"კი ბატონო, გავერთიანდეთ, გამოვუცხადოთ ბოიკოტი ყველა არჩევნებს და გავიდეთ ყველა ტყეში ფირალებად, მერე რა, იქნება რამე შედეგი?" - ჩატარდება თუ არა საქართველოში 2026 წელს რიგგარეშე არჩევნები?!
"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანამ გააჩინა მოლოდინი, რომ მმართველი პარტია უახლოეს პერიოდში ვადამდელ არჩევნებს გეგმავს.\.. ამ საკითხთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
- დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ ცდილობენ კანონმდებლობა იმდენად მოირგონ საკუთარ თავზე, რომ უბრალოდ, კანონთან შეუსაბამობის თქმის საშუალებაც არ გვექნება, იქნება ეს არჩევნების გაყალბება თუ სხვა რამ. დღეს ამის გაკეთება, მართალია, პროტესტსა და ოპოზიციური სპექტრის წუხილს იწვევს, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ურჩევნია ეს გააკეთოს დღეს, ვიდრე, დავუშვათ, 2028 წლის გაზაფხულზე, როცა არჩევნები მოახლოვდება და ცვლილებებს მართლა დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება. 2028 წლამდე ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. ყოველ შემთხვევაში, თუ პროტესტი იქნება, იტყვიან, "კანონში ასე გვაქვს მიღებული და ვაკეთებთ იმას, რაც კანონში წერია". იმის გარკვევას, რამდენად სამართლიანია კანონი, "ქართული ოცნება" არად დაგიდევთ. კანონებისადმი ძალზე თავისუფალი დამოკიდებულება აქვთ. ამას აკეთებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს...
"ქართულმა ოცნებამ" კარგა ხანია გადალახა ის წითელი ხაზი, რომელიც აკავებდა. ეს წითელი ხაზი ჩვენი პარტნიორებიდან, დასავლეთიდან მოდიოდა. დღეს ამას "დიფ სთეითი" დაარქვეს, რომ ყველაფერს ის აკონტროლებს. ამიტომაც თურმე ის, რომ ემიგრანტებს უკრძალავენ ხმის მიცემას, გამოწვეულია იმით, რომ გერმანიის ან სხვა ქვეყნის ხელისუფლებამ არ მოახდინოს მათზე გავლენა. რამდენი ხანია, "ემიგრანტთა შესახებ" კანონპროექტი შეიტანეს პარლამენტში. მას შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დღესაც იძულებულია ამ კითხვებს უპასუხოს. წარმოიდგინეთ, ეს რომ საარჩევნო წელს ხდებოდეს, მათთვის გაცილებით მძიმე იქნებოდა. ამიტომ დღესვე მიიღებენ თუ ორი წლის შემდეგ, არჩევნების დროს ვინმე რამეს თუ იტყვის, უპასუხებენ, კანონში ასე წერიაო. რეალურად კი მიზეზი ის არის, რომ არ ენდობიან ემიგრანტებს და გასაგებია, რატომაც - ემიგრანტებში მათი მხარდაჭერა, ფაქტობრივად, ნულია. საელჩოს თანამშრომლის გარდა, არა მგონია, რომელიმე ემიგრანტმა "ქართულ ოცნებას" ხმა მისცეს. თუ ვინმეს ჰგონია, "ქართული ოცნება" ვინმეს აზრს გაითვალისწინებს, იქნება ეს ევროპა თუ აშშ, ძალიან ცდება. ბოლომდე გაატარებენ ამ პოლიტიკას, თუ ქვეყანაში არ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ გაუჩნდეთ პრობლემები. ჯერჯერობით ჩვენი ოპოზიციის ბედოვლათობიდან გამომდინარე, ეს არ ემუქრებათ. პირიქით, იქით ადანაშაულებენ, რომ თურმე ბრიუსელმა უარი თქვა სანქცირებული პირებით დაკომპლექტებული დელეგაციის მიღებაზე და ეს ყოფილა შიდა საქმეში ჩარევა. პროპაგანდა მუშაობს და იმუშავებს. ასე რომ, მოულოდნელი არაფერია, ყველაფერი მათ ლოგიკას მიჰყვება.
- ანუ ფიქრობთ, რომ არჩევნები 2028-ში ჩატარდება და არა თუნდაც მომავალ წელს? ერთ-ერთ ვერსიად ესეც განიხილება და ფიქრობთ, რომ ეს მოლოდინი უსაფუძვლოა?
- იცით, რაშია საქმე? არჩევნები დღეს, მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს, გაყალბებული თუ გაუყალბებელი, ისეთი თუ ასეთი, ფინანსური ხარჯი ხომ მაინცაა და რაში სჭირდებათ? რატომ უნდა ჩაატარონ, როდესაც მშვენივრად აქვთ აწყობილი საქმე? "ქართულ ოცნებას" დასავლეთი არალეგიტიმურად ცნობს, მთელი წელი გავიდა და, ფაქტობრივად, არავინ ეკონტაქტება, ავტორიტარული ქვეყნების გარდა, და აწუხებთ და ადარდებთ ეს? ასე რომ, ეს პრობლემა არაა.
- 2028 წლამდე იქნებ უნდათ დაზღვევა, ახლავე გაიმყარონ ხელისუფლებაში ყოფნა?
- კი, მაგრამ რა უნდა გაიმყაროს? გამყარებული არა აქვს?
- საკონსტიტუციო უმრავლესობა არა ჰყავთ და რომ დასჭირდეთ? ხომ შეიძლება ამისთვის გეგმავდნენ ახლავე ჩატარებას?
- საკონსტიტუციო უმრავლესობა რაში სჭირდებათ? ჩვენთან კონსტიტუცია მუშაობს? რაში სჭირდებათ აუტკივარი თავის ატკივება? აი, სხვა თემაა, თუ საგარეო ვითარება შეიცვალა. თუ დავუშვათ, უკრაინაში ომი დასრულდა, ეს გავლენას მოახდენს გლობალურ პოლიტიკაზეც და ბევრ საკითხზეც. აი, ეს ისეთი ფაქტორია, დიდი ალბათობით, განაპირობებს არჩევნების ჩატარებას. შიგნით ყველაფერი მოგვარებული აქვთ, გარეთ კი უკვე დასრულებულია ის ზღვარი, რომელიც აკავებდათ... ურთიერთობები გაფუჭებულია, ზღვარი გადალახულია, წითელი ხაზი გადაკვეთილია. ამიტომ არ სჭირდებათ დღეს არჩევნების ჩატარება. ეს ზედმეტი ძალისხმევა იქნება.
არის ორი ვარიანტი: თუ "ქართულმა ოცნებამ" ჩათვალა, რომ ამ ომის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთი უფრო გამარჯვებული გამოვიდა, მაშინ შეიძლება ჩაატაროს არჩევნები, რადგან დასჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოსაღებად. მაგრამ, თუ დარწმუნდა, რომ დასავლეთს უფრო მომგებიანი პოზიცია აქვს, უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ქართულ ხელისუფლებაზე და იძულებულია დასავლეთთან ითანამშრომლოს, მაშინ ვფიქრობ, კობახიძე თავისი გუნდით პენსიაზე გავა. მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც კურსს შეცვლის, პროევროპული გახდება, დაივიწყებს "დიფ-სთეითებს" და ამის შემდეგ იქნება ვადამდელი არჩევნები. მხოლოდ ეს ვარიანტია, რამაც შეიძლება "ქართული ოცნება" არჩევნებზე წაიყვანოს - ანუ გლობალური მასშტაბის რაღაც უნდა მოხდეს. სხვა მხრივ, რატომ ჩაატარებს?!
- დავუშვათ, მოინდომა ივანიშვილმა დასავლეთთან ურთიერთობის დათბობა. თქვენ თქვით, რომ კობახიძის გუნდს გაუშვებს, ჩაანაცვლებს ვიღაც ცოტა რბილი ვორდინგის ხალხით? ჰყავს ასეთი ხალხი?
- სიმართლე გითხრათ, ძალიან მეეჭვება, რომ კობახიძე რასაც ამბობს, მის რწმენას შეესაბამებოდეს. მისი პოლიტიკური შეხედულებები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რა გაქანების კაცია, თუნდაც როგორც კონსტიტუციონალისტი - 2010 წელს ბრწყინვალე კრიტიკული პოზიცია ჰქონდა სააკაშვილის მიერ მიღებულ კონსტიტუციაზე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მეეჭვება, რომ უმრავლესობიდან, თუნდაც "ხალხის ძალა" რომ ჰქვია, ეს კურსი იყოს მათი გულწრფელი რწმენა... ხვალ კობახიძეს იმიტომ კი არ შეცვლის, რომ მას ასეთი განწყობა აქვს, არამედ იმიტომ, რომ არ შეიძლება იმავე პირმა, დღეს ევროპას რომ ლანძღავს, ხვალ თქვას, რა "დიფ სთეითიო". ამიტომ სხვამ უნდა ილაპარაკოს. თქვენ მეკითხებით, საქართველოში არიან თუ არა ასეთი ადამიანებიო, რა თქმა უნდა, არიან...დღეს ვინც არ ჩანს, ის ილაპარაკებს. ლაპარაკია იმაზე, რომ რიტორიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ვინ გაახმოვანებს ამ შეცვლილ რიტორიკას, ეს სხვა საკითხია. ახლა შათირიშვილებს მოუწევთ გარკვეულწილად ჰონორარზე უარის თქმა, ან მათაც მოუწევთ რიტორიკის შეცვლა. საქართველოში განათლების მინისტრი გვყავს ადეიშვილის მოადგილე და რაზე ვლაპარაკობთ? საძებარი არაფერია. რამდენიც გინდათ, იმდენია, ვინც სიამოვნებით დათანხმდება, თუნდაც დროებით, ერთი წლით იყოს პრემიერი.
- ოპოზიცია ამ სიტუაციაში რამდენად ადეკვატურია? უკვე დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ ივანიშვილის პირობებით დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ...
- ოპოზიცია რომ არაადეკვატურია, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. რაც შეეხება ჭკუის სწავლას, ვერ ისწავლიან, იმიტომ, რომ, მოდი, ასე ვთქვათ, თუ გავიძახით, ივანიშვილმა იყიდა მთელი საქართველოო, ოპოზიციაც ხომ შედის ამ მთელ საქართველოში. საინტერესო იქნებოდა მათი ბედი, ვინც დააპატიმრეს. ვგულისხმობ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ციხეში არიან, და არა სინდისის პატიმრებს. მათ უკვე უდიდესი საქმე გააკეთეს, საქართველოში ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება დაიწყო. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისინი მაინც ვერ ასრულებდნენ სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციას. ამ ხალხმა, ვინც ციხეშია და ვინც აპროტესტებს, დაიწყო ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ეს ცალკე მხარეა. მეორე მხარეა ოპოზიციონერი და პარტიული ლიდერები, ციხეში თუ მის გარეთ... 4 ოქტომბრის შემდეგ ისევ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ თურმე ვიღაცას არ უნდა გაერთიანება. გაერთიანება როგორ წარმოუდგენია, ვინც ამბობს, მხოლოდ მე დამეთანხმეო. თუ არ მეთანხმები, მაშინ კრემლის აგენტი და ივანიშვილის მორჩილი ხარო. არადა, 4 ოქტომბერი გვაქვს, რომელიც არ შეგვიფასებია, აღარაფერს ვამბობ წარსულზე. აგერ გვაქვს 4 ოქტომბერი და დღეს იგივე ხალხი ამბობს, რომ თურმე ბოიკოტი კარგია. რით არის კარგი? რა მოიტანა? გარდა იმისა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი მოხვდა ციხეში და კაცმა არ იცის, ვინ რამდენი წლით და რატომ? შედეგი რა არის? ნული! მაშინ, როდესაც იცი, რომ თბილისის მოსახლეობა მხარს გიჭერდა და არჩევნებში არ მონაწილეობდი. ამ ბოიკოტს არასოდეს მოუტანია პოზიტიური შედეგები. კიდევ ეს ლეგიტიმაციის თემა - აღარ მინდა ამ სიტყვის გაგონება. ამ თემაზე აპელირებასაც არ მოუტანია არაფერი, ყოველთვის შემოგდებული თემა იყო. ახლაც ასეა. მეტი რა უნდა ქნას დასავლეთმა, არ მესმის. არ აღიარებენ, სანქციებს უწესებენ ნელ-ნელა, არც ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მაინც. სანამ ჩვენ არ დავიწყებთ სერიოზულ ფიქრს, როგორი საზოგადოება ვართ, რას წარმოვადგენთ, სად ვართ, განვითარების რა დონე გვაქვს, მანამდე არ გვეშველება არაფერი. სამწუხაროდ, ოპოზიციაც ამ საზოგადოების პირმშოა. აი, ასეთ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ 30 წელია და ვერც ვერაფერი ვისწავლეთ და ვერც ვერაფერს ვცვლით. როდესაც ეს ხალხი გაერთიანებაზე ლაპარაკობს, თუნდაც თეორიულ გაერთიანებაზე, პოლიტიკოსებისა და ლიდერების გაერთიანება კი არ იძლევა შედეგს, შედეგს იძლევა ელექტორატის გაერთიანება. პოლიტიკური ლიდერების გაერთიანება გამოიწვევს ელექტორატის გაერთიანებას? ამ კითხვაზე პასუხი ვინმეს აქვს, ან უფიქრია, ან უმსჯელია, ან უკვლევია? არავის! ხელაღებით შეიძლება ვთქვათ, კი ბატონო, გავერთიანდეთ, კი ბატონო, გამოვუცხადოთ ბოიკოტი ყველა არჩევნებს და გავიდეთ ყველა ტყეში ფირალებადო, მერე რა, იქნება რამე შედეგი? ცხადია, არა და ვიდრე ამაზე არ დაფიქრდება ჩვენი ოპოზიციონერი საზოგადოება, მანამდე არაფერი შეიცვლება. სამწუხარო ის არის, რომ ვიღაცები ამას მუდმივად ვამბობთ, მაგრამ რა, შედეგი ნულია!
რუსა მაჩაიძე