"იმის აღიარება არ მინდა, რომ იმდენად ბრიყვი ვიყავი, რომ ის "დიფ სთეითს" ებრძოდა, მე კიდევ ვერაფერს ვხვდებოდი" - გია ხუხაშვილის "მოგონებები": რა ხდებოდა "ოცნებაში"?! - კვირის პალიტრა

"იმის აღიარება არ მინდა, რომ იმდენად ბრიყვი ვიყავი, რომ ის "დიფ სთეითს" ებრძოდა, მე კიდევ ვერაფერს ვხვდებოდი" - გია ხუხაშვილის "მოგონებები": რა ხდებოდა "ოცნებაში"?!

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გია ხუხაშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 24 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

- გასულ კვირას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თემო წიქვაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც ივანიშვილის სასამართლო დავებსა და მისთვის დაკისრებულ სანქციებზე საუბრობს. მასში წიქვაძე ავითარებს თეორიას, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 2008 წლიდან დევნის "დიფ სთეითი". ამ თეორიაში "კრედიტ სუისში" მომუშავე ბანკირი, რომელსაც ის ივანიშვილის მძარცველად მიიჩნევს, "დიფ სთეითის" გადაბირებული პირი იყო, რომელიც "წლების შემდეგ ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს"... თქვენ 2008 წლის შემდეგ გარკვეულ ეტაპზე ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად მიიჩნეოდით, ოდესმე რაიმე მსგავსი უთქვამს ივანიშვილს თქვენთვის, "დიფ სთეითზე" დაუჩივლია?

- რას ბრძანებთ, ის იყო აბსოლუტურად პროდასავლური, ანტირუსული განწყობის ადამიანი. მათ შორის დიდი ლიბერალიც ყველა იმ მიმართულებით, რაზეც დღეს აკეთებს "ქართული ოცნება" აქცენტს. მათ შორის სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებითაც მისი პოზიცია გაცილებით პოზიტიური იყო, ვიდრე იმჟამინდელი კოალიციის წევრების ნაწილის. განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა აშშ-ის მიმართ. რა "დიფ სთეითი", აღმატებულ ხარისხში მოიხსენიებდა ხოლმე დასავლეთს.

შეიძლება მკითხოთ, დღევანდელი გადასახედიდან ეს თამაში იყო თუ არა? - ჩემი აზრით, არა, ბოლოს და ბოლოს, სულ ცოტა, იმის აღიარება არ მინდა, რომ იმდენად ბრიყვი ვიყავი, რომ ის "დიფ სთეითს" ებრძოდა, მე კიდევ ვერაფერს ვხვდებოდი. მე ჩემი დიაგნოზი მაქვს რატომ განვითარდა ასე მოვლენები. არა მგონია, ივანიშვილი თავიდანვე რუსული პროექტი იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა რუსეთში, თანაც არა აქვს პოლიტიკური განათლება და ცოტა რამ იცის, თუ როგორ ყალიბდება ცივილიზებული სახელმწიფო, ის ქვეყნის მართვისას ხელმძღვანელობდა იმ ემპირიული გამოცდილებით, რაც მიიღო რუსეთში. შესაბამისად, მოდელი, რომლის ფორმირებაც დაიწყო, რუსული გამოუვიდა. იცით, როგორ მოუვიდა - ბავშვი კაცის ხატვას რომ იწყებს და ბოლოს ქალი გამოსდის. ეს რომ დაემართა, თავისთავად აღმოჩნდა საკუთარი ნახელავის ტყვეობაში და გახდა რუსეთის ლუკმა - ის დღეს რუსეთის მძევალია.

ამას დაერთო მისი პირადი ფინანსური პრობლემები, მის ირგვლივ გამოჩნდა ხალხი, რომლებიც უმტკიცებდნენ, ბანკში ასეთი თაღლითობა როგორ იქნება, თქვენს წინააღმდეგ რაღაც ბნელი ძალები მოქმედებენო, და რაღაც მომენტში შეიძლება მართლაც დაიჯერა, რომ არსებობს პიროვნება "დიფ სთეითი", ჭიკაიძის "პიროვნება "თალიბანისა" არ იყოს, და ივანიშვილმაც გამოაცხადა "ჯვაროსნული ლაშქრობა" "დიფ სთეითის" წინააღმდეგ, რაშიც, ჩემი აზრით, რუსული სპეცსამსახურებიც ძალიან ეხმარებიან.

- ლაპარაკია, რომ ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს. თქვენც ამ აზრზე ხართ, რატომ, რაში სჭირდება "ქართულ ოცნებას" არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება?

- თუ დავუშვებთ, რომ საქართველოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს "ქართული ოცნება", ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რაში სჭირდება დამატებითი თავსატეხი? მოკლედ, ამ შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების აზრი არ ჩანს, მაგრამ, ჩემი აზრით, გადაწყვეტილებები საქართველოში აღარ მიიღება. უფრო სწორად, რუსული პოლიტიკა სერიოზულ გავლენას ახდენს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. აქედან გამომდინარე, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან ამოიღოს 78-ე მუხლი, ანუ ქვეყნის დასავლური კურსი აღარ იყოს კონსტიტუციით გარანტირებული, რასაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ კოჭლ პარლამენტში "ქართულ ოცნებას" არა აქვს. შესაბამისად, ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არის ერთი მიზეზიც -

პუტინის ხელისუფლების დასუსტების შემთხვევაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, უფრო სწორად, ივანიშვილმა შეიძლება გადააგდოს რუსეთი და შემობრუნება დაიწყოს დასავლეთისკენ. ამ შემთხვევაში მას არჩევნები დასჭირდება ლეგიტიმაციის დასაბრუნებლად.

თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ არჩევნები აუცილებლად ვადაზე ადრე ჩატარდება. დღევანდელ სამყაროში იმდენი პოლიტიკური ფაქტორი მოქმედებს, კაცმა არ იცის, რა მოხდება.

- ექსპერტთა დიდი ნაწილი ურჩევს ოპოზიციას დროულად დაასრულოს ერთმანეთში გარჩევები და დაიწყოს მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის (იქნება ეს ვადამდელი თუ თავის ვადაში ჩატარებული). ოპოზიცია სულაც არ ჩქარობს, ისინი ერთმანეთს უფრო ხშირად აკრიტიკებენ, ვიდრე რეალურ პრობლემებზე საუბრობენ. ნაწილი ისევ ბოიკოტზე ლაპარაკობს, ნაწილმაც ვერ გაარკვია, რა ქნას. მოკლედ, ერთიან სტრატეგიასა და ტაქტიკაზე კი არა, საკუთარ სამოქმედო გეგმაზეც ვერ თანხმდებიან.

- ამას ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს. ერთი ფრაზით თუ შევაფასებთ იმას, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ეს არის სისუსტის დემონსტრირება, რა დროსაც სამიზნეც ერევათ და სხვა ბევრი რამაც. ამ ყველაფრით ძალიან კარგად სარგებლობს ხელისუფლება. სამწუხაროდ, არსებულ პოლიტიკურ კლასში ვერ ვხედავ იმ ენერგიას, რომელსაც შეუძლია ამ ყველაფრის შეცვლა. შიგაპოლიტიკური რისკები ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის მეთოდურად აშენებს რუსული ტიპის სუვერენულ დემოკრატიას ერთი სახელისუფლებო ძალით და მისი სატელიტი ოპოზიციით. როგორც დაგეგმილი აქვთ, ყველა ურჩი პოლიტიკოსი უნდა გადაიყვანონ არასისტემური ოპოზიციის სტატუსში. მოგეხსენებათ, არაერთი პარტიის გაუქმებას აპირებენ, რასაც მაინცდამაინც არც აპროტესტებს ოპოზიცია. ოპოზიციის ლიდერები დღეს უფრო არაფორმალურ დისიდენტებად გამოიყურებიან, ვიდრე შედეგზე ორიენტირებულ პრაგმატულ პოლიტიკოსებად. ციხეში ჩაჯდომა კი კარგ ამბად მიაჩნიათ. ასე, როგორც წესი, დისიდენტები იქცევიან და არა პოლიტიკოსები. პოლიტიკოსის ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლაა და არა გმირობის პირადი მაგალითების ჩვენება. აქედან გამომდინარე, არსებული პოლიტიკური კლასის არა მხოლოდ "აფდეითი", არამედ "აფგრეიდიც" გვჭირდება - ანუ სისტემის სრული განახლება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს ახალ თაობას, რომელსაც ყველაფერი აქვს: პატრიოტიზმი, გამბედაობა, ინტელექტი, თავისუფლების წყურვილი და ა.შ. ერთადერთი, რაც არ მომწონს მათში, ის არის, რომ ამბიცია არა აქვთ. რატომღაც ახალმა თაობამ მიიჩნია, რომ პოლიტიკა არ არის მათი საქმე. არადა, მათ წიაღში არიან ის ლიდერები, რომლებიც უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე. ამისთვის მეტი ამბიციაა საჭირო. ნუ უყურებენ ამ პოლიტიკურ კლასს, თვითონ აიღონ პროცესების მართვის სადავეები ხელში და დააბრუნონ ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე. ჩვენი თაობის პოლიტიკოსებს თუ სამოქალაქო აქტივისტებს ერთადერთი რამ დაგვრჩენია, მათ ხიდად ვიქცეთ, დავეხმაროთ, ზურგი გავუმაგროთ. დარწმუნებული ვარ, სწორედ მათშია ის სარდლობა, რომელიც საზოგადოებაში არსებული დიდი პროტესტის კონსოლიდირებას შეძლებს და წინ გაუძღვება.

28 ნოემბერს დიდი აქციაა დაანონსებული და რაც შეიძლება ბევრი უნდა მივიდეთ და ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რომ დიქტატურის დამყარება ასე ადვილად არ გამოუვა. ეს უწყვეტი პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა ერთიც - თუ წარმატების მიღწევა გვინდა, პროტესტი უნდა იქცეს დიდი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად.

წაიკითხე ვრცლად