ნატო სროლას იწყებს და აცილებს - ევროპაში ამერიკული "განკითხვის დღის" იარაღის თავზე „ამოუცნობი“ დრონები ისევ დაუსჯელად დაფრინავენ
ნატომ პირველად გაუხსნა ცეცხლი ამოუცნობ დრონებს „ბებერი ევროპის“ თავზე და მერე სად...
ნიდერლანდების ქალაქ ეიდჰოვენიდან 40 კმ-ში ორიოდე დღის წინ მაგარი სროლა იყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდ შოკად იქცა, რადგან ასეთი რამ მხოლოდ მეორე მსოფლიოს ომის მომსწრეებს თუ ახსოვდათ, რომლებიც მაშინ ბავშვები იყვნენ...
ინტენსიური სროლა კი საჰაერო ბაზის ვოლკელის თავზე მიმდინარობდა, სადაც ნიდერლანდების სამხედრო-საჰაერო ძალების F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების ესკადრილია ბაზირებს და ახალი F-35-ებიც სტუმრობენ.
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ 21 ნოემბრის ღამეს ავიაბაზა ვოლკელის თავზე გამოჩენილ ამოუცნობ დრონებს ცეცხლი გაუხსნეს, მაგრამ უშედეგოდю დრონები გაფრინდნენ და ვერც ჩამოგდებული დრონების ფრაგმენტები აღმოაჩინეს ახლო-მახლო.
ნიდერლანდების ვოლკერის საჰაერო ბაზა, რომელსაც ამოუცნობმა დრონებმა თავზე დამცინავად გადაუფრინეს...
მაგრამ, ეს მარტო ნიდერლანდელი გენერლების სირცხვილი როდია,ე ს ნატოს საჰაერო თავდაცვის უდიდეს მინუსზე მეტყველებს, რადგან სწორედ ვოლკელის ავიაბაზაზე ინახება...10-დან 15-მდე B61 ტიპის საავიაციო ბირთვული ბომბი!
ეს ბირთვული საავიაციო ბომბები აშშ-ის კუთვნილებაა და ჯერ კიდევ პირველი „ცივი ომის“ დროიდან იყო დასაწყოებული ნიდერლანდების ამ და ნატოს წევრი ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის სამხედრო აეროდრომზე იმ მიზნით, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში, თეთრი სახლის ნებართვითა და დავალებით ალიანსის დანარჩენ ქვეყნებსაც თავისი საბრძოლო თვითმფრინავბის საშუალებით გამოეყენებინათ ეს საავიაციო ტაქტიკური ბირთვული ბომბები დასავლეთ ევროპაზე საბჭოთა სატანკო არმადების იერიშების შესაჩერებლად...
ბირთვული შეიარაღების საწყობები, როგორც წესი ბუნკერებშია განთავსებული (საბჭოთა პერიოდში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საწყობი განთავსებული იყო თბილისთან ახლოს, ვაზიანის საბჭოთა სამხედრო გარნიზონის ტერიტორიაზე არსებულ კარგად დაცულ ბუნკერებში) და მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია, მაგრამ სამიოდ დღის წინ ნიდერლანდების საჰაერო ბაზაზე ამერიკული ბირთვული ბომბების საცავის თავზე ამოუცნობი დრონების ნავარდი დემონსტრაციულ ხასიათს ატარებდა, იმის მინიშნებით, რომ ძალიან კარგად ვიცით სადაც ინახავთ ბირთვულ იარაღს და სხვა დროს უკვე კამიკაძე-დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით „გესტუმრებითო“!
ხოლო ის კი, თუ ნიდერლანდური საჰაერო ბაზის რომელი კონკრეტული ანგარის ქვეშაა ბუნკერში დასაწყოებული ამერიკული ბირთვული ბომბები, მთელმა მსოფლიომ ისევ იმ ამერიკელი სამხედროების სისულელით გაიგო, რომლებსაც სწორედ ამ ბირთვული ბომბების მომსახურება და მათი საიდუმლოების შენახვა ევალებათ...
ამავე ბლოგში 2021 წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „ბირთვული ბომბების საიდუმლო საცავი გაამჟღავნეს... ერთი ფოტოთი!“, ვწერდი:„ნიდერლანდებში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების დანაყოფმა ჯგუფური ფოტო გაავრცელა ინტერნეტით, რომელშიც ისინი თავს იწონებდნენ ცენტრში მოთავსებული საავიაციო ბომბის ფონზე.
მცირე სამხედრო განათლებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ეს ჩვეულებრივი საავიაციო ბომბი არ არის, ის B61 ტიპის ბირთვული ბომბია!
პირველი "ცივი ომის" შემდეგ პენტაგონს ევროპის ოთხ ქვეყანაში - გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში, ასევე, თურქეთში, არანაკლებ 150 ერთეული ტაქტიკური ბირთვული იარაღი, კერძოდ კი - სწორედ B61 ტიპის საავიაციო წყალბადის ბომბები ჰქონდა დასაწყობებული ათწლეულების განმავლობაში.
თუკი, თავად ამერიკელი სამხედროები თავისი სისულელით-ბირთვული ბომბის ფონზე თავმომწონედ გადაღებული ფოტოსურათით,თავადვე არ გათქვამენ მის უზუსტეს კოორდინატებს...
33 სმ დიამეტრისა და 3,5 მ სიგრძის ამ, 320 კგ მასის წყალბადის ბომბის წაღება თითქმის ყველა ტაქტიკურ საბრძოლო თვითმფრინავსაც კი შეუძლია (პირველ რიგში კი - F-16 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებს, რომლებიც ზემოჩამოთვლილი ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში დღესაც რჩებიან) და "ცივი ომის" "ცხელში" გადაზრდის შემთხვევაში, საჰაერო ბირთვული დარტყმები ლა-მანშისკენ გაჭრილი საბჭოთა სატანკო არმადების შესაჩერებლად უნდა მიეყენებინათ, თითოეული ამ წყალბადის ბომბის სიმძლავრე კი 0,3-დან 340 კილოტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი გახლდათ, ბომბის მოდიფიკაციებიდან გამომდინარე ანუ ერთი ასეთი წყალბადის ბომბის აფეთქება 340 ათასი ტონა ტროტილის აფეთქებას უდრიდა!
ბოლო წლებში პენტაგონმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ბირთვული იარაღის რაოდენობა ევროპაში, სავარაუდოდ, დაცალა თურქეთის ინჯირლიყის საჰაერო ბაზის მიწისქვეშა საცავიც, მაგრამ რამდენიმე ათეული ასეთი წყალბადის ბომბი კვლავ რჩება გერმანიაში, ბელგიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში, თუმცა მათი საცავების ზუსტი ადგილსამყოფელი განსაკუთებულადაა გასაიდუმლოებული...
და, აი, ინტერნეტში იდება მაღალი ხარისხის ფოტო, რომელზეც ამ წყალბადის ბომბის გარშემო შექუჩულია რვა ათეულამდე ამერიკელი სამხედრო და უდარდელად პოზირებს, რადგან მათი სახეები შავი კვადრატებითაა დაფარული და არხეინად გრძნობენ თავს - მათ ხომ ვერავინ გაშიფრავს!
მაგრამ, ფოტოს გადაღებისას ობიექტივში მოხვდა ისეთი დეტალები, რამაც ჟურნალისტებს საშუალება მისცა, შედარებით ადვილად დაედგინათ არა მარტო ქვეყანა, სადაც ეს ფოტოა გადაღებული, არამედ - კონკრეტული სამხედრო ბაზა და, რაც ყველაზე ნაკლებად სასიამოვნოა პენტაგონისთვის - ბირთვული იარაღის საიდუმლო საცავის კოორდინატები, რამდენიმე სანტიმეტრის სიზუსტით!“
სანამ ნატოელი გენერლები თავიანთი საჰაერო ბაზების უსაფრთხოებაზე ნერვიულობენ,ეტყობა კრემლში ვიღაცას გულიანად ეცინება...