უკრაინა ორ ცეცხლშუა - პუტინი ბომბავს, ტრამპი კაპიტულაციისკენ უბიძგებს - კვირის პალიტრა

უკრაინა ორ ცეცხლშუა - პუტინი ბომბავს, ტრამპი კაპიტულაციისკენ უბიძგებს

ეს კვირა უკრაინისთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს და განსაზღვროს მისი უახლესი მომავალი - გააგრძელებს თავის დაცვას აგრესორი რუსეთისგან თუ ისეთ დათმობებზე წავა დამპყრობელ მეზობელთან, რომ მოუწევს ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალურად "გადალოცვა" კრემლისთვის.

უკრაინის დამცველებს აქამდეც უჭირდათ ფრონტის ხაზზე, მაგრამ მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ რუს ოკუპანტებს თითოეული გოჯი მიწისთვის და მას დიდ ზარალს აყენებდნენ, რასაც დაემატა ბოლო დროს გააქტიურებული უკრაინული დრონების ყოველღამისეული მასირებული საჰაერო შეტევები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მნიშვნელოვან სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზეც, რამაც რუსეთის მოსახლეობის ნაწილს აგრძნობინა, რომ მათი პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ეს უსამართლო ომი ნელ-ნელა თავად რუსეთის მიწას უბრუნდება.

და ასეთ მნიშვნელოვან დროს უკრაინას თითქოს მახვილი ჩასცეს ზურგში.უკრაინის ვითომ სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა კიევისგან მალულად, პუტინთან შეთანხმებით, მოამზადებინა 28-პუნქტიანი "სამშვიდობო გეგმა" რუსეთ-უკრაინის ომის სასწრაფოდ შესაჩერებლად... უკრაინის ინტერესების ხარჯზე.

ტრამპი 28-პუნქტიანი "სამშვიდობო გეგმის" ხელმოწერას მადლიერების დღემდე კატეგორიულად მოითხოვს, მაგრამ რამდენად მადლიერი დარჩება უკრაინა ამერიკის ზეწოლით რუსეთთან კაპიტულაციის გაფორმებაზე?

27 ნოემბერს ამერიკაში მადლიერების დღეს აღნიშნავენ და ამ თარიღისთვის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს სურს ოფიციალურად "გაიფორმოს" "მე-9 ომის შეჩერება", რისთვისაც უკრაინის ხელისუფლებას მხოლოდ შვიდი დღე მისცა აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივი, ფარულად შემუშავებული 28-პუნქტიანი "სამშვიდობო გეგმისთვის" ხელის მოსაწერად. არაოფიციალურად უკვე ცნობილია ამ 28-პუნქტიანი გეგმის ყველა თავი, რომლებიდანაც ზოგი მისაღებია უკრაინისთვის, ზოგიც კი უკრაინის დანაწევრების ოფიციალურად აღიარებას ნიშნავს. ანუ ის, რასაც კრემლი ბოლო თვეების განმავლობაში ჯიუტად უყენებდა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, კვლავ აისახა იმ 28-პუნქტიან მორიგ "სამშვიდობო" გეგმაში, რომელიც უკრაინული მხარისგან მალულად შეუმუშავებიათ აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას, უფრო კონკრეტულად კი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სპეცწარმომადგენელ დმიტრიევს.

ის, რომ სტივ უიტკოფი, ტრამპის პირადი ნდობით აღჭურვილი პირი, ძალიან იხრება რუსეთისკენ და ითვალისწინებს კრემლის ინტერესებს, ვეღარც იმალება. სწორედ უიტკოფი გახლდათ, თეთრ სახლში ბოლო სტუმრობაზე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის რომ აძალებდა, დათმეთ უკრაინელებმა დონბასი, იქ ხომ მხოლოდ რუსულენოვანი მოსახლეობა დარჩაო.

თავიდან პრეზიდეტმა ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებელი პროცესების წარსამართავად ორი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა - სტივ უიტკოფი და გადამდგარი გენერალი კიტ კელოგი. უიტკოფს, რომელიც მანამდე დიდი ბიზნესით იყო დაკავებული და აქედან დაუახლოვდა ტრამპს, სამშვიდობო მოლაპარაკებების არავითარი გამოცდილება არ ჰქონია, განსხვავებით გენერალ კელოგისგან, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ასპექტებში მაინც ერკვეოდა. მოლაპარაკებების პროცესში გენერალი კელოგი რაღაცნაირად ჩრდილში აღმოჩნდა და მთავარ ფიგურად სწორედ უიტკოფი იქცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კრემლის დაჟინებული მოთხოვნა იყო, ამერიკელი გენერალი არ ყოფილიყო ჩართული ამ პროცესებში, რაც თეთრმა სახლმა, კერძოდ კი პრეზიდენტმა ტრამპმა, შეასრულა კიდეც და მოლაპარაკება მთლიანად მიანდო პოლიტიკურ თამაშებში სრულიად გაუთვითცნობიერებელ, მაგრამ, სამაგიეროდ, მეგობარ უიტკოფს. უიტკოფის გამოუცდელობაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან რამდენიმესაათიანი პირადი შეხვედრის შემდეგ ის ისე მოიხიბლა პუტინის პიროვნებით, რომ ეს პრესასაც კი ვერ დაუმალა, მაშინ როდესაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული მხარეების შესაჩერებლად თუკი კისრულობ მომრიგებლის როლს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოამჟღავნო პირადი სიმპათიები.

ეს ყველაფერი ძალიან წააგავს იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რასაც განიცდიდა საქართველო რუსეთიდან აფხაზეთის ომის დროს ცეცხლის შეწყვეტაზე ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულებების გაფორმებისას გაგრისა და სოხუმის დაკარგვის წინ, და იმ პროცესსაც, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა 2008 წლის აგვისტოს ომში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისას, როდესაც "მომრიგებლის" როლში საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი სარკოზი გამოდიოდა.

უკრაინა მძიმე რეალობას ვერ გაექცევა - რუსეთის საოკუპაციო ძალები 2024 წლის დამდეგიდან ფლობენ საბრძოლო ინიციატივას ფრონტის ხაზზე და ნელი ტემპით, მაგრამ მუდმივად აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიის დაპყრობას. პარალელურად, ყოველღამ დაუნდობლად იბომბება უკრაინული ქალაქები.ამიტომაც უკრაინას ჰაერივით სჭირდება ამ ომში "ტაიმ-აუტის" აღება ამოსასუნთქად და მის ინტერესებშია ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტა და ფრონტის ხაზის "გაყინვა" დღევანდელი მდგომარეობით, მაგრამ ამაზე კრემლი, ბუნებრივია, არ მიდის, რადგან ის შემტევის როლშია და უფრო მეტის გამორჩენა სურს.

ტრამპს თავისი აკვიატებული იდეები მოსვენებას არ აძლევს - ის "მე-9 ომის შეჩერებასა" და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატობაზე ოცნებობს.

28-პუნქტიანი "სამშვიდობო გეგმიდან" განსაკუთრებით გამოსაყოფია შემდეგი: ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დე ფაქტო ცხადდება რუსეთის განკარგულებაში; ხერსონსა და ზაპოროჟიეში ფრონტის ხაზი "იყინება"; უკრაინას გამოჰყავს ჯარი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს და ის რაიონები ცხადდება ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად, რომლებიც რუსეთის მმართველობაში გადადიან, ოღონდ იქ არ უნდა ჩადგეს რუსეთის არმია; რუსეთს გაჰყავს ჯარი უკრაინის სუმის, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის იმ რამდენიმე სოფლიდან, რომლებშიც დღესაა შეჭრილი; უკრაინა ანახევრებს არმიის რაოდენობას, უარს ამბობს იმ შორსმფრენ სარაკეტო შეიარაღებაზე, რომელიც მოსკოვამდე აღწევს; რუსული ენა ისევ ოფიციალური ხდება უკრაინაში და ა.შ.

"უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა - ისეთი, რომელიც არ განადგურდება მესამე შემოჭრით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სამშვიდობო გეგმის კომენტირებისას. უბრალოდ, უკრაინის პრეზიდენტს აღარ სურს იმ მდგომარეობაში აღმოჩენა, რომელიც ერთხელ უკვე გადაიტანა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, როდესაც ტრამპმა ის ტელეკამერების წინ მკაცრად "დატუქსა" და ამიტომაც ვერ ბედავს სახალხოდ იყვიროს: "პრეზიდენტო ტრამპო! თქვენ ამ "სამშვიდობო გეგმით" პუტინთან უკრაინის კაპიტულაციისკენ გვიბიძგებთ!" ამის სანაცვლოდ, ზელენსკი ესწრაფვის თეთრ სახლში ჩასვლას და ტრამპთან პირისპირ დალაპარაკებას - ამჯერად ზელენსკი ბევრად ძლიერ მხარდაჭერას გრძნობს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისგან.

ტრამპი კი აცხადებს: "უკრაინამ უნდა იჩქაროს სამშვიდობო გეგმაზე გადაწყვეტილების მიღება. ეს ზამთარი ცივი იქნება, ბევრ დიდ ელექტროსადგურს კი დარტყმა მიადგა. ზელენსკის ეს არ მოსწონს? მოუწევს, მოეწონოს, მოუწევს დაეთანხმოს, გარკვეულ მომენტში მას რაღაცასთან შეგუება მოუწევს. გახსოვდეთ, სულ ცოტა ხნის წინ ოვალურ კაბინეტში ვთქვი: "თქვენ არანაირი კოზირი არა გაქვთ".

ტრამპის აშკარა შანტაჟს კვერს უკრავს პუტინიც: "აშშ-ის ადმინისტრაციას დღემდე არ გამოსდის უკრაინული მხარის დათანხმება, უკრაინა წინააღმდეგია. როგორც ჩანს, უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ილუზიებში იმყოფებიან და ოცნებობენ, რომ რუსეთი სტრატეგიულად დაამარცხონ ბრძოლის ველზე. ვფიქრობ, ასეთ პოზიციას საფუძვლად მხოლოდ კომპეტენციის დაბალი დონე არ უდევს - საქმის ამ მხარეს ახლა არ განვიხილავ, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს პოზიცია ბრძოლის ველზე რეალურ სიტუაციაზე ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. თუ კიევში პრეზიდენტ ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ და ამაზე უარს ამბობენ, მაშინ მათ და ომის ევროპელ წამქეზებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები, რომლებიც კუპიანსკში მოხდა, გარდაუვალად მოხდება ფრონტის სხვა საკვანძო მონაკვეთებზეც. შეიძლება ისე სწრაფად არა, როგორც ვისურვებდით, მაგრამ ეს გარდაუვალად განმეორდება", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს რუსეთ-უკრაინის ომს მოარგოს "სამშვიდობო შეთანხმება ღაზის სექტორთან" და თანაც ისე, რომ რუსეთი ისრაელის როლში გამოიყვანოს, ხოლო უკრაინა კი... "ჰამასის"...მაგრამ განსხვავება ხომ უზარმაზარია - სწორედ "ჰამასმა" დაიწყო საშინელი ტერორისტული თავდასხმა ისრაელის დასახლებულ პუნქტებზე, დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და წაასხა მძევლები ღაზის მიწისქვეშა გვირაბებში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ისრაელმა შურისძიების ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია (თუმცა ასევე დაუნდობელი და ხშირად ზედმეტი ძალის გამოყენებით ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ)...

რუსეთი კი უკრაინას ორჯერ დაესხა თავს: პირველად 2014 წელს, შეფარულად, როდესაც ყირიმის ოკუპაცია-ანექსია და დონბასის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო 2022 წელს კი სამხედრო აგრესია წამოიწყო და ორივე შემთხვევაში უკრაინა მხოლოდ თავს იცავდა.

რა მოხდება, თუკი 27 ნოემბრამდე და არც შემდეგ უკრაინა არ დაეთანხმება ტრამპის 28-პუნქტიან "სამშვიდობო გეგმას"?

პირველ რიგში თეთრი სახლი ემუქრება უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით.

მართალია, ბაიდენის პერიოდისგან განსხვავებით, ტრამპის ოვალურ კაბინეტში დაბრუნებისთანავე ისედაც შეწყდა უკრაინისთვის უფასო სამხედრო დახმარება და ახლა ამერიკიდან უკრაინის ფრონტზე ჩატანილი თითოეული ჭურვისა და რაკეტისთვის ევროპელები იხდიან ფულს, თანაც შეიარაღების მსოფლიო ბაზრის მაღალი ნიხრით, მაგრამ გაბრაზებული ტრამპი ეტყობა ამასაც შეუწყვეტს და უკრაინა დარჩება "პეტრიოტის" ანტირაკეტების გარეშე, რომლებიც ერთადერთი საშუალებაა რუსული კვაზიბალისტიკური "ისკანდერებისა" და "კინჟალების" მეტ-ნაკლებად წარმატებით მოსაგერიებლად. გარდა ამისა, ამერიკული მხარე ასევე შეაჩერებს ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას კიევისთვის იმის შესახებ, რუსული ბომბდამშენები რომელი აეროდრომებიდან ფრინდებიან, როდის გაუშვებენ ფრთოსან რაკეტებს და ეს რაკეტები რომელ უკრაინის ქალაქებს რამდენ ხანში მიაღწევენ.

ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრების მოპოვებული ასეთი ოპერატიული ინფორმაცია უკრაინის საჰაერო თავდაცვას საშუალებას აძლევს მოემზადოს რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და "კინჟალების" შეტევების მოსაგერიებლად კონკრეტულ მიმართულებებზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საჰაერო განგაში დროულად გამოაცხადონ იმ უკრაინულ ქალაქებში, საითაც არიან დამიზნებული რუსული რაკეტები. ეს მეთოდი ვერ მუშაობს "ისკანდერების" შემთხვევაში, რადგან უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებიდან სახმელეთო მობილური დანადგარებიდან სტარტაღებულ "ისკანდერის" კვაზიბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის ქალაქებამდე მისაღწევად 3-5 წუთი თუ სჭირდებათ, რაც უმცირესი დროა მოსახლეობის ბომბსაფრებამდე მისაღწევად, მაშინ, როდესაც რუსული ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები თითქმის ერთი საათი მიფრინავენ მიზნამდე.

და თუკი აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინას შეუწყვეტენ რუსული ბომბდამშენების აფრენისა და ფრთოსანი რაკეტების გაშვების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას, მაშინ ტრამპი იმ პუტინზე არანაკლებ ცოდვაში ჩადგება, რომელიც უკრაინული ქალაქების დაუნდობლად დაბომბვის ბრძანებებს გასცემს და რასაც ყოველდღე მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა-დაშავება მოჰყვება ხოლმე.