რატომ ჩაიშალა საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა?!
"ეს მოსალოდნელი იყო", - ამ განაცხადით ეხმაურება ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი ბრიუსელში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგისთვის დაგეგმილი შეხვედრის უვადოდ გადადებას. ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი გადადების მიზეზად ასახელებს ქართულ დელეგაციაში ისეთი პირის ყოფნას, რომელზეც დასავლეთს უკვე დაწესებული აქვს შეზღუდვა. რა მოხდა სინამდვილეში, რატომ შეჩერდა დიალოგი ბოლო წუთებში? - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება.
- ჩრდილოეთ ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ ერთჯერადი საუბარი ვერაფერს გამოასწორებდა, შეხვედრაც რომ გამართულიყო, პრობლემები მაინც დაუძლეველი დარჩებოდა. ევროკავშირში სამხრეთ ევროპის ქვეყნები, ძირითადად, პოლიტიკური სტატისტის როლში არიან, ძირითად მიმართულებას ჩრდილოეთი აძლევს და სწორედ იქიდან მოდის საქართველოსადმი მკაცრი დამოკიდებულება. რთულია გითხრათ, რომელი იქნებოდა უარესი - შეხვედრის ჩატარება, სადაც შეიძლებოდა გახმაურებულიყო შეუთავსებელი პირობები, თუ შეხვედრის გაუქმება, რაც სხვა კითხვებს აჩენს. ერთიც და მეორეც ცხადყოფს, რომ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად საჭირო საფუძველი ჯერ არ არსებობს. საქართველოს მიმართ დასავლეთის შენიშვნები ორ მიმართულებად იყოფა: პირველი, რაც ზედაპირზე დევს, არის დემოკრატიის მდგომარეობა, ადამიანის უფლებების შელახვა და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. მეორე და უფრო მძიმე რუსეთის ფაქტორია. ჩვენ რუსეთთან ფარულ ურთიერთობაში ვართ ეჭვმიტანილი და სანამ ამ ბრალდებას ფაქტებით გამყარებული პასუხი არ გაეცემა, რუსეთისგან საჯარო გამიჯვნას არ დავიწყებთ, დასავლეთთან ურთიერთობა უფრო გამწვავდება... მე ვერ წარმომიდგენია, "ქართულმა ოცნებამ" რა არგუმენტებით უნდა მოიგერიოს დასავლეთის მცდელობა რეგიონიდან რუსეთის გავლენის შეკვეცისა, მით უფრო ახლა, როცა ჯერ ჩვენი მეზობლების, შემდეგ კი შუა აზიის ქვეყნების ლიდერების ვაშინგტონში ბოლოდროინდელმა ვიზიტებმა ნათლად აჩვენა, რომ ამერიკის და გაერთიანებული დასავლეთის სურვილი ამ რეგიონში ფეხის მოკიდებისა უკვე მყარია და ადგილობრივი ელიტების სრული მხარდაჭერაც აქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, იზოლირებული დავრჩით ყოფილ საბჭოთა სივრცეშიც.
- რა გამოწვევის წინაშე დავდგებით, თუ რეგიონშიც იზოლირებული აღმოვჩნდით?
- საბოლოოდ საქართველო დასავლეთთან ერთადერთი დაპირისპირებული ქვეყანა იქნება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბელარუსიც კი, რომელიც ბოლო დროს დასავლეთსა და რუსეთს შორის მუდმივად ლავირებდა, დასავლეთის სპეციალურ წარმომადგენელს იწვევს, ლუკაშენკო აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება. ეს იქნება პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მძიმე ნაბიჯი და ჩვენი იზოლაციის წინა პირობაც, რადგან ჩანს, რომ ტრამპის მფარველობით ყველა ჩვენ გარშემო ერთ პოზიციაზე დგება. ჩვენ უნდა ვიქცეთ კავკასიის ვენესუელად ან წინა აზიის ჩრდილოეთ კორეად? ეს საშინელი სურათია! მე ირანში ათწლეულების განმავლობაში დაახლოებით სამოცდაათჯერ ვარ ნამყოფი. მახსოვს ხათემის ეპოქის რეფორმებიც და აჰმადი ნეჯადის კონტრრეფორმებიც, ასევე, უფრო ადრინდელი პერიოდებიც. კარგად ვიცი, როგორ ცხოვრობენ იზოლირებული სახელმწიფოები და ისიც ვიცი, რომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან ირანივით და ვენესუელასავით ნავთობი არა გვაქვს, ხოლო ჩრდილოეთ კორეასავით - შიდა ეკონომიკა. როგორ გამოვა, რომ დასავლეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა ვიყოთ, მაგრამ ამასთანავე დავრჩეთ დასავლეთის ეკონომიკურ და საფინანსო სივრცეში? საქართველოს დასავლეთის ეკონომიკური სისტემიდან სხვა რომელიმე სისტემაში გადასვლა ვერ მოხდება, იმიტომ, რომ ასეთი "სხვა სივრცე" ბუნებაში არ არსებობს. თავად რუსეთიც კი იბრძვის და ცდილობს დარჩეს დასავლეთის ეკონომიკურ სისტემაში. პუტინი ამბობს, რომ რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ამერიკასა და დასავლეთთან უკრაინაზე ზავს, თუ მას დაუშვებენ მსოფლიო ბანკისა და ენერგეტიკული ბაზრების ფარგლებში. რუსეთი ცდილობს დასავლეთის ეკონომიკურ სივრცეში შეღწევას, ჩვენ კი როგორ უნდა გამოვიდეთ? თუ გამოვალთ, როგორ უნდა ვიარსებოთ?
- დიახ, რუსეთი ცდილობს დასავლეთის ბაზარზე დაბრუნებას, პუტინი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის და ტრამპსაც მზად აქვს 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, მაგრამ, როგორც ჩანს, კიევში ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ, რადგან მიიჩევენ, რომ ეს უკრაინის კაპიტულაციის გეგმაა.
- რუსეთის თემის გარშემო დასავლეთშიც და თვითონ აშშ-შიც ერთსულოვნება არ არსებობს. სერიოზული დაპირისპირებაა იმ ძალებს შორის, რომლებიც რუსეთის ფუნდამენტურ და სტრატეგიულ მარცხს უჭერენ მხარს, და იმ ძალებს შორის, რომლებიც მხოლოდ რუსეთის დასუსტებას ემხრობიან. თვითონ ტრამპის გარემოცვაშიც ორი მკაფიო ხაზი ჩანს: სტრატეგიული მარცხის პოზიციაზე დგანან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რესპუბლიკური პარტიის ნაწილი, მათ ალტერნატივად კი იკვეთება ტრამპი თავისი ოჯახით, საერთაშორისო ებრაული ლობითა და მათი წარმომადგენელი სტივ უიტკოფით, რომლებიც რუსეთთან ეკონომიკური "გადატვირთვისთვის" მზად არიან, სანაცვლოდ კი პუტინისგან ბუნებრივ სიმდიდრეებზე წვდომასა და საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული უძრავი ქონების დაბრუნებას ელიან.
საქართველოში ზოგიერთი ამტკიცებს, თითქოს ტრამპმა საქართველო რუსეთს დაუთმო. ეს რომ ასე იყოს, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკიდან და ევროპიდან არც პოლიტიკური იგნორი ექნებოდა, არც ეკონომიკური ზეწოლა. პუტინსა და ტრამპს შორის საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება რომ არ არსებობს, ამის დასტურია ბიძინა ივანიშვილზე ფინანსური წნეხიც. ფულს არ ართმევენ, მაგრამ წვდომასაც არ აძლევენ. ფინანსები მისია, სასამართლოებსაც იგებს, მაგრამ საკუთარ ფულზე ხელი მაინც არ მიუწვდება. ის მას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და მართალიც არის - ეს მიზანმიმართული ფინანსური ბერკეტი მასზე ზეწოლის საშუალებაა.
- ივანიშვილი მზად არის, რომ ასეთ ზეწოლას გაუმკლავდეს?
- მას ამ ეტაპზე გამოსავალი არა აქვს, ამიტომაც არის, რომ მუდმივად, ხან აშკარად, ხან კულუარულად ტრამპის ადმინისტრაციისგან მის მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბებას ითხოვს. ის კობახიძის პირით, პირდაპირ სვამს კითხვას - რა უნდათ მისგან, რას სთხოვენ? მისი მთელი ფინანსური რესურსი, როგორც ქონება, ისე ფული, რაც ქვეყნის გარეთ აქვს, ფაქტობრივად, მისთვის მიუწვდომელია. ბრმა და ყრუ უნდა იყო, ეს რომ ვერ გაიგო, ამიტომ შემიძლია პირდაპირ ვთქვა - ივანიშვილს აღარ აქვს არჩევანის თავისუფლება.
- გაქვთ მოლოდინი, რომ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მით უფრო მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ზელენსკის მოუწევს მისი გეგმის მიღება.
- ვფიქრობ, ომი არ შეწყდება და ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმაც, რომელიც ცხრა სხვადასხვა ვარიანტად არსებობს, კვამლივით გაიფანტება. ტრამპმა ეს თემა ერთი მიზეზით წამოსწია - მას სურდა ეფშტაინის ფაილების გამო დაწყებული სკანდალის მიჩუმათება. ძალიან კარგად იცის, რომ ეს გეგმა ვერ შესრულდება, მაგრამ უნდოდა მთელი მსოფლიოს საინფორმაციო დღის წესრიგი გადაეტანა ისეთ წინადადებაზე, რომელიც გამოიწვევდა ევროპის და მთლიანად დასავლეთის უკმაყოფილებას და ამ ხმაურის ფონზე ეფშტაინის მასალების მისთვის მტკივნეული თემა უკანა პლანზე გადაეგდო... და ეს ნამდვილად მოახერხა. სხვათა შორის, შოუმენის თვალით რომ შევხედოთ, ტრამპი ამ საქმეში მართლაც ძლიერია, პროპაგანდის კამპანიების მოწყობაში აბსოლუტურად უბადლოა. ახლა ეფშტაინი ვიღას ახსოვს? არად, 3-4 დღის წინათ ეს იყო მსოფლიოში ნომერი პირველი ინფორმაცია. მსოფლიო საინფორმაციო სივრცეს თავისი ფასი აქვს. მსოფლიოს მთავარი ხუთეულის ყურადღების ცენტრში რომ მოხვდეს, საჭიროა ისეთი მასშტაბის საინფორმაციო დატვირთვა, რომელიც დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს შეესაბამება. ტრამპმა სწორედ ასეთი სიმძლავრის ხმაური ააგორა, რათა ეფშტაინის ფაილების გამო დაწყებული სკანდალი გადაეფარა. ეს იყო "თეთრი" ხმაური, ოღონდ ისეთი მასშტაბითა და ორგანიზებულობით, რომ რამდენიმე დღით მთელი მსოფლიოს საინფორმაციო ველი მთლიანად შეივსო. დარწმუნებული ვარ, ზელენსკის კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ტრამპის "სამშვიდობო" იდეა რეალური გეგმა არ არის და მხოლოდ საინფორმაციო მიზანს ემსახურება... ერთადერთი ძალა, რომელსაც ტრამპის შეკავება შეუძლია, არის ჩრდილოეთ ევროპის მონარქიები, ინგლისის სამეფო სახლი და მასთან დაკავშირებული ქვეყნები. სწორედ მათი პოზიციაა, რომელსაც ტრამპი ანგარიშს უწევს. თუ ისინი არ დაეთანხმებიან მის შეთავაზებას, ტრამპი უკან დაიხევს.
ხათუნა ბახტურიძე