„სასურველია, ქვეყანაში იყოს უფრო მეტი ღირსეული მოქალაქე, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ცოტა გვყავს“ - კვირის პალიტრა

„სასურველია, ქვეყანაში იყოს უფრო მეტი ღირსეული მოქალაქე, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ცოტა გვყავს“

"გამოფენის ცენტრის" დირექტორთან რესან ქიქავასთან შეხვედრა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც "სახლის პოდკასტში" პოლიტიკურ თემებზე მის შეხედულებებს­ მოვუსმინე: "სანამ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, სანამ ეს მდგომარეობა­ არ შეიცვლება­ და სანამ ფიზიკურად მექნება შესაძლებლობა, გავაპროტესტო, ამას გავაკეთებ!".

- რუსთაველზე, სადაც წელიწადზე მეტია ხალხი ხელისუფლების არაკანონიერ მოქმედებებს აპროტესტებს, ჩამოყალიბდა სამოქალაქო პლატფორმა. ვფიქრობ, ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება მანამდე, სანამ არ გამოსწორდება ეს ვითარება. ჩემი აზრით, ხალხის რაოდენობა­ ისეთი გადამწყვეტი არ არის, როგორიც­ თითოეული­ მოქალაქის ხმა, რომელიც იქ დგას. მე ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, რომელიც გამოხატავს პროტესტს. ამ პროტესტს ორგანიზება არ გააჩნია, მაგ­რამ ფაქტია, ეს არის აბსოლუტურად­ მშვი­დობიანი პროტესტი და ვფიქრობ, მო­ქალაქეების მოთხოვნები ლეგიტიმურია.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება კიდევ დაანონსდეს ისეთი აქცია, როგორიც იყო 4 ოქტომბერს? იმ აქციაზე მოქალაქეების ნაწილს რევოლუციის მოხდენა სურდათ.

- მე არ ვფიქრობ, რომ რევოლუცია იყო დაგეგმილი. მთელი დღის განმავლობაში საუბარი იყო იმაზე, მოხერხდებოდა თუ არა ხელისუფლების მშვიდობიანად­ შეცვლა. 4 ოქტომბერს არ იყო დაგეგმილი­ რაიმე სახის ძალადობა. ასე რომ ყოფილიყო, ამდენი ხალხი არ გამოვიდოდა­ რუსთაველზე. პირადად ჩემთვის ეს იყო ერთი ჩვეულებრივი აქცია, ისეთი როგორსაც მანამდე ვესწრებოდი. ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა კი თქვა, რომ რაღაც ცვლილება მოხდებოდა, მაგრამ არავინ ვიცოდით, რაზე იყო საუბარი. ვიმეორებ, ჩვენთვის ეს იყო ერთი ჩვეულებრივი დღე.

fc8de459-4d18-47a4-8637-0feec094da03-copy-1763926607.jpg

- თქვენი აზრით, რამდენ ხანს შეიძლება­ გაგრძელდეს ეს პროცესი?

- მე არა მაქვს კონკრეტული თარიღი­, როდემდე გაგრძელდება. ეს განსაზღვრული არც მანამდე მქონია და არც ახლა მაქვს. სანამ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება და სანამ ფიზიკურად მექნება შესაძლებლობა, გავაპროტესტო, ამას გავაკეთებ! სასურველია, ქვეყანაში იყოს უფრო მეტი ღირსეული მოქალაქე, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ცოტა გვყავს.­ ღირსეულ მოქალაქეში იგულისხმება ის პასუხისმგებლობა, რომელიც ახლავს მოქალაქეობის განცდასა და მოქალაქეობრივ თვითშეგნებას. ეს გულისხმობს იმას, რომ როგორც ღირსეული მოქალაქე უნდა იცავდე შენს თუ სხვის უფლებებს და იბრძოლო სამართლიანობისათვის. ეს ყველა მოქალაქის ვალია.

- რას ფიქრობთ იმ საკითხზე, რომ ემიგრანტებს, საზღვარგარეთ წასულ ქართველებს, აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობა?

- იმავეს ვიტყვი, რასაც ყველა სწორად მოაზროვნე მოქალაქე - ეს ამორალური გადაწყვეტილებაა. ის, რომ საქართველოს მოქალაქეს არ ეძლევა შესაძლებლობა ხმა მისცეს არჩევნებში, რა თქმა უნდა, დანაშაულია, ვფიქრობ, სამართლებრივადაც. მორალურად რომ დანაშაულია, ცხადია, რადგან ქვეყნისთვის თითოეული მოქალაქის ხმას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, იმის მიუხედავად, სად არის იგი. სხვა პლანეტაზეც რომ იყოს საქართველოს მოქალაქე, მასაც უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ხელისუფლებას, წესით, უნდა ანაღვლებდეს თავისი მოქალაქეები, მაგრამ რაც უფრო უკონტროლოა ხელისუფლება, მით უფრო უარესია მისგან მოსალოდნელი.

- თქვენი აზრით, რატომ მიიღეს ასეთი­ გადაწყვეტილება?

- როდესაც მიხვდნენ, რომ ისეთ შედეგს ვერ იღებდნენ არჩევნებში, როგორიც სურდათ, გადაწყვიტეს საზღვარგარეთ გაეუქმებინათ საარჩევნო უბნები. სხვანაირად არჩიეს ხმების გაკონტროლება. ახლა ველოდებით, კიდევ რის უფლებას მისცემენ თავიანთ თავს და კიდევ რას მოიფიქრებენ ჩვენს დასამორჩილებლად.

- რა გაძლევთ მოტივაციას, რომ თითქმის წელიწადია აგრძელებთ პროტესტს?

- ჩემი სამოქალაქო თვითშეგნება და ღირებულებები. როდესაც სამართლიანობა ირღვევა, ცხადია, ვალდებული ვხდები, როგორც შემიძლია აღვადგინო. როდესაც ვხედავ, რომ ქუჩაში ადამიანს შეურაცხყოფენ, არ შემიძლია ავუარო გვერდი, არ შევიმჩნიო - ეს ჩემთვის მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება პირადად მე არ მეხებოდეს, ვალდებული ვარ ჩავერიო. ზუსტად ასეთივე­ მოტივაცია მაქვს რუსთაველზე ყოფნისას. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, მე ვგრძნობ ამ ვალდებულებას ქვეყნის წინაშე, მე ვირჩევ ამ ქვეყანას, ის ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ცხადია, მინდა მის დასაცავად ბრძოლა. მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. მიმაჩნია, რომ კანონმორჩილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვალდებული ვარ უსამართლობა გავაპროტესტო, მაგრამ იმ ფორმით, რომელიც, მიმაჩნია, რომ ამ პერიოდში მისაღებია. ვგულისხმობ სიკეთესა და ღირსებაზე ორიენტირებულ მშვიდობიან პროტესტს.

კესო ხოსიტაშვილი