რატომ ეკრძალებათ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა და რას ითვალისწინებს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები?!
2024 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები მე-16-დ შედის, რაც 2012 წლიდან დღემდე 95-ე ცვლილება იქნება. ეს ცვლილებები კი იმდენად კომპლექსურია, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ ეს საერთოდ ახალი "საარჩევნო კოდექსი" იქნება. ცვლილებები, ძირითადად, აკრძალვებს შეეხება. კონკრეტულად: აიკრძალება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთიდან; აიკრძალება აუდიომონიტორინგი კენჭისყრის შენობასა და კომისიის სხდომებზე; საარჩევნო კანდიდატების სიაში ყოფნის უფლება მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წევრებს ექნებათ, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამას დაემატება ის, რომ საინიციატივო ჯგუფს აეკრძალება ისეთი პირის წარდგენა, რომელიც რომელიმე პარტიის წევრად ითვლება; კომისიის წევრობა აეკრძალება ნასამართლევ პირს, მათ შორის იმასაც, ვისაც სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა; ცესკოს თავმჯდომარეს ექნება უფლება განუხილველად დატოვოს საჩივარი, თუ დაადგენს, რომ "სათანადო სამართლებრივი საფუძვლები" არ არსებობს. ასევე, შეიცვალა ჩანაწერი რეფერენდუმისა და პლებისციტის შესახებ. სიტყვათშეთანხმება "მთელ ტერიტორიაზე" ჩაანაცვლა ტერმინმა "საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში". ამ უკანასკნელის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ საზღვარგარეთ უბნების გახსნის აკრძალვას ეხება და არ არის კავშირში არც ტერიტორიულ მთლიანობასთან და არც სხვა რაიმე საკითხთან.
„დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად გასულია კონსტიტუციური რეჟიმიდან“
- საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებების პაკეტი გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელსაც "ქართული ოცნება" უკვე კარგა ხანია ატარებს. საარჩევნო გარემოში იგულისხმება: საარჩევნო ადმინისტრაცია, პროცედურები, რომელთა მიხედვითაც უნდა წარიმართოს თავად საარჩევნო პროცესი, ამომრჩეველზე ზემოქმედებისა და არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების გამოვლენის შესაძლებლობა... ყველა ეს პარამეტრი ბოლო პერიოდში თანდათან უფრო და უფრო აუარესებდა საარჩევნო გარემოს. ეს უპირველესად განპირობებული იყო იმით, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წევრთა ნახევარზე მეტი, ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო და შესაბამისად, საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს მთლიანად "ქართული ოცნება" აკონტროლებდა. ასეთ ვითარებაში ნდობა საარჩევნო კომისიებისადმი ძალიან დაბალია, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საარჩევნო კომისიები კანონის სრული დაცვით იმოქმედებენ.
ამ ბოლო ცვლილებებს თუ შევხედავთ, მოდი, ყველაზე სკანდალურ ცვლილებაზე ვთქვათ - საარჩევნო უბნები საქართველოს ტერიტორიის გარეთ აღარ გაიხსნება. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობისთვის საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს ჩამოსვლა დასჭირდებათ. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას. ჯერ ერთი, ხელისუფლების არგუმენტი, თითქოს ემიგრანტები ნაკლებად ინფორმირებული არიან, რეალობას არ შეესაბამება - 21-ე საუკუნეში მათ აქვთ იმავე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რაც საქართველოში მყოფ ამომრჩეველს. გარდა ამისა, ასიათასობით ემიგრანტის გადმოფრენა რამდენიმე დღეში ფიზიკურად შეუძლებელია. ემიგრანტებს აქამდეც შეზღუდული ჰქონდათ მონაწილეობა, რადგან საზღვარგარეთ იმდენი უბანი არ იხსნებოდა, რამდენიც საჭირო იყო, ახლა კი მონაწილეობა საერთოდ შეუძლებელი ხდება. ამავე მდგომარეობაში ხვდებიან დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებიც, რასაც დიპლომატიური სამსახურის პარალიზებაც მოჰყვება.
ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს - არჩევნების საყოველთაობას, ამომრჩევლის ნების თავისუფლებასა და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს მოქალაქეთათვის მონაწილეობის შესაძლებლობა, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, უბანი იქმნება იქ, სადაც 25 ამომრჩეველზე მეტია, რათა მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობის უფლება იყოს დაცული და ადამიანებს, პირობითად, სხვა სოფელში არ მოუხდეთ წასვლა. ახლა კი ტოკიოში, სიდნეიში, ჩიკაგოში ან რიოში ასიათასობით მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ეუბნებიან, ჩამობრძანდნენ საქართველოშიო. ეს დიდი ხარჯისა და ფიზიკური შეუძლებლობის გამო არღვევს კონსტიტუციურ უფლებებს და პრაქტიკულად ერთი მილიონამდე ამომრჩეველს აკარგვინებს მონაწილეობას ქვეყნის ხელისუფლების ფორმირებაში. ამომრჩეველთა თითქმის 1/3-ს ვართმევთ უფლებას შეასრულოს თავისი კონსტიტუციური უფლება, მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლების შექმნაში.
- ხელისუფლებას ეს რაში სჭირდებოდა?
- ემიგრანტთა არჩევნებში მონაწილეობა დიდი მართლაც არასოდეს ყოფილა. ყველაზე მეტი, მგონი, 2024 წელს იყო, როდესაც დაახლოებთ 34-მა ათასმა მოახერხა ხმის მიცემა. ეს არ არის დიდი რიცხვი, თუმცა არ არის გამორიცხული, ემიგრაციაში მყოფი ამომრჩეველი გააქტიურდეს, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს შედეგებზე. ტრადიციულად, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი უპირატესობას აძლევს არა მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციას. აი, იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, არ განმეორდეს, ვთქვათ, მოლდოვის პრეცედენტი, როდესაც როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზე არსებითი გავლენა მოახდინეს სწორედ ემიგრანტებმა და მოლდოვაში გაიმარჯვეს პროდასავლურმა ძალებმა, როგორც ჩანს, მმართველი პარტია ცდილობს ამ ცვლილებებით შეამციროს ხელისუფლების დაკარგვის ალბათობა.
- თანაც ამ კანონპროექტით უფრო მეტად იზღუდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგიც.
- ეს ცალკე პრობლემაა. 2024 წელს იყო ამის მაგალითები - იყო სხვადასხვა პირის ჩვენებები, რომ მათ აძლევდნენ სხვადასხვა მოქალაქის პირად ნომერს და ისინი რამდენიმე უბანზე აძლევდნენ ხმას. ვისი პირადი ნომრები იყო? იმ მოქალაქეთა, რომლებიც თავად არ მონაწილეობდნენ არჩევნებში. ნაწილი შეიძლება საქართველოში იყო, მაგრამ დიდი ნაწილი, მაღალი ალბათობით, იყო უცხოეთში, ემიგრანტი ამომრჩეველი, რომელიც არც იქ იღებდა მონაწილეობას და არც აქ. ახლა, როდესაც ემიგრანტებს უცხოეთში ეზღუდებათ ხმის მიცემა, ცხადია, გაიზრდება იმ ემიგრანტთა რაოდენობა, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ხელისუფლებას შესაძლებლობა მიეცემა თავისი საარჩევნო კომისიების მეშვეობით ისინი ისე გაატაროს, თითქოს მიიღეს მონაწილეობა და დააფიქსიროს "ქართული ოცნებისთვის" მიცემულ ხმად. ცხადია, ამ სიყალბის ჩადენა უფრო გაუადვილდებათ მაშინ, როდესაც გაუარესდება არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა. დაკვირვების შესაძლებლობა ისედაც ძალიან გართულებული იყო და ახლა ეს შესაძლებლობა, ფაქტობრივად, განულებულია. მსგავსი თითქოსდა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები რეალურად აკარგვინებს ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შედეგებზე კანონიერი ზემოქმედების შესაძლებლობას, რის შედეგადაც საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობა უფრო შემცირდება და შეამცირებს აღქმას, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდა, რაც არის ხელისუფლების ლეგიტიმაციის საფუძველი.
- მეორე ჯგუფის ცვლილებები, რომლებიც პარტიებს უწესებს ახალ შეზღუდვებს, ანუ ის, რომ პარტიამ მხოლოდ პარტიის წევრი უნდა წარადგინოს კანდიდატად და დამატებით თვითმმართველობის არჩევნებზე საინიციატივო ჯგუფმა მხოლოდ არაპარტიული წევრი, რა მოცემულობას შექმნის, მით უმეტეს, ბლოკების შექმნაც აკრძალული აქვთ?
- იმიტომ, რომ შეიზღუდოს პარტიების და საინიციატივო ჯგუფების მოქმედების თავისუფლება. აი, თქვენ და მე ამომრჩევლები ვართ და გვინდა კანდიდატად დავასახელოთ რომელიმე პარტიის წევრი, რომელიც თავისმა პარტიამ არ წარადგინა, მაგრამ ამომრჩეველთა ჯგუფს მიგვაჩნია, რომ ის იქნებოდა კარგი კანდიდატი. აი, ჩვენ ამ უფლებას გვართმევენ და თან ეს ეხება ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებს, რადგან საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პარტია წარადგენს კანდიდატს. ახლა შევხედოთ საპარლამენტო არჩევნებს. ზოგი პარტია არჩევნებზე არ ან ვერ რეგისტრირდება რესურსების ან მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, მაგრამ იდეოლოგიური ერთობა აქვთ სხვა პარტიებთან და მათი ჩართვა სურთ ამ რეგისტრირებულ პარტიებს, ახლა კი მათ ამასაც უკრძალავენ.
- ანუ გრძელდება მრავალპარტიულობის წინააღმდეგ პოლიტიკა, ხომ?
- რასაკვირველია, და როცა ვამბობ, რომ ამდაგვარი ცვლილებებიც, ფაქტობრივად ანტიკონსტიტუციურია, ვამბობ იმიტომ, რომ როგორც თითოეული ამომრჩეველი, ასევე ქვეყანაში არსებული თითოეული პარტია ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის პროდუქტია. ამომრჩევლები ხომ თავისი სურვილით ქმნიან ამ სხვადასხვა პარტიას? და იმ აკრძალვის დაწესება, რომ გინდა თუ არა ასეთი წესით იმოქმედეო, ამისი ლოგიკური გამართლება ვერ მოვისმინე. კი, შეიძლება ვინმემ თქვას, ამით ვცდილობთ საქართველოში არ იყოს წვრილ-წვრილი პარტიები, არამედ იყოს მსხვილი, ძლიერი პარტიებიო. კი, მაგრამ ვინ ხართ თქვენ, რომ მე და სხვებს აგვიკრძალოთ უფლება, გვქონდეს რამდენიმე წვრილი პარტია, ნაცვლად ერთი ძლიერი პარტიისა? ის, რომ თქვენ არ მოგწონთ წვრილი პარტიები, არ ნიშნავს, რომ მათ არა აქვთ არსებობის უფლება. არსებობის კონსტიტუციური უფლება აქვთ წვრილ და მსხვილ პარტიებსაც. არჩევნებში როგორ მიიღონ მათ მონაწილეობა, ესეც თვითონ მათზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა ხელისუფლების ნებაზე.
სხვათა შორის, ეს სხვადასხვა ქვეყანაშიც მომხდარა. გავიხსენოთ, რა მოხდა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერატორი გადადგა, შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელიც იყო მრავალპარტიული, მაგრამ ეს მთავრობა თებერვალში შეიქმნა, ოქტომბერში ბოლშევიკებმა ის დაამხვეს და შექმნეს თავისი მთავრობა. თუმცა მაშინაც ეს არ იყო მხოლოდ ერთი პარტია, იყო კომუნისტური პარტიის ბოლშევიკური ფრთა, კიდევ სხვებიც და სულ მალე ისინი გაანადგურეს არა მარტო ორგანიზაციულად, ფიზიკურადაც - დაიჭირეს, გადაასახლეს, დახვრიტეს და ბოლოს კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ საბჭოთა კავშირში არის მხოლოდ ერთი პარტია, რომელიც წარმართავს ქვეყნის ცხოვრებას - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია. სხვა ქვეყნებშიც ყოფილა ასეთი რამ და ამის შემდეგ ამ ქვეყნებში როგორი ხელისუფლება შექმნილა? - უკეთეს შემთხვევაში ავტორიტარული, უარეს შემთხვევაში - დიქტატორული.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ უკეთესის შანსი გვაქვს თუ უარესის?
- თუ გაუვიდათ... და გაუვიდათ-მეთქი რომ ვამბობ, ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური რეჟიმიდან. ანუ რა არ დაურღვევიათ და რას არ არღვევენ კონსტიტუციიდან? უამრავი რამ არის დარღვეული და გააგრძელებენ, თუ გაუვიდათ. გაუვათ თუ არა? საბოლოოდ, ალბათ, არა, მაგრამ ეს საბოლოო როდის დადგება, არ ვიცი. ეს არის დამოკიდებული ხალხზე, საქართველოს მოქალაქეებზე.
რუსა მაჩაიძე