ინტერნეტთაღლითები, ანუ იყიდე-გაყიდე ონლაინ...
ალბათ, ბევრს ჰქონია შემთხვევა, როცა ინტერნეტით ძალიან ლამაზი ნივთი, ტელეფონი, კოსმეტიკა ან სამოსი შეუძენია და როცა შეკვეთა მოსულა, იმედგაცრუებული დარჩენილა. როდესაც მოტყუებული მყიდველი თანხის უკან დაბრუნებას გადაწყვეტს, ინტერნეტგვერდი, საიდანაც ნივთი შეიძინა, წაშლილი ხვდება, ტელეფონის ნომერიც არა აქვს და აღარ იცის, ვის მიმართოს, ზარალს ვინ აუნაზღაურებს. როგორ დავიცვათ თავი მსგავსი აფერისგან? - ამ პრობლემაზე გვესაუბრება "სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის" პრეზიდენტი მაქსიმ იავიჩი:
- ამგვარ მახეში თავისუფლად შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კიბერუსაფრთხოების წესებში გარკვეული არ არის: "ფეისბუკსა" და სხვა ქსელებში წამდაუწუმ გვხვდება ამა თუ იმ პროდუქტის რეკლამა.
დავუშვათ, შევუკვეთეთ და პროდუქტი უხარისხო აღმოჩნდა, დიდია შანსი, რომ თანხის დაბრუნებას ვერ შეძლებთ. თაღლითებს ყოველთვის ეშინიათ, რომ საქმეში პოლიცია არ ჩაერიოს, უხარისხო პროდუქციას ნაწილობრივ მაინც გაასაღებენ, მოგებას მიიღებენ და გვერდს დახურავენ. რამდენიმე თვეში სულ სხვა, ახალ "ბიზნესს" გახსნიან და ვიღაცებს ისევ მოატყუებენ.
კარგია, რომ ამ აფერისტებს ნელ-ნელა იჭერენ, მაგრამ ისინი მაინც არსებობენ. ინტერნეტსივრცე ამისთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. ინტერნეტაფერების გამო მსოფლიოში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ზარალდება.
- ამას როგორ ახერხებენ?
- "ფეისბუკში" ან სხვა სოციალურ ქსელში გვერდის შექმნა ძალიან ადვილია: დარეგისტრირდები, გვერდს მოგონილ სახელს დაარქმევ და მყიდველს შენს პროდუქციას შესთავაზებ. საკითხავია, რამდენად ხარისხიანია ეს პროდუქტი და შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რასაც ფოტოზე ან ვიდეოში აჩვენებენ. ფოტოშოპითა და ვიდეომონტაჟით ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ფოტო შეცვალოს, გაალამაზოს, ან ისეთი ვიდეო შექმნას, როგორიც სურს. ისინი, ვისაც უხარისხო ან დაზიანებული ნივთის გასაღება და მოგების მიღება სურს, ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებს. მისი დახმარებით შეგიძლია ინტერნეტში ნებისმიერი რამ გამოაქვეყნო და მყიდველს ეგონოს, რომ ეს კარგი და ხარისხიანი ნივთია.
- როგორ უნდა ვენდოთ ასეთ გვერდებს?
- პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს, ტელეფონის ნომერი აუცილებლად უნდა ეწეროს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს დარეკვა და გარკვევა, არსებობს კი ასეთი ორგანიზაცია, ან ვინ არის პირი, რომელიც ამ "უნიკალურ" პროდუქციას გვთავაზობს. შეიძლება სასურველი ნივთი ჩათით შევუკვეთოთ, მაგრამ მანამდე უნდა დავრეკოთ და შევამოწმოთ, რომ ეს საიმედო ხალხია. იდეალურია, თუ "ფეისბუკის" გვერდზე მისამართიც იქნება მითითებული. თუ სანდო ორგანიზაციაა, მისამართი და ტელეფონის ნომერი აუცილებლად ექნებათ. აუცილებელია, პოსტს კომენტარებიც ახლდეს, სადაც უნდა ეწეროს, მოეწონა თუ არა ეს პროდუქცია მომხმარებელს. ასევე უნდა შევამოწმოთ, რამდენად რეალურია მათი გვერდი და სხვა მონაცემები... თუ დარწმუნდებით, რომ კომენტარებს რეალური ხალხი წერს, ეს "მუშა" გვერდია და შემოთავაზებულ პროდუქციას ხალხი ყიდულობს, კიდევ ერთი რამ უნდა შევამოწმოთ:
კარგია, თუ ვნახავთ, რომ სარეკლამო და სხვა ტიპის პოსტების დადება ერთი კვირის წინ კი არ დაიწყეს, უმჯობესია, ჩავსქროლოთ და ვნახოთ, რამდენი ხანია, რაც ეს გვერდი არსებობს და ეს ორგანიზაცია მუშაობს. თუ რამდენიმე თვე მაინც არის გასული, რაც ისინი საქმიანობენ, თუ კმაყოფილი კლიენტები ჰყავთ, ესე იგი, შეიძლება ვენდოთ. ამ კრიტერიუმებს თუ გავითვალისწინებთ, არ მოვტყუვდებით.
იქ, სადაც ცოდნა ნაკლებია, ასეთი სქემები უფრო კარგად მუშაობს. მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყებამდე ინტერნეტში გასაქირავებელ ბინებს დებდნენ. ბეს ჩაურიცხავდი და განცხადებას სასწრაფოდ შლიდნენ. ამ ტიპის თაღლითური სქემები ძალიან ხშირია. მაგალითად, პორტუგალიაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვიყავი ჩასული, ლექციებს ვკითხულობდი. სტუდენტები, რომლებიც გამოცდებს განვითარებადი ქვეყნებიდან აბარებდნენ და სასწავლებლად უნდა ჩამოსულიყვნენ, ხშირად აწყდებოდნენ თაღლითებს, რომლებიც ინტერნეტით ბინებს "აქირავებდნენ". თავიანთი ქვეყნიდან ფულს რიცხავდნენ, ეს განცხადება მალე იშლებოდა და სასწავლებლად ჩამოსულებს არაფერი ხვდებოდათ. მსგავსი რამ მთელ მსოფლიოში ხდება და ჩვენც ამ სფეროს კარგი ცოდნით უნდა მოვერიოთ.
- თუ შეიძლება მათი პოვნა?
- ხშირად თაღლითები ფასდაკლებას აცხადებენ.
როცა მოტყუებული ხალხი რაღაცას ყიდულობს, თანხას ანგარიშზე წინასწარ ურიცხავს, ისინი კი განცხადებას შლიან და ტელეფონს თიშავენ. კაციშვილი მათ ვეღარ იპოვის, რადგან ასეთ გვერდებზე ინფორმაცია მხოლოდ "ფეისბუკს" აქვს და წვრილმანი აფერის გამო ინტერპოლს არავინ მიმართავს.
ხშირად მათი ტელეფონის ნომერი ვიღაც უცხოელზეა გაფორმებული - გაიცნობენ უცხოელ ტურისტს და სთხოვენ, ნომერი დაუტოვონ. მერე ამ ნომრიდან დებენ თაღლითურ პოსტებს და განცხადებებს.
კიბერუსაფრთხოებაში ასეთი კანონი გვაქვს: ნუ ენდობით არარეალურ საჩუქარს, ძვირი პროდუქტი იაფად არ არსებობს. დიდი ფასდაკლება თუ აქვთ, მით უმეტეს, გადაამოწმეთ!
ერთმა ჩემს მეგობარს მოუვიდა ასეთი შეცდომა: ბათუმში მცხოვრები პირისგან ლეპტოპი იყიდა, ფულის ნახევარი გადაურიცხა, მაგრამ არაფერი ჩამოუვიდა. ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს გაფუჭებული ნივთი გამოუგზავნეს, მერე კი განცხადებაც წაშალეს და ტელეფონიც გათიშეს. ამიტომ ფული წინასწარ არ უნდა ჩავურიცხოთ, რომ არ მოვტყუვდეთ. მე, მაგალითად, წინასწარ ფულს არასდროს ვურიცხავ, კურიერი რომ მოიტანს, კარგად ვამოწმებ და თუ არ მომეწონება, უკან ვატან.
- გამოდის, ინტერნეტით პროდუქციის შეძენა არ უნდა გავრისკოთ?
- არის ცნობილი ონლაინმაღაზიები, რომლებიც წლების განმავლობაში პატიოსნად მუშაობენ. თუ უხარისხო ან გაფუჭებულ პროდუქტს მიიღებთ, ფოტოს გაუგზავნით და თანხას უკან დაგიბრუნებენ. თუ ასეთი მაღაზია საქართველოშია და მისი მისამართი გაქვთ, შეიძლება მიხვიდეთ და თანხის დაბრუნებაც შეძლოთ. ისე, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფრის საყიდლად ადგილზე მისვლა ჯობს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ადგილზე მოტანა ძალზე მოხერხებულია. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ, როდესაც ონლაინ ვყიდულობთ.
ხათუნა ჩიგოგიძე