„სასწაულის მოლოდინში“ - გზავნილი აფხაზეთისკენ - კვირის პალიტრა

„სასწაულის მოლოდინში“ - გზავნილი აფხაზეთისკენ

სოხუმის თეატრი გურამ ოდიშარიას პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს წარმოადგენს

„სასწაულის მოლოდონში“ - ასე ჰქვია გურამ ოდიშარიას ნაწარმოების მიხედვით შექმნილ სპექტაკლს, რომელსაც მალე რეჟისორი, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის დირექტორი გიორგი კაშია, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოადგენს. პროექტი ფონდის „კანანელი“ ინიციატივით ხორციელდება და სპექტაკლის მთავარი მიზანია აღადგინოს და განავითაროს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კავშირები.

ქართველი პოეტის, მწერლის, დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის გურამ ოდიშარიას პიესა „სასწაულის მოლოდინში“ მისი ავტორის მშობლიურ კუთხეს, აფხაზეთს არ „სცილდება“. შეიარაღებული კონფლიქტიდან მრავალი წლის შემდეგ, ორი ხანდაზმული, ქართველი და აფხაზი მეგობრის შეხვედრისას, როგორც ცალკეული პიროვნებების, ისე ერთმანეთს დაშორებული საზოგადოებების ისეთი შინაარსის დიალოგი ვითარდება, რომელიც ერთგვარი მაგალითი იქნება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენლისათვის.

გურამ ოდიშარია და მისი შემოქმედება, ცნობილია როგორც ყოველგვარი ომების მოწინააღმდეგე, ნებისმიერი უმწვავესი, მათ შორის, უპირველესად, პოლიტიკური პრობლემების მხოლოდ დიალოგის, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის პოპულარიზატორი. ამ შემთხვევაში, ახალ პიესაშიც ხაზგასმულია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემით, სიყვარულითა და კეთილგანწყობით მრავალეროვნულ გარემოში.

გურამ ოდიშარია:

- ბოლო ორი წელია ამ ნაწარმოების შექმნაზე ვფიქრობდი, მაგრამ წერას დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებდი. ერთხელაც, ჩემმა მეგობრებმა კახაბერ ძაძამიამ და გია ფარცვანიამ მითხრეს, რომ არსებობს ასეთი საინტერესო კაცი ლევან თარგამაძე, რომელსაც დიდი სურვილი აქვს დაიდგას სპექტაკლი, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიეთობებს შეეხება. შევხვდი მას, არქიმანდრიტ მამა ღვთისავარს (კობა გობეჯიშვილი) და მამა იერემია ლომიძეს, ფონდის „კანანელი“ დამფუძნებლებს. როგორც მათგან შევიტყვე, ეს იდეა წმინდა მოციქული სიმონ კანანელის, ტაძრის მშენებლობის პროცესში დაიბადა და მათი დიდი სურვილი იყო აფხაზეთზე შეყვარებული ადამიანები ერთმანეთთან დაეკავშირებინა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, განმარტოება გადავწყვიტე და ზაფხულში დავწერე პიესა „სასწაულის მოლოდინში“. კაცობრიობის ოცნებაა, რომ ყველაფერი მოგვარდეს, დედამიწაზე მშვიდობა დამყარდეს. ჩვენ, ადამიანები ყოველთვის ველით სასწაულს და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, სასწაულის მოლოდინი გრძელდება და კაცობრიობის მოუგვარებელ პრობლემად კვლავ ომები და კონფლიქტები რჩება. ეს ხდება როგორც კავკასიაში, საქართველოში, ისე ნებისმიერ კონტინეტზე. მსოფლიოში 250 ე.წ. ცხელი კონფლიქტია, რომელიც ვერა და ვერ დარეგულირდა. კაცობრიობა კვლავ გადის ბარბაროსულ პერიოდს, როცა იარაღით უნდა გადაწყდეს ის პრობლემა, რომელიც სახელმწიფოებს წინაშე დგება. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, ჩვენ ომების პლანეტად ვართ ქცეული. მიუხედავად ათასი მოძღვრებისა და რელიგიური მიმართულებებისა, სამყარომ ვერ მოახერხა სიტყვით გადავჭრათ ის პრობლემები, რაც გვაწუხებს... მოგეხსენებათ, სოხუმელი ვარ, იქ დავიბადე და ზღვისპირას გავიზარდე. ომმა ჩემს თვალწინ ჩაიარა. ლექსებს ვწერდი და ალბათ ასეც გავაგრძელებდი, მაგრამ მომხდარმა იმაზე წერა დამაწყებინა, რაზეც დღესაც ვწერ.

21-1763720779.jpg

- 27 წლის ასაკში თქვენი ლექსების პირველი კრებული გამოვიდა და ომამდე 9 ლექსების კრებული გამოეცით. 1993 წელს საკენ-ჭუბერის უღელტეხილის გადმოვლის შემდეგ, ეს გზა „დევნილთა უღელტეხილში“ აღწერეთ. ომმა ლექსებს ჩამოგაშორათ და მას შემდეგ აღარ მიბრუნებიხართ?

- დიახ, ჩამოვშორდი... მე და ჩემს რამდენიმე მეგობარს „ზღვის პოეზია“ გვინდოდა ჩამოგვეყალიბებინა, რომლის ინსპირატორი ზღვა და ჩემი მშვენიერი, მშობლიური ქალაქი იყო, მაგრამ ომმა ყველაფერი იავარქმნა. ვნახე ზღვის ტალღებზე ცხედრები როგორ ტივტივებდნენ, როგორ განადგურდა და ცეცხლის ალში გაეხვა ჩემი საყვარელი მცენარეები: პალმა, არაუკარია, აგავა, მიმოზა. და პლიუს ამას, ადამიანები გაუცხოვდნენ, ომმა მათ შორის კავშირები გაწყვიტა. უღელტეხილით რომ გადმოვდიოდი, ვფიქრობდი, იმ გზას თუ გადავურჩებოდი, მას აუცილებლად აღვწერდი. „დევნილთა უღელტეხილი“ დღემდე ბევრ ენაზე ითარგმნება და უახლოეს მომავალში საფრანგეთშიც გამოიცემა. და ის პიესა, რომელიც ახლა შევქმენი და რომელიც სოხუმის თეატრში იდგმება, ამ ყველაფრის გაგრძელებაა და ამავდროულად, ჩემთვის პირადად დიდი კავშირია ჩემს იმ ნაწარმოებთან, რომელიც წლების წინ თემურ ჩხეიძემ დადგა და ეს იყო „ზღვა, რომელიც შორია“. მაშინ ორი გულითადი მეგობარი საუბრობდა, სადაც აფზაზ გმირს თავის ტრაგედია და სიმართლე ჰქონდა, ქართველს - თავისი. ის სპექტაკლი არ იყო მხოლოდ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, არამედ იყო საერთო, გლობალური პრობლემა, თუ რას წარმოადგენს ომი და მშვიდობა და თუ რა ვითარებაშია დღეს პლანეტა.

- „ზღვა, რომელიც შორია“, რომელშიც მთავარ როლებს დიმა ჯაიანი და მერაბ ბრეკაშვილი ასრულებდნენ, იყო სპექტაკლი, რომელიც სოხუმის თეატრის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახლდა. პიესა „სასწაულის მოლოგინში“ იმეორებს იმ პათოსს, რაც თქვენ წლების წინ ჩადეთ პიესაში „ზღვა, რომელიც შორია“. თემატიკა და თქვენი სათქმელი იგივეა და თითქოს ფორმაც, აქაც ორი მეგობარია - ქართველი და აფხაზი, ახლა მათ როლებს ლევან ბერიკაშვილი და მერაბ ყოლბაია ასრულებენ... ფიქრობთ, რომ სპექტაკლს „სასწაულის მოლოდინში“ იგივე რეზონანსი ექნება, რაც თავის დროზე, „ზღვა, რომელიც შორიას“ შემთხვევაში მოხდა?

- სპექტაკლმა „ზღვა, რომელიც შორია“ თავისი გულწრფელობით, ბევრის გულამდე მიაღწია და თავის მისია შეასრულა. ის დადგა დიდმა მაესტრომ თემურ ჩხეიძემ და ბედნიერი ვარ, რომ მასთან ვიმუშავე. ახლაც უაღრესაც გახარებული ვარ, რომ ჩემს ახალ პიესაზე მუშაობს ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი კაშია. მისი სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი“ რომ ვნახე, აღფრთოვანებული დავრჩი. ვფიქრობ, ქართულ თეატრალურ სამყაროში ეს ნიჭიერი კაცი თავის კვალს დატოვებს. იმედი მაქვს, ჩვენ დიდი მეგობრები გავხვდებით და სპექტაკლიც ძალიან წარმატებული გამოვა.

- ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან 32 წლის შემდეგაც, თქვენი სათქმელი იგივეა, რაც უწინ, ანუ პოლიტიკური პრობლემების მხოლოდ მშვიდობიანი და დიალოგის გზით გადაწყვეტა, მხოლოდ ესაა რეალური გამოსავალი...

- რასაკვირველია. ჩემი წარსული და საქმიანობა რომ გავაანალიზო, ჩემი სათქმელი მაშინაც და ახლაც იგივეა. ომის დაწყებამდე, როცა ჟურნალის „რიწა“ მთავარი რედაქტორი ვიყავი, ქართველ და აფხაზ ავტორებს ვბეჭდავდით. ლიტერატურა მქონდა როგორც ხიდი ამ ორ ხალხს შორის. ლიტერატურას ძველი, შეწყვეტილი კავშირების აღდგენის უნარი აქვს. მაშინაც და ახლაც ვამბობ, რომ ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. ისტორიას არ უყვარს ლირიკა, ეს მოხდა, მაგრამ ამ თემებზე ყოველთვის უნდა ვილაპარაკოთ. უთანხმოების იარაღის გზით გადაწყვეტა, სიტყვიერმა მოლაპარაკებებმა უნდა ჩაანაცვლოს. ჩვენს წმინდა წიგნებში წერია, „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი“, „ღმერთი სიყვარულია“, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სიბრძნე კაცობრიობამ ვერ გაისიგრძეგანა. ვფიქრობ, სპექტაკლი „სასწაულის მოლოდინში“ დიალოგის დაწყების გზაზე ერთ აგურს მაინც დადებს. იქცევა მაგალითად იმისა, თუ როგორ უნდა შევრიგდეთ, საერთო ენა გამოვნახოთ. სწორედ ეს არის სპექტაკლის მთავარი მისია, რომელიც კარგი რეჟისორისა და მსახიობების მეშვეობით, ყველას გულამდე მოვა და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი აფხაზეთისკენ...

ფონდის „კანანელი“ პროექტი „ძმების დიოსკურების თანავარსკვლავედი“

სპექტაკლის „სასწაულის მოლოდინში“ ფინანსური მხარდაჭერია:

კულტურის სამინისტრო; შემოქმედებითი საქართველო და თბილისის მერია

სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერია: კვირის პალიტრა • kvirispalitra.ge

(R)