაყოფია შემდეგი -ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დე ფაქტოდ ცხადდება, რუსეთის განკარგულებაში; ხერსონსა და ზაპოროჟიეში ფრონტის ხაზი „იყინება“; უკრაინას გამოჰყავს ჯარი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს და ის რაიონები ცხადდება ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად, რომლებიც რუსეთის მმართველობის ქვეშ გადადიან, ოღონდ იქ არ უნდა ჩადგეს რუსეთის არმია; რუსეთს გაჰყავს ჯარი უკრაინის სუმის, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის იმ რამდენიმე სოფლიდან, რომლებშიც დღესაა შეჭრილი...

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინის კაპიტულაციის 28-პუნქტიანი ამერიკული გეგმა იმისთვის, რომ ტრამპმა „მე-9 ომის შეჩერება“ ჩაიწეროს?! - ფარული მოლაპარაკებები ზელენსკის ზურგს უკან

ბრიტანელები პუტინს სადაზვერვო გემის დაკავებას გაუბედავენ? ვერ გაუბედავენ, ჩერჩილი ხომ მკვდარია...

პუტინის რუსეთიდან მესამე რაიხამდე: რუსული „შაჰიდების“ ფრაგმენტების ძებნაში პოლონელებმა გერმანული „ფაუ“-ს ნარჩენები აღმოაჩინეს

"ჰერკულესის" ჯერ მეოთხე ძრავამ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მეორემ - ხრახნი მოტყდა და მფრინავების კაბინა გადაჭრა - ქართულ ცაში თურქული „ჰერკულესის“ კატასტროფის მიზეზი დაადგინეს?!

"უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა - ისეთი, რომელიც არ განადგურდება მესამე შემოჭრით", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე კომენტირებისას განაცხადა.

უბრალოდ, უკრაინის პრეზიდენტს აღარ სურს იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომელიც ერთხელ უკვე გადაიტანა თებერვალში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, როდესაც ტრამპმა ის ტელეკამერების წინ მკაცრად „დატუქსა“ და ამიტომაც ვერ ბედავს სახალხოდ იყვიროს -პრეზიდენტო ტრამპო! თქვენი, ამ „სამშვიდობო გეგმით“, პუტინთან, უკრაინის კაპიტულაციისკენ გვიბიძგებთ!

ამის სანაცვლოდ, ზელენკი ესწრაფვის თეთრ სახლში ჩასვლას და ტრამპთან პირისპირ დალაპარაკებას - განსხვავებით თებერვლის შეხვედრისა, ამჯერად ზელენკი ბევრად უფრო ძლიერ მხარდაჭერას გრძნობს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისგან, რომლებმაც თავის მხრივ ასევე გააკრიტიკეს ტრამპის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“...