გატეხილი სკამი, ქართული ხმები და ბრძოლა მომავალი თაობებისთვის
17 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში, ჟენევის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრად იქცა. აქ მიმდინარეობდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-11 კონფერენცია, რომელსაც "კვირის პალიტრა" ადგილზე აკვირდებოდა.
მშვიდობისა და დიპლომატიის სინონიმად ცნობილ ქალაქში გლობალური ბრძოლა გაიმართა - ბრძოლა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად... ვიდრე გეტყოდეთ, რა როლი ითამაშა ამ პროცესში ოფიციალურმა ქართულმა დელეგაციამ, გიამბობთ იმ დასამახსოვრებელი მოვლენების შესახებ, რომელთა გარეშეც ოფიციალური სასესიო შეხვედრები წარმოუდგენელია.
გატეხილი სკამი და ქართული შეძახილი
გაეროს სასახლის მოპირდაპირედ აღმართული 12-მეტრიანი "გატეხილი სკამი" (Broken Chair) ჟენევის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლოა. 1997 წელს მოქანდაკე დანიელ ბერსეტმა ის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მსხვერპლთა ტრაგედიის უკვდავსაყოფად შექმნა, თუმცა მოედანი, სადაც ფეხმოტეხილი სკამი დგას, კარგა ხანია უნივერსალურ ტრიბუნად იქცა. მსოფლიოსთვის პროტესტის ხმის მიწვდენას სწორედ ამ ადგილიდან ცდილობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
16 ნოემბრიდან, სწორედ ამ სამფეხა სკამის გარშემო, ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ ხმაურიანი აქციები გამართეს. ამ მრავალენოვან პროტესტში განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ქართული შეძახილის გაგონება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსისგან, რომლებიც საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულებას მკაცრ მონიტორინგს უწევენ. ეს იყო ხმა, რომელმაც მსოფლიოს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ფხიზლობს.
მკვლელ იარაღად გადაქცეული ლოცვისა და განწმენდის სიმბოლო
კონფერენციის გახსნის დღეს, დარბაზში განსაკუთრებული მუხტი შემოიტანა ახალგაზრდა ლიდერის, მიშელ ზინკის გამოსვლამ. მან ყურადღება ტრადიციული, გონგის მსგავსი საკრავით მიიპყრო და წარმოთქვა სიტყვა, როგორც კანადის აბორიგენი ხალხის - დენეს შვილმა.
მიშელი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ბავშვთა და ახალგაზრდობის ძირითადი ჯგუფის გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის კოორდინატორია. მისი საქმიანობა უკავშირდება "მიწაზე დაფუძნებულ განკურნებას" (Lანდ-ბასედ ჰეალინგ) და მკვიდრი ხალხების ჯანმრთელობას. ის აქტიურად მუშაობს იმის გამიჯვნაზე, თუ რა არის ტრადიციული/საკრალური თამბაქო (რომელსაც ლოცვისა და შესაწირისთვის იყენებენ) და კომერციული თამბაქო (რომელიც კლავს).
ბოლო წლებში ჯანმო და კონვენციის სამდივნო მჭიდროდ თანამშრომლობენ UNEP-თან, რადგან თამბაქო უკვე განიხილება არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ გარემოსდაცვით კატასტროფად. თამბაქოს მოყვანა საჭიროებს ტყეების მასობრივ გაჩეხას, აზიანებს ნიადაგს და ითხოვს დიდი რაოდენობით პესტიციდებს. მიშელ ზინკმა სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება: სიგარეტის ნამწვები პლასტიკს შეიცავს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დამაბინძურებელია.
"ჩვენი წინაპრები პატივს სცემდნენ ბუნებას და თამბაქოს რიტუალურად იყენებდნენ, თანამედროვე ინდუსტრია კი ანადგურებს როგორც ადამიანს, ისე გარემოს," - აღნიშნა მან. ისტორიულად თამბაქო არ იყო გასართობი საშუალება; ის იყო "მშვიდობის ჩიბუხი", ლოცვისა და განწმენდის სიმბოლო. თუმცა, ინდუსტრიალიზაციამ მას სიწმინდე წაართვა და ქიმიურ ნაერთად, "მკვლელ იარაღად" აქცია. მიშელ ზინკის ეს სიტყვები იყო განაჩენი ინდუსტრიისთვის, რომელმაც კულტურა ბიზნესად, ხოლო ადამიანები სტატისტიკად აქცია.
18 ნოემბერი: დღე, როცა საქართველომ პროგრესს ზურგი აქცია?!
საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები, ასევე ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა წარმოადგენდნენ, სესიის პირველ დღეს აბსოლუტურად პასიურ როლში დარჩა.
როდესაც სხვა ქვეყნები თამბაქოს კონტროლში მიღწეული უმცირესი შედეგითაც კი ცდილობდნენ თავის მოწონებას, ჩვენმა დელეგაციამ დუმილი არჩია. არაფერი თქვეს იმ მიღწევებზე, რაც ახალი გენერაციის კანონის მიღებისა და აღსრულების შემდეგ გაკეთდა; არაფერი თქვეს იმაზე, რომ რეგიონში ამ კუთხით ლიდერები ვართ. დუმილი მაშინ დაარღვიეს, როდესაც გაჩუმება უფრო სჯობდა. 18 ნოემბერს საქართველომ განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს თამბაქოს კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლ პუნქტთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.
ეს მუხლი ქვეყნებს უფლებას აძლევს, გამოიყენონ იმაზე მკაცრი და ეფექტური ზომები, ვიდრე ეს კონვენციით არის მინიმალურად გათვალისწინებული. ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა - ის არც გვავალდებულებს რამეს და არც ანგარიშს ითხოვს, უბრალოდ გვეუბნება: "ეს არის საუკეთესო გზები უკეთესი შედეგის მისაღწევად". ამ ფონზე, საქართველოს პოზიცია სრულიად გაუგებარია.
დღეს, როდესაც მსოფლიო თანხმდება, რომ თამბაქოს ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგის სამიზნე ბავშვები და ახალგაზრდებია, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია - უარი თქვას პროგრესულ რეკომენდაციებზე, თუ საგანგაშო არა, დამაბნეველი მაინც არის. რატომ ეუბნება საქართველო უარს დოკუმენტს, რომელიც სამართლებრივ ვალდებულებას არ გვაკისრებს? ეს გადაწყვეტილება იწვევს ეჭვს, რომ ის შესაძლოა ემსახურებოდეს თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესს - შეინარჩუნოს "ნიშა" და უზრუნველყოს ბაზარზე უწყვეტი მოთხოვნა მომავალი თაობების ხარჯზე.
იმედია, არ შევაჩერებთ რეფორმებს! ევროპისგან განსხვავებით (არ მოგესმათ. ევროპის ყველა ქვეყანაში არ არის გამართული თამბაქოს კონტროლის რეფორმები) სადაც გარემო და ცხოვრების წესი თავად ახდენს პრევენციას, საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფარია ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიყოთ პასიურები, ან უარესი - რეგრესულები.
იმედია, საქართველოს დელეგაცია და ხელისუფლება იაზრებს, რომ "გატეხილი სკამი" მხოლოდ ძეგლი არ არის - ეს არის შეხსენება, რომ დაგვიანებული ან არასწორი გადაწყვეტილებები ადამიანების სიცოცხლით იზომება.
ჟენევაში ცივა, მაგრამ "გატეხილ სკამთან" ანთებული პროტესტის ცეცხლი არ ქრება. იმედი მაქვს, ეს ცეცხლი თბილისამდეც ჩააღწევს და მივხვდებით, რომ 18 ნოემბრის გადაწყვეტილება შეცდომა იყო, რომლის გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია - არა მხოლოდ ჟენევაში, არამედ საკუთარ ქვეყანაში, რეალური ქმედებებით.
სპეციალურად "კვირის პალიტრისთვის" ჟენევიდან