პოლარიზაციაში აზელილი ფეხბურთი, 19-წლიანი „დროებითობის“ დასასრული და ახალი არჩევნების „ინტრიგა“ - კვირის პალიტრა

პოლარიზაციაში აზელილი ფეხბურთი, 19-წლიანი „დროებითობის“ დასასრული და ახალი არჩევნების „ინტრიგა“

პოლიტიკურმა პოლარიზაციამ ყველა სფეროში შეაღწია და სოციალური ქსელების წყალობით ეს ათასჯერ გაადვილებულია, ვიდრე ადრე. ნებისმიერ მოვლენას ან ფაქტს უკავშირებენ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. გამონაკლისი არც ფეხბურთია. საქართველოს ეროვნული ნაკრების "ჩავარდნა" ოპოზიციურად განწყობილთა ნაწილმა დაუკავშირა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და იმას, რომ თურმე ზოგიერთ ფეხბურთელს არასწორი სამოქალაქო პოზიცია აქვს.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური დაძაბულობა, რა თქმა უნდა, ყველა სფეროზე ახდენს გავლენას,­ მათ შორის სპორტზეც. თუ ქვეყანაზე გული ოდნავ მაინც შეგტკივა, ძნელია ასეთი­ პოლარიზაციასა და გაურკვევლობაში­ სრულფასოვნად და ხალისით აკეთო შენი საყვარელი­ საქმე და მნიშვნელობა არა აქვს, რომელ მხარეს ხარ. თუმცა ზუსტად იმის თქმა, რამ გამოიწვია ნაკრების ჩავარდნა, შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, თუ კარგად­ ხარ ჩახედული გუნდის კულუარებში. ბევრი ჩვენი ფეხბურთელი არ არის ფორმაში,­ მწვრთნელმა დაუშვა შეცდომები­ და ა.შ. ვფიქრობთ, წარუმატებლობის მიზეზი უფრო სპორტულია.

ასევე, ერთი მხრივ, ბულინგს, ლანძღვა­-გინებას და მეორე მხრივ, მოწოდებას ან გულისტკივილის გამოხატვას შორის დიდი განსხვავებაა. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, გამოხატოს გულისტკივილი, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი არ იზიარებს მის პოლიტიკურ პოზიციას ან დუმს. მოუწოდოს, რომ დააფიქსიროს პოზიცია. თუმცა,­ როდესაც ილანძღები, აი, თქვე ასეთებო და ისეთებო, რატომ არ დგახართ ჩემ გვერდით და ძალიანაც კარგია, რომ წააგეთო,­ კატეგორიულად მიუღებელია. პირველ რიგში, კატეგორიულად­ მიუღებელია­ (ხელისუფლების მხარდამჭერებსაც ეხებათ და ოპოზიციურად განწყობილებსაც) ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ შენი პოზიციაა მართალი და ის, ვინც შენს პოზიციას არ იზიარებს, ქვეყნის მტერია. ასეთი მიდგომებით შორს ვერ წავალთ, როგორც ვერ წავედით გასული საუკუნის 90-იან წლებში.

90-იან წლებზე გამახსენდა... მაშინაც­ კარგი საფეხბურთო ნაკრები გვყავდა­ (თუმცა, რა თქმა უნდა, არა ასეთი წარმა­ტებული)­. პოლიტიკური პოლარიზაცია მაშინ უნდა გენახათ, რაც იყო. წინა ხელისუფლების მომხრეები ტყეში ავტომატებით­ დარბოდნენ, მოქმედი ხელისუფლების მომხრეები მათ ასევე ავტომატებით დასდევდნენ. თუმცა საქართველოს ნაკრები ყველასი იყო და ყველა გულშემატკივრობდა - ზვიადისტიც, შევარდნაძისტიც, "ამისტიც" და "იმისტიც". არავის აზრად არ მოსდიოდა, არველაძე, ქინქლაძე ან ქეცბაია ელანძღა, შე ასეთო და ისეთო, რატომ მხარს არ მიჭერო... ფეხბურთს თავი დავანებოთ - ასეთი მიდგომებით პოლიტიკური კრიზისი არ დასრულდება და ძალიან დიდხანს ვიქნებით სტაბილურად მძიმე გაურკვევლობაში.

"დროებითი ადმინისტრაციის" აღსასრული

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით,­ უქმდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. შეგახსენებთ, რომ ეს ადმინისტრაცია შეიქმნა 2006 წელს სააკაშვილის ხელისუფლების ხელდასხმით, როგორც კოკოითის სეპარატისტული რეჟიმის საპირწონე. რეალურად მას ჰქონდა შემდეგი ამოცანა: გავლენიანი ოსი ეროვნების პირების გადმობირება და ოსებისთვის იმის ჩვენება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში ისინი შეინარჩუნებენ ავტონომიას. პარალელურად, შეიქმნა ტელეკომპანია "ალანია", რომლის სამიზნე აუდიტორია იყო ცხინვალი. დაიხარჯა­ არაერთი მილიონი ლარი.

სწორი იყო თუ არა მაშინ ამ ადმინისტრაციის შექმნა, თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, თუ ეს ხელს შეუწყობდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რატომაც არა?! ეს უკვე დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ რუსეთი არანაირ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას არ დათანხმდებოდა, ათი ადმინისტრაციაც რომ შეგვექმნა.

სწორი არის თუ არა დღეს ამ ადმინისტრაციის გაუქმება? თქვენი მონა-მორჩილის ასევე სუბიექტური აზრით, სწორია. მეტიც, ეს ადმინისტრაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უნდა გაუქმებულიყო, რადგან მან ყოველგვარი რესურსი ამოწურა და არც არასოდეს გამოგვადგებოდა. კერძოდ, ოკუპანტი არის რუსეთი, მოსკოვი მართავს­ სიტუაციას აფხაზეთშიც და ცხინვალში და იმასაც კი არა აქვს მნიშვნელობა, თუ რას ფიქრობენ აფხაზები და ოსები.

ისე, ამ დროებით ადმინისტრაციას არაერთი სკანდალი უკავშირდება. ერთ-ერთ მათგანზე თქვენი მონა-მორჩილი ჯერ კიდევ 2011 წელს წერდა. გთავაზობთ ამონარიდს:

"ალბათ, ყველას გახსოვთ ვლადიმირ სანაკოევი. ადამიანი, რომელიც საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა უბოძა დიდი ზარ-ზეიმით, არამედ სამი სამსახურიც უშოვა.­ ის აქცია "კოკოითი ფანდარასტის" ხელმძღვანელიც იყო, ტელეკომპანია "ალანიას" გადაცემის "დენ ზა დნიომ" წამყვანიც და თავისი მოგვარე დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციაშიც მუშაობდა. ეს სამივე სამსახური მან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა. ჰოდა, ამ სანაკოევმა­ დაჰკრა ფეხი და 2010 წლის სექტემბერში წავიდა იქ, სადაც კოკოითის ხელმძღვანელები სხედან - რუსეთში, რამდენიმე დღის წინ კი საიტზე "კავკაზსკი უზელ" გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ის თურმე "ფანდარასტ 007" ყოფილა.

მოკლედ გაგაცნობთ სტატიის შინაარსს. თურმე სანაკოევი სუკ-ს ჯერ კიდევ 1989 წელს გადაუბირებია, 1998 წელს კი სუკ-ის მემკვიდრე ეფ-ეს-ბესთან გააგრძელა თანამშრომლობა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სანაკოევმა, ეფ-ეს-ბეს თანამშრომელ ვინმე რომანთან შეთანხმებით საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩანერგვა გადაწყვიტა. მან გამოაცხო სტატია "ლიახვი­ აღმა ვერ ივლის და ის მაინც მტკვარში ჩაედინება". სანაკოევის ვერსიით, ქართული მხარე ანკესს წამოეგო: მისმა ბავშვობის მეგობარმა, რომელიც ადრე საქართველოს უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო, 2004 წელს ის თბილისში ჩაიყვანა და ვანო მერაბიშვილსა და ამირან მესხელს (შს მინისტრის მოადგილე) გააცნო. მერაბიშვილს თურმე უთქვამს, მთავარია, ეს ორი თვე გადავიტანოთ და მერე საქართველოსთვის აღარ ეცლებათო. სანა­კოევი მერაბიშვილის ამ ფრაზას უკავშირებს­ 2004 წელს რუსეთში მომხდარ ტერაქტებს და რაც მთავარია, ბესლანის ტრაგედიას, ეფესბელი­ რომანისთვის კი მიუწერია: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე, ამირან მესხელი და სხვა მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტების მონაწილეები არიანო.

2006 წელს თურმე სანაკოევმა ე.წ. სამხრეთი ოსეთი ირაკლი ოქრუაშვილისგან გადაარჩინა. "ფანდარასტ 007" ამტკიცებს, რომ მან საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა კონფლიქტის მოგვარების გეგმა,­ რომლის მიხედვითაც, "თამაშიდან" თავდაცვის სამინისტრო უნდა გასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2006 წელს ოქრუაშვილი ცხინვალს აიღებდა, ეროვნული გმირი გახდებოდა და შემდეგ პრეზიდენტის სავარძელსაც წაეპოტინებოდა.

თავის თხრობას "ფანდარასტ 007" ასე ასრულებს: "2008 წლის 2 ივნისს, მოდულის­ შენობაში გამართულ შეხვედრაზე მივხვდი, რომ ომი გარდაუვალი იყო და იმ პერიოდიდან საქართველოდან წასვლას ვცდილობდი". რატომღაც სანაკოევმა ამას ორი წელი მოანდომა და საქართველო 2010 წლის 13 სექტემბერს დატოვა.

მოკლედ, სანაკოევი ან ბოდავს, ან საქმე­ ეფ-ეს-ბეს ძალიან უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლთან გვაქვს. "ფანდარასტ 007" ვლადიკავ­კაზში ცხოვრობს, ფული არა აქვს, სამსახურიც ვერ იშოვა. შესაძლოა ეფ-ეს-ბეს­­ ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონული სამსახურის რომელიმე გონებაჩლუნგ ოფიცერს აზრად მოუვიდა, საქართველოსთვის მორიგი საინფორმაციო დარტყმა მიეყენებინა. ეს ცენტრალური ეფ-ეს-ბეს ნამოქმედარს არ ჰგავს, ისინი უფრო დახვეწილად მუშაობენ, ყოველ შემთხვევაში, სანაკოევს არ დააწერინებდნენ, რომ 400 დოლარი სჭირდებოდა, ეფ-ეს-ბემ არ მისცა და ისევ საქართველოდან გაუგზავნეს.

ყველაზე რეალური ვერსია ის არის, რომ სანაკოევს რუსეთში ჩასვლის შემდეგ­ რეაბილიტაცია სჭირდებოდა. მას საქართ­ველოში ძალიან კარგი ხელფასი ჰქონდა, რუსეთში კი, ალბათ, მანქანების მრეცხავადაც არ ამუშავებენ. შესაძლოა იქაურმა ოსებმა მოღალატის იარლიყიც მიაკერეს, ამიტომ რეაბილიტაციისათვის შეთხზა ისტორია "ფანდარასტ 007"-ზე.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ ქარს გავატანეთ ის მილიონობით დოლარი, რაც 2006-2010 წლებში ამ ადამიანების შენახვაში­ დავხარჯეთ და თუ სანაკოევი მართლა­ იყო რუსული სპეცსამსახურების აგენტი, ჩვენ ვანოსთან კი არა, ისევ ვანიასთან გვექნება პრეტენზია - კარგი რა, აშშ-ში ტოპმოდელ ანა ჩეპმენს გზავნით და ჩვენთან წვერებიან სანაკოევს? არა, ჯობს, გავჩუმდეთ, ენამ არ გვიყივლოს! კიდევ კარგი, ჩეპმენისნაირი ქალი არ შემოგვიგზავნეს, თორემ როგორც გონივრული ეჭვი გვკარნახობს, ის პირველწყა­როსგან ისეთ ინფორმაციას მიიღებდა, რომელიც პუტინს არც კი დაესიზმრებოდა", - ეწერა 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში.

რისთვის ემზადება მმართველი გუნდი?!

ახალი საარჩევნო კოდექსით საზღვარგარეთ მცხოვრებ ან დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო­ არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ჩამოვლენ.­ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები­ აღარ გაიხსნება. "ოცნების" ლოგიკით,­ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან უცხო ქვეყნის იურისდიქციაში და შესაბამისად, შესაძლოა თავისუფალი ნების გამოხატვა შეეზღუდოთ. კი ბატონო, ემიგრანტების ნაწილი შესაძლოა სოციალურ ქსელებში პოლიტიკურად აქტიურია, მაგრამ რეალურად საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში დაფიქსირებული შედეგი არ მოქმედებდა საერთო სურათზე. ამიტომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.

საარჩევნო კოდექსში სხვა ცვლილებებიც­ შედის, რამაც გააჩინა ვერსია, რომ "ოცნება" ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. არსებული ინფორმაციით, ამ საკითხს მმართველ გუნდში მართლაც სერიოზულად განიხილავენ, ოღონდ თარიღზე ვერ ჩამოყალიბდნენ, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს 2026 წლის გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე.

ოპოზიციის ნაწილმა უკვე განაცხადა,­ თუ არჩევნები ამ საარჩევნო ადმინისტრა­ციითა და არსებული კანონმდებლობით ჩატარდა, მასში მონაწილეობას არ მივიღებთო. თუ ახალი არჩევნები მაინც დაინიშნა,­ ეს გამოწვევაა ოპოზიციისთვის, რომ დასკვნები გამოიტანოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებიდან, შეცდომები აღარ დაუშვას და მეტ-ნაკლებად მოახერხოს რეაბილიტაცია საკუთარი ამომრჩევლის თვალში. თუმცა ზოგიერთი, როგორც ჩანს, ჭკუას ვერ სწავლობს, ან სპეციალურად არ სწავლობს. მერე სწყინთ, როდესაც ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმას აბრალებენ...

გიორგი კვიტაშვილი