მთის კურორტებზე SKI პატრულის გაგზავნას ითხოვენ - "სასწაულმა გადაგვარჩინა შარშან, რომ უბედურება არ მოხდა" - კვირის პალიტრა

მთის კურორტებზე SKI პატრულის გაგზავნას ითხოვენ - "სასწაულმა გადაგვარჩინა შარშან, რომ უბედურება არ მოხდა"

Ski პატრული, რომელიც ზამთრის კურორტებზე 2016 წლიდან პატრულირებდნენ, გასულ სეზონზე აღარ გამოჩენილან. ამან კი, ზამთრის კურორტებზე გამოწვევები შექმნა.

დამსვენებლები ამბობდნენ, რომ განსაკუთრებული პრობლემა სათხილამურო ტრასებზე თოვლმავალი ტრანსპორტის უკონტროლო გადაადგილდება და ტრასებზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ სრიალი იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც ზრდასრულებს, ასევე მოზარდებსაც. მათი თქმით, შარშან სასწაულმა გადაარჩინათ, რომ უბედურება არ მოხდა.

უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების არარსებობა, მენეჯმენტური პრობლემების წინაშე აყენებდა ზამთრის კურორტებზე მოქმედ ბიზნესებსაც.

სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ეკა ორჯონიკიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, რომ მათ დააყენეს კიდეც შესაბამის სამსახურებთან მოთხოვნა, რათა წელს ბაკურიანი Ski პატრულის გარეშე არ დარჩეს.

„Ski პატრული აუცილებელია. შარშან არ იყო მხოლოდ, მანამ კი ჩვენ რაც აქ ვართ, ყოველ წელს. როგორც ვიცი, მიზეზი თბილისში განვითარებული მოვლენები იყო. ეს საკითხები დავაყენეთ ჩვენ შესაბამის სამსახურებთან შეხვედრაზე, რომ საკურორტო პოლიციის რეალური საჭიროება დგას ჩვენთან.

ცალკე სსიპ არის მთის ტრასების სააგენტო, ისინი განსაზღვრავენ საჭიროებებს. თუმცაღა, ჩვენ სრული კოორდინაცია გვაქვს ერთმანთთან და თუ რაიმე მნიშვნელოვანია, ერთად გავდივართ ამ საკითხებს. შარშან ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, განსაკუთრებით ღამის საათებში, რომ ნასვამი პირი დაეჯახა ბავშვს ან რაღაც ჩხუბი მოხდა სრიალის დროს. როცა Ski პატრულია, უფრო მეტი თავშეკავებულობაა. კონტროლის მექანიზმი როცაა ჩართული, ნაკლები ნეგატიური რაღაც ხდება. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ მთელი სეზონი თუ არა, არდადეგების დროს მაინც, როცა ძალიან დიდი ნაკადია ადამიანების, Ski პატრული აქ აუცილებლად უნდა იყოს“, - აცხადებს ეკა ორჯონიკიძე.

განაგრძე კითხვა