„ეს არის კაპიტულანტური გეგმა!“
პ რეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა თავის ადმინისტრაციაში მომზადებულ გეგმას, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ეხება. ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები 28-პუნქტიან გეგმაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საიდუმლოდ (უკრაინის წარმომადგენლების გარეშე) მუშაობდნენ რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევსა და უკრაინის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციით. ამ გეგმაში წერია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრებაზე, რუსეთი არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, ასევე, ანექსირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინის არმიის რიცხოვნობა ორჯერ შემცირდება, უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდება, უკრაინის შეიარაღებული ძალები შემცირდება და ის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეკვეცაზეც დათანხმდება. ამასთან, უცხოეთის სამხედრო ძალები უკრაინის მიწაზე არ დაიშვებიან და კიევი აღარ მიიღებს გრძელი რადიუსის შეიარაღებას.
ტრამპის ე.წ. სამშვიდობო გეგმაზე ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:
- ეს არა მშვიდობის ხელშეკრულება, არამედ კაპიტულანტური გეგმაა, რომელსაც უკრაინა ხელს არ მოაწერს. ამ გეგმით ამერიკამ საკუთარ თავს მიაყენა უზარმაზარი ზიანი, მეორე მხრივ, იმ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მისივე შექმნილი იყო - როდესაც დამპყრობელს ეუბნები, რომ მას შეუძლია დაბრუნდეს საერთაშორისო არენაზე სრულად მოხსნილი სანქციებით. ტრამპის გარანტიებისაც არავის სჯერა, ვიცით მისი არამყარი პოლიტიკა, პერსონალურ ინტერესებზე დაფუძნებული და შესაბამისად, მისი სანდოობა ამ საკითხში მინიმალურია.
- რატომ დაეყრდნო ტრამპი მაინცდამაინც სტივ უიტკოფს, რომელიც მუდმივად კრემლის ინტერესებს ითვალისწინებს და არა, ვთქვათ, მარკო რუბიოს, რომელიც უკრაინის ინტერესებს ითვალისწინებს?
- ტრამპს საგარეო პოლიტიკა ფორმალურად ჩაბარებული კი აქვს მარკო რუბიოსთვის, რომელსაც ბევრად დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ რეალპოლიტიკას მაინც პერსონები წარმართავენ იმ საკუთარი გარემოცვით, რომელსაც დიდი ხანია ტრამპი ბიზნესიდან და ფინანსური სექტორიდან იცნობს. ის არ უყურებს ამას როგორც სახელმწიფო პოლიტიკას, ჩემს მეგობარ პუტინს დაველაპარაკები, ის გამიგებს, რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო წესრიგს, თამაშის წესებსო, - ასეთია მისი პრინციპი. ამიტომაც აირჩა ოდიოზური ფიგურა უიტკოფი, რომლის წარმოშობა არა მარტო ამერიკულია, არამედ რუსულიც (წარმოშობით ებრაელია, წინაპრები რუსეთიდან ჰყავს). ტრამპი ფიქრობს, რომ უიტკოფის რუსული წარმოშობა და ის, რომ რუსეთს და მის კულტურას კარგად იცნობს, მას მოლაპარაკებებში დაეხმარება. რა თქმა უნდა, ეს არ მუშაობს, ტრამპი ამ საკითხს პერსონალურად და ცოტა მიამიტურად უყურებს. მას ახასიათებს ისე მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ ხასიათზეც გაიღვიძებს. ამიტომაც აქცია ტრამპმა ამ მოლაპარაკებებში საკუთარი თავი გეოპოლიტიკურ ჯუჯად პუტინთან შედარებით. სამაგიეროდ, პუტინი გამოჩნდა გიგანტი, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს არ არის ამერიკული, არც მსოფლიო საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი გეგმა, არამედ კრემლის, პუტინის გეგმაა. მან დააჯერა ამერიკული მხარე, რა არის სწორი და რა არასწორი და ამერიკულმა მხარემაც წარადგინა ის, რასაც რუსული მხარე ჯერ კიდევ სტამბოლის მოლაპარაკებების პერიოდში, 2022 წლის მარტში ამბობდა... ჯონ ბოლტონი, ტრამპის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი, ამბობდა: "ტრამპი საღამოს რომ დამეთანხმებოდა, დილით გადათქვამდა, გადაწყვეტდა, რომ მე უკეთ შემიძლია გამომივიდესო. ასეთი პოლიტიკური ხასიათი აქვს. ამასთანავე, ტრამპს ადამიანებთან საუბარი ეხმარება პოზიციების ცვლილებაში. სავარაუდოდ, სახელმწიფო სამდივნო მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით არწმუნებს, რომ უკრაინის დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ არის ჯეი დი ვენსი, რომელიც მეტ-ნაკლებად იზოლაციონისტია, არის ტრამპის უმცროსი შვილი, რომელიც ანტიუკრაინელობით გამოირჩევა, ანუ არიან ადამიანები, რომელთაც ის ნაწილობრივ უჯერებს, ნაწილობრივ, საკუთარი თავის რწმენა და ხასიათის ცვალებადობა აქვს. როდესაც ის ევროპის 7 ლიდერს შეხვდა, მათ შორის, ფინეთის პრეზიდენტს და იქიდან აღფრთოვანებული წამოვიდა, რამდენიმე ხნის შემდეგ რუსეთისკენ გადაიხარა. ასეთი ცვალებადი ხასიათი აქვს...".
- ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს.
- ზელენსკიმ უკრაინელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ლეგიტიმაცია ჰქონდეს მის შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყანა არ დანებდება. ეს გეგმა ისე დაიჩეხება, რომ არც რუსეთისთვის და არც ამერიკისთვის მისაღები აღარ იქნება და ჩავარდება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური დროის გაყვანა და ასე ვთქვათ, თამაში, პირდაპირ არ ითქვას მყარი უარი. კიევში ყველამ იცის, რომ კაპიტულაციას ხელს ვინც მოაწერს, ის მოღალატე იქნება. ზელენსკიმ რომც მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, მას სამხედროები არ დაემორჩილებიან და ასეთ მთავრობას დაამხობენ. უამრავი უკრაინელი იმისთვის დაიღუპა, რომ რუსეთს კაპიტულაცია გამოუცხადონ, რუსეთი წინ წავიდეს და შემდგომი ომისთვის მოემზადოს? მაგ პუნქტებში ისიცაა, რომ 100 დღეში არჩევნები უნდა ჩატარდეს და ზელენსკი უნდა წავიდეს...
- რაში სჭირდება ტრამპს უკრაინის კაპიტულაცია?
- ტრამპი ფიქრობს, რომ რუსეთი კარგი ბაზარია, მასთან მოლაპარაკება წაადგება, თან იმედოვნებს, რუსეთი ჩინეთის საკითხშიც დაეხმარება, ჰგონია, ჩინეთი რომ მტერია, ამას რუსეთიც გაიზიარებს. რუსეთი ჩინეთის ნავიდან არ გადმოვა და რაც ყველაზე მთავარია, ტრამპს ევროპა აღარ აინტერესებს, დასავლური, ევროპული ბანაკის უსაფრთხოება მისთვის უმნიშვნელოა. მას თავისი იზოლაციონისტური ხედვა აქვს, ოკეანეასა და ამერიკაზე ფოკუსირებული. ოკეანეაში მას ჩინეთი ჰყავს მტრად, ამერიკის კონტინენტზე კი ვენესუელა და კუნთებს ათამაშებს, დანარჩენს მნიშვნელობას არ ანიჭებს. მას ამბიციაც აქვს - კიდევ ერთი ომი დაასრულა და ნობელის პრემია ეკუთვნის მომდევნო წლისთვის.
- როგორც იკვეთება, უკრაინა შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, რუსეთი, ცხადია, ცეცხლს არ შეწყვეტს.
- ამ ომში მომდევნო 10 თვე იქნება ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი მაქსიმალური დანახარჯებითა და მსხვერპლით. რუსეთის გეგმა იქნება უკრაინის კაპიტულაცია ძალისმიერი მეთოდებით. პუტინმა განაცხადა, სანამ ჩემს ამოცანებს არ შევასრულებ, ომს არ შევწყვეტო, ამიტომ გააგრძელებენ შეტევას მაქსიმალური დანახარჯებით. პუტინი ყველაფერს იზამს მომდევნო 10 თვეში, რომ უკრაინა დაამარცხოს და არა მარტო ფრონტის ხაზზე. თუ საჭირო გახდა, ის კიევზეც გაიწევს, ეს იქნება მისი ფსონი. უკრაინა კი ეცდება რუსეთი შიგნიდან დაანგრიოს და იმდენად მოუსპოს ეკონომიკა, რომ გამოიფიტოს ისე, როგორც პირველ მსოფლიო ომის დროს, როცა რუსეთი მარტო ფრონტზე კი არ დამარცხდა, მისთვის მთავარი დარტყმა შიდაეკონომიკური ქაოსი იყო და ამას ვერ გაუძლო. უკრაინის გათვლაა მასშტაბური დივერსიები. ვიცით, რომ უკრაინას კონტრშეტევა არ უცდია და შეიძლება ამის მცდელობაც იყოს. მეეჭვება რუსეთმა უკრაინა გატეხოს. რუსეთს სურს, რომ მომავალი ზამთარი, აშშ-ში შიდა დაპირისპირება და უკრაინის საკითხში გაურკვევლობა გამოიყენოს. პუტინის განცხადება, რომ ამ ომის ყველა მიზანი უნდა შესრულდეს, კაპიტულაციის გარეშე რთულად მისაღწევი იქნება. უკრაინამ იცის, რომ ეს მისთვის დიდი მნიშვნელობის ომია, მას დასაკარგი ყველაფერი აქვს. რუსეთმა ამ ომში ერთ მიზანს უკვე ნაწილობრივ მიაღწია - თითქმის აღარ არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი და ეს ტრამპის სამშვიდობო გეგმის წინადადებაში გამოიხატა. როცა შეგიძლია დამპყრობელს გაუფორმო დაპყრობა, ხალხის მასობრივი განადგურება და მსხვერპლს დაუწესო შეზღუდვები, ესე იგი, ლიდერის პოზიციებსაც თმობ და შენივე ხელით შექმნილ საერთაშორისო წესრიგსაც უარყოფ. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, ხვალ ტრამპი რომ გამოვიდეს და თქვას, უკრაინას ისევ ვუჭერ მხარსო, მაგრამ მთავარია არა სიტყვები, არამედ შედეგი: საერთაშორისო მშვიდობა რუსეთის დამარცხების გარეშე ვერ მიიღწევა.
გერმანიამ დაიწყო სერიოზული მილიტარიზაცია, ახალი ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების წარმოება და ეფექტური საშუალებების განვითარება. ალბათ, მალე "ტაურუსების" მიწოდების საკითხიც გადაიჭრება უკრაინის სასარგებლოდ. პოლონეთმაც აქტიურად დაიწყო იარაღის წარმოება, ბალტიისპირეთიც ცდილობს. შვედეთშიც იგივე ნიშნებია, იტალიაშიც... ეს სხვანაირ მსოფლიოს მოასწავებს. ნატოს ქვეყნები მხოლოდ ამერიკის იმედზე აღარ არიან.
თუკი მეორე მსოფლიო ომის წინ ევროპის მილიტარიზაციამ მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია, დღეს ევროპის მილიტარიზაციას შეუძლია მესამე მსოფლიო ომის შეჩერება, ამის გარანტია კი ევროპის გამოღვიძება იქნება.