აპოკალიფსური პროგნოზი: ტრამპის "სამშვიდობო გეგმას" მესამე მსოფლიო ომი მოჰყვება?! - რა ჩაიფიქრა პუტინმა - კვირის პალიტრა

აპოკალიფსური პროგნოზი: ტრამპის "სამშვიდობო გეგმას" მესამე მსოფლიო ომი მოჰყვება?! - რა ჩაიფიქრა პუტინმა

ბრიტანული გაზეთის, „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) საკვირაო გამოშვებაში - „სანდეი ტელეგრაფში“ (The Sunday Telegraph) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით: „უკრაინა უკეთესს იმსახურებს, ვიდრე - ტრამპის მიერ შეთავაზებულ უსახურ გარიგებას“, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული თეთრი სახლის მიერ რუსებთან ერთად მომზადებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ზოგჯერ ერთი შეხედვით ყველაზე ჭკვიანური დიპლომატიაც კი მცდარი აღმოჩნდება ხოლმე. იმ მომენტიდან, რაც დონალდ ტრამპმა ისევ დაიკავა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი, დიდი ბრიტანეთი და დანარჩენი ევროპა ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ხელი შეეშალათ ამერიკისთვის, რუსეთთან გაერთიანებულიყო და უკრაინისათვის თავს მოეხვიათ ისეთი მშვიდობა, რომელიც მისი დასჯის ტოლფასი იქნებოდა.

იყო ისეთი პერიოდი, როცა ყველას ეგონა - აშშ-მა რუსეთთან კეთილი დამოკიდებულება გვერდზე გადადო და კრემლთან კონფრონტაცია დაიწყოო. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სიტუაციით ისარგებლა და დონალდ ტრამპს ვიზიტის დროს პირფერობა დაუწყო, სამეფო ვახშმის სუფრა გაუშალა უინძორის სასახლეში. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ალიანსის ყველა წევრი დაარწმუნა, რომ თავიანთი სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდაპროდუქტის 3,5%-მდე გაეზარდათ, იმის სანაცვლოდ, რომ დონალდ ტრამპი ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიმართ „რკინისებურად ერთგული“ იქნებოდა. ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი დონალდ ტრამპისათვის მადლობის სათქმელად პირადად ჩავიდა ფლორიდაში და აშშ-ის ლიდერის პატივსაცემად გამართულ გოლფის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა მიიღო. ისიც აშკარაა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ნამდვილი კონფრონტაცია მხოლოდ დაგვიანებით, გასულ თვეში გამოავლინა, როცა ორ რუსულ ნავთობკომპანიას - „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ სანქციები დაუწესა.

მოგვიანებით კი ყველაფერი პირიქით წარიმართა - სანქციები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოხდა: კულისებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს და შედეგად შემუშავდა ისეთი გეგმა, რომელიც 28-ჯერ აზიანებს უკრაინას და იმდენივეჯერ არის კრემლის სასარგებლოდ.

აშშ არ დაკმაყოფილდა რუსეთის დაჯილდოებით აგრესიისათვის და კრემლს უფრო მეტს სთავაზობს - იმ ტერიტორიებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ აქვს დაკავებულ-მიტაცებული... იმ მიწებს, რომლებსაც უკრაინელები გმირულად იცავენ და უამრავ მსხვერპლს სწირავენ. ტრამპის გეგმით გამოდის, რომ უკრაინელებმა მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ქალაქი-ციხესიმაგრეები მტერს უნდა ჩააბარონ.

და რაც ყველაზე ტრაგიკულია, რა მოუვა იმ მიწა-წყალზე მცხოვრებ ასეულ ათასობით ადამიანს, რომელიც რუსეთისთვის იქნება გადაცემული? სამწუხაროდ, ჩვენ ცუდი სიტუაციის ვარაუდები გვაქვს: მათ ან გაქცევა მოუწევთ, ან ოკუპანტ მტაცებლებს ჩაუვარდებიან ხელში, რომლის ჯარისკაცები მამაკაცებს დახოცავენ, ქალებს გააუპატიურებენ და ბავშვებს გაიტაცებენ. ყველგან, სადაც კი რუსები გამოჩნდებიან ხოლმე უკრაინის ტერიტორიაზე, ყველაზე მხეცური მოქმედების კვალს ტოვებენ. მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში, ირპენში და უგზო-უკვლოდ დაკარგული 19 ათასი უკრაინელი ბავშვი რუსი დამპყრობლის აგრესიულ მოქმედებას მოწმობს.

ამიტომაც გაუგონარი უსამართლობაა, როცა აშშ-ის მიერ შედგენილი სამშვიდობო გეგმით უკრაინამ არა მარტო უარი უნდა თქვას რუსების მიერ უკვე მიტაცებულ ტერიტორიებზე, არამედ კიდევ დამატებით გადასცეს - უკან დაიხიოს ფრონტის ხაზიდან და სასტიკ მტერს ჯერ კიდევ დაუკავებელი მიწები და მოსახლეობა ხელში ჩაუგდოს.

მიზეზი, რის გამოც უკრაინელი ჯარისკაცები წინააღმდეგობას უწევენ რუსი დიქტატორის, პუტინის არმიის შეტევებს, იმით გამოიხატება, რომ კარგად იციან, რაც მოუვათ მათ ცოლ-შვილს, თუ რუსები ფრონტის ხაზს გაარღვევენ. ამიტომაც უკრაინელთა ბრძოლა სამართლიანია. ისინი ნებას არ მისცემენ რუსებს, მათ ქვეყანაზე იბატონონ და ყველაფერს გააკეთებენ, რისი შესაძლებლობაც აქვთ.

სწორად მოიქცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც უარყო დონალდ ტრამპის ვითომდა „სამშვიდობო გეგმა“, ამჟამინდელი ფორმით, თავის მიმართვაში განმარტა, რომ უკრაინა სასტიკი არჩევნის წინაშე დგას“: „დაკარგოს თავისი ღირსება“ თუ „გარისკოს თავისი საკვანძო პარტნიორის - აშშ-ის დაკარგვა“. მან პირობა დადო, რომ კონსტრუქციულად მიუდგება დოკუმენტს და შეძლებისდაგვარად შეეცდება მასში შესწორებების შეტანას, რათა გეგმა მისაღები გახდეს. პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ უკრაინა არაფერს ითხოვს იმის გარდა, რომ ქვეყანას თავი დაანებონ და უკრაინელებმა მშვიდად იცხოვრონ. მაგრამ მისტერ ტრამპმა უკრაინისგან ყველაფერზე თანხმობა მოითხოვა და თუ კიევი მის გეგმას არ დაეთანხმმება, შეწყვეტს სამხედრო და სადაზვერვო ხასიათის დახმარების გაწევას.

მისტერ კირ სტარმერი და მისი ევროპელი კოლეგები ამჟამად იმ სიტუაციის წინაშე დგანან, რომელსაც თავს არიდებდნენ, მაგრამ ის მაინც დადგა: თუ ტრამპის გეგმა არ შეიცვლება და ზელენსკიც „არას“ იტყვის, უნდა დაეთანხმონ ისინიც კიევის უარს? ან უნდა დაეთანხმნონ დონალდ ტრამპის სურვილს, რათა არ დაუშვან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაშლა?

თუ საქმე კრიზისამდე მივა, მაშინ დიდმა ბრიტანეთმა და დანარჩენმა ევროპამ გაბედულება უნდა მოიკრიბნონ და ზელენსკის მხარეს დადგნენ, იმიტომ, რომ გეგმის შეუცვლელად მიღება სამომავლოდ კიდევ ახალი ომის საწინდარი იქნება.

უკრაინას არა მარტო მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვა უწევს, კარგად გამაგრებული ქალაქ-სიმაგრეებით, არამედ მას თავისი არმიის შემცირებაც ემუქრება. თავიდან ფეხებამდე ამოტრიალებულ, ყირამალად მყოფ მსოფლიოში დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინისგან, რომელიც რუსეთის მსხვერპლს წარმოადგენს, ითხოვს თავდაცვითი საწარმოების დემონტაჟს იმ დროს, როცა აგრესორი კბილებამდე შეიარაღებული რჩება.

როცა პუტინი ტრამპის ხელით უკრაინას სერიოზულად დაასუსტებს, დიდი ალბათობით, კრემლი მეტს მოისურვებს და მესამე შეჭრას განახორციელებს, რათა თავისი ჯიუტი და დაუმორჩილებელი მეზობელი ერთხელ და სამუდამოდ პირისაგან მიწისა აღგავოს. და თუ პუტინი ამ მიზანს შეისრულებს, მისი შემდგომი ნაბიჯი იქნება თავდასხმა ნატოს რომელიმე წევრზე ანუ ახალი დიდი ომის დაწყება, რომელშიც ბრიტანეთი და ალიანსის ყველა ქვეყანა იქნება ჩათრეული.

თუ ჩვენ გვსურს ამ უბედურებას ავცდეთ, აუცილებელია დაუყონებლივ ვიმოქმედოთ: ევროპამ დონალდ ტრამპს უნდა უთხრას, რომ უკრაინას სრული უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამერიკელებისა და რუსების მიერ შედგენილი სახიფათო გეგმის მიღებაზე. თუ ამერიკა პასუხად უარს იტყვის კრიზისის მოგვარებაზე, ევროპამ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უკრაინის მხარდაჭერაზე, რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში - იმ რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ, ყველას გვემუქრება.

წყარო