"ფილარმონია კიდევ ერთხელ გახდება თბილისის სავიზიტო ბარათი“ - კვირის პალიტრა

"ფილარმონია კიდევ ერთხელ გახდება თბილისის სავიზიტო ბარათი“

ფილარმონია თბილისის კულტურის ერთგვარი სიმბოლოა. დიდი დატვირთვისა და კონცეფციის პარალელურად, რომელსაც ის ატარებს, თავად შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, დღეს კი ეს კულტურული ცენტრი თანამედროვეობასთან ადაპტაციის მნიშვნელოვან გზას გადის. ფილარმონიის რეაბილიტაციის პრო­ექტი უკვე დაწყებულია და მას Starring Georgia ახორციელებს. Starring Georgia რეგიონის გასართობი ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ, კულტურულ და გასართობ-შემეცნებით გამოცდილებებს აერთიანებს. ფილარმონიის შენობის ფუნდამენტური განახლებაც სწორედ მან დაიწყო მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო მიზნით.

222-1763909827.jpg

"როდესაც საქმე ეხება ისეთ შენობას, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათი და ამავე დროს, კულტურული ძეგლია, აცნობიერებ, რომ შეცდომისა და თუნდაც ოდნავი წაბორძიკების უფლებაც არა გაქვს. მართლაც, იშვიათად მოიძებნება ისეთი შენობა, რომელიც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურულ ლანდშაფტს ისე ასახავდეს, როგორც თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი, ან როგორც მას ყველანი ვეძახით ფილარმონია", - ამბობს starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების კრეატიული ხელმძღვანელი ციცი იაშვილი.

60-იან წლებში თბილისში ახალი საკონცერტო დარბაზის აშენების საჭიროება დადგა. ძირითადად, ის წარმოდგენილი იყო, როგორც ოპერისა და ბალეტის თეატრისა თუ სპორტის სასახლის ალტერნატივა, რადგან ეს სივრცეები სხვადასხვა მახასიათებლით იყო შეზღუდული. ფილარმონია კი უნდა ყოფილიყო კულტურული სივრცე, რომელიც იმ პერიოდისთვის თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვებოდა და ახალი სტანდარტებით მოემსახურებოდა სხვადასხვა ღონისძიებას. არქიტექტორ ივანე ჩხენკელის ხელმძღვანელობით, გადაწყდა, რომ ახალი ნაგებობა თბილისისთვის ისტორიულ ადგილას, მელიქიშვილისა და ამჟამინდელი კოსტავას ქუჩის კვეთაზე უნდა აშენებულიყო. იმ პერიოდში ეს ადგილკი ე.წ. ალიონის 3-სართულიან შენობას ჰქონდა დაკავებული, რომლის დემონტაჟის შემდეგ დაიწყო 10-წლიანი პროცესი ერთადერთი მიზნით - თბილისს ჰქონოდა მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდებოდა.

სპეციფიკურმა ადგილმდებარეობამ შენობის სივრცით კომპოზიციაზე თავისი გავლენა მოახდინა, რისი შედეგიცაა ასიმეტრიულად განლაგებული ფართო კიბე, ასევე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი საკულტო ქანდაკება, 8-მეტრიანი "მუზა". აღსანიშნავია ისიც, რომ შენობის ვესტიბიულის ინტერიერის მხატვრული ნაწილიც ელგუჯა და მერაბ ბერძენიშვილებმა გააფორმეს.

თუმცა, როგორც ყოველთვის, ყველაფერს აქვს თავისი რესურსი და ლიმიტი, მით უმეტეს, როცა სივრცე მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, ათასობით ხელოვანს და მილიონობით ადამიანს მასპინძლობს.

ამიკო ჯანელიძე starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე: "თბილისის ფილარმონია მისი გახსნის დღიდანვე იყო საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი - ადგილი, სადაც ხელოვნება და საზოგადოება ერთმანეთს ხვდებოდა. ეს შენობა წლების განმავლობაში აერთიანებდა ადამიანებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც. ფილარმონიის სცენაზე გამოდიოდნენ საუკეთესო არტისტები, იმართებოდა საერთაშორისო ფესტივალები, რომელთაც უდიდესი გავლენა ჰქონდათ ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე. მრავალი თაობისთვის ფილარმონია იყო ადგილი, სადაც მათ ხელოვნებისადმი სიყვარული უყალიბდებოდათ და შთაგონებასაც აქ პოულობდნენ. თუმცა, როგორც ყველა ისტორიულ შენობას, დროთა განმავლობაში ფილარმონიასაც დასჭირდა როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი განახლება, რომელიც მის დიდ ისტორიას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებდა. სწორედ ამიტომ დღეს ფილარმონია ახალი ეპოქის ზღვარზე დგას. ეს ყველაფერი არ არის იდენტობის ცვლილება, პირიქით, ეს სწორედ მისი იდენტობის გაძლიერება და ბოლო პერიოდში დაკარგული სავიზიტო ბარათის ფუნქციის დაბრუნებაა, რაც მას გახსნის დღიდანვე ჰქონდა", - განმარტავს ამიკო ჯანელიძე.

სწორედ ამ მიზნით, starring Georgia-ს საორგანიზაციო გუნდმა მოამზადა კონცეპტუალური გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა რეაბილიტირდეს სრულფასოვნად თავდაპირველი არქიტექტურული სახისა და იდენტობის მაქსიმალური დაცვით. მათი განმარტებით, ფილარმონიას ფუნდამენტური სტილი შეუნარჩუნდება, პარალელურად მთლიანად განახლდება საინჟინრო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რათა დარბაზი სრულ თანხვედრაში იყოს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან. მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ არ შეიცვლება სახელი და იდენტობა, დარბაზის არქიტექტურული იერი და ფასადები, ასევე ინტერიერის ის ვინტაჟური ხაზი, რომელიც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ფილარმონიის სავიზიტო ბარათად იქცა.

სანაცვლოდ, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც მოიცავს როგორც ცალკეული ელემენტების გამყარებას, ასევე სახანძრო სისტემის მოდერნიზაციას, ელექტროენერგიის ქსელის განახლებას, კონდიცირების სისტემასა და ზოგადად, უფრო ეკომეგობრული, ენერგოეფექტური სისტემის დანერგვას. ფილარმონიის რეაბილიტაციისთვის მომზადდა საკონკურსო დავალება, რაც წინა პირობა იქნება იმისა, რომ პროექტზე დიდი გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონე სპეციალისტები იმუშავებენ.

აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ starring Georgia-ს მიზანი ფილარმონიის მხოლოდ ინფრასტრუქტურული განახლება არ არის.

განახლებული ფილარმონია იქნება ადგილი, სადაც ერთი დღე სრულფასოვან კულტურულ გამოცდილებად გარდაიქმნება. ადამიანები აქ დილიდანვე დაესწრებიან გამოფენებსა თუ ვორქშოპებს, მოისმენენ ახალ მუსიკას, ესტუმრებიან "სოციალურ სივრცეს", ისარგებლებენ ბარითა და სამზარეულოთი, დაესწრებიან კონცერტს ან ჩაერთვებიან სასურველ აქტივობაში. ეს იქნება ადგილი, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთს შეხვდება; სადაც ახალგაზრდები და უფროსები ერთად იპოვიან საკუთარ სივრცესა და ინტერესს. ფილარმონია კიდევ ერთხელ გახდება თბილისის სავიზიტო ბარათი. მალე ადამიანები შეძლებენ ყოველი უქმეების ფილარმონიაში გატარებას", - აღნიშნავს ამიკო ჯანელიძე.

5-1763909827.jpg

ციცი იაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ფილარმონია არა მხოლოდ წარმატებული არტისტების სცენა იქნება, არამედ სივრცე დაეთმობათ იმ ნიჭიერ და პერსპექტიულ ხელოვანებს, ვისაც არა აქვთ საშუალება საკუთარი შემოქმედებითი სამყარო სრულყოფილად გამოხატონ. "გარდა იმისა, რომ ფილარმონიის ადმინისტრაციულ ნაწილში იქნება სტუდიები და სახელოსნოები, სადაც ნიჭიერი ახალგაზრდები შეძლებენ თავიანთი შემოქმედებითი გზის დახვეწას, მათთვისვე იქნება ფილარმონიაში ექსპერიმენტული სცენა, რათა პირველი კონტაქტი მსმენელთან სწორედ აქ შედგეს".

ახალი ეტაპიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვიზუალურ ხელოვნებას, საგამოფენო სივრცეებს, პროფესიულ ვორქშოპებს და სოციალიზაციისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას. ასევე, შენობაში განთავსდება კრეატიული ინდუსტრიების ცენტრი, რომელიც ახალ თაობას მათთვის სასურველი პროფესიის შერჩევასა და შემდგომ შესწავლაში დაეხმარება.

ფილარმონიის რეაბილიტაციის პარალელურად, უკვე დაწყებულია მუშაობა პროექტზე "ფილარმონია - დროის კადრები". როგორც ამიკო ჯანელიძე განმარტავს, ეს არის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ფილარმონიის ციფრულ სივრცეში არსებობას, სანამ შენობა რეაბილიტაციის პროცესში იქნება.

"აღნიშნული წამოწყება ორმაგ დატვირთვას ატარებს. პირველ რიგში, ის ინარჩუნებს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რადგან შენობაში აღმოჩენილი ყველა საარქივო მასალა - აუდიო და ვიდეოფირები თუ ფოტოები ციფრულ ფორმატში გადაინაცვლებს. ამით კი ისტორიული მემკვიდრეობა არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება. მეორეც, ციფრული არქივის სამიზნე აუდიტორიას ყველაზე მეტად ახალგაზრდები წარმოადგენენ - ისინი, ვისაც ფილარმონია წარსულში მოსაწყენ, ნაკლებად აქტუალურ ადგილად მიაჩნდათ. "დროის კადრები" კი ნათლად დაანახებს მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ფილარმონია ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, როგორ მასპინძლობდა ეპოქალურ მოვლენებს და რა გავლენა მოახდინა მან უამრავ ადამიანზე. ის, რასაც ნახავენ, არსებულ სტერეოტიპებს მთლიანად დაამსხვრევს", - განმარტავს ჯანელიძე.

ფილარმონიის ისტორიაში ახალ ფურცელზე ახალი ისტორიის წერა დაწყებულია. ის ნამდვილად იმსახურებს კვლავ ისე ბრწყინავდეს, როგორც ათეული წლების წინათ. აღსანიშნავია, რომ ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

ნანა მღებრიშვილი