50 000-ს მიიღებთ, თუ ამ 79 წლის ბრიტანელ არისტოკრატს ცოლად გაჰყვებით და არ იქნებით "მორიელი" - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საცოლე
ბრიტანელი არისტოკრატი საცოლის საპოვნელად "კონკურსს" აცხადებს. 79 წლის სერ ბენჯამინ სლეიდის თქმით, მომავალ მეუღლეს წელიწადში 50 000 ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით, 65 000 დოლარს) გადაუხდის. მისივე თქმით, ეძებს ქალს, რომელიც მას მინიმუმ ორ ბიჭს გაუჩენს.
"სამი უკეთესი იქნება, მაგრამ თუ ორ ვაჟს გააჩენს, ეს სიტუაციას გადაარჩენს. სახლში ქალი აუცილებელია, ისინი მართავენ მამულს. ხალხი ფიქრობს, რომ ეს სექსისტურია, თუმცა ჯეინ ოსტინი ამბობდა, რომ თუ დიდი სახლი გაქვს, ცოლი აუცილებლად გჭირდება", - ამბობს სერ ბენჯამინი.
ლედი სლეიდი მასზე მინიმუმ 20 წლით უმცროსი უნდა იყოს - რაც იმას ნიშნავს, რომ 60 წელს გადაცილებულ ქალებს საცოლის ვაკანსიაზე განაცხადის შეტანა არ შეეძლებათ. არისტოკრატს კიდევ რამდენიმე კონკრეტული პირობა აქვს: მომავალი მეუღლის სიმაღლე 175 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს, არ უნდა იყოს ზოდიაქოს მიხედვით მორიელი და ასევე არ უნდა იყოს გამოცემა "გარდიანის" მკითხველი. აუცილებლად უნდა იცოდეს იარაღის გამოყენება და ჰქონდეთ მართვის მოწმობა, თუ თვითმფრინავის მართვაც ეცოდინება, უკეთესია. უყვარდეს სამეჯლისო ცეკვა, ასევე ბრიჯისა და ნარდის თამაში. იურიდიული განათლება "სასარგებლო“ იქნება.
კანდიდატი წელიწადში 50 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს, ასევე უზრუნველყოფილი იქნება მანქანით, სახლით, საკვები და სხვა ხარჯებით, ექნება შვებულებაც.
არ განიხილებიან ესკიმოსები, ირლანდიის, ინდოეთის, იტალიის, კოტ-დ’ივუარისა და ირანის მოქალაქეები.
"არ მაწუხებს კანადელები, ამერიკელები, გერმანელები და ჩრდილოეთ ევროპელები. არ ვფიქრობ, რომ ესკიმოსზე დაქორწინება შემეფერება. უბრალოდ მჭირდება სასიამოვნო, ჩვეულებრივი გოგონა, რომელმაც ყველაფერი იცის. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, ამიტომ მჭირდება ისეთი ვინმე, ვინც ჩემს გარემოს მოერგება", - ამბობს სასიძო.