"მეორეკლასელ ბიჭს მანქანა მყავდა, ეს ხუმრობა საქმე სულაც არ იყო“
"მსახიობის პროფესიის მიმართ ინტერესი ადრეული ბავშვობიდანვე მქონდა, ეს აბიტურიენტობის დროს მიღებული გადაწყვეტილება არ იყო", - ამბობს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი კახა კუპატაძე. მისი "არტისტობის" ამბავი კი უცნაურად დაიწყო.
- პატარა რომ ვიყავი, ჩვენს ეზოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბიძაჩემის გაფუჭებული ავტომობილი იდგა, მანქანის მართვა ამ ავტომობილზე ვისწავლე. სიჩქარეების გადართვას, დაქოქვას თავად ვახმოვანებდი. რომ გაწვიმდებოდა, მინის საწმენდსაც ვრთავდი. იქ ჩემი სამყარო მქონდა, ვფანტაზიორობდი, თითქოს დავდიოდი, გოგო მომწონდა, რომელსაც ვუჩერებდი, მანქანაში ვისვამდი, ხან მთაშიც მივდიოდით... ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი სკოლიდან მანქანაში რომ დავმჯდარიყავი, იქ ჩემი სამფლობელო იყო, გასაღები მხოლოდ მე მქონდა. მეორეკლასელ ბიჭს მანქანა მყავდა, ეს ხუმრობა საქმე სულაც არ იყო. ამ სამყარომ განაპირობა ჩემი პროფესია, ესეც ხომ ერთგვარი თამაში იყო.

- სცენასთან პირველი შეხება როგორ გახსოვთ?
- სკოლა წყალტუბოში დავამთავრე, თეატრში ოტია იოსელიანის ნაწარმოებების ("ურემი გადაბრუნდა" და "სანამ ურემი გადაბრუნდება") მიხედვით, პიესა იდგმებოდა. რეჟისორი ქუთაისიდან, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრიდან ჰყავდათ მოწვეული. ორი ბიჭი სჭირდებოდათ და სკოლიდან წამიყვანეს. ბატონი ოტია ცოცხალი იყო, რეპეტიციებს ესწრებოდა. ყოველდღე მასთან შეხვედრა ბედნიერება იყო, ყალიონს აბოლებდა. მაშინ ძალიან ცნობილ არტისტების გვერდით ვიდექი.
2001 წელს იმერეთის თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, მეათე კლასში ვიყავი, იმერეთის ყველა რაიონში მომიხდა თამაში, სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში შევხვდი გურამ საღარაძეს, ჯემალ ღაღანიძეს, გოჩა კაპანაძეს, კარლო საკანდელიძეს... ეს ლეგენდები პირველად ვნახე.
თეატრალურში რომ ჩავაბარე, მხატვრული კითხვის პედაგოგი ჩემი საყვარელი არტისტი მურმან ჯინორია იყო. დღესაც ვთვლი, რომ ის ქართული კინოსა და თეატრის უდიდესი ვარსკვლავია. თეატრალურს რომ ვამთავრებდით, სტუდენტებს გვითხრა, ჩვენ სცენაზე პარტნიორებიც შეიძლება ვიყოთო. მაშინ დაუჯერებელ ამბად მეჩვენებოდა, სცენაზე ამ ადამიანის გვერდით თუ მომიწევდა დგომა, მაგრამ არ გასულა 2 წელი და ეს ამბავი რეალობად იქცა. შემდეგ კიდევ ბევრ არტისტთან მომიხდა პარტნიორობა, ყოველ ჯერზე უბედნიერესი ვიყავი. ერთხელ მკითხეს, რუსთაველის თეატრი თქვენთვის რა არისო? მაშინ მომეჩვენა, რომ დაუფიქრებლად ვუპასუხე, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ სწორი პასუხი გავეცი. ვთქვი, რუსთაველის თეატრი ჩემთვის საოცარ ადამიანებთან შეხვედრის ადგილია-მეთქი. რუსთაველის თეატრის დასში ისე ჩავირიცხე, იქ არც მეგობარი მყავდა, არც ნათესავი, არც ნაცნობი.
ამ თეატრთან პირველი შეხება ჯერ კიდევ სტუდენტობისას მქონდა, გენიალური გიგა ლორთქიფანიძე "წათეს წითელ წაღებს" დგამდა და ჯგუფიდან 4 ბიჭი შეგვარჩიეს, რომაელ რაინდებს ვთამაშობდით. თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობები ისე შეგვხვდნენ, ნერვიულობის უფლებაც არ მოგვცეს, ისე მიგვიღეს სცენაზეც, სუფრაზეც, ცხოვრებაშიც...
რობერტ სტურუასთან შეხვედრა ხომ დიდი დღესასწაული იყო და ჩემს ცხოვრებაში ეს დღესასწაული დღემდე გრძელდება... მან ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ყველა როლზე მასთან რეპეტიცია არის რთული და საპასუხისმგებლო, ისე კარგად გიხსნის, ისეთი მაგალითები მოჰყავს, როგორიც არავის. ეს ადამიანი ძალიან თანამედროვეა, წიგნებში, ფილმებში, ტექნიკაშიც კი ყველაზე ძლიერია...
ზოგიერთი ძალიან მარტივად უყურებს მსახიობის შრომას. გადაღებები, რეპეტიციები იმდენ ენერგიას და დროს მოითხოვს, რამდენი უნდა იშრომო, რომ მაყურებლის წინაშე წარდგე... ეს ურთულესი პროცესია. მქონდა შემთხვევები, ახლობელი ადამიანის დაკრძალვაზე ვერ მივედი, ვიღაცის დაბადების დღე გამოვტოვე...

- სცენაზე გასვლამდე თქვენი სამსახიობო რიტუალი როგორია?
- სტუდენტობის დროს უფრო გვქონდა რიტუალები, დღეს - ნაკლებად. მსმენია, ბატონ მიშა თუმანიშვილს ჰყვარებია ასეთი რიტუალები და სანახაობრივიც ყოფილა. სცენაზე გასვლის წინ მაქვს დიდი დოზით ნერვიულობა, თუმცა ეს სცენაზე გასვლისთანავე ქრება, მერე სხვა რამ იწყება. იქ დაძაბულობა აღარ არსებობს, იქ სულ სხვა სამყაროა და შენ იმ სამყაროს ნაწილი ხდები.
ბედნიერებაა, როდესაც სპექტაკლის შემდეგ, უცხო ადამიანი გეტყვის თავის აზრს, გაოცებას, კმაყოფილებას გამოხატავს.
მაყურებლამდე სათქმელი სწორად უნდა მიიტანო, არც ზედმეტი მოგივიდეს, არც ნაკლები... ყოფილა სპექტაკლები, მაყურებელი რომ გაუკვირვებია და ისეთი წარმოდგენებიც, უკმაყოფილო რომ დაუტოვებია. აი, გაკვირვებული რომ დარჩეს მაყურებელი, ამისთვის საჭიროა დოზის დაცვა, ამაში კი არასდროს ცდება რობერტ სტურუა, ეს მსოფლიომ აღიარა. ინგლისში უთხრეს, ბედნიერია ის ერი, რომელსაც ასეთი თეატრი აქვს და ვკოცნი იმ თეატრს, სადაც ამგვარი ხელოვნება იბადებაო. "ამგვარი ხელოვნება" რომ დაიბადოს, ამისთვის საჭიროა მსახიობი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი იყოს - ერთდროულად ტრაგიკულიც და მხიარულიც, ცოტა შერეკილიც... ეს მსახიობისგან უდიდეს ძალას მოითხოვს. ბატონი რობერტი ხანდახან გვეუბნება, - თქვენ უფრო საინტერესოები ხართ ცხოვრებაში, ვიდრე აქ, მე აქაც ისეთივე მრავალფეროვნება მჭირდება, როგორიც ცხოვრებაშიო.
- რა არის ის თვისება, რომლის გარეშეც ამ პროფესიაში ადამიანი დიდხანს ვერ გაძლებს?
- მოთმინება და გამძლეობა.
- იღბლიანი მსახიობი ხართ?
- კი, ისეთ ადამიანებთან მაქვს ყოველდღიურად ურთიერთობა, რომ შეუძლებელია განგების უმადური ვიყო.
- 16 წელია, რუსთაველის თეატრში თამაშობთ, ფილმებში გადაღების უფრო მწირი გამოცდილება გაქვთ. რატომ?
- არ ვიცი, მე სურვილი მაქვს, ჯერი რეჟისორებზეა. სერიალებში მითამაშია. ერთ-ერთი ქართული ფილმის კასტინგზე ვიყავი დაბარებული, მეგობარმა მითხრა, ფრანგი რეჟისორი ჩამოდის და შევიდეთო. რა ვიცი, ღირს-მეთქი? ძალიან დიდი კასტინგი იყო. ამ როლზე ბევრი ბიჭი ნახეს, ფაქტობრივად, აღარც გამესაუბრნენ, მხოლოდ ერთი ფოტო გადამიღეს. მალევე დამირეკეს, შენი ფოტო ფრანგმა რეჟისორმა ნახა, ახლა ჩამოდის და შეხვედრა უნდაო. ამ შეხვედრაზე იმედიანად წავედი, ვიდეო გადამიღეს და როგორც კი რეჟისორმა ნახა, თქვა, კასტინგი დახურულიაო... ასე აღმოვჩნდი ქართულ-ფრანგულ ფილმის - "მზის გოგონები" გადასაღებ მოედანზე.\.. ამ ფილმში ტერორისტი ვარ, ჩემს პერსონაჟს აჯანყებული გოგონა ჰყავს თავის სახლში დატყვევებული. ჩემი პარტნიორი ცნობილი ვარსკვლავი გოლშიფტე ფარაჰანია. ფილმის რეჟსორია ევა უსონი. პრემიერა კანში შედგა, საქართველოში ჩვენება ჯერ არ ყოფილა.
- წარმატებას გისურვებთ!
- დიდი მადლობა "კვირის პალიტრას", ყველას კარგ განწყობას, ღიმილს და ბედნიერებას გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე