"იმ ქალსაც ჩამოვაცვათ თავზე ტომარა და ანალოგიური დავმართოთო, წერდნენ... მკვლელების ოჯახებმა საქმე ჩაფარცხეს... რეანიმაციიდან მესმოდა, როგორ ხმებს გამოსცემდა ჩემი შვილი" - შვილმკვდარი დედის ინტერვიუ
"ვფიცავ შენს სპეტაკ სიცოცხლეს, უმკაცრესად ვაზღვევინებ ყველას!" - ასეთი წარწერა აქვს გაკრული 28 წლის სადისტურად მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის დედას ოთახის კუთხეში, სადაც შვილის ფოტოა და კანდელი ანთია.
უმძიმესი დანაშაული თბილისში, თემქაზე მოხდა. ახალგაზრდა მასწავლებელს, გიგა ავალიანს, 1-ლ ოქტომბერს საცხოვრებელ სახლთან შურისძიების მოტივით მოზარდები თავს დაესხნენ და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
გასულ კვირას კი პროკურატურამ ოფიციალური ბრალის დეტალები გაასაჯაროვა:
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 01 ოქტომბერს, 22:15 საათზე, არასრულწლოვანები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ თბილისში, ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრო-რაიონის მე-5 კვარტალის კორპუსN 25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს. 800 მეტრის გავლის შემდეგ, 22:20 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილი მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც გიორგი რიკაძე ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაფიქსირებულია გიორგი რიკაძის ტელეფონში არსებული და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, სადაც ასევე ჩანს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულების მიმალვა შემთხვევის ადგილიდან და ისმის მათი საუბარიც. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა მიმდებარე ტერიტორია ტაქსით დატოვეს... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გიგა ავალიანის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით. ალექსანდრე გაბაშვილს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი რიკაძეს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს... ბოლო დღეების განმავლობაში დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ არის დაკავებული აღნიშნულ საქმეზე დამატებით სხვა რამდენიმე პირი. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ საუბარია იმ პირებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ, რაც უტყუარად დასტურდება არსებული ვიდეოჩანაწერებით. გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბუნებრივია, ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება".
"მკვლელ ალექსანდრე გაბაშვილს შეუფარდეს 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას კი არა, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; არასრულწლოვნებს ზედა ზღვარს, ანუ 8 წელს არასდროს უსჯიან და თან აკლდება სასჯელის მეოთხედი. რომც მიუსაჯონ 8 წელი, ჩემი შვილის განზრახ მკვლელი გამოვა 6 წელზე ნაკლებ დროში, ყველაზე მაქსიმუმ, 5 წელში. გიორგი რიკაძე სასჯელს იმიტომ კი არ იხდის, რომ გიგას მკვლელია, არამედ იმიტომ, რომ ,,ძმაკაცი არ დაასმინა" და მიესაჯა 376-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ითვალისწინებს 2-დან 6 წლამდე პატიმრობას. არც მას მიუსჯიან 6 წელს, რადგან არასრულწლოვანია. დიდი ალბათობით, რიკაძეს 2 წელს მისცემენ, რასაც დააკლდება სასჯელის მეოთხედი და 1 წელში და 6 თვეში გამოვა გარეთ", - ამბობს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.
ეკა კუპატაძე:
- ჩემი შვილის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო. ის პატარა ლაწირაკები 27 რიცხვიდან იწყებენ მიმოწერას და გეგმავენ გიგას მკვლელობას. სამი დღე უთვალთვალებდნენ და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს... ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ, დაახლოებით 800 მეტრზე ატარეს ქვა, რომლითაც ჩემი შვილი მოკლეს. ეს საფუძველია განზრახ მკვლელობის; გადაიღეს 19-წამიანი ვიდეო, სადაც ჩანს მუშტის დარტყმა სახეში. ამას აღნიშნავს ალექსანდრე გაბაშვილიც ჩვენებაში და ადასტურებს პოლიციის უფროსის მიერ გადაღებული სურათიც. ამის შემდეგ ვიდეო გათიშეს, გიგას ურტყეს წიხლები და თავში ჩაარტყეს ქვა. ეს არის მკვლელობა და არა სხეულის განზრახ დაზიანება. მუშტის კვალი ჩანს პოლიციის უფროსის მიერ გადაღებულ სურათშიც. სურათი ექსპერტიზას მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდეს, რაც მე ტელევიზიებთან ეს გავახმაურე. მას შემდეგ, რაც გიგა წააქციეს, კი არ მიიმალნენ, სახეში ურტყამდნენ და აგინებდნენ. ამიტომ ჰქონდა არაერთი დაზიანება. შესაბამისად ამას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა. ყბაში ხელის დარტყმით ადამიანს თავის ქალის ძვალს ვერ გაუტეხ. ვერც სახის დაზიანებებს, ვერც მარცხენა ხელის, მუხლის დაზიანებას, თავის უკანა მხარის მძიმე დაზიანებას ერთი დარტყმით ვერ მიაყენებ. მნიშვნელოვანი დაზიანებები, რომლებიც საქმეში გამოიკვეთა, გაცილებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს მოიცავს, რომლებსაც ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრისას, მაგრამ ეს არ იყო აღწერილი საქმის მასალებში.
19-წამიან ვიდეოში, რომელიც საქმეში დევს, ჩანს, რომ ის არასრულწლოვანი, რომელიც ცემის დროს ვიდეოს იღებდა, გიგას აყენებს როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ისე სახეში ულაწუნებს. ამ არასრულწლოვანზე მხოლოდ შეუტყობინებლობის მუხლით არ უნდა დაწყებულიყო საქმის გამოძიება.
საქმეში დევს გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, საიდანაც ჩანს დანაშაულის ადგილისკენ ჯერ მიმავალი და შემდეგ იქიდან მომავალი ორი არასრულწლოვანი. ჩანაწერებზე დაფიქსირებული დროის მონაკვეთის მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი გიგას დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში უსწორდებოდნენ. ის 19-წამიანი ვიდეო, ცხადია, ვერ ასახავს სრულ სურათს... ეს იყო დაგეგმილი დანაშაული და ეს ჩანს დამნაშავეების მიმოწერითაც. ერთმანეთს სწერდნენ, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ გიგას. ამ მიმოწერაში აყენებდნენ მას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. გეგმავდნენ, როგორ უნდა მოსულიყვნენ სახლთან, რა ტიპის დაზიანებები მიეყენებინათ, რომ მას ჩივილი ვერასდროს მოეხერხებინა. ამას ადასტურებს წაშლილი მიმოწერები, რომლებიც გამოძიებამ არასრულწლოვნების ტელეფონებიდან ამოიღო. ამ მიმოწერებში ვინც ფიგურირებს, მათგან ორია დაკავებული.
სამი არასრულწლოვანი წინა დღეებში გიგას სახლთან უთვალთვალებდა. რადგან გიგა იმ დღეებში ჩემთან ერთად დადიოდა, გეგმა ჩაუვარდათ. თუმცა 1-ლ ოქტომბერს, დანაშაულის დღეს, ეს გეგმა სისრულეში რომ უნდა მოეყვანათ, ეს ჩანს ბოლო მიმოწერებშიც. იქ ამბობენ, თუკი დღესაც იმ ქალთან ერთად იქნება, მაშინ იმ ქალსაც ჩამოვაცვათ თავზე ტომარა და ანალოგიური დავმართოთო.
ძალოვანებმა ფაქტობრივად, უპერსპექტივო საქმე გახსნეს. მაშინ მეგონა, პატიოსნად გაგრძელდებოდა საქმის მოკვლევა. შემდეგ ჩემი გიგუნა გარდაიცვალა. როცა მე შვილს დავტიროდი, მკვლელების ოჯახებმა ისარგებლეს და საქმე ჩაფარცხეს. სამართალდამცავებმა დაიწყეს გაფანტულად ექიმების თუ ჩვენებების ნაწილში მტკიცებულებების გაყალბება. პოლიციის უფროსს თავის ტელეფონში ჰქონდა ჩემი შვილის სურათი, სადაც ჩანდა დაზიანება, სურათი კი საქმეში არ იდო. მას შემდეგ, რაც ხმაური ავტეხე, მერე დაურთეს საქმეს.
ბოლო დღეებია გამოვიდა ბოტები გიგას გასაშავებლად. მე ძაძებით შემოსილი უსუსური ქალი შევებრძოლები სახელმწიფოს, რომელიც ვალდებული იყო დაეცვა დაზარალებულის უფლებები.
მე მხარს მიჭერს ჩემი შვილის უზარმაზარი სიყვარული, იმათ - სიძულვილი ყველაფრის მიმართ. მათ ბრალს არავინ დაუმძიმებს, რადგან არასრულწლოვანთა კოდექსი კრძალავს.
არ ეკადრება გიგა ავალიანს, რომ მას მიწა ჭამდეს და დედამისი სამზეოზე იყოს, მაგრამ სწორედ ამიტომ დავრჩი ცოცხალი, რომ ვიბრძოლო ჩემი შვილის ღირსების დასაცავად. სახლში რომ მივედი 11 საათი და 48 წუთი იყო. გიგა რომ არ დამხვდა, დავურეკე, კლინიკიდან მიპასუხეს. კლინიკაში მითხრეს, ქუჩაში იპოვეს გათიშულიო, სულ სველია და ტანსაცმელი მოუტანეთო... მესმოდა, როგორ ხმებს გამოსცემდა ჩემი შვილი. მაშინ ვთქვი, ვფიცავ შენს სიცოცხლეს, ყველას ვაზღვევინებ-მეთქი. არ მეგონა, თუ სახელმწიფოსთანაც მომიწევდა ბრძოლა.
- ქალბატონო ეკა, ის გოგონა, ვის გამოც გამოძიების ვერსიით, თქვენი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს, დიდი ხანია ემზადებოდა გიგასთან?
- 12 სექტემბერს მოვიდა, მაგრამ გაკვეთილებს სულ აცდენდა. 26 სექტემბერს რომ არ მოვიდა, დედამისს დავურეკე, დღესაც არ მოვიდა შენი შვილი-მეთქი. მანამდე რომ ვურეკავდი, ამბობდა, ვირუსის გამო აცდენდაო. თუმცა იმ დღეს რომ ველაპარაკე, გაუკვირდა, ეტყობა, ეგონა, გაკვეთილზე იყო.
მერე სურათებში ვნახეთ, 26-ში მუშთაიდის პარკში იყო შეყვარებულთან ერთად. სავარაუდოდ, დედამ დაურეკა შვილს და იმ გოგომ კი იმ ბიჭს უთხრა, რომ მასწავლებლის გამო ურეკავდა დედამისი. ვერ აიტანა, რომ მისი შეყვარებულის დედას დაურეკეს, თანაც მასწავლებელი ბიჭი აღმოჩნდა. და დაიგეგმა შურისძიებაც.
მარტოხელა დედა ვარ, მარტომ გავზარდე შვილები. მომავალ წელს გიგა ამერიკაში სასწავლებლად მიდიოდა. მას სამედიცინო ჰქონდა დამთავრებული. ჩემი მეორე ბიჭიც ექიმია, გერმანიაში სწავლობდა. არ უღირდა სახელმწიფოს მკვლელების გამო დაგვპირისპირებოდა. ჯობდა სწორი კვალიფიკაციით დაესაჯათ დამნაშავეები.
P.S. სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ბრალის დამტკიცებისა და სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში 17 წლის არასრულწლოვანს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერთი მეოთხედით შეუმცირდება სასჯელი 16 წლის მოზარდსაც, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ანუ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ეს კანონდარღვევა სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.