„ჩვენითღა არის არდოტი და ამაში დიდი სევდაა“
"აქ რა გვაძლებინებს? - პირველ რიგში, მშობლიური კუთხის სიყვარული, მეორე - შეჩვევა. მიუხედავად მკაცრი პირობებისა, ყოველდღიური რუტინისა, სხვაგან ვერც წარმომიდგენია ცხოვრება. საქონელი გვყავდა, შემოსავალიც აქედან გვქონდა და ამით ვირჩენდით თავს. ეს იყო ჩვენი ცხოვრება და დღემდე, ფაქტობრივად, ასე გრძელდება. "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ... ჩემი სამშობლოც ის არი", - ჩემთვის მისაღები ესაა. სადღაცას რომ მოვხვდები, ვიტყვი ხოლმე სიამაყით, აი, ჩვენით არის არდოტი-მეთქი, და ამაში დიდი სევდაცაა... სოფელს არ ვტოვებთ და ამით მე და ზურა შვილებს მაგალითს ვაძლევთ, მთას არ მოსწყდნენ და წინაპრების დანატოვარი შეინარჩუნონ (დანატოვარში ტრადიციებსაც ვგულისხმობ) - ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან სოფელი დღემდე შემოვინახეთ, არ მინდა ამ ყველაფერმა უკვალოდ ჩაიაროს, მინდა შვილებმა არ დატოვონ აქაურობა და მათ გააგრძელონ სოფლის სიცოცხლე. ჩემს ლევანს თავისი მხარე ძალიან უყვარს. სოფელში ორი ოჯახიღა დავრჩით, არასდროს გვიფიქრია აქედან წასვლა და დარწმუნებული ვარ, ჩემი ლევანიც არასდროს დატოვებს არდოტს", - მეუბნება საოჯახო სასტუმროს დიასახლისი ლია შეთეკაურ-არდოტელი.
- ხევსური ვარ, წარმოშობით მიცუდან, სოფელ ხონისჭალიდან. ბარისახოში დავამთავრე სკოლა-ინტერნატი. 6 დედმამიშვილი ვართ - 4 ძმა და 2 და. ბევრი ცხვარი და საქონელი გვყავდა და მოგეხსენებათ, ეს რამხელა შრომასთანაა დაკავშირებული, მეურნეობას მივდევდით, მშობლებს ვეხმარებოდით. დავოჯახდი და მას შემდეგ, 1995 წლიდან, არდოტში ვცხოვრობ. მე და ზურას ქალ-ვაჟი გვყავს - ნათია და ლევანი. ჩემმა შვილებმა დაწყებითი კლასები არდოტში ისწავლეს ნიკო (მურღვა) არდოტელთან, შესანიშნავ პედაგოგსა და ადამიანთან. ნიკო მეორე მოსახლეა, ორი ოჯახიღა დავრჩით არდოტში. საქონელი გვყავდა და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შემოსავლის წყარო, ამით დავიწყეთ. ბავშვები 3-4 წლისანი იყვნენ, როცა ჩემმა მეუღლემ მესაზღვრედ დაიწყო მუშაობა, 21 წელი მსახურობდა, 4 წელია, რაც თავი დაანება. ნათია გათხოვილია, ლევანმა ილიას უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ მაგისტრატურა საზოგადობასთან ურთიერთობის განხრით.
როცა დავოჯახდი, არდოტში 12 კომლი რომ იყო მუდმივმცხოვრები, ახლა ორი ოჯახიღა ვართ, ვინც აქ ზამთარსაც ვატარებთ. ზაფხულობით კი მოდიან აქაურები, ზოგიერთი სექტემბრამდე რჩება, ზოგს საქონელიც ჰყავს და მიჰყავს-მოჰყავს... სეზონს როცა ვამთავრებდით, შემოდგომით ქალები ბარში ჩავდიოდით, მოგვქონდა რძის ნაწარმი, ყველი, კარტოფილი და ვყიდდით (ზაფხულში რასაც ვამზადებდით, ვაგროვებდით). ახლაც იგივე გრძელდება - ქალები ჩამოვდივართ ქალაქში, შეიძლება 1-2 თვე გავჩერდეთ, ხან ექიმია საჭირო, პროდუქტს რეალიზაცია უნდა... შემდეგ პროდუქტებს ვიმარაგებთ, ზამთრისთვის ვემზადებით, ვიდრე გზა ჩაიკეტება. მესაზღვრეებს აქვთ ფრენები 2 კვირაში ერთხელ, შევეხმიანებით და გამოგვიყოლებენ ხოლმე ხევსურეთში.

თავიდან ბევრი საქონელი გვყავდა - 50-60 სული, ახლა 20 სულზე ცოტა მეტი გვყავს, ვეღარ ავუდივართ. პატარა სოფლის მეურნეობაც გვაქვს... მთაში, ჩვენს სიმაღლეზე მოსავალი ვერ ასწრებს მოსვლას, ხილი საერთოდ არ არის, მოგვყავს მწვანილი, სტაფილო, ჭარხალი და კარტოფილი. უგემრიელესი კარტოფილი მოდის, ამას გარდა, ხორცი და რძის ნაწარმი მუდმივად გვაქვს, ვშრომობთ თავდაუზოგავად და გაგვაქვს წუთისოფელი.
ადრე ჩემმა მეუღლემ მდინარეზე პატარა ჰესი ჩადგა, 12-ვოლტიანი, თვითნაკეთი გარდამქმნელი ვიყიდეთ, მაგრამ იქიდან სტაბილური დენი არ მოდის და ვერ ვამუშავეთ, უბრალოდ, შუქი და ტელევიზორი გვქონდა სახლში. რამდენიმე წლის წინ, პანელები როცა დაგვიდგეს, ამის მერე ჰესი აღარ მუშაობს, უკეთესი დენი აქვს, თუმცა საცხობს, უთოს, წყლის გამაცხელებელს ერთად მაინც ვერ ჩართავ. სტუმრებისთვის გაზის ბალონები გვაქვს. ზამთარში შეშით ვთბებით, მარტო ზამთარში კი არა, ზაფხულშიც დილა-საღამოს ვანთებთ "ფეჩს", მთაა და ცივა მაინც...
სატირალია, მთა რომ დაიცალა, ყველაზე ცუდი მდგომარეობა საქართველოს მხარეებიდან ხევსურეთს აქვს. დღეს მარტო შატილშია სკოლა და ბარისახოში - სკოლა-პანსიონი, ბავშვების რაოდენობაც ძალიან შემცირებულია, არც ის ჟრიამულია, წლების წინ რომ იყო... არ ვიცი, მთაში როგორ უნდა მოიზიდო ადამიანი, როცა არაფერია, ზამთარში აქ ახალგაზრდა ცოდოა, ყველაფერს მოწყვეტილია, გზა აქ არ არის, არც ხიდია, არც ელექტროენერგია და სატელეფონო კავშირი, არც სამსახურია და შემოსავალი, მარტო მესაქონლეობაა და დიდი არაფერი გასაქანი...
დათვისჯვრის უღელტეხილი ოქტომბერში იკეტება. ახლა თბილი ნოემბერია და ჯერ არის გზა. რთულია აქ ზამთარში, დიდი ღამეა. ჩვენთან მშრალი ყინვები იცის და დიდი თოვლი არ მოდის, ასე, ნახევარ მეტრამდე. რომ მოთოვოს, ძალიან გვეშინია ზვავის, დაღმართი ადგილებია და საზვავოც არის. ჩვენს წინაპრებს ისე ჭკვიანურად და ისეთD ადგილებში აქვთ სახლები ნაშენები, სადაც ზვავსაშიშროება ნაკლებადაა. ბოლო დროს სოფლებში ცოტა მომრავლდა ტურა და ფოცხვერი... ასეა, მიტოვებულ, გატყევებულ და უკაცრიელ სოფლებს ნადირი ეჩვევა.
რაც უფრო ასაკი გემატება, მერე უფრო რთული ყოფილა მთიდან ბარში ჩამოსვლის გადაწყვეტილების მიღება, ვერ აიყრები, გიჭირს, გენანება აქაურობისა და შენი ნაშრომ-ნაწვალების დატოვება, თან ბარს ვერც ეგუები, მით უმეტეს, ხმაურს. მთაში მიჩვეული ხარ სიწყნარეს, სიმშვიდეს, სილაღეს. ამით მაინც ვართ მდიდრები.

მეექვსე წელია, რაც საოჯახო სასტუმრო გვაქვს. ლევანმა "აწარმოე საქართველოში" მეოხებით ორი გრანტი მოიპოვა. მეორე კურსზე იყო, პროექტი რომ დაწერა და 10 ათასი ლარით დაუფინანსეს. ეს ძალიან დიდი სტიმული იყო. არადა, ჩვენ მარტო სახლის სახურავის შეცვლას ვცდილობდით. 2019 წელს 3 ოთახით დავიწყეთ, ძველ სახლს დავადგით სართული და აქედან მივყევით. სასტუმრო ივლისში გავხსენით, პირველ წელს "კორონას" ეპიდემია იყო და თითქმის არ გვიმუშავია, თან მაშინ ინტერნეტიც არ იყო. ხალხმა რომ დაიწყო მოსვლა, მივხვდით, რომ სასტუმრო იმუშავებდა. დავამატეთ სასადილო სივრცე, კიდევ ოთხი ოთახი, მერე ლევანმა გააკეთა პროექტი და შიდა ინვენტარისთვის მეორე 10 ათასით დაგვაფინანსეს. მერე უკვე ჩვენი სახსრებით დავიწყეთ გაფართოება, დღეს უკვე 30 კაცს ვიტევთ, 14 საძინებელი გვაქვს. გვაქვს ცალკე ორადგილიანი კოტეჯები. სამზარეულოში ძირითადად მე ვტრიალებ, ორი ახალგაზრდა დამხმარეც გვყავს. სტუმრებს უფრო ქართული, ტრადიციული კერძები აინტერესებთ და ვცდილობთ მათთვის ყველაფერი ნატურალური პროდუქტებით დავამზადოთ.
7 ცხენი გვყავს, აქედან 3 დიდი, მუშა ცხენია და ლევანმა წელს საათობრივი ტურები დაიწყო, ამაში, ძირითადად, სტუმრების ახლომახლო სოფლებში გაყვანა-გასეირნება შედის. ფიქრობს, მომავალ სეზონზე ცხენები დაამატოს.
გზა 2019-ში გააკეთეს და არ იყო გათვლილი კლიმატზე, იმ ადგილზე მდინარე დიდდება, ხიდი წყალმა წაიღო და გზა ისევ ძველებურ მდგომარეობას დაუბრუნდა. არ მახსენდება მთის პროგრამით რაიმე დახმარება. ეს პანელებიც მწყობრიდან გამოდის, 4-5 წელი აქვს ვადა. პანელით და აკუმულატორით მაინც ვერაფერს გააკეთებ, ერთად თუ ორი რამე ჩართე, გადაიწვება. წყლის გამაცხელებლებიც მზეზე გვაქვს. ყინვები თუა, მილებში წყალი იყინება ხოლმე. მილები შეფუთული კია, მაგრამ -18-20 გრადუსი როა, რა უნდა გააწყო? აქ ბევრი გასაჭირია და, ფაქტობრივად, ყოველდღიურობასთან გვიწევს ბრძოლა...
მეფუტკრეობა ჩემთვის უფრო ჰობია. ბევრი აღარ მყავს, 12 ძირიღა დამრჩა 16-დან. სამწუხაროდ, ფუტკრებს დიდად ყურადღებას ვეღარ ვაქცევ, ძალზე შრომატევადი საქმეა და დიდი დრო სჭირდება. იმდენ თაფლს ვაკეთებთ, სტუმრებს საუზმეზე რომ ჰქონდეთ, ცოტაც გავყიდოთ. თავისუფალ დროს თუ ვნახავ, ფარდაგებს ვქსოვ ხევსურული ორნამენტებით, ვქარგავ და წიგნს ვკითხულობ.
გულსაკლავია სოფელი რომ ცარიელია, ჩვენ რომ არა, ზამთარშიც არც არავინ დარჩებოდა. ყველანი რომ წავიდეთ, ალბათ, გაქრება, ნასოფლარებად იქცევა სოფლები და ამას როგორ გადაიტან ადამიანი.