ვილი სანიოლის დილემა: "მადლობა, მაგრამ...შესაცვლელია" - ლევან სალუქვაძის ანალიზი:" არ მაინტერესებს ნაკრების ფეხბურთელი რომელ პარტიას უჭერს მხარს და ვის მისცა ხმა არჩევნებში"
"არ შეიძლება ადამიანი იყო პატრიოტი 2 წლის წინ და დღეს უკვე ერის მოღალატე - ეს წარმოუდგენელია... ყველა მოთამაშე მონდომებულია, რომ მოიგოს თამაში, გაიყვანოს საკუთარი ნაკრები შემდეგ ეტაპზე და ითამაშოს დიდ ფორუმზე. ვიღაცას არ უნდა თამაში და მოტივაცია დააკლდაო, ჩემთვის ეს დიდი სისულელეა" - ამბობს სპორტული ჟურნალისტი და ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლევან სალუქვაძე და საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი მარცხის
მიზეზებს განიხილავს.
- განვლილი მძიმე მარცხების შემდგომ, მგონი, ყველა ნაკრების გულშემატკივარი ვთანხმდებით, რომ დიდი პრობლემებია ნაკრებში. ქომაგების ნაწილი მოტივაციის ნაკლებობაზე საუბრობს, ვილი სანიოლმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზეც თითქოს იგივე გაიმეორა, ფეხბურთელებს მოტივაციის ნაკლებობა აქვთო... მაყურებლის დიდმა ნაწილმა ეს აღიქვა, როგორც ფეხბურთელებისკენ ხელის გაშვერა. იბადება კითხვა: თავად ვილი სანიოლს ხომ არა აქვს მოტივაციის ნაკლებობა? რადგან მსგავსი კომენტარის გაკეთება და ამის წაგების მიზეზად დასახელება ცოტათი უცნაურია არა?
- მე შორს ვარ იმ სპეციალისტებისა და გულშემატკივრებისგან, რომლებიც წაგებას მოტივაციის ნაკლებობას აბრალებენ და ფეხბურთელებს ადანაშაულებენ ცუდ შედეგში. არ შეიძლება ადამიანი იყო პატრიოტი 2 წლის წინ და დღეს უკვე ერის მოღალატე - ეს წარმოუდგენელია... ყველა მოთამაშე მონდომებულია, რომ მოიგოს თამაში, გაიყვანოს საკუთარი ნაკრები შემდეგ ეტაპზე და ითამაშოს დიდ ფორუმზე. ვიღაცას არ უნდა თამაში და მოტივაცია დააკლდაო, ასეთი რაღაცების არ მჯერა, ჩემთვის ეს დიდი სისულელეა. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს ნაკრებში, ის არის, რომ მთავარი მწვრთნელი იშვერდეს ხელს ფეხბურთელებისკენ. სხვათა შორის, ეს რამდენჯერმე მომხდარა ჩვენს ნაკრებში და ეს ყველაზე დამაზიანებელია გუნდისთვის. მწვრთნელმა მოთამაშეები თავად შეარჩია. მისთვის არავის დაუძალებია, ეს მისი კონკრეტული არჩევანია. ყოველი წაგებული მატჩის შემდეგ თუ ნაბახუსევზე ვართ, მოტივაცია არა აქვთო, მსგავს ფრაზებს რომ ამბობს, ის მოთამაშეები ხომ მისი არჩეულია? თუ მიაჩნია, რომ ქვეყანაში არ არის ფეხბურთელების საკმარისი რაოდენობა და ის პოტენციალს ვერ ხედავს, მაშინ უნდა დაგვემშვიდობოს და თქვას, რომ აქ მუშაობას აზრი არა აქვსო. მწვრთნელს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჰქონდა წარმატება იმავე ქვეყანაში იმავე ფეხბურთელებით, ახლა როგორ უნდა ამბობდეს, რომ ფეხბურთელები არა ჰყავს და მოტივაცია არა აქვთ? ჩემთვის ეს არის გაუგონარი, ეს უფრო თავის მართლებაა.
აქვე დავამატებ, რომ ამბობენ, გასაგდებია და გასაშვებიო, ეს ცუდი ფორმულირებაა. მოდი, ასე ვთქვათ, შესაცვლელია. მადლობა უკვე ვუთხარით და არც დავიღლებით მადლობის თქმით მისთვის მთელი ერი და კიდევ თუ ოდესმე სადმე შეგვხვდება, იქაც აუცილებლად ვეტყვით. ყოველთვის გაგვახსენდება, რამხელა სიხარული მოგვანიჭა. მწვრთნელების წარმატება არავის დავიწყებია და არც ამ კაცს დავივიწყებთ, მაგრამ არის პერიოდი, როდესაც კონკრეტული მწვრთნელი საკუთარ თავს რომელიმე გუნდში ამოწურავს. იქნებ სხვა, უკეთესმა მწვრთნელმა, ახალი ხედვებით, სხვა ფეხბურთელები მოიწვიოს ნაკრებში და ტაქტიკაც შეცვალოს. იქნებ ეს კაცი, რასაც მოტივაციის ნაკლებობას უწოდებს, ახალმა მწვრთნელმა ეს ნაკლებობა ამოავსოს? ყოველ შემთხვევაში, ახალი ხელია საჭირო, ახალი ხედვა. ეს არ არის არავის გალანძღვა ან შეურაცხყოფა. ზოგი კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, ევროპის ჩემპიონატზე რომ გაგვიყვანა, მაშინ ხომ კარგი იყოო? კი, კარგი იყო და ახლა რომ ვერ გავყავართ, რა ვქნათ, სამუდამოდ ხომ არ იქნება? ოდესღაც ხომ უნდა წავიდეს? მე ვფიქრობ, რომ შესაცვლელია...

- ვინ შეიძლება განიხილებოდეს ახალი ნაკრების თავკაცად? ვინ იქნება უკეთესი?
- მასზე უკეთესი მწვრთნელების ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, არ ეყოფა თქვენი გაზეთის გვერდები. საქმე ის არის, ვინ შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ. ეს ხომ თანხებთან არის დაკავშირებული? ვინ არის თავისუფალი? ვინ მიესადაგება ჩვენს ნაკრებს? ასეთი უამრავი დეტალია
- არის მოსაზრება, რომ ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს...
- მე არც იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ქართველი იყოს, და არც აუცილებლად მომხრე. ახალი მწვრთნელი ჩვენი თანამემამულე უნდა იყოსო, ასეთი მიდგომა არასწორად მიმაჩნია, ხოლო იმ ხალხს, რომელიც კითხულობს, ვინ, თუ არა სანიოლიო, ვეტყვი - სიმართლე გითხრათ, სანიოლი რომ მწვრთნელი იყო, არც მახსოვდა, ჩვენს ნაკრებში რომ დანიშნეს. მე კი არა, მგონი თვითონაც აღარ ახსოვდა, იმდენი ხნის უმუშევარი იყო, როდესაც მოვიდა ჩვენს ნაკრებში. იმ პერიოდის სანიოლი რაც იყო, მაგ დონის სხვა უკეთესი მწვრთნელი არ დადის დედამიწაზე? უამრავია, არის მათ შორის უმუშევარიც.
- საქართველოს ნაკრები არის მსოფლიო დონეზე ისეთი გუნდი, რომელიც გარკვეულწილად ბრენდად ჩამოყალიბდა "ევრო 2024"-ის შემდეგ? ანუ იმის თქმა მინდა, იქნება თუ არა მომხიბვლელი ნებისმიერი უცხოელი სპეციალისტისთვის საქართველოს ნაკრების გაწვრთნის იდეა?
- მამარდაშვილის, კვარაცხელიას, კიტეიშვილის, მიქაუტაძისა და ასეთი ფეხბურთელების ტოპ-ლიგებში გამოჩენის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლას არ ითაკილებს არც ერთი თავმოყვარე მწვრთნელი. თუ კარგი პირობები ექნება, ჩამოვა და იმუშავებს. სანიოლის კიდევ ერთ არგუმენტს გავიხსენებ: "მე ყველაზე კარგად ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს და ისევ მე უნდა დავრჩე, რომ ამ გუნდით წარმატებას მივაღწიოთ და ახალი გუნდი ავაშენო". ეს რა არგუმენტია? ფეხბურთელებს იცნობს იმიტომ, რომ ამდენი წელია მუშაობს ჩვენთან. რომ ჩამოვიდა, ვლადიმერ ვაისზე უკეთ იცნობდა რომელიმე ფეხბურთელს? რა თქმა უნდა, არა, გაგონილიც არ ეყოლებოდა ბევრი, მაგრამ ხომ დაიწყო მუშაობა, გაიცნო ყველა და ხომ იყო შედეგი? ასევე ჩამოვა სხვაც და გაიცნობს ფეხბურთელებს. მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. სანიოლის არც ლანძღვას ვაპირებ და არც რაიმე მოთხოვნების წამოყენებას, ეს უბრალოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა - მიმაჩნია, რომ მწვრთნელი შესაცვლელია. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ თამაში და შედეგის მიღწევა. რატომ უნდა მივაყენოთ მათ შეურაცხყოფა და შევაწმინდოთ ხელი? სიმეონე, მოურინიო, გვარდიოლა და ა.შ რომ არ ჩამოვლენ აქ სამუშაოდ, გასაგებია. არაა აუცილებელი, მწვრთნელი ტოპ-ათეულში იყოს. ნუ იქნება ათეულში, კარგ მწვრთნელად ითვლებოდეს, თუნდაც ახალგაზრდა იყოს. სანიოლის ბიოგრაფია რომ წაგეკითხათ, იფიქრებდით, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდა? ყოჩაღ! ხომ არ ვუკარგავ? ბრავო, ფედერაციას, რომ არაფრით გამორჩეული მწვრთნელი გამოიცნო და გამოგვადგა. ბრავო იაშვილს, კობიაშვილს, მუჯირს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ახლა ისევ არის მისაღები მსგავსი გადაწყვეტილება. წარმატებას ვუსურვებ მათ, რა თქმა უნდა, თუ ამას გადაწყვეტენ. მე არა ვარ ჩასაფრებული ადამიანი, უბრალოდ, მაქვს კონკრეტული მოსაზრება. ამის გამო წარუმატებლობას არასდროს ვუსურვებ ვილი სანიოლს, მაგრამ ის უნდა წავიდეს ამ სიტუაციიდან და იმ კომენტარებიდან გამომდინარე, რომელიც გააკეთა.
- ბევრისთვის სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს. მეტიც, ზოგი სპორტს პოლიტიკისგან თავის დასაღწევად და დასასვენებლად იყენებს. თქვენი აზრით. სპორტი პოლიტიკისგან დღეს გამიჯნულია? აქვე გიორგი მამარდაშვილის სტატუსზეც გკითხავთ - განაცხადა, რომ გულშემატკივარი დღეს ძველებურად გვერდში აღარ უდგათ. საბოლოოდ ისევ პოლიტიკასთან ხომ არ მივყავართ ასეთ მოსაზრებებს? დიდიე დროგბას მაგალითს მოგიყვანთ, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში სამოქალაქო ომი შეაჩერა და ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთს ეროვნული კოტ-დ,,ივუარის ნაკრების სახელით მიღწეული წარმატებით შეარიგა.
- სიმართლე გითხრათ, სპორტი და პოლიტიკა ჩემთვის ერთი არ არის. ყველაზე დიდი პოლიტიკა, რაც ქვეყანას იმიჯს შეუქმნის, სპორტია. სპორტს როგორც შეუძლია დადებითი იმიჯის შექმნა ქვეყნისთვის, მგონი, ძალიან ცოტა რაღაცას აქვს იგივე ძალა და გავლენა. მე არ მაინტერესებს და არც არასდროს დავინტერესდები, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც მოედანზეა და ნაკრებისთვის თამაშობს, რომელ პარტიას უჭერს მხარს, ვის მისცა ხმა არჩევნებში, კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენაზე რა აზრის არის. მე მათ ვაფასებ როგორც ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოს სახელით არიან მოედანზე და მათ ყოველთვის ვქომაგობ.
დროგბას მაგალითის არ იყოს, მსგავსი უამრავი მაგალითი არსებობს, თუნდაც ესპანეთის და კატალონიის ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობაც. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ დაიჭირეს კატალონიის ლიდერები, რადგან დამოუკიდებლობას ითხოვდნენ და ა.შ., მაგრამ ესპანეთის ნაკრებს, რომელიც "ბარსელონისა" და "რეალ მადრიდის" ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და იგებდნენ ტიტულებს, მათ ხომ შეეძლოთ რომელიმე მხარეს არ ეთამაშათ ან ერთმანეთისთვის პასი არ მიეცათ? არა, გადადეს ყველაფერი გვერდზე და დიდ წარმატებას მიაღწიეს. სპორტი ყველას გამაერთიანებელია. ნებისმიერი მხარე, ნებისმიერი რჯულის, სამართალდამცავი იქნება თუ კრიმინალი, სხვადასხვა სფეროს მუშაკი თუ პოლიტიკოსი, ყველა უნდა გაერთიანდეს და უქომაგოს საკუთარ გუნდს. მე ასე ვიცი, ვინმეს თუ სხვანაირად ჰგონია, ჩემი აზრით, ცდება.
- თითქოს ჩვენი სტილი გვქონდა ნაპოვნი, უფრო და უფრო უკეთ ვუღებდით ალღოს, ვთამაშობდით ხუთმცველიანი ტაქტიკით და საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევებით მოწინააღმდეგეს შეცდომის დაშვების უფლებას არ ვაძლევდით, შემდეგ კი თითქოს მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო კონკრეტული, თანაც მნიშვნელოვანი მატჩების წინ, რაღაც ექსპერიმენტული წყობა, შემადგენლობა და ტაქტიკა ვიხილეთ, რასაც შესწორება არ სჭირდება?
- ახლა ისეთი ცუდი შედეგი გვაქვს და ისეთი რთული მდგომარეობაა, კონკრეტულად ერთ რამეზე ვერც ვიტყვით, რომელი სქემა, ტაქტიკა ან ფეხბურთელი არ ამართლებს იმედს. ამ პოლემიკაში არ ჩავერთვები, არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს უფრო განსწავლულად ვცდილობ თავის გამოჩენას. არა, მე შედეგის ანალიზს ვაკეთებ და ის გზა, რომელსაც ახლა მივყვებით, ვფიქრობ, ნაკრებს წარმატებამდე ვერ მიიყვანს. ის გზა, რომელიც ნაკრებმა უნდა გაიაროს, სწორედ მთავარი მწვრთნელის დასაგეგმია.
ნიკოლოზ თევდორაშვილი