"300 ადამიანი მობრძანდა ჩვენს ქორწილში, საოცარი ატმოსფერო იყო, ულამაზესი ეფექტებით სავსე. ჩვენ ისევ შეყვარებულები ვართ ერთმანეთზე, ზუსტად იმავე გრძნობ - კვირის პალიტრა

"300 ადამიანი მობრძანდა ჩვენს ქორწილში, საოცარი ატმოსფერო იყო, ულამაზესი ეფექტებით სავსე. ჩვენ ისევ შეყვარებულები ვართ ერთმანეთზე, ზუსტად იმავე გრძნობით, როგორც მაშინ"

ქართველი მოდელის, "მის აჭარისა" და ინფლუენსერის ულამაზესი ქორწილი და დაუვიწყარი შოუ

"300 ადამიანი მობრძანდა ჩვენს ქორწილში, საოცარი ატმოსფერო იყო, ულამაზესი ეფექტებით დატვირთული. ჩემი და ჩემი მეუღლის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა და ცეკვებმა ერთად შექმნეს ჯადოსნური დღე" - ამბობს მოდელი, მის აჭარა და ინფლუენსერი - ანანო კორძაია. მისი ქორწილის კადრებს სოციალურ ქსელში ძალიან დიდი აღფრთოვანება მოჰყვა.

ანანო კორძაია შთამბეჭდავი ქორწილის შესახებ თავად გვიამბობს.

- ანანო, სად და როდის გაიცანით თქვენი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე გახლავთ გოგი ჩხაიზე, პროფესიით მეზღვაური. ჩვენ ერთმანეთთან გადაკვეთა გვქონდა იქამდეც, სანამ გასერიოზულდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ჩემი მეუღლე მუდამ იჩენდა ყურადღებას ჩემ მიმართ, სოციალურ ქსელში მოწერის სახით, სხვადასხვა კომპლიმენტის თქმით, თუმცა მე ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდი...

რამდენიმე წლის შემდეგ კი, "ტიკტოკზე" ჩემი აქტიურობის დროს, მომივიდა შეტყობინება, რომ დუეტი ჩამეწერა, შემდეგ კი მესენჯერში მომწერა, შეეძლო თუ არა ამ ვიდეოს ატვირთვა მის სოციალურ გვერდზე. უარი არ მითქვამს, ვიფიქრე, სთორის სახით ატვირთავდა, რომელიც 24 საათში ქრება, თუმცა მან პოსტის სახით ატვირთა. აი, აქედან კი უკვე დაიწყო ჩვენი ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა.

001e8010-57e8-41c9-9527-50d8093f9abe-1763923017.jpg

- შემდეგ როგორ გაგრძელდა...

- ჩვენი სიყვარულით სავსე ურთიერთობა გაგრძელდა 4 წლის განმავლობაში, ძალიან თბილი და განსაკუთრებული პერიოდი იყო. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად და ლამაზად ვითარდებოდა, ეს დღემდე ასეა: ჩვენ ისევ შეყვარებულები ვართ ერთმანეთზე ზუსტად იმავე გრძნობით, როგორც მაშინ. დღითიდღე უფრო იზრდება და ძლიერდება ჩვენი სიყვარული.

e95d06e6-b667-47d1-905f-26c82d784532-1763923050.jpg

- განსაცვიფრებელია თქვენი ქორწილის კადრები, ეს თქვენი ოცნების ქორწილი იყო?

- რეალურად ჩემი ოცნების ქორწილი იყო ღია ცის ქვეშ, თუმცა, რადგან ჩვენი ქორწილი სწრაფად გადაწყდა, ოქტომბრის თვეში შეუძლებელი იქნებოდა მისი ღია ცის ქვეშ აღნიშვნა. ამიტომ, დავიწყეთ სხვა ვარიანტების განხილვა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ რაც არ უნდა დრო გვქონოდა, ის დღე მაინც უნდა ყოფილიყო ნამდვილი, თბილი და სიყვარულით სავსე. ამიტომ რაც შეგვეძლო, ყველა დეტალი გულით დავგეგმეთ, ერთმანეთის გემოვნებას მოვარგეთ და უბრალოდ, მივყევით იმ ენერგიას, რასაც ჩვენი სიყვარული ქმნიდა. საბოლოოდ კი, გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.

მინდოდა, შოუს ელემენტებით დახუნძლული ყოფილიყო ეს დღე. ყველაფერი საოცარი გამოვიდა. სიმღერებით, ცეკვებით, პოზიტივით და მართლაც შოუს ატმოსფეროთი. ხალხს, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეფასებები ჰქონდა - ზოგს ძალიან მოეწონა, ზოგისგან კრიტიკა იყო, მაგრამ ჩვენთვის ეს დღე უბრალოდ უნიკალური, ნამდვილი და ემოციური იყო.

დიდი მადლობა ჩემს თბილ გამომწერებს და ყველას, ვინც ჩვენთან ერთად გრძნობდა ამ სიყვარულს და მხარს გვიჭერდა. მათ გარეშე ეს ემოცია ასე სრულყოფილი ვერ იქნებოდა.

e7f9cdfb-61db-475e-90f7-ddc7124c9af2-1763923086.jpg

- ულამაზესი იყო თქვენი სადედოფლო კაბაც...

- ჩემი კაბა ჩემთვის განსაკუთრებული იყო, ზუსტად ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი და მინდოდა...

300 ადამიანი მობრძანდა ჩვენს ქორწილში, საოცარი ატმოსფერო იყო, ულამაზესი ეფექტებით სავსე. ჩემი და ჩემი მეუღლის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა და ცეკვებმა ერთად შექმნეს ჯადოსნური დღე. სიმღერა და ცეკვა არის ის, რაც ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს, ამ ყველაფრის გარეშე ჩემს დღეს ვერც კი წარმოვიდგენდი.

7641bf88-809c-406e-a915-d2960a1bb8e1-1763923114.jpg

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მთელი გულით და ემოციით, რაც, მგონი, სტუმრებმაც იგრძნეს. ქართული ცეკვა განსაკუთრებულ ელფერს სძენს ყველა ქართულ ქორწილს და მათ შორის, ჩვენს ქორწილსაც შემატა ის ხიბლი, რაც ქართველებს გაგვაჩნია. ტანგოს შესრულება კი ჩემი უდიდესი სურვილი იყო, ვფიქრობ, ძალიან ლამაზი სანახაობა იყო.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც გვსურდა: თბილი, ემოციური და სიყვარულით დახუნძლული დღე.

(სპეციალურად საიტისთვის)

ფოტოები: khato_photography