"დაღად დამედე გულზე ჩემო ერთადერთო, შეუცვლელო და მუდამ ცოცხალო ძმაო!" - ფოთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"დაღად დამედე გულზე ჩემო ერთადერთო, შეუცვლელო და მუდამ ცოცხალო ძმაო!" - ფოთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის, 22 წლის თომა პაჭკორიას სიცოცხლე ემსხვერპლა. მასთან ერთად მანქანაში მყოფი პირი კი დაშავდა, ის ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ევაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა. ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე დაიღუპა. დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ავარიის უმძიმესი კადრებიც გავრცელდა სოციალურ ქსელში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და საავტომობილო გზაზე მოძრაობა კარგა ხანს შეზღუდული იყო. ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ფოთელია და როგორც შევიტყვეთ, ამ დილით სამსახურში მიდიოდა, როცა ეს უბედურება დატრიალდა.

screenshot-2025-11-22-180326-1763820237.png

“უმძიმესი ტრაგედია მოხდა. შოკირებული და განადგურებული ვარ მომხდარით. ჩვენი კარგი მეგობარი, თომა აღარ გვყავს. სამსახურში მიდიოდა ამ დილით, ფოთში, ქარხანაში მუშაობდა. თითქმის მისული იყო სამსახურამდე, მეშვიდე კილომეტრში მოხდა ეს უმძიმესი ავარია. როგორც გავიგე, ჩქარა მიდიოდა, მოუსრიალდა მანქანა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანის უკანა ნაწილი ევაკუატორს მიარტყა და მანქანა შუაზე გაიხსნა. თომა ადგილზე გარდაიცვალა, როგორც ვიცი, მანქანაში იყო კიდევ ერთი პირი, რომელიც გადარჩა, საავადმყოფოშია გადაყვანილი. თომა ჩვენი საუკეთესო მეგობარი იყო, უპატიოსნესი, 22 წლის ბიჭი, რამდენიმე დღით თბილისში იყო ჩამოსული, საუკეთესო დღეები გამოვიარეთ, სულ ერთად ვიყავით, წუხელ დაბრუნდა ფოთში და ეს უბედურება დატრიალდა. თომას შეყვარებულიც ჩვენი მეგობარია, მალე დანიშვნას აპირებდა, ბედნიერებისთვის ემზადებოდა და ამ მწარე რეალობის წინაშე ვართ. სულ თვალწინ მიდგას მასთან გატარებული ბედნიერი დღეები. როგორც გითხარით, ეს დღეები თბილისში იყო თომა ჩამოსული, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით 3 დღის წინ, რესტორანში, თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით, ისეთი ბედნიერი დღეები გავიარეთ, სულ სიცილში, გართობაში და არ ვიცი რა ვთქვა, თავზე დაგვემხო ყველაფერი. ჩვენი სიცოცხლით და სიყვარულით თავსე თომა აღარ გვყავს. როგორ დავიჯეროთ ეს რეალობა თომა? ჩვენო საუკეთესო ძმაო. გვიყვარხარ! სულ გვეყვარები და ყოველთვის იცოცხლებ ჩვენს გულებში", - ამბობს ჩვენთან საუბარში თომას მეგობარი ნინი სამინავა.

სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით.

“ღირსება, წესიერება, პატიოსნება, სიმშვიდე, ყველაზე ტკბილი და თბილი, ყველაზე და ყველაფერზე მწარე და მტკივნეულიც.. ჩემი თილისმა. დაღად დამედე გულზე ჩემო ერთადერთო, შეუცვლელო და მუდამ ცოცხალო ძმაო! ჩემი ძმა ხარ! ძალიან ძალიან ძალიან, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ! სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! მგელივით ბიჭი ხარ და ღმერთმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს ჩემო თომა, ჩემო ყველაზე ტკბილო, მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ! მთელი საქართველო მწერს და მირეკავს ჩემო ძმაო, არავის არ გვჯერა! მიყვარხარ!" - წერს სოციალურ ქსელში თომას ძმა, ლუკა პაჭკორია და ძმის ფოტოებს აქვეყნებს.

"ძალიან მტკივნეულია იმის თქმა, რომ ჩვენს თვალწინ გაზრდილმა ახალგაზრდა ბიჭმა, თომამ დაგვტოვა. გულით ვიზიარებთ ამ მძიმე ტკივილს. ასეთი ნათელი, ზრდილობიანი და მოსიყვარულე ბავშვი, ყველას გვიყვარდა და ყველასთვის განსაკუთრებული იყო. შეუძლებელია ამ დანაკარგის აღწერა სიტყვებით" - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო.

(სპეციალურად საიტისთვის)