არეული ფილო-სოფია
...ვილი სანიოლს ეს ფოტო გადავუღე სოფიის აეროპორტში, სადაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად რამდენიმე ქართველი ჟურნალისტიც ჩავფრინდით. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, სანამ ფეხბურთელები ბარგს ელოდნენ, ნაკრების ფრანგი მწვრთნელი დანარჩენებისგან განცალკევებით იჯდა. მარტო, თავის ფიქრებსა და ჩემოდანთან ერთად. სანიოლი და ჩემოდანი... ვილი ჩანთით... ფრანგი მწვრთნელი "შეკრული ბარგით" - ბოლო დღეების (თვეებისაც!) ყველაზე ხშირი ასოციაციაა. განსაკუთრებით სოფიის "ვასილ ლევსკიზე" უნიათოდ წაგებული მატჩის შემდეგ. კიდევ უფრო მეტად კი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ნათქვამის გამო.
მაინც, რა გვითხრა სანიოლმა?
...რომ უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში გვქონდა, წაგება კი რამდენიმე სულელური შეცდომის ბრალია.
...რომ, სამწუხაროდ, ტოპ-ლიგებში არა გვყავს ბევრი ფეხბურთელი. ბოლო მატჩებში კვარა ჯერ კიდევ არ იყო ოპტიმალურ კონდიციაში, კლუბთან პრობლემები ჰქონდა დავითაშვილს, დაგვაკლდა კაკაბაძე, "სპორტინგში" სათამაშო დრო არ ეძლევა ქოჩორაშვილს და სხვ.
...რომ მოთამაშეებთან კომუნიკაციის პრობლემა არა აქვს და ის ძველებურად იდეალურია, მაგრამ... ფეხბურთელებს "შიმშილს" ვეღარ ატყობს, მათ თვალებში ძველებურ ცეცხლს ვეღარ ხედავს.
...რომ ბოლო თვეები განსაკუთრებულად რთული გამოდგა და შემადგენლობის ხშირი ცვლილების მიუხედავად, პრობლემები არ გვარდებოდა.
...რომ აკლია კვირკველიას მსგავსი, "პიტბულივით" მებრძოლი ფეხბურთელები.
...რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და "მარტში უკეთესი გუნდი ვიყოთ".
...რომ აუცილებლად იპოვიან გამოსავალს, დაბრუნდებიან და უკეთესად ითამაშებენ.
მოკლედ, ვილიმ ყველაფერი თქვა იმის გარდა, რომ თვითონაც არის დამნაშავე. ერთხელაც არ უხსენებია, რომ "შესაძლოა" რაღაცაში თავადაც შეცდა.
თუმცა ფრანგმა მწვრთნელმა მთავარი სათქმელი მაინც გვითხრა - არსად წასვლას არ აპირებს და დარწმუნებულია, რომ შეუძლია ნაკრებში არსებული კრიზისის დაძლევა. პირობას გვაძლევს, რომ "მარტში უკეთესი გუნდი ვიქნებით. შემოდგომაზე - კიდევ უფრო კარგი!"
აგაშენათ ღმერთმა! ჩვენც ეს არ გვინდა?! მაგრამ...
ჩვენ ის გუნდი არა ვართ, ტოპ-ლიგებში ბევრი ფეხბურთელი რომ არა გვყავს და ორი-სამი მოთამაშის გამოკლებაც კი სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის? მარტამდე თამაში (ამხანაგურ მატჩზე რომელიმე ნაკრები თუ დავითანხმეთ) აღარ გვიწევს და ახალი ფეხბურთელები სად უნდა გამოგვეცადა, თუ არა ბულგარეთის დონის გუნდთან, სატურნირო თვალსაზრისით არაფრისმომცემ შეხვედრაში?!
სხვათა შორის, "ვასილ ლევსკის" სახელობის სტადიონზე მისულ ქართველ კორესპონდენტებს ჯერ კიდევ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გვეხამუშა ვილი სანიოლის დაპირება - ექსპერიმენტები არ იქნება, ხასიათის გამოსაკეთებლად წლის ბოლო მატჩში გამარჯვება გვჭირდებაო. "პრევიუში" დავწერე კიდეც, რომ არასწორ ტაქტიკა-სტრატეგიას ისედაც ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი შევწირეთ, ექსპერიმენტებისთვის კი სწორედ ბულგარეთის "კალიბრის" გუნდებთან უმოტივაციო მატჩებია ზედგამოჭრილი, მაგრამ... საბოლოოდ, ექსპერიმენტებიც სანატრელი გაგვიხდა და გამარჯვებაც. არადა, იმას, რაც ბულგარეთის დედაქალაქის მთავარ სტადიონზე ვნახეთ, ნებისმიერი "ექსპერიმენტი" აჯობებდა!
საქართველოს ნაკრების ფრანგი მწვრთნელი კი ირწმუნება, ტაქტიკას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი მონდომებააო, მაგრამ თავად მაინც ჯიუტად (ესპანეთსა და თურქეთთანაც კი!) იმეორებს ოთხმცველიან სქემას, ყოველ ჯერზე გვახსენებს, რომ ამ განლაგების შეცვლა აღარ განიხილება და ცხადია, სოფიაშიც ოთხ მცველს ენდო.
ოღონდ ამ ოთხიდან ერთი ისეთ ასაკშია, მხოლოდ უდიდესი გამოცდილებისა და თამაშის "წაკითხვის" უნარის ხარჯზე ახერხებს მეტოქის თავდამსხმელებთან გამკლავებას, ბოლო მატჩებში დაცვის ფლანგებზე გამწესებული მოთამაშეებიდან კი, რომელია ნომინალური მცველი, გოჩოლეიშვილი, მამუჩაშვილი თუ წიტაიშვილი?! სანიოლის სიჯიუტე ტყუილად არ მიხსენებია - ოღონდ "სქემას" (რომელმაც ვერც ერთხელ ვერ გაამართლა!) არ უღალატოს და მზადაა, მარცხენაფლანგელი მარჯვნივ ათამაშოს, ნახევარმცველები - დაცვაში, ცენტრალური მცველი, რომელსაც დაცვის ფლანგზეც შეუძლია თამაში, მაინცდამაინც ცენტრში დატოვოს, ამ პოზიციის გასაძლიერებლად გამოძახებული ახალწვეულები - სათადარიგო სკამზე და ა.შ. მერე კიდევ, ოთხმცველიანი ტაქტიკის არსი ხომ ისაა, "ზედმეტი" მეხუთე მცველი ნახევარდაცვას მიაშველო? და თუ ამას მაინც ვერ ახერხებ, დაცვას რაღას ერჩი?!
ბუნებრივია, სოფიაში მარცხი მხოლოდ მცველების ბრალი არ ყოფილა, ისიც გვესმის, რომ არაფრისმომცემ მატჩზე მობილიზება ფეხბურთელებისთვისაც რთული საქმეა, მაგრამ... იმასაც გვარიანი მოხერხება სჭირდება, ცარიელ სტადიონზე (43-ათასიან "ლევსკიზე" მხოლოდ ორი ათასამდე მაყურებელი მივიდა, მათ შორის ასიოდე ქართველი) დამარცხდე გუნდთან, რომელიც ღრმა კრიზისშია და აქამდე გამართული ხუთი მატჩიდან, ყველა წაგებული აქვს გატანილი და გაშვებული ბურთების კატასტროფული შეფარდებით 1-18!)?
თავიანთი ნაკრებისა ადგილობრივ ქომაგებსაც არ სჯეროდათ და წვიმისგან დასველებულ სტადიონზე მოსვლას შინ დარჩენა ამჯობინეს. ტრიბუნებზე მყოფებმაც საფინალო სასტვენის შემდეგ ძლივს დაიჯერეს, რომ მათმა გუნდმა საქართველოს ნაკრები დაამარცხა, მაგრამ... როგორც საბოლოოდ გაირკვა, საღამოს მთავარი გმირები ბულგარელი ფეხბურთელები ყოფილან: ღირსების დასაცავად ვითამაშეთო, თქვეს ნამატჩევს მასპინძლებმა და დაიბრუნეს კიდეც! იმის მიუხედავად, რომ სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე დარჩნენ.
და ჩვენ, ჩვენ რა დავიბრუნეთ? ღირსებამ მხოლოდ ბულგარელებში გაიღვიძა, თუ როგორ არის საქმე? იქნებ იმითაც კმაყოფილი ვართ, ექვს მატჩში 3 ქულა რომ ავიღეთ და ბულგარეთის მაჩანჩალა ნაკრები მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით ჩამოვიტოვეთ?!
დაბრუნებას ვინ ჩივის, რაც შარშან გვქონდა (მეტ-ნაკლებად საიმედო დაცვა, სწრაფი კონტრშეტევები, ინდივიდუალური გაბრწყინებები და სხვ.), ამ შესარჩევში ისიც დავკარგეთ. ბრძოლისუნარიანი, სიმპათიური ნაკრები ცვლილებების მცდელობას შეეწირა. გუნდიც აირია და მისი ფილოსოფიაც. დაიკარგა მუხტიც, ქულებიც და ქომაგების ნაწილიც, ბატონმა სანიოლმა კი მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში გააცნობიერა, რომ "ტოპ-ლიგებში ცოტა ფეხბურთელი გვყავს (როცა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ, ამდენიც არ გვყავდა!), 2-3 მოთამაშის გამოკლებაც კი მნიშვნელოვან პრობლემებს გვიქმნის, ფეხბურთელები კომფორტის ზონიდან და ევროპის ჩემპიონატის ხიბლიდან ვერ გამოდიან" და სხვ.
ნაკრების მწვრთნელმა რომ არ გვითხრას, განა ჩვენ არ ვიცით, რომ მაღალი კლასის მოთამაშეთა ნაკლებობაც დიდი პრობლემაა და ბევრი სხვა საკითხიც, ვილი სანიოლს არც ევროპის ჩემპიონატზე გაყვანაში დიდ დამსახურებას ვუკარგავთ და ისიც კარგად ვიცით, ბოლო თვეების წარუმატებლობა მხოლოდ მისი ბრალი რომ არ არის (თავისი წილი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმაც უნდა აიღონ და ფედერაციამაც), მაგრამ მწვრთნელისგან თავის მართლება და მოთამაშეებისკენ ხელის გაშვერა საქართველოს ნაკრების ძველ თავკაც(ებ)ს გვახსენებს და არა მგონია, ეს ვინმეს მოსწონდეს.
კიდევ ერთხელ ვამბობ: რაღა გვიჭირდა, საქართველოს ნაკრების პრობლემა მხოლოდ ვილი სანიოლი და მისი შეცდომები რომ იყოს. სინამდვილეში ჩვენი ფეხბურთის გასაჭირი გაცილებით დიდი და მრავალმხრივია. თუ კარგად დავფიქრდებით, იქნებ ისიც გავაცნობიეროთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი არ დაგვეწყო კრიზისი, "ევრო-2024"-ზე გასვლა და თამაში იყო ჩვენი ფეხბურთის ხანმოკლე გაელვება და თანდათანობით ჩვეულ ადგილს ვუბრუნდებით?!
ოღონდ ასეც რომ იყოს, ის ხომ ნამდვილად ფაქტია, მსოფლიო მასშტაბის რამდენიმე ფეხბურთელიც გვყავს, პერსპექტიული ახალგაზრდებიც და არც ის უნდა იყოს სადავო, რომ ამქვეყნად ვილი სანიოლზე უკეთესი მწვრთნელებიც მოიძებნებიან!
ამიტომაც აქაც დავსვამ იმ რამდენიმე კითხვას, რომლებიც ფრანგ მწვრთნელს პრესკონფერენციებზეც დავუსვით:
როცა სანიოლი დაცვის ხაზში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს, მარტსა და სექტემბერში "უკეთეს და კიდევ უფრო კარგ" გუნდს გვპირდება, სატურნირო თვალსაზრისით არაფრისმომცემ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ისევ კაშიას ვხედავთ, ნარიმანიძესა და ბერიაშვილს კი 5 წუთიც არ ეძლევათ, დაცვის ხაზი ვინ უნდა "გადაახალისოს"?
ბოლო ათი თვეა, ფეხბურთელებს საფეხბურთო "შიმშილს" ვეღარ ვატყობ, მუხტი დაკარგესო - ფეხბურთელის დამუხტვა, მისთვის მოტივაციის მიცემა მწვრთნელს არ ევალება?!
თუ ფეხბურთელები არა გვყავს, ნაკრებში გამოძახებულ ახალგაზრდებს კი სათადარიგო სკამზე დავტოვებთ (როცა ბულგარეთთან წაგებულ მატჩში მხოლოდ სამი შეცვლა კეთდება!), მარტში "უკეთესი გუნდი" ვის ხარჯზე გაკეთდება?!
მადლობა ვილი სანიოლს იმისთვის, რაც აქამდე გააკეთა. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ის იქნება პირველი მწვრთნელი, რომელმაც საქართველოს ნაკრები დიდ ტურნირზე ათამაშა, მაგრამ... მგონია, დროა, საქართველოს ნაკრებმა ახალი მწვრთნელი მოძებნოს. კარგად ვიცი, რომ ეს ძალიან რთული საქმეა. იოლი არც სანიოლის გათავისუფლება იქნება (ვფიქრობ, თავადაც ხვდება, რომ საქართველოში მისი წარმატების მთავარი მიზეზები გუნდის შეკვრისა და მოტივირების უნართან ერთად, დიდწილად იღბალიც იყო. გუნდის მოტივირებას ვეღარ ახერხებს, განსაკუთრებული ტაქტიკური მონაცემებით არც აქამდე გამოირჩეოდა, თუ ბულგარეთში გამართული ბოლო შეხვედრის ეპიზოდებსაც გავიხსენებთ, ვგონებ, ფეხბურთელებსაც აღარ მოსწონთ და... რაღა დარჩა?!)
კარგი მწვრთნელის მოძებნა რთული, სარისკო და ძვირად ღირებული ამოცანაა, მაგრამ თუ შევთანხმდებით, რომ ვილიმ უკვე "ამოწურა თავი" ჩვენს ნაკრებში, ეროვნული გუნდის ახალი თავკაცი კი მინიმუმ მისნაირი მოტივატორი (ბოლო ერთი წლის გამოკლებით) და უკეთესი ტაქტიკოსი იქნება, ცდა და ჩიტი ბდღვნად ღირს!
სანიოლი და ჩემოდანი...
მაგრამ თუ ფრანგი თვითონ არ მიდის, ვინც ოთხწლიანი კონტრაქტი (2028 წლის ბოლომდე) გაუფორმა, კომპენსაციაც მანვე გადაიხადოს.
ბოლო ორი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩავაგდეთ. მესამეს ნუღარ მივაყოლებთ!